იკითხე პოლიტიკა - ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

იკითხე პოლიტიკა - ინტერვიუ თამარ კორძაიასთან

“შეუძლებელია ქალი პოლიტიკოსი ამბობდეს, რომ ის არ აწყდება ბარიერებს საქმიანობისას. ვინც ამას ამბობს, მას ან არ ესმის, რას ქვია პრობლემა, ან არ აღიარებს,” თამარ კორძაია

 

იკითხე პოლიტიკა: - თქვენ თუ ხართ ფემინისტი და  როგორ განმარტავთ ამ ტერმინს?

თამარ კორძაია: - რა თქმა უნდა, ფემინისტი ვარ და ვთვლი, რომ ფემინისტი არის  ყველა, ვინც იბრძვის ქალთა უფლებებისთვის და აღიარებს ქალს თანასწორად.

- როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს სარჩევნო პროგრამაში  ქალთა საკითხები ცალკე გაწერილი?

- ჩვენ პროგრამაში შესულია ქალთა საკითხები პროგრამის იმ ნაწილში, რომელსაც ქვია “ადამიანი და სახელმწიფო” და აქ ჩვენ ორი ძირითადი ღირებულება გავაერთიანეთ: თანასწორობა და თავისუფლება. ყველა საკითხი რომ პროგრამაში ცალ-ცალკე გაწერო, ეს იმას ნიშნავს, რომ პროგრამა არასოდეს დამთავრდება, მაგრამ ამ ორ ღირებულებას გვერდი ვერ ავუარეთ. თავისუფლება არის ყველაზე დიდი ღირებულება, რომელსაც აღიარებს ჩვენი პარტია და საერთოდ, ვთვლით, რომ ადამიანი თავისუფლებისთვის არის დაბადებული, ხოლო თანასწორობა არის პირობა, ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა და შანსები, ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ. სახელმწიფომ არ უნდა დაახშოს შანსი ბედნიერებისკენ სწრაფვის და თუ უთანასწორო  პირობები არსებობს, ესე იგი დახშულია ეს უფლება და სახელმწიფო არაფერში  გეხმარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ თანასწორობის სტანდარტი რომ ავიღეთ და ღირებულებად თანასწორობა ვაღიარეთ, ავიღეთ კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ და  ყველა მოწყვლადი ჯგუფი აღმოჩნდა ჩვენს პროგრამაში. აქ არიან რელიგიური და ეთნიკური უმცირებობი, ლგბტ თემის წევრები, ქალები და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ მოწყვლადი ჯგუფები სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლები არიან სხვადასხვა სირთულეებით,  მათთვის საერთოა თანასწორობის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ქალები უმცირესობაში არ არიან, კაცები მათ თანასწორად არ აღიარებენ. ზუსტად ამიტომ ვთვლით ამის წინააღმდეგ ბრძოლას  საჭიროდ.

როდესაც ჩვენ ვხვდებით ამ ჯგუფების წევრებს, ისინი ამბობენ, რომ არ აქვთ არანაირი სივრცე საკუთარი აქტივობებისთვის, სადაც იარსებებს უსაფრთხოების გარანტიები. მაგალითად, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აქვთ ადგილი ლოცვისთვის, ლგბტ თემის წევრები ამბობენ, რომ არ შეუძლიათ მზის ქვეშ თავისუფლად სიარული და ა.შ. როდესაც ასეთი საუბრები ისმის, იგულისხმება, რომ ვიღაცას აქვს ეს უფლება, რაც სხვას შეზღუდული აქვს. ჩვენ გვინდა, ყველას ქონდეს ღია სივრცე თანასწორობისთვის.

- თქვენს პროგრამაში გაწერილი გაქვთ გენდერული საკითხები. სხვები, ვისაც ვეკითხებით, რატომ არ  ჩათვალეს საჭიროდ ამაზე ყურადღების გამახვილება, გვეუბნებიან, რომ ცალკე ამ თემების გამოყოფის საჭიროება არ არსებობს, გარდა ამისა, ფემინისტური ხედვა პოლიტიკოსებს დიდ რეიტინგს არ მოუტანს და აზრიც არ აქვს მათ გაწერას პროგრამაში.

როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ქალთა საკითხების ინტეგრირება პოლიტიკაში ისე, რომ  მასობრივი და გასაგები იყოს და ამის საჭიროება ბევრმა პოლიტიკურმა ძალამ იგრძნოს?

