მწერალთა სახლი

საჯარო სივრცეები - ქუჩები, სკვერები თუ სხვადასხვა შენობები - ინახავს და გადმოსცემს იმ მეხსიერებას, რომელიც ქალაქის ისტორიას ქმნის. თბილისში, როგორც მსოფლიო ქალაქების უმეტესობაში, ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, რომელიც ქალის სახელს ატარებს ან ქალთა ისტორიასთანაა დაკავშირებული. ეს ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებაში ქალების მიერ შეტანილი წვლილის დავიწყებას და მათი მიღწევების წაშლას კოლექტიური მეხსიერებიდან. სტატია წარმოგიდგენთ მწერალთა სახლთან დაკავშირებულ ქალებს, რომლებიც იბრძოდნენ ცვლილებებისთვის და თავიანთი მოღვაწეობით საქართველო შეცვალეს. ტექსტი დაწერილია ფემინისტური ტურის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის გაზაფხულზე ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს ინიციატივით დაიგეგმა.

მწერალთა სახლი: N13 სახლი სერგის ქუჩაზე (რომელიც 1922 წლიდან ივანე მაჩაბლის სახელობის გახდა); სახლი ეკუთვნოდათ ეკატერინე ფორაქიშვილსა და დავით სარაჯიშვილს

დავით სარაჯიშვილის მიერ 1905 წელს აშენებული სახლი ძველი თაობის მოქალაქეებისათვის დღემდე რჩება ლეგენდებით მოცულ და ტრაგიკულ ადგილად, რომელიც ძველი და მდიდარი ისტორიის მიუხედავად მაინც 1937-1938 წლების ტერორის სიმბოლოდ იქცა – სახლის მეორე სართულზე პაოლო იაშვილის თვითმკვლელობამ მძიმე ტრავმა დაუტოვა თანამედროვეებს, თუმცა გასროლის ექოს მსგავსად, სახლის უსიამოვნო წარსულის ეპიზოდების შესახებ ცოდნა ნელ-ნელა ქრება და ჩვენი თანამედროვეებისათვის მაჩაბლის N13, დღევანდელი „მწერალთა სახლი“ სხვა შინაარსს და ემოციას იძენს.

სახლის დატვირთული და საინტერესო ცხოვრების საფუძველი, მისი ამშენებლის – დავით სარაჯიშვილისა და ეკატერინე ფორაქიშვილის ოჯახის დიდი საზოგადოებრივი და კულტურული მოღვაწეობით იყო განპირობებული; მათი ჩანაფიქრით და ცხოვრების სტილით, სახლი არა ჩაკეტილი “ციხე-სიმაგრე”, არამედ სახელოვნებო და კულტურული ცხოვრების სივრცე იყო.

ეკატერინე ფორაქიშვილს (1862-1916) იმ დროისთვის კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, დამთავრებული ჰქონდა ე.წ. „ფარგის“ პანსიონი და შესანიშნავად ფლობდა ევროპულ ენებს. ეკატერინე იყო ქართველ ხელოვანთა შემწე და მფარველი. ცნობილია, აკაკი წერეთლის განსაკუთრებული დამოკიდებულება მის მიმართ, სარაჯიშვილები აკაკის არა მარტო ფინანსურად უმართავდნენ ხელს, არამედ პოეტი, რომელსაც თბილისში სახლი არ ჰქონდა, ძალიან ხშირად სწორედ სარაჯიშვილებთან ცხოვრობდა.

ზაქარია ჭიჭინაძე ეკატერინე ფორაქიშვილის შესახებ წერდა:

„ეკატერინე ივანეს ასული თავის გამჭრიახობას და ენერგიასთან არის ქართველი მწიგნობრის მოყვარე და როგორც განათლებული პირი, გახლავსთ დიდი პატივისმცემელი მწიგნობრობისა, შესანიშნავის ქართველის ნაწერების და მწერლების. ეს ადამიანი ქმართან ერთად სწევს საერთო უღელს და რასაც დავით ზაქარიას ძე ემსახურება, ადიდებს და პატივს სცემს, იმასვე ეს მანდილოსანიც ფაქიზათ და სუფთად ასრულებს.“[1]

საზოგადოებაში დღემდე ლეგენდად არის შემორჩენილი, თითქოს დავით სარაჯიშვილმა ანდერძით სახლი ქალაქს დაუტოვა იქ მუზეუმის ან გალერიის მოწყობის პირობებით, თუმცა, რეალურად მისი ანდერძით სახლი მეუღლეს - ეკატერინეს დარჩა.

