ქალისა და კაცის თანასწორობის საკითხი მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით

საეკლესიო პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად მართლმადიდებელ სამყაროში ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ გარკვეული კითხვები ჩნდება, რომლებიც პასუხებს ითხოვს. წინამდებარე სტატიის მიზანია, განიხილოს და გააანალიზოს მართლმადიდებლური თეოლოგიის ის ნაწილი, რომელიც ქალისა და კაცის თანასწორობის იდეას ეხმიანება და მხარს უჭერს.  თანასწორობის საკითხი სტატიაში განხილულია სახარების[1], წმინდა მამათა სწავლებისა და თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგების ნაშრომების მიხედვით, რომელთა ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო პირველი იმ ეპოქაში, ვინც ქალების მიმართ პატრიარქალური დამოკიდებულებებისა და წარმოდგენების გადაფასება დაიწყო, რაც სახარებისეულ ტექსტებშიც არაერთხელ დასტურდება. წარმოდგენილი პოზიტიური ხედვა, ცხადია, საპირისპირო ტექსტების არსებობასაც არ გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის იდეამ მართლმადიდებლურ დოგმატიკასა და სწავლებაში  აშკარად ჰპოვა  ასახვა, საეკლესიო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა გარკვეული დისკრიმინაციული მიდგომები, რომელთა მიზეზები, როგორც ჩანს, სხვადასხვა კონტექსტუალური ფაქტორებიდან იღებს სათავეს და დღევანდელ დღეს დისკრიმინაციულ ხასიათს იძენს[2].

 

იესო ქრისტე, მოციქულები და გენდერული თანასწორობის იდეა

იესო ქრისტეს სწავლება და ხედვა იმდროინდელი კულტურისა და საზოგადოებისთვის რევოლუციურ სიახლეს წარმოადგენდა. ადამიანზე, როგორც უმაღლეს ფასეულობაზე, განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება და სოციალური ურთიერთობების სიყვარულის კონცეფციაზე აგება იმჟამინდელი პოლიტიკურ-რელიგიური იერარქიისათვის[3] მნიშვნელოვანი გარდატეხა გახლდათ. მიუხედავად ამისა, როგორც XX საკუნის გამოჩენილი მართლმადიდებელი თეოლოგი, ელისაბედ ბერ-ზიგელი, აღნიშნავს, ქრისტე არც პოლიტიკური აგიტატორი იყო და არც იმდროინდელი საზოგადოების ტრადიციული ადათ-წესების რეფორმატორი; მიუხედავად გენდერული ტაბუებისგან თავისუფალი დამოკიდებულებებისა  მისი არც ერთი სიტყვა და ქადაგება თავისი დროის წეს-ჩვეულებათა  რღვევას არ ემსახურებოდა. ვერც იმას ვიტყვით, რომ მას არსებული გენდერული როლების დაკანონება სურდა[4]. მართასა და მარიამის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მაცხოვრისათვის  ქალის ფუნქციები მხოლოდ საოჯახო საქმიანობით არ შემოიფარგლება. პირიქით, იგი საქციელს უწონებს მარიამს, რომელმაც სამზარეულოში ფუსფუსს იესოს მოსმენა არჩია. ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ მაცხოვრის მიდგომა იმჟამინდელი იუდაური ტრადიციებისათვის ახალი იყო, რადგან მან უპირატესობა  სწორედ მარიამის თავისუფალ არჩევანსა და გადაწყვეტილებას მიანიჭა:  „მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ, საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას“ (ლუკ. 10,41-42).[5] ეს მაგალითი ასევე გვიჩვენებს არა მხოლოდ ქალის ორ სხვადასხვა ცხოვრების მოდელს, არამედ ორ არსებულ პოტენციალს ქალში[6] (1. ქალი დაკავებული სასულიერო საქმიანობით; 2. ქალი დაკავებული საოჯახო ზრუნვით).