- მე ვფიქრობ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც ასე გელაპარაკებათ,  აღიარებს თავის სისუსტეს. როგორც მთელს მსოფლიოში ქალთა უფლებების აღიარებამ მოიპოვა გამარჯვება, მინიმუმ საკანონმდებლო დონეზე, ასე მოიპოვებს საქართველოშიც.  ეს არის გარდაუვალი. ვინც ამას არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს პოლიტიკური პარტიისთვის არაპოპულარულია, ისინი უბრალოდ იმ დროის მორჩილებაში არიან, რომელშიც ცხოვრობენ და შეუძლებელია რომელიმე პარტიამ მოიტანოს პროგრესი, თუ ის გამბედავი არ არის.

ეს საკითხები არის არა ერთი რომელიმე ჯგუფის, არამედ  ზოგადად ადამიანის უფლებები, რომელიც დაცულია კონსტიტუციით და თუ ვინმე ამბობს, რომ ქალების თანასწორობა არ ანაღვლებს, გამოდის რომ ის არა მხოლოდ კარგი პოლიტიკოსი არ არის და კარგი ხელისუფალი ვერ იქნება, არამედ არაკონსტიტუციურადაც იქცევა.

- დღეს ჩვენი დაკვირვებით საქართველოში არ ტარდება ბიუჯეტის გენდერული ანალიზი. ფული არაპროპორციულად იხარჯება კაცების სასარგებლოდ და ქალებს ხვდებათ ნაკლები სარგებელი. თუ თვლით, რომ ბიუჯეტი  გენდერულად დაბალანსებული უნდა იყოს და როგორ შეიძლება ასეთი ბიუჯეტის მიღება?

- პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ მე, პარლამენტში ყოფნისას არაერთხელ დამიყენებია ეს საკითხი დღის წესრიგში, თუმცა აქვე უნდა ვაღიარო, რომ ჩვენ არ გვაქვს ამის ცოდნა, რა კრიტერიუმებით იზომება ბიუჯეტის გენდერულად მგრძნობიარობა. ამ საკითხში კომპეტენციის ასამაღლებლად აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო სექტორთან. ასეთი თანამშრომლობის შედეგია კვლევა, რომელიც ტარდება და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის გენდერულ ანალიზს გულისხმობს. ამის შემდეგ იგეგმება  საქართველოს ბიუჯეტის გენდერული ანალიზის ჩატარებაც.

ჩვენ გვჭირდება კომპეტენციის ამაღლება ამ საკითხებში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა კვლევა ადასტურებს იმას, რომ ქვეყანა გაცილებით ძლიერია ეკონომიკურად, თუ ბიუჯეტი სწორად  ასეა დათვლილი, ყველაფერს ითვალისწინებს ქალის შრომის შესამსუბუქებლად, აძლევს შესაბამის ანაზღაურებას და ა.შ. ძლიერი ქალი და გენდერული თანასწორობა პირდაპირ უდრის უკეთეს ეკონომიკას. მაგალითად, პრინციპულად ვთვლით საკითხს, რომ დიასახლისის შრომა უნდა დაითვალოს და გადაკონვერტირდეს თანხაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაანახო მეორე ადამიანს, რომ როცა ერთი მუშაობს გარეთ და მეორე შინ, სახლის საქმე ხშირად  უდრის იმ ღირებულების შრომას, რასაც გარეთ მომუშავე ადამიანი შეიძლება ვერც კი გამოიმუშავებდეს.

- თქვენ იყავით პარლამენტში და საინტერესო იქნება თქვენი, როგორც ქალი პოლიტიკოსის გამოცდილება. თუ აწყდებოდით რაიმე ბარიერებს როგორც ქალი ან რას თვლით ქალების გაძლიერებისთვის წინ გადადგმულ ნაბიჯად თქვენი საკანონმდებლო ორგანოში 4 წლიანი მუშაობის ბოლოს.

- შეუძლებელია ქალი პოლიტიკოსი ამბობდეს, რომ ის არ აწყდება ბარიერებს საქმიანობისას. ვინც ამას ამბობს, მას ან არ ესმის, რას ქვია პრობლემა, ან არ აღიარებს. მაგალითად, მარიამ საჯაიას მთელი პარლამენტი აღიქვამდა, როგორც ლამაზ გოგოს და  აზრი არ ჰქონდა, რას იტყოდა, არავინ უსმენდა მას. მიდიხარ, ვიღაცას ელაპარაკები საქმეზე და ის გპასუხობს, რომ დღეს ლამაზად გამოიყურები. აგრძელებ საქმეზე ლაპარაკს, ის მაინც გარეგნობაზე აგრძელებს კომენტარებს. კაცებს შორის ასეთი ურთიერთობები ხომ გამორიცხულია.