დავითის  გარდაცვალების შემდეგ სწორედ ეკატერინე ფორაქიშვილმა გადაიბარა ქმრის არა მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობა, არამედ, კომერციულიც – ცნობილია, რომ მისი მართველობის დროს (1911-1916) გაორმაგდა წარმოება და დავით სარაჯიშვილის ნაწარმმა საერთაშორისო გამოფენებზე არაერთი მედალი მიიღო.

ეკატერინე ფორაქიშვილმა საკუთარი ქონების დიდი ნაწილი (სამი მილიონი მანეთი) საქველმოქმედო საქმიანობისთვის გაანაწილა. 1916 წელს მისი დაკრძალვისას სამგლოვიარო პროცესია გვირგვინებით არ შეუმკიათ, რადგან სთხოვა ხალხს, გვირგვინების თანხა ქველმოქმედებისთვის დაეხარჯათ.

ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ სახლი მრეწველმა – აკაკი ხოშტარიამ შეიძინა, რომელმაც მეუღლესთან – მინადორასთან ერთად გააგრძელა სარაჯიშვილების ოჯახის ტრადიცია და 1921 წლამდე სახლი კვლავ ლიტერატურული და კულტურული სალონი იყო. მაგალითად, აქ ცხოვრობდნენ მარჯორი და  ოლივერ უორდროპები, ქართული კულტურის, ხალხის და  სახელმწიფოს სწორუპოვარი მეგობრები და გულშემატკივრები. საინტერესოა მარო მაყაშვილის მოგონება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების დღესთან დაკავშირებით, რომელსაც იგი საკუთარ დღიურში გვიზიარებს:

1920 წლის 12 იანვარი:

„დღეს მივხვდი, რა არის მიზანი ცხოვრებისა. სამშობლოსთვის მუშაობა!..
დღეს საზავო კონფერენციაზე, უმაღლეს საბჭოს სხდომაზე, ლორდ კერზნის წინადადებით, ერთხმად აღიარებულ იქნა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!....

11 საათზე ხალხის მეტ ნაწილს გაეგო და მთელი ტალღა მოედო ქუჩებს. ...
სასახლესთან მთავრობის წევრებმა მიულოცეს ხალხს ვაშას ძახილით. მგრძნობიარე დღე იყო, ყველას სახე უღიმოდა, ერთმანეთს ულოცავდნენ, ჰკოცნიდნენ...

შემდეგ მთელი ჯარი უორდროპის სახლს მიადგა, იქ ბატონმა ოლივერმა მიულოცა და უსურვა დღეგრძელობა, ქართულათ სთქვა: "გაუმარჯოს ტურფა საქართველოს!"[2]...

1921 წლის 25 თებერვლის შემდეგ – როდესაც თბილისში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო მე-11 წითელი არმიის ნაწილები შემოვიდნენ, „სარაჯიშვილის სახლი” საოკუპაციო რეჟიმის, ბოლშევიკური პარტიის პოლიტიკური მანევრების ნაწილად იქცა – მათ შენობა მწერლებს გადასცეს, რომელთაც, 1921 წლის მარტის დასაწყისში, როდესაც ომი საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის  დასავლეთ საქართველოში ისევ გრძელდებოდა, არა თუ დაელაპარაკნენ საოკუპაციო რეჟიმს, არამედ სიხარულით მიიღეს  საჩუქარი.