როგორც უკვე აღინიშნა, იესო ქრისტეს დამოკიდებულება ქალებისადმი თავისუფალი იყო ყოველგვარი გენდერული ტაბუებისაგან. იგი პირდაპირ არ ეხებოდა ამ საკითხებს, მაგრამ თავისი მოღვაწეობითა და დამოკიდებულებებით მაღლა იდგა ყოველგვარ ნეგატიურ წინასწარ განწყობაზე. სახარება გვიჩვენებს, რომ ქრისტე არც მეძავებთან საუბარს გაურბოდა. ჩვენ სახარებიდან ვიცით, რომ მან სულით თაყვანისცემის შესახებ სწავლება გაუზიარა „საეჭვო ყოფაქცევის“ ქალს იაკობის ჭასთან (იოან. 4, 23), რომელსაც  ხუთი „ქმარი“ ჰყავდა და იმჟამად მეექვსესთან ცხოვრობდა[7], რაც აშკარად ეწინააღმდეგებოდა ქალების იმდროინდელი სქესობრივი ცხოვრების ნორმებს. იესო ასევე შემწყნარებლურად ეკიდება ქალს, რომელსაც ფარისეველნი  და მღვდელმთავარნი მეძავობაში ადანაშაულებდნენ და რომელიც, ძველი აღთქმის კანონების თანახმად, ჩაქოლვას იმსახურებდა (იოან. 8,7). იესო ქრისტე თანაბრად იყენებდა ქალისა და კაცის მაგალითებს თავის იგავებში  და ამას აკეთებდა საკმაოდ ხშირად, რითაც ხაზს უსვამდა ქალის მნიშვნელობას[8]. საინტერესოა მაცხოვრის მიერ ცოლ-ქმრული ურთიერთობის შესახებ სწავლებაც. გამოსაცდელად მისულ ფარისევლებს მაცხოვარი პასუხობს: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეწებება თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად“ (მათ. 19,4-5)[9]. ამ სიტყვებით იესო ქრისტე სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს, ვინაიდან იუდაური ტრადიციული ცოლქმრული ურთიერთობის მოდელის მიხედვით, სწორედ რომ ქალი ტოვებს მშობლებს ქმრის გამო. მაცხოვარმა კი თავისი სიტყვებით ხაზი გაუსვა ქალის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მეუღლისათვის.

იმჟამინდელი გენდერული ტაბუების გაბათილებას ადასტურებს მაცხოვრის სწავლების ხასიათი, რასაც დასავლური ფემინისტური ტერმინების თანახმად, როგორც ელისაბედ ბერ-ზიგელი აღნიშნავს, „ფემინური“ შეიძლება ეწოდოს. ცნობილი ქადაგება მთაზე სწორედ ამას ადასტურებს, რადგან იესო ქრისტე აქ საუბრობს წყენის მიტევებაზე, უარყოფს ძალადობას და ქადაგებს თავმდაბლობასა და სიმშვიდეს. თავად იესო ქრისტეს პიროვნება ეწინააღმდეგებოდა ძველი აღთქმის მიერ დაწესებულ ტრადიციულ ნორმებს. მაგალითად, იგი არ ერიდებოდა მწუხარების გამოხატვას და დაიტირა თავისი მეგობარი ლაზარე.[10]  

სახარებაშივე ნათლად ჩანს, რომ ქალსა და მამაკაცს თანაბრად აქვთ  საკუთარი რწმენის გამოხატვის უნარი. მაგალითად, მართა  ძმის, ლაზარეს გარდაცვალების შემდგომ მაცხოვართან შეხვედრისას თავის რწმენას ამოწმებს სიტყვებით: „დიახ, უფალო, მე მწამს, რომ შენ ქრისტე ხარ, ძე ღვთისა, რომელიც ამ წუთისოფლად მოდის“ (იოან. 11,27)[11]. აქ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მართა მაცხოვრის შესახებ ამოწმებს მანამ, სანამ იესო ქრისტე მკვდრეთით აღადგენდა ლაზარეს. პეტრე მოციქული კი, რომელსაც ძლიერ უყვარდა მაცხოვარი და მისი მრავალი სასწაულის შემსწრეც ყოფილა (მათ შორის მიცვალებულის აღდგინებისა), იესოს შეკითხვას „თქუენ რაჲ სთქუთ ჩემთჳს, ვინ ვარ მე?“ ძუნწად პასუხობს: „შენ ქრისტე ხარ“ (მარკ. 8,29). ამიტომ, ევსტათე ანტიოქიელი მართას სიტყვებს  უფრო სრულ დამოწმებად მიიჩნევს, ვიდრე _ პეტრესას[12].