ეს განწყობა არის არა მხოლოდ პარლამენტში, ყველგან. მაგალითად დადიხარ კარდაკარ, გიღებენ კარს, გხედავენ ქალს და ეძახიან ოჯახის წევრ ქალებს. თვლიან, რომ მათ შენთან საქმე არ აქვთ, ქალებისთვის ხარ აქ მოსული.

მეტსაც გეტყვით, თითქმის გამორიცხულია, ქალმა პოლიტიკოსმა მოიპოვოს საჭირო ფინანსები. ფინანსების მოპოვების ორი გზა არსებობს, ფორმალური და არაფორმალური. არაფორმალურად ფული მოიპოვება ნაცნობობით, რესტორანში, მეგობრობით. კაცებისთვის ეს მოხერხებული მოდელია, ქალებისთვის ნაკლებად. არ გინდა  ყოველდღე სხვადასხვა ტიპთან ერთად რესტორნებში სიარული და რჩები ფინანსების მიღმა. მაგალითად, ამერიკელები გვირჩევენ ხოლმე, გააკეთეთ პიკნიკი, მარათონი, გამოიყენეთ მოხალისეები და ა.შ. ეს ყველაფერი აქ არ მუშაობს, აქ სხვა წესები ფუნქციონირებს, რომელიც ქალისთვის არაკომფორტულია.

- თქვენს პროგრამაში ვკითხულობთ, რომ საჯარო სამსახურებში არაკვალიფიციური კადრების მიერ ბიუჯეტის განიავების დრო უნდა დამთავრდეს  და  დროა გზა გავუხსნათ პროფესიონალიზმს, კეთილსინდისიერ კონკურენციას და ყაირათიანობას, რაც ნამდვილად მისასალმებელი იქნება. ამავდროულად, ჩვენ თითქმის ყველა პოლიტიკოსისგან, ვისაც ვესაუბრებით, გვაინტერესებს მათი აზრი სახელმწიფო სამსახურებში ქალებსა და კაცებს შორის არათანაბარ ანაზღაურებასა   და გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მიმავალ გზებზე ქალებისთვის არსებულ ხილულ თუ უხილავ ბარიერებზე. როგორ ფიქრობთ, რამდენად იმსახურებს ეს პრობლემა პოლიტიკოსების ყურადღებას და უნდა იყოს თუ არა ასახული პროგრამებში მაშინ, როდესაც სახელმწიფო გენდერული სტერეოტიპების გამო  შესაძლოა ბევრ კვალიფიციურ ქალს კარგავდეს.

- ჩვენ გვგონია, რომ ამ პრობლემასაც, ისევე როგორც სხვა პრობლემებს, გარკვეულწილად კვოტირება მოაგვარებს. კვოტირება -  ეს არის გზა, რომელიც ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს. “მეტი ქალი პოლიტიკაში” ნიშნავს იმას, რომ დასაქმების საკითხებსაც, ბიუჯეტის საკითხებსაც და სამართლის საკითხებსაც უფრო ეფექტურად განვიხილავთ. ჩემი პრაქტიკა ადასტურებს იმას, რომ გენდერულ საკითხებზე თანამშრომლობა სრულიად შესაძლებელია ნებისმიერ ქალ პოლიტიკოსთან, მიუხედავად პოლიტიკური პარტიის კუთვნილებისა.

- და მაინც, კვოტირება პარლამენტისთვისაა. როგორ გავაუმჯობესოთ გენდერული მდგომარეობა სხვა სტრუქტურებში.

- ჩვენ ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ საგანმანათლებლო კუთხითაც. მაგალითად, თუ ქალი ხედავს, რომ მისი კოლეგა კაცი, თანაბარი კომპეტენციის მიუხედავად, უფრო მაღალ ხელფასს იღებს, უნდა იჩივლოს. და ის, რომ ნამდვილად უნდა იჩივლოს, ამას ჭირდება ცნობიერების ამაღლება და ქალების გაძლიერება.

ზოგადად, დისკრიმინაციის მთავარი პრობლემა რა არის? ის ფარულია და რთულია მისი დამტკიცება. როგორ დავიწყოთ ბრძოლა მის წინააღმდეგ? მაგალითად შრომის კოდექსში წერია, რომ დამსაქმებელს აქვს უფლება, მოითხოვოს კანდიდატისგან მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მას აუცილებლად  ჭირდება სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მაგრამ მაინც გეკითხებიან, ხარ თუ არა მაგალითად, დაოჯახებული, გთხოვენ ფოტოს და ა,შ.. რაში უნდა აინტერესებდეს ჩემი ოჯახური მდგომარეობა, თუ ეს დისკრიმინაციის წინაპირობა არ არის. დისკრიმინაცია არ იქნება, თუ დამსაქმებელი არ გიჩენს ეჭვს უთანასწორობის შესახებ.