1920-იანი წლების განმავლობაში მწერალთა სახლად ქცეული მაჩაბლის N13 ცოცხალი ლიტერატურული პროცესების ადგილად იქცა – ათწლეულის ბოლომდე რეჟიმს მხოლოდ გარკვეული აკრძალვების ჩარჩო ჰქონდა დაწესებული – მწერალს/პოეტს „ძველი ცხოვრება” და მოწინააღმდეგე პოლიტიკური იდეოლოგიები არ უნდა განედიდებინა, სხვა მხრივ კი პირობითი თავისუფლება ჰქონდა შემოქმედებაში. თუკი პირიქით – ბოლშევიკური რეჟიმის მიმართ სიმპათიას გამოხატავდა შემოქმედებით, მაშინ სრული კომფორტით ისარგებლებდა. ამ ხნის განმავლობაში მწერალთა სხვადასხვა ხასიათის გაერთიანებები, როგორებიც იყვნენ – “აკადემიური მწერლები”, “სიმბოლისტები”, “ლეფელები” და “პროლეტმწერლები” ფორმალურად იყვნენ გაერთიანებული “მწერალთა ფედერაციაში”: პირველები რეალურად საკუთარი ენერგიის და რესურსის ამარა იყვნენ, ხოლო “პროლეტმწერლები”, როგორც კომპარტიის ავანგარდი შემოქმედებით ფრონტზე, სრული მხარდაჭერით სარგებლობდნენ საბჭოთა სახელმწიფოსაგან.

საინტერესო ფაქტია, რომ ბოლშევიკურ რეჟიმს თავისებურად ესმოდა ქალთა ემანსიპაციის საკითხი და მისი დღის წესრიგის ნაწილად ცნობდა – პარტიის შიგნით დატვირთვით მუშაობდა “ქალთა განყოფილება”, მსგავსი უჯრედები ბევრ სახელმწიფო ინსტიტუციაშიც იყო მოწყობილი. მწერალთა კავშირში კი სადაც არ იყო ქალების სიმცირე, მსგავსი სექციის დაარსების საჭიროების საკითხი არავის წამოუჭრია – მწერალი ქალები სხვადასხვა ლიტერატურული დაჯგუფების წევრები იყვნენ და არ და ვერ ცდილობდნენ გენდერული ნიშნით ცალკე ორგანიზაციის ფორმირებას.

საინტერესოა ისიც, რომ ქალი მწერლები არც მოგვიანებით მონაწილეობდნენ მწერალთა კავშირის მმართველობის ორგანოებში. ცნობილია, რომ არც ერთი მწერალი ქალი არ ყოფილა მწერალთა კავშირის თავმჯდომარე – ათწლეულების მანძილზე ორგანიზაციას მამაკაცები მართავდნენ.

„მწერალთა სახლი“ მნიშვნელოვანია იმითაც, რომ აქ თავს იყრის არა მხოლოდ გასაბჭოებამდე პერიოდის ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალების ისტორია, არამედ –  ბოლშევიზმისა და საბჭოთა დროინდელიც.  

1918 წელს პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებამ დიდი ბიძგი მისცა ქალების განვითარებას. თუმცა, 20-იანი წლებიდან დაწყებული ტერორი და შევიწროება სტუდენტ, აქტიურ და ქართული კულტურისთვის მნიშვნელოვან ქალებსაც შეეხო. ამ პერიოდის საარქივო მასალა გვაჩვენებს, თუ როგორ არაადამიანურ პირობებში ცხოვრობენ ქალები და როგორ დაიხშო ისევ მათთვის განათლების ასპარეზი.

ბაბილინა ხოსიტაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, მაგრამ იმის გამო, რომ მეუღლე – ნიკო კურდღელაშვილი უმუშევარია, ბავშვები კი – მისახედი, ვერ ახერხებს ლექციებზე დასწრებას და მწერალთა კავშირს გამუდმებით სთხოვს დახმარებას. ხშირად ეკატერინე გაბაშვილსაც მიმართავს, რათა სამსახურის ძებნაში დაეხმაროს:

„პატივცემულო ქ-ნო ეკატერინე! ბოდიშს ვიხდი, რომ გარემოება მაიძულებს მოგმართოთ და შეგახსენოთ, თუ გაიხსენებთ მე თქვენ წინათაც მოგმართეთ და თქვენ დამპირდით, თუ იქნება სადმე ადგილი, მითხარით და ვნახავ იმ პირს, ვისაც ეს ეხება.

ახლა მე კაპანაძის ქალთან ვარ დროებით, ჩემი მდგომარეობა უკიდურესია... ლევან ფურცელაძე მე თვითონ ვნახე პირადათ, მაგრამ არაფერი გამოდის.

ბანკში უნდა უსათუოთ იყოს ადგილი. მე მითხრეს, რომ თუ მოინდომებს, ე. ი. ბანკში მოსამსახურე უფროსები, ადგილი არისო.

