ჩემი წილი ბრაზი ფემინისტობამდე

ფემინისტებს ხშირად გვამუნათებენ, რომ ვართ „გაბრაზებული ქალების ერთობა“და ამით ცდილობენ ჩვენი ბრაზის დემონიზებას, როგორც ისტერიულის და ირაციონალურის. სინამდვილეში კი ყველაზე ლეგიტიმური, ალბათ, ფემინისტური ბრაზია, რადგან  უკლებლივ ყველა ქალს გვაქვს ჩაგვრის პირადი გამოცდილებები პატრიარქალურ კულტურაში. ამ ქალებიდან ზოგიერთს კი  ჩვენი გზა, თუ ჩვენი წილი ბრაზი ფემინისტობამდე.

ქალებისთვის ჩაგვრა და ძალადობა, უმეტესად,  საკუთარ ოჯახებში, ღრმა ბავშვობიდან იწყება. მათ შორის ისეთი ქალებისთვისაც, როგორიც მე ვარ. თავის დროზე ჩემთვისაც მტკივნული იყო იმის გააზრება, რომ ისეთ ოჯახშიც კი, სადაც მშობლებისთვის, თითქოს, ერთნაირად პრიორიტეტული იყო სამივე შვილის სურვილების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა, არასდორს ყვებოდნენ ჩემი და ჩემი დის დაბადების ისტორიას. აი ასე, არაფერი გვსმენია  რა ხდებოდა სამშობიაროში, როგორ მიგვიყვანეს სახლში, გაიშალა თუ არა საზეიმო სუფრა  და  საერთოდ, რა ემოციები იყო ოჯახში. სამაგიეროდ, გამუდმებით ყვებოდნენ მესამე შვილის, ანუ ჩემი ძმის დაბადების ისტორიას.  ეს იყო გრძელი ამბავი  ოჯახის  ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს და ბედნიერ  მოვლენაზე, თავისი იუმორისტული ჩანართებით. მაგალითად, როგორ დაუდო სპეციალურად ფეხი და ააყირავა ერთ-ერთმა მეგობარმა მეორე, რათა მამაჩემისთვის პირველს ეხარებინა  „მემკვიდრის“ დაბადება.  რაღა თქმა უნდა, ერთკვირიანი სუფრაც ახლდა ამ ყველაფერს, სადაც ბავშვს იმ სახელით ადღეგრძელებდნენ, რაც მამამ და მისმა ძმაკაცებმა დაარქვეს. ჯერ არ იცოდნენ, რომ  პაპამ იმ ღამეს სიზმარში საკუთარი დიდი პაპა ნახა და ისე გადაწყდა სახელის დარქმევა, რომ არც დედამ იცოდა სამშობიაროში და არც მოზეიმე მამამ სუფრაზე. რაც მთავარია, მთელს ამ ისტორიაში მთავარი  გმირები კაცები არიან - ახალშობილით დაწყებული და ხანში შესულით დამთავრებული, თუ პირიქით.  ხოლო, დედა, დები  და სხვა ქალები  აქაც ან საერთოდ არ ვფიგურირებთ, ან/და მეორეხარისხოვან როლში ვართ.

ეს ამბები ცოტა გვიან გავიაზრე, მაგრამ, მანამდე იყო რამდენიმე ფაქტი ღრმა ბავშვობიდან, რომელიც   მძაფრად მახსოვს და რომელიც ფემინისტურ ბრაზს უკავშირდება. ვერაფრით  ვხსნიდი, მაგალითად, რატომ უნდა მხსომებოდა 6 წლის ასაკში მოსმენილი ერთი ფრაზა, თან ისე, რომ დეტალების გახსენებაც  შემძლებოდა: ჩემს უმცროს  დასთან ერთად ეზოში ვთამაშობდი.  მამა აივნის კიდესთან  ორივე მუხლზე იყო ჩაცუცქული,  დედაც იქვე, მის გვერდით იდგა... დაძაბულები რაღაცაზე  ჩურჩულებდნენ, მაგრამ ავიწყდებოდათ და ზოგჯერ ხმასაც უწევდნენ. მე უკვე აღარ ვთამაშობდი. მათ ვუსმენდი და გავიგონე  დედამ როგორ თქვა - „ისევ გოგო რომ იყოს?!..“ მაშინ შეიძლება ბევრს ვერაფერს მივხვდი, მაგრამ, ნამდვილად,  პირველად  დავფიქრდი  სიღრმისეულად სქესებს შორის განსხვავებაზე და  გამიჩნდა კითხვა  „რატომ?“

იმ ამბიდან რამდენიმე თვეში ჩემი ახალდაბადებული ძმა სახლში მოიყვანეს. უკვე ვიცოდი და ველოდი, რომ  ის ჩემგან და ჩემი დისგან „განსხვავებული“ უნდა ყოფილიყო. თუმცა, მას მერე, რაც სანათესაოს წინაშე  ჩვრებში გახვეული ბავშვი უზარმაზარ სასადილო მაგიდაზე გახსნეს, მივხვდი, რომ ის მარტო განსხვავებული კი არა, ჩვენზე  „უკეთესი“(!) იყო.  იმ „რატომ“-ზეც მაშინ მივიღე  პასუხი, როცა გაშიშვლებულ ჩვილს უფროსებმა დიდი ოვაციები და სხვადასხვა შეფასება-ხუმრობები შეაგებეს. ასე აღმოვაჩინე 7 წლის ასაკში, რომ ჩემი და ჩემი დის  მთავარი „ნაკლი“ ჩვენი გოგოობა იყო. ასე გაჩნდა  ჩემში პირველი ფემინისტური ბრაზი.

მას შემდეგ