არც ერთი დამსაქმებელი არ ეტყვის ორსულ კანდიდატს,  იმიტომ არ აგიყვანე სამსახურში, რომ ორსულად ხარო, მაგრამ ბევრისთვის აქვს ამ ფაქტორს გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელობა. თუ მტკიცებულება არ გაქვს, მასთან უარის თქმის შემთხვევაში დავას ვერ აწარმოებ სასამართლოში.

შესაძლოა, შრომის ინპექციაც იყოს ბერკეტი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

- დასაქმებაზე საუბრისას თქვენ აღნიშნავთ, რომ დასაქმებული დაცული უნდა იყოს სამსახურში და დამსაქმებლის კრიზისის გამო არ უნდა დარჩეს შემოსავლის გარეშე. დღეს საკმაოდ ბევრი ქალი სამსახურებში ხდება გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი: იქნება ეს ის, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაგალითად  მისი არასასურველ კადრად მიჩნევა შვილების ან ორსულობის გამო თუ მაგალითად, სექსუალური შევიწროება, აუნაზღაურებელი დეკრეტული შვებულება და ა.შ.  როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემებთან ბრძოლა?

- როდესაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ვმუშაობდი, იქ  გვქონდა წესდებაში გაწერილი, რომ ვინც შეავიწროებდა კოლეგას, წავიდოდა სამსახურიდან. ასეთი მაგალითები ზრდის ცნობიერებას და აკეთებს პრევენციას. შიდა წესდებებმა შესაძლოა იმუშაოს პოზიტიურად, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სექსუალური ძალადობის მაგალითები უფრო ხშირად უხილავია და ეს ამძიმებს მასთან ბრძოლას.

მაგალითად, “კარდაკარის”  დროს ერთ-ერთმა მოქალაქემ მითხრა, რომ თავდაცვის სამინისტროში მას სთავაზობდნენ დაწინაურებას ფიზიკური კონტაქტის სანაცვლოდ. ბევრი არ არის, ვინც ღიად იტყვის ასეთი შემთხვევების შესახებ. სახალხო დამცველის უფლებამოსილებების ზრდა და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების სამაგალითოდ ქცევა შესაძლოა იყოს მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარი.

- დასაქმებას ასევე განიხილავთ შობადობის მაჩვენებლის გამაუმჯობესებელ გარემოებად და თვლით, რომ ამით დემოგრაფიული მდგომარეობა გაუმჯობესდება. დემოგრაფიაზე პოლიტიკოსების ყურადღება ახალი არ არის და ჩვენ ხშირად ვისმენთ სხვადასხვა ძალების მხრიდან საუბარს იმაზე, რომ საჭიროა მეტი შვილი და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ეს რიტორიკა ხომ არ აქცევს ქალს რეპროდუქციულ არსებად და ზღუდავს მის ფუნქციებს კონკრეტული, დედის ამპლუით. 

- არავითარ შემთხვევაში, ეს არ შემოზღუდავს ქალის როლს მხოლოდ დედის ამპლუით, უბრალოდ, დასაქმებულ ქალს ოჯახი და შვილი არ უნდა უშლიდეს ხელს რეალიზაციაში. ჯანმრთელი და დასაქმებული დედა ნიშნავს ჯანსაღ ახალ მომავალს. ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ როდესაც უკვე არსებობს დასაქმებული დედა შვილით, მას ჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა.

- თქვენს პროგრამაში გაწერილია შსს-ს რეფორმის დასრულების აუცილებლობა, თუ არ გვინდა უკანონოდ გვისმენდნენ და გვითვალთვალებდნენ, კრიმინალისგან დაცულად ვთვლიდეთ თავს და დამნაშავე დაუსჯელი არ რჩებოდეს. ეს ნაწილი განსაკუთრებით საგულისხმოა ფემინისტური ლინზით, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს, რომ ფარული თვალთვალის და პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების მსხვერპლები იყვნენ სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ქალი ან ჰომოსექსუალი კაცი. ამის პარალელურად, ათობით ძალადობის მსხვერპლი ქალის საქმეს პოლიციელები გულგრილად ეკიდებიან, რაც რიგ შემთხვევებში ფატალურად დასრულდა, დამნაშავის დასჯის კომპონენტში კი არათანაბარია სასჯელი ერთი და იგივე დანაშაულში დამნაშავე ქალებისა და კაცების მიმართ. თუ აღიარებთ ამ პრობლემებს და როგორ აპირებთ ამ დისკრიმინაციული გარემოს გაუმჯობესებას.  