ეს მაინც ნამდვილად ვიცით, რომ ლიზა მესხიშვილის ადგილი თავისუფალია. ქალი ოთხი თვე იქნება დაჭერილია და ციხეში ზის. ერთი სიტყვით, რომ გამიშვან, სულ მცირე ჯამაგირით (20 მან.) ვიმუშავებ. არც თავშესაფარი მომეძევება, არც საჭმელი. რაცა ხანია სასწავლებელი დავამთავრე, ადგილს ვეძებ, მაგრამ უპროტექციოდ ვერას გავხდი. თავს ხომ ვერ მოვიკლავ. მინდა სიცოცხლეს გულში ჩავხედო. წინაზე გამოცხადებული იყო, რომ ახლო მომავალში გამოვა კრებული ახალგაზრდა ავტორებისა, მათ შორის მეც ვიყავი მოხსენებული.

მე მსურს, გავაკეთო რამე... ცხოვრება კი მახრჩობს, მწყურია ცხოვრების საიდუმლოების გაგება, სწავლა-განვითარება, რატომ არ მაძლევენ საშუალებას.

მაპატიეთ, არ მინდა შეგაწუხოთ, გევედრებით, თუ მიშველით რამეს. ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია, თუ კაცი მოისურვებს. ათასი ბოდიში“ .[3]

სამუშაოს გამუდმებული ძებნა და შემდეგ მისი დაკარგვის შიში აქვს მწერალი ქალების უმეტესობას. მათ ნაწერებს უკვე მტვერი ედება საკუთარ სახლშიც და რედაქციებშიც. სრულიად წარმოუდგენელი ხდება წიგნის გამოცემა. თუმცა 1930-იანი წლებიდან ჩნდება ქალების პოეტური კრებულები, მოთხრობები და რომანები, ოღონდ – უკიდურესად შენიღბული თავისუფლების, ფემინისტური, კრიტიკული აზრის რეპრესიის პირობებში.

ამას ასახავს სწორედ წერილები, რომლითაც მწერალი ქალები ერთმანეთს ანუგეშებენ, ართობენ და შთააგონებენ სამომავლო წარმატებებს და ერთმანეთის მხარდაჭერის  განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმ სასტიკ ეპოქაში. ამ წერილებში იგრძნობა მარტოობა და სასოწარკვეთა და ქაღალდზე გადატანილი და მეგობრისთვის გაგზავნილი სიტყვის მკურნალი ძალა. ასეთია სწორედ საფო მგელაძის წერილი ბაბილინასადმი:


„ძალიან გამახარე შენი წერილით. რაც შეეხება შენ წინათქმას ძველი მეგობრების შესახებ, აქ ჩვენ (არც შენ) დამნაშავენი არ ვართ. ისე გვატრიალებს წაღმაუკუღმა ცხოვრება და ეს ჩვენი უსიხარულო განცდანიც, რომ აღარ არის დრო მივიდეთ ადამიანთან, მეგობართან (თუკი ასეთი ვინმე არსებობს) , შევჩერდეთ მის წინ რამოდენიმე წუთით და რამოდენიმე მძლე სიტყვა მაინც გადაუგდოთ იმ ადამიანს, რომელსაც ოდესღაც მეგობარსაც კი ვუწოდებდით.

მე და შენ, ჩემო დაო, თავიდანვე იმ ბილიკს გავყევით, რომელიც ჯოჯოხეთში შედიოდა და შევედით კიდეც. ამაოდ დავეძებთ გამოსავალ გზას. ის ჩვენთვის არ არსებობს. ერთ ტაფაში მაინც ვიწოდეთ და ერთმანეთს მაინც ვამხნევებდეთ!! ესეც არ არის.

მზარეული ქალები უფრო მჭიდროთ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ჩვენ. მწერალი ქალები და ეს არის იმის მიზეზი, რომ ვიჩაგრებით უღმერთოთ. მამაკაცებს კიდევ რა ენაღვლებათ. ისინი სარგებლობენ ჩვენ შორის არსებულ ანტაგონიზმით და უფრო მაგრად გვაჭერენ ქუსლს.

რაც შეგეხება შენ, მე შენ სხვაზე (ზოგიერთებზე) უფრო გულწრფელი მგონიხარ, მაგრამ დრო, სად ვიშოვოთ იმის დრო, რომ ერთმანეტს სევხვდეთ და ერთმანეთი გავიგოთ?!  მაინც ვცადოთ. Лучше поздно, чем никогда.

მეკითხები რას ვწერ?! ორი თვეა ლოგინში ვიხარშები და რა უნდა დავწერო მე რიგიანი და შესანიშნავი?.. 

სუსტად ვარ. ექიმები სოხუმში მგზავნიან. ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მე არ მეშინია წასვლის. იქნება წავიდე კიდეც. რაღაცას მპირდება კავშირი.

ასე ჩემო ბაბო, კიდევ მოიწერე. გკოცნი. თუმცა გულს მაკლია, რომ სახლში არა გნახე. შენი საფო მგელაძე[4]

... დაბოლოს, სტალინური რეპრესიების მსხვერპლთაგან მწერალთა სახლში 90-იან წლებში გაკეთებულ მემორიალურ დაფაზე მხოლოდ ოლღა ოკუჯავა მოხვდა. სავარაუდოდ იმიტომ, რომ იგი გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე იყო და არა იმიტომ, რომ ქალთა თანასწორუფლებიანობის იდეის ერთგულად დარჩა ბოლომდე და აჭარაში „ჩადრის ახდის კამპანიაში“ მონაწილეობდა.

ოლღა ოკუჯავა ბოლშევიკებმა ორჯერ გადაასახლეს და 1941 წელს დახვრიტეს. საპატიმროდან გალაქტიონისადმი მიწერილ წერილთაგან გამორჩეულია ერთი, რომელიც განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრეა დაწერილი და სადაც ყველაზე ნათლად ჩანს ოლღას სულიერი სიძლიერე:

"... ჩემო ძვირფასო, ძვირფასო გალკ!

ირგვლივ ყინულის ლოლუები ბრჭყვიალებენ და ალმასებად იცრემლებიან. მაშ, ახლოა გაზაფხული!

გაზეთში წავიკითხე, რომ მანდ, შენთან, საქართველოში, თბილა. 20-25 გრადუსია სითბო. თესვა დაიწყო, აყვავდა ნუში და ა.შ.

დამიკოცნე მაგ გაზაფხულის ფერადოვანი შემობიჯება!

ჩემო ძვირფასო! ტიტანური ძალით მინდა, რომ მოგეხვიო. ეხ, შეგხვდები კი ოდესმე?! მაგრამ შორს ეს ფიქრები - ეს დემონი ჩემი სულისა!

ძვირფასო ჩემო, ნაღვლობენ, დარდობენ, ხელობენ ოცნებანი შენზე.

შინ ყოფნა მინდა, მორჩა და გათავდა!!!

თითქოს დავკარგე ყველაფრის იმედი.

ძვირფასო გალკ, გული მეწურება, გული მძვინვარებს – უნდა შეიტყოს შენი ჯანმრთელობის, შენი ცხოვრების ამბავი, გკოცნით, გკოცნით შენ და შენს ქმნილებებს.

ვიგონებ რიონს, რომლის ნაპირზეც არაერთხელ გვისაუბრია მდინარის ნაზ ჩურჩულში, რომელიც ერთვოდა მთვარის სხივების ციმციმს, ტალღებს...

ძვირფასო, უკვე მიჭირს წერილის მოწერა. რა ვქნა? ძალიან მიჭირს, მშვიდობით!

შენი ოლია

მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!

1 მარტი, 1941"

მწერალთა სახლთან დაკავშირებულია ქართველი პოეტის, ელენე დარიანისა და მისი ორი სიყვარულის: შალვა ქართველიშვილისა და პაოლო იაშვილის ბედი. პაოლომ 1937 წლის 22 ივლისს სწორედ მწერალთა სახლში მოიკლა თავი, ხოლო შალვა 1938 წელს ციხეში წამების შედეგად  გარდაიცვალა. ელენე დარიანის, როგორც  შემოქმედი ქალის, სახელი ბურუსიდან ოდნავ კი გამოკრთა, მაგრამ კვლავ ელოდება სრულფასოვან რეანიმაციას.

 

შენიშვნები:


[1] დავით სარაჯიშვილი 165, მწერალთა სახლი, 2013.

[2] მარო მაყაშვილი, „დღიური“, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, 2014.

[3] გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ბაბილინა ხოსიტაშვილის არქივი, ხელნაწერი N1819.

[4] გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, საფო მგელაძის არქივი, ხელნაწერი N16067.