იესო ქრისტეს დამოკიდებულება ქალებისადმი და ასევე მის მიერ მოთხრობილი  სახარებისეული იგავები მამაკაცი მოციქულების მიერაა ჩაწერილი, რომელთაც მაცხოვრისგან ისწავლეს და განიმტკიცეს პატივისცემა ორივე სქესის სულიერი თანასწორობისადმი[13]. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა იყო სრულიად რევოლუციური იმდროინდელი ეპოქისთვის, რადგან იმჟამინდელი კულტურა კაცობრიობას მხოლოდ მამაკაცის მოდელის მიხედვით წარმოადგენდა[14]. სწორედ ამიტომ, მოციქულები ცდილობდნენ, არსებული სოციალური მოდელები დიდაქტიკის გზით გარდაექმნათ და ქრისტიანული ღირებულებებით გაემდიდრებინათ. ამის ნათელი მაგალითია ცოლ-ქმრული ურთიერთობის მოწესრიგების ქრისტიანული სწავლება.

ყველა პატრიარქალურ კულტურაში კაცი იყო მიჩნეული ქალის მფლობელად და ბატონად და ქალებს პრაქტიკულად არანაირი უფლებები არ გააჩნდათ. ახალ აღთქმაში არაერთხელ შევხვდებით ქალის მამაკაცისადმი დაქვემდებარებულ მოდელთან დაკავშირებულ გამოთქმებს და ღრმა ანალიზი ამ მუხლებისა წარმოაჩენს, რომ ქრისტიანული მსოფლმხედველობა ახდენს ამ მოდელის ტრანსფორმირებას ქალის სასარგებლოდ.

მაგალითისათვის განვიხილოთ ერთი მონაკვეთი მოციქულთა ეპისტოლეებიდან, რომელიც მეტად საყურადღებოა გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით. წმინდა პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ქალისა და კაცის ონტოლოგიური თანასწორობის დადასტურების შემდგომ („უკვე აღარ არსებობს არც იუდეველი და არც ბერძენი, არც მონა და არც თავისუფალი, არც მამრი და არც მდედრი, ვინაიდან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში“ (გალატ. 3,28))[15],  წერს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს, სადაც  იგი ცოლ-ქმრულ ურთიერთობებზე საუბრობს. წმინდა პავლეს პატრიარქალური ცოლქ-მრული ურთიერთობის მოდელში, სადაც ქალი  უუფლებო და დაქვემდებარებული არსება იყო, ქრისტიანული მსოფლმხედველობა შეაქვს. იგი, ერთი მხრივ, ცოლს ქმრის მორჩილებისკენ მოუწოდებს (ეფეს. 5,22-24), რაც დაკანონებული ნორმა იყო იმჟამინდელი სამყაროსთვის, მაგრამ, მეორეს მხრივ, მოუწოდებს მამაკაცს, რომ უყვარდეს ცოლი ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია: მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გაწირა მისთვის, რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანითა და  სიტყვით. რათა განემზადებინა იგი თავისთვის დიდებულ ეკლესიად,  _ არ ჰქონოდა ლაქა ან მანკი, ან რაიმე მისი მსგავსი, არამედ, პირიქით, რათა წმიდა და უბიწო ყოფილიყო. ისე უნდა უყვარდეს მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას (ეფეს. 5,25-33)[16]. მოწოდება ქრისტეს მსგავსი სიყვარულისკენ ნიშნავს თავდადებულ, თავგანწირულ სიყვარულს, რაც გულისხმობს მზაობას ქმრის მხრიდან, მოკვდეს საკუთარი ნებით მეუღლისთვის, ანუ იმას, რაც აღასრულა კიდეც ქრისტემ ეკლესიისათვის[17]. ამგვარი მოთხოვნა მამაკაცისადმი იყო სრულიად ახლებური და განსხვავებული სწავლება იმდროინდელი პატრიარქალური ყოფისათვის.

 

ღვთისმშობლი, როგორც ქალის ახალი სახე

რევოლუციურმა გარდატეხამ, რომელიც ახალი აღთქმის ეპოქამ მოიტანა, რადიკალურად შეცვალა ქალისადმი დამოკიდებულება და მას განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. ღვთისმშობლის, როგორც ქალის სახე და ადგილი, ამ თვალსაზრისით, თვალსაჩინო მაგალითია. ყოვლადწმინდა მარიამი ატარებს სიმბოლიზმს, რომლის მიხედვითაც ქალი მთელი თავისი სულიერი და ბიოლოგიური ბუნებით  ღმერთისადმი გახსნილობის მაგალითს წარმოადგენს[18]. ევა გახდა მიზეზი პირველქმნილი ცოდვის ჩადენისა, მაგრამ მარიამმა ევას პირველცოდვა გამოისყიდა მაცხოვრის შობით. იგი ღმერთთან ყველაზე ახლოსაა ყველა დაბადებულს შორის და არის „დედა ყველა ქმნილებისა“[19].

 

ქალისა და კაცის თანასწორობის იდეა წმინდა მამათა მიხედვით

შემდგომ საუკუნეებში, ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, ჩნდებოდა გარკვეული კითხვები, რომლებზეც პასუხებს წმინდა მამები იძლეოდნენ. ისინი სახარებას განმარტავდნენ შესაბამისი კონტექსტებისა და კულტურების მიხედვით, რათა ქრისტიანობა ადვილად გასაგები და მისაღები ყოფილიყო  იმ საზოგადოებებისთვის, რომელშიც მათ უწევდათ მოღვაწეობა, მაგრამ ამავე დროს ცდილობდნენ, შეენარჩუნებინათ ძირითადი ქრისტიანული ღირებულებები.  მამათა ზოგიერთი ნაშრომის წაკითხვისას ქალებისადმი მკაცრ რიტორიკას ვხვდებით, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ლექსიკა  დამახასიათებელი იყო იმ მოღვაწეთათვის, რომელნიც მონასტრულ ცხოვრებას ეწეოდნენ და შესაბამისი საჭიროების მიხედვით ქმნიდნენ ამ ტექსტებს[20]. მიუხედავად ამისა, ქალისა და კაცის ფუნდამენტური თანასწორობის იდეა არ დარღვეულა ქრისტიანულ დოგმებში და ეს რიტორიკა არ ასახულა კაცობრიობის გლობალურ თოლოგიურ და თეოცენტრულ ხედვაში[21]. ეს სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ თავიანთი კულტურისა და დროის მიხედვით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი პასუხს სცემდნენ თავიანთი დროის პრობლემებსა და გამოწვევებს და არა ჩვენი დროისას,[22] შესაბამისად, მათი ნაშრომები ჩვენი დროის თანამედროვე ტერმინებით კი არ უნდა შევაფასოთ, არამედ გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომელშიც ეს ნაშრომები იქნმებოდა.

ის, რომ წმინდა მამათა ნააზრევში, ძირითადად, შენარჩუნებული და ასახულია სახარებისეული სწავლება ქალისა და კაცის თანასწორობაზე, ნათლად ჩანს მრავალი მაგალითის მიხედვით.  წმინდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის გალატელთა მიმართ ეპისტოლეს (3.28) მუხლის განმარტებისას ხაზს უსვამს, რომ   ამქვეყნიური გავლენების შედეგად მოტანილი უთანასწორობა აღმოფხვრილ იქნა       სულიწმინდის მადლით. შესაბამისად, იგი გენდერულ უთანასწორობას ამქვეყნიურ-ამსოფლიურობის შედეგს უწოდებს, რაც თავისთავად გამორიცხავს თეოლოგიური თვალსაზრისით მამაკაცისადმი რაიმე აღმატებული ნიშნის მიწერას ქალთან შედარებით. თანასწორობის რიტორიკას ინარჩუნებს წმინდა იოანე შესაქმის წიგნის განმარტებისას და ადასტურებს ქალისა და კაცის თანასწორობას ღირსების მიხედვით[23].

წმინდა ბასილი დიდი, პირველი ფსალმუნის პირველი მუხლის ფრაზის _ „ნეტარ არს კაცი“ _ განმარტებისას ამბობს, რომ ერთია ქალისა და კაცის სათნოება, ვინაიდან ქმნილება ორივეში თანაბრად არის პატივგებული და, მაშასადამე, ერთი და იგივე ჯილდო ეკუთვნის ორივეს[24]. იგივე წმინდა მამა თავის ჰომილიაში _ „ადამიანის წარმოშობაზე“ _ კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, რომ ქალიცა და კაციც შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად, მაშასადამე, ორივეს აქვს თანაბრად ბოძებული ბუნება, ღირსება და ჯილდო, და რომ ქალმა არ უნდა თქვას, რომ  სუსტია, ვინაიდან ძლიერებაც და უძლურებაც არის სულში, რაც თანაბრად გააჩნია ქალსაც და კაცსაც (:75).

წმინდა გრიგოლ ნაზიანზელი თავის ნაშრომებში ამტკიცებს, რომ  შემოქმედი ერთია ქალისა და მამაკაცისათვის, ერთი და იგივეა მასალა, ხატება, კანონი, სიკვდილი და აღდგომა, რითაც ხაზს უსვამს მათი თანასწორობის იდეას (:76). იმავე რიტორიკას იზიარებდნენ სხვა გამოჩენილი მამებიც, მაგალითად  წმინდა გრიგოლ ნოსელი, კლიმენტი ალექსანდრიელი,  კირილე იერუსალიმელი და ა.შ. (76-77).