- ყველა პრობლემას ვაღიარებ და ვთვლი, რომ ეს ყველაფერი იკვებება ჩვენში არსებული სტერეოტიპებით. თუ ამ სტერეოტიპებისგან გავთავისუფლდებით, პრობლემებიც შემცირდება. სტერეოტიპების ნგრევა უნდა დავიწყოთ დისკუსიებით და პირადი მაგალითებით.

ერთია, რას ამბობენ პოლიტიკოსები და მეორეა, რას აკეთებენ ისინი, რამდენად შეესაბამება მათი ქცევა მათ დეკლარირებულ ხედვას.  მაგალითად, პოლიტიკოსი ქალი, რომლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც ჩვენ სამწუხაროდ გვაჩვენეს, პარტიას ისევ ყავს პირველ ოცეულში, რაც კარგი მაგალითია იმისა, რომ ასეთი ცუდი მეთოდებით ქალების დისკრედიტაცია არ შეიძლება.

იგივე, ის, რომ ქალებს და კაცებს ერთი და იგივე დანაშაულისთვის სხვადასხვა ფასის გადახდა უწევთ, ქალის მიმართ დადგენილი მორალური ვალდებულებების დამსახურებაა. კაცზე, რომელმაც ქალი მოკლა, ამბობენ, რომ ნასვამი იყო, იეჭვიანა, გაბრაზდა, ქალზე ამბობენ, რომ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო, ოჯახს აყენებდა თავისი ცუდი ქცევით შეურაცხყოფას და ყველაფერს იმსახურებს. ამ ყველაფერს მხოლოდ გულწრფელ დისკუსიას თუ დავუპირისპირებთ.

- პროგრამაში ცალკე გაქვთ გამოტანილი ადამიანი და სახელმწიფოს ქვეთავი და საუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანაში დაცული უნდა  იყოს პიროვნების განვითარების და  გამოხატვის თავისუფლება და ამისთვის მოქალაქეებს თანასწორი პირობები უნდა შევუქმნათ. ჩვენ გვახსოვს მაგალითად 17 მაისი, 2013 წელს, როდესაც სრულიად დაირღვა გამოხატვის და შეკრების თავისუფლების უფლება, თქვენ პარლამენტში  იყავით. ვიცით ისიც, რომ ლგბტ თემის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად წლიდან წლამდე სახელმწიფო დიდს არაფერს აკეთებს, ასევე არათანაბარია განვითარების შესაძლებლობები სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. როგორ აპირებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანი არ იქნება სახელმწიფოსგან გაუცხოებული და დაცული იქნება ნებისმიერი ადამიანის თავისუფლება.

- ერთია ისეთი კანონების შექმნა, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებს დაიცავს და მეორე სივრცის შექმნა, სადაც ეს კანონები იმოქმედებს, სადაც ადამიანებს შეეძლებათ თავისუფლად ცხოვრება და თანასწორობის განცდა ექნებათ. ასევე, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ჯგუფების დაცვისათვის სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერება.

- თქვენს პროგრამაში ქალთა, უმცირესობების და სხვა ჩვენთვის საინტერესო საკითხები გაწერილია, რაც კარგია, თუმცა კონკრეტულად ერთ თავში. უნდა იყოს თუ არა ეს საკითხები სხვადასხვა სფეროში ინტეგრირებული, მაგალითად ჯანდაცვაში, ეკონომიკაში, სოფლის მეურნეობაში და ა.შ.

ჩვენს პროგრამაში ახლა ამგვარად გაწერილი არ არის, თუმცა ვიფიქრებთ იმაზე, საჭიროა თუ არა სხვადასხვა ადგილას ამაზე აქცენტის გაკეთება.

 

 

 

 

Related Content

  • რესპუბლიკური პარტია - პროგრამის ანალიზი

    ქალთა უფლებების თვალსაზრისით, რესპუბლიკურ პარტიას ყველაზე ფემინისტური პროგრამა აქვს, რომელშიც გაანალიზებულია ქალთა საკითხები. პარტია ქალებს, ხანდაზმულებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ლგბტ პირებთან ერთად მოწყვლად სოციალურ ჯგუფად აღიარებს. 

    ავტორი ანა ილურიძე/იკითხე პოლიტიკა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება