ქუჩების სახელდების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა (2014-2017)

Teaser Image Caption
HBs team

(დასრულებული პროექტი) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე შემუშავდა პოლიტიკა, რომელიც საჯარო სივრცეში ქალთა შესახებ მეხსიერების გაცოცხლებას ემსახურებოდა. ამ პოლიტიკის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ქუჩების სახელდების დროს პრიორიტეტს ანიჭებდა იმ ქალების სიას, რომლებმაც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს, თუმცა ფაქტიურად დავიწყებულები არიან. 

2014 წლის დეკემბერში მემორანდუმის ხელმოწერიდან 2017 წლამდე, 25 ქუჩას ეწოდა ქალთა სახელები ბიოლის ფონდის მიერ შემუშავებული სიიდან - „50 ქალი საქართველოდან“

გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის შემუშავების მიზანი გენდერული თანასწორობის პრინციპების საჯარო პოლიტიკაში გატარება და ურბანული დაგეგმარების გამჭვირვალობის ხელშეწყობა არის. სწორედ გამჭვირვალობის პრინციპის განსახორციელებლად, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა ინიციატივის პირველ ეტაპზე სახელდებულ ქუჩებზე მემორიალური აბრები განათავსა. ამ მიდგომით, სახელდების გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის დანერგვამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებისთვის ქალთა გამქრალი ისტორიების თავიდან გაცნობას და საჯარო მეხსიერებაში მათი სახელის დამკვიდრებას.

ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან სახელდებული ქუჩების სია (ბოლო მონაცემები მიღებულია 2017 წელს)

1. ანასტასია თუმანიშვილი-წერეთელი [ჩუღურეთის რაიონი, მახათას აღმართის მიმდებარე ტერიტორიასთან მდებარე უსახელო ქუჩა და მასთან არსებული სამი ჩიხი];
2. დესპინე გელოვანი - ბანოვანი [ისნის რაიონი, დოლაბაურის III ქუჩა];
3. ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილი [ისნის რაიონი, დოლაბაურის II ქუჩა და მასთან არსებული შესახვევი];
4. ელეონორა (ლოლა) ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე [გლდანის რაიონი, რამაზ გოგიაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა];
5. ელისაბედ (ლიზიკო) ქავთარაძე [ვაკის რაიონი, რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა];
6. მინადორა ორჯონიკიძე (ტოროშელიძე) [ჩუღურეთის რაიონი, ზაქარია ჯორჯაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა, მასთან არსებული ორი შესახვევი და ცხრა ჩიხი];
7. ანნა (ოლა) სოლოღაშვილი [საბურთალოს რაიონი, პიმენ ყურაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა, მასთან არსებული ორი შესახვევი და ჩიხი]; 
8. განდეგილი (დომინიკა ერისთავი) [ისნის რაიონი, მამკოდის ქუჩა და სომხეთის ქუჩის II გასასვლელი];
9. ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე [საბურთალოს რაიონი, ე.წ. დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში უსახელო ქუჩა];
10. ნინო ტყეშელაშვილი [ჩუღურეთის რაიონი, ტყეკულტურის ქუჩა და მასთან არსებული გასასვლელი];
11. ნადეჟდა ხარაძე [სამგორის რაიონი, ლილოს დასახლება, ჭირნახულის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა];
12. ნუცა (ნინო) ღოღობერიძე [ვაკის რაიონი, ნინო ჟვანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა, მასთან არსებული ჩიხი და ორი გასასვლელი];
13. ტატა (ტატიანა) თვალჭრელიძე [ვაკის რაიონი, ფერმწერთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა]; 
14. ემა ლალაევა-ედიბერიძე [სამგორის რაიონი, ჯამბულ წურწუმიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა];
15. ირინა შტენბერგი [სამგორის რაიონი, ჯამბულ წურწუმიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა]; 
16. კლარა კვეესი [გლდანის რაიონი, ომარ ხიზანიშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა];
17. მედეა (მზია) ჯუღელი [მთაწმინდის რაიონი, მერაბ კოსტავას ქუჩის I გასასვლელი];
18. ნინო აბაშიძე-ორბელიანი [საბურთალოს რაიონი, სოფელ დიღომში უსენის ქუჩა];
19. ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი [სამგორის რაიონი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა];
20. ბარბარე ერისთავი-ჯორჯაძე [გლდანის რაიონი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის შესახვევი და მასთან არსებული ოთხი შესახვევი];
21. საფო გიგინეიშვილი-მგელაძე [ნაძალადევის რაიონი, ექიმების ქუჩა და მასთან არსებული უსახელო ჩიხი];
22. ლიზა (ელისაბედ) ნაკაშიძე-ბოლქვაძე [სამგორის რაიონი, აეროდრომის დასახლების III ქუჩა და მასთან არსებული ჩიხი];
23. მარიამ ივანიშვილი-დემურია [ნაძალადევის რაიონი, გარეჯის I შესახვევი];
24. მარიამ დადიანი-ანჩაბაძე [ნაძალადევის რაიონი, ახალმოწამეთა ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩა];
25. ნატო გაბუნია [ნაძალადევის რაიონი, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის დასახლებაში უსახელო ქუჩა].