 

ღვთის ხატების რაობა გენდერული თვალსაზრისით

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალისა და კაცის ონტოლოგიური თანასწორობა დადასტურებული ფაქტია ქრისტიანულ სწავლებაში, მაგრამ კითხვად რჩება ის, თუ რა განასხვავებს ადამიანებს ერთმანეთისგან ონტოლოგიურ-ტრანსცენდენტური თვალსაზრისით და შესაძლებელია თუ არა, რომ „სქესობრივ ნიშანს“ რაიმე გავლენა ჰქონდეს გენდერულ თანასწორობაზე? იმისათვის, რომ ამ კითხვას გაეცეს პასუხი, საჭიროა განიმარტოს, თუ რას ნიშნავს ღვთის ხატება მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის მიხედვით.

ეს კითხვა წმინდა მამათა ეპოქაში არ დასმულა ამ სახით, რა სახითაც იგი დღეს არსებობს. ამიტომ, მოვიხმობ მეოცე საუკუნის გამოჩენილი მართლმადიდებელი თეოლოგის, ვლადიმერ ლოსკის მოსაზრებას. იგი ხაზს უსვამს, რომ ღვთის ხატება  ადამიანის პიროვნებასთანაა დაკავშირებული. ღმერთი ვლინდება ადამიანში იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ახლოსაა ადამიანი ღმერთთან ან  რა ცოდვაში იმყოფება იგი[25]. თვითგარდაქმნა არის ის, რაც ადამიანს  პიროვნებად აყალიბებს და სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად სიყვარულის შესაძლებლობასაც მოიცავს[26]. ლოსკისეულ თეორიაში სქესობრივ განსხვავებას ნაკლები ყურადღება ექცევა. ლოსკი მათ ეთნიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ განსხვავებებთან ერთად განიხილავს და ეკლესიის სხეულისთვის შეუფერებელ განმასხვავებელ ნიშნებად მიაჩნია. აღნიშნული თეორია ცხადყოფს, რომ სქესობრივი განსხვავება ქალსა და მამაკაცს შორის რჩება მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ განსხვავებად და „ღმერთს მიმსგავსება“ დამოკიდებულია ყოველი ინდივიდის პიროვნულ ძალისხმევასა და მისწრაფებაზე.

 

ქალთა მღვდელმსახურებაში ჩართულობის საკითხი

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ხაზს უსვამს ქალთა ნაკლებ მნიშვნელობას ეკლესიაში, მათი მღვდელმსახურებაში მონაწილეობის შესაძლებლობათა არარსებობაა. მართლმადიდებლურ მოძღვრებაში ამ საკითხზე მეტად არაერთგვაროვან პასუხებსა და არგუმენტებს ვპოულობთ. აზრთა სხვადასხვაობა გამოწვეულია იმით, რომ დოგმა მართლმადიდებლობაში არ ყოფილა, რადგან საუკუნეთა განმავლობაში ქალთა მღვდელმსახურებაზე კითხვები, იმ სახით, რა სახითაც ახლა არსებობს, არ დასმულა.

ქალთა ხელდასხმის მოწინააღმდეგეთა ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს წარმოადგენს „ხატობრივი“ თეოლოგუმენა, რომელიც ევდოკიმოვს (1994) ეკუთვნის. ამ პოზიციის მიხედვით, რადგან ქრისტე იყო კაცი, შესაბამისად, მღვდელიც უნდა იყოს კაცი, რადგან იგი  ქრისტეს განასახიერებს. ზოგიერთი თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგის მიხედვით, ეს არგუმენტი  სუსტია და  კრიტიკას ვერ უძლებს.  უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მღვდელი არ განასახიერებს მხოლოდ ქრისტეს, არამედ ეკლესიასაც. მაგალითად ეპიკლეზის (სპეციალური ლოცვები, როდესაც პური და ღვინო გარდაიქმნება სისხლად და ხორცად) დროს, მღვდელი ლოცულობს მრევლის სახელით და უხმობს სულიწმინდას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოცემულ მომენტში მღვდელი განასახიერებს ეკლესიას, რომელიც დახასიათებულია „მდედრობითი“ ნიშნით[27] ანუ არის სასძლო რომელზეც ქორწინდება ქრისტე; უფრო მეტიც: მღვდელი არ აღასრულებს მსახურებას ქრისტეს იქ არყოფნის გამო, არამედ არის ჭურჭელი, რომლის მეშვეობითაც სამება მოქმედებს[28]. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იესო ქრისტეს მამაკაცური სხეულებრივი ბუნებით შობა წარმოადგენს უეჭველ ფაქტს, ვინაიდან ქრისტე განკაცდა რეალური ადამიანური სხეულით, მაგრამ ქრისტეს მამაკაცურობაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება ავლენს ნესტორიანულ ელემენტებს და ფუნდამენტურად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქრისტეში ქალთა და კაცთა სოტერიოლოგიურ ერთობას[29], ვინაიდან თუკი ქრისტე თავისი ადამიანური ბუნებით ამდენად განსხვავდება ქალისგან, მაშასადამე როგორ მოიცავდა ქრისტე საკუთარ თავში კაცობრიობის ამ ნაწილს, რათა გამოესყიდა პირველქმნილი ცოდვა.

მოცემულ საკითხებზე წმინდა მამათა მოსაზრებანი და არგუმენტები არ მოგვეპოვება და, შესაბამისად, თეოლოგთა და საეკლესიო მოღვაწეთა განხილვის საკითხს წარმოადგენს. მაგრამ ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა, დავასკვნათ რომ მართლმადიდებლ ეკლესიაში მღვდლად მხოლოდ მამაკაცთა ხელდასხმა თეოლოგიურად არ გულისხმობს მისთვის რაიმე განსაკუთრებული ან აღმატებული ნიშნის მიწერას და მის უპირატესობას ქალზე. უფრო მეტიც, მსგავს მტკიცებას (კაცის აღმატებულებას ქალზე სამღვდელოებაში ქალთა ჩაურთველობის გამო) არ გააჩნია არანაირი დოგმატური საფუძველი და პირიქით, ეწინააღმდეგება ეკლესიის ესქატოლოგიურ მიმართულებას[30]. დოგმატები ქალთა მღვდელმსახურებას არ ეწინააღმდეგება. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საეკლესიო ტრადიცია, რომელიც იერარქიაში მხოლოდ მამაკაცთა მონაწილეობას გულისხმობს,  კონტექსტუალური მიზეზებით ჩამოყალიბდა. ახალი აღთქმის ღვთისმსახურებამ მემკვიდრეობით მიიღო ძველი აღთქმის ღვთისმსახურების გარკვეული ელემენტები, რომელიც მხოლოდ მამაკაცთა ჩართულობას გულისხმობდა. ტრადიციის ამგვარი განვითარება, შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო იმდროინდელი წარმართული პრაქტიკისაგან გამიჯვნის მიზნით, როცა კერპთმსახურების სხვადასხვა რიტუალის აღსრულებაში ქალები აქტიურად მონაწილეობდნენ.

 

ციკლის საკითხთან დაკავშირებული თეოლოგიური ასპექტები

ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ქალებისადმი დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს, არის მათთვის საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის აკრძალვა მენსტრუალური ციკლის დროს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს თვით მაცხოვრის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რომელიც  მარკოზის სახარებაშია აღწერილია (მარკ. 5,25-34): ქრისტეს სისხლმდინარე ქალი შეეხება, რათა განიკურნოს. ძველი აღთქმის კანონების მიხედვით, ასეთი რამ აკრძალული იყო, მაგრამ მაცხოვრისაგან, განკიცხვის ნაცვლად, რწმენის ჯილდოდ განკურნებას მიიღებს.  ეკლესიის შემდგომი განვითარების მანძილზე ეს საკითხი მთელი სიმწვავით არ დასმულა, მაგრამ მაინც მოგვეპოვება მამათა გარკვეული მოსაზრებანი, რომელნიც შეიძლება ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ჯგუფად დაიყოს. მენსტრუალური ციკლის დროს ქალთა საეკლესიო საიდუმლოებებში ჩართულობის მომხრეთა რიგს განეკუთვნება მესამე საუკუნის დოკუმენტის „მოციქულთა სწავლანი“-ს ავტორი, რომელიც მოუწოდებს ქალებს, მიიღონ ზიარება ამ პერიოდში, რადგან ისინი უკვე გათავისუფლებულნი არიან მაცხოვრის მიერ (Farley, 2012:165). იმავე მოსაზრებას იზიარებდა  მეშვიდე საუკუნეში მოღვაწე წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი. იგი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ მენსტრუალური ციკლი ბუნებრივი მოვლენაა და ცოდვას არ წარმოადგენს (:166). მეორე ჯგუფის წარმომადგენელნი კი ან ძველი აღთქმის სწავლებას მიჰყვებიან, ან საერთოდ არ განმარტავენ, თუ რატომ არ უნდა ეზიაროს ქალი მენსტრუალური ციკლის დროს. თანამედროვე თეოლოგები იზიარებენ მოსაზრებას, რომ ციკლის პერიოდში საეკლესიო საიდუმლოებებში ქალთა ჩართულობისადმი შეურიგებელი დამოკიდებულება თანამედროვე ჰიგიენური საშუალებების არარსებობითა და პრაქტიკული სირთულეებით იყო გამოწვეული  (:163, 167).

XX საუკუნის მეორე ნახევარში  ეს საკითხი ხელახლა წამოიჭრა. 1976 წელს აღაპიაში გაიმართა მართლმადიდებელთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელზეც დაადგინეს, რომ ქალთა განყენება ზიარებიდან ან სხვა საეკლესიო საიდუმლოებებიდან/მსახურებებიდან მენსტრუალური ციკლის დროს უნდა აღმოიფხვრას საეკლესიო პრაქტიკიდან[31]. ეს დადგენილება არა ერთმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაითვალისწინა და განახორციელა კიდევაც.

ქრისტიანობა და კერძოდ მართლმადიდებლური თეოლოგია საბოლოო ჯამში მხარს უჭერს ქალისა და კაცის თანასწორობის იდეას. როგორც დავინახეთ, იესო ქრისტეს მიერ პიროვნებაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, განურჩევლად მისი სქესობრივი ან სხვა რაიმე ნიშნისა,  ცხადყოფს სქესობრივ განსხვავებაზე აღმატებულ მსოფლმხედველობას. მისი დამოკიდებულება მემკვიდრეობით მიიღეს ჯერ მისმა უშუალო მოციქულებმა და შემდგომში ეკლესიის სხვა მამებმა, რომლებიც თავიანთ ნაშრომებში ხაზს უსვამდნენ ქალისა და კაცის ონტოლოგიურ თანასწორობას. ქრისტიანული სწავლება, რომელიც არ არ ისახავდა მიზნად სოციალურ-პოლიტიკური რევოლუციების  მოხდენას, საუკუნეების მანძილზე ცდილობდა, არსებული უთანასწორობანი აღმოეფხვრა დიდაქტიკური საშუალებებით, ვინაიდან ქრისტეს მიზანი იყო რომ განემზადებინა ადამიანები ცათა სასუფევლისათვის.

გარკვეული დისკრიმინაციული ხასიათის მქონე ძველ საეკლესიო პრაქტიკის ჩამოყალიბებას კი, როგორც დავინახეთ, საფუძვლად იმჟამინდელი კონტექსტუალური მიზეზები ჰქონდა, რაც თანამედროვე პრაქტიკაში მნიშვნელობას კარგავს და აღარ არის აქტუალური. მაგალითად, თუ კი უწინ ქალთა საეკლესიო საიდუმლოებებში ჩაურთველობა მენსტრუალური ციკლის დროს    ჰიგიენური საშუალებების არარსებობით იყო განპირობებული, იგი არგუმენტად ვეღარ გამოდგება დღეს.

სტატიაში შევეცადე მეჩვენებინა, რომ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მართლმადიდებლური ტექსტები ეკლესიის ერთადერთ ხმად  არ იქნას მიჩნეული. ჩემი აზრით, თანასწორობის იდეა მართლმადიდებლობაში საკმაოდ ნათლად არის წარმოჩენილი. სამწუხაროდ,  საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ეს საკითხები სათანადო ინტენსივობით არ განიხილება სწორედ ამიტომ, სტატიის მიზანს წარმოადგენს სახარებასა თუ წმინდა მამათა სწავლებაში იმ ეპიზოდების წინ წამოწევა, სადაც მხარდაჭერილია ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. ჩვენი დროის მართლმადიდებელი ეკლესიები და თეოლოგები ცდილობენ, უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს და შეიტანონ ცვლილებები საეკლესიო პრაქტიკაში სახარებისეული ჭეშმარიტებისა და ქრისტიანული დოგმატების დაურღვევლად, ქრისტეს ეკლესიისა და ადამიანთა სასიკეთოდ. იმედია, რომ ამ მხრივ მუშაობა საქართველოშიც გაძლიერდება.

 

ბიბლიოგრაფია:

ახალი აღთქუმაჲ. 2001. თბილისი, მთაწმიდა: წმიდა ნინოს ეკლესია.

ახალი აღთქმა და ფსალმუნები. 1993. სტოკჰოლმი:  ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი.

Behr-Sigel, E. 1991.The ministry of women in the Church. California, Redondo Beach: Oakwood Publications.

Evdokimov, P. 1994. Woman and the salvation of the world. NY, Crestwood: St. Vladimir’s Seminary Press.

Farley, L. R. 2012. Feminism and tradition: quiet reflections on ordination and communion. Yonkers, New York: St. Vladimir’s Seminary Press.

Karras, V. A. 2008. Orthodox theologies of women and ordained ministry.In Thinking through faith: new perspectives from Orthodox Christian scholars.A. Papanikolaou and E. H. Prodromou (eds.). NY, Crestwood: St. Vladimir’s Seminary Press, 113-158.

Kollontai, P. 2000. Contemporary thinking on the role and ministry of women in the Orthodox Church.Journal of Contemporary Religion, 15(2):165-179.

Liveris, L. B. 2007. Women, leadership and the Orthodox Church in Australia: always second, secondary or seconded.Studies in world Christianity 13/1:13-32.

Lossky, 1974.The image and likeness of God.NY, Crestwood: St. Vladimir’s Seminary Press.

Nicolaides, A. 2005.The role of women in the Eastern Orthodox Church.Australian e-journal of theology 4, [online]. Available at: http://aejt.com.au/__data/assets/pdf_file/0007/395539/AEJT_4.12_Nicolaides.pdf[Accessed 15 october 2013].

Petrou, I. 2002. The question of women in Church tradition.Anglican Theological Review 84/3:645-660.

Tkacz, C. B. 2008. Women and the church in the new millenium.St. Vladimir’s Theological Quarterly 52/3-4:243-74.

Wilson, S. H. 2010.Tradition, priesthood and personhood in the Trinitarian theology of Elisabeth Behr-Sigel. Feature Article 19(2). [online] Available at: http://www.e-ccet.org/feature.htm [Accessed 15 October 2013].

 

შენიშვნები:


[1] ახალი აღთქმა შედგება სახარების, მოციქულთა საქმეების, ეპისტოლეებისა და გამოცხადებისგან. ვინაიდან მოცემული სტატია მიზნად ქალთა მიმართ მაცხოვრის დამოკიდებულების წარმოჩენას ისახავს, ერთ-ერთ მთავარ წყაროდ  სახარებას გამოვიყენებთ.

[2] იმ ტექსტების განხილვა, რომელიც ქალთა მიმართ უთანასწორო დამოკიდებულებას გამოხატავს, სხვა კრიტიკული სტატიების თემა შეიძლება გახდეს. წინამდებარე სტატიის მიზანი კი, მართლმადიდებლურ მოძღვრებაში  არსებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის იდეის ჩვენება გახლავთ.

[3] Petrou, 2002: 652

[4] Behr-Sigel, 1991: 61

[5] მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან (ლუკ. 10:41-42).

[6] Liveris, 2007:18

[7] Behr-Sigel, 1991:165

[8] Tkacz, 2008:251-252

[10] არა აღმოგიკითხავსა, რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? და თქუა: ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე ერთ ჴორც (მათ. 19:4-5).

[11]   ჰე უფალო, მრწამს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ, მომავალი სოფლად (იოან. 11, 27).

[12] Tkacz, 2008:254

[13] Tkacz 2008: 260

[14] Berh-Sigel 1991: 90

[15]   არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ (გალატ. 3:28).

[16]   ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა იგი საბანელითა მით წყლისაჲთა და სიტყჳთა, რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწიკულევანება, არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო, ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყვარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს. რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცდა ქრისტე ეკლესიასა (ეფეს. 5:25-33).

[17] Farley 2012: 87

[18] Behr-Sigel 2008: 14

[19] Nicolaides 2005: 2

[20] Petrou, 2002:654

[21] Behr-Sigel, 1991:91

[22] Farley, 2012:72

[23] Farley, 2012:74

[24] Farley, 2012:74-75

[25] Lossky, 1974:138-139

[26] Wilson, 2010

[27] Karras, 2008:155-156

[28] Wilson, 2010

[29] იქვე

[30] Petrou, 2002:659

[31] Kollontai, 2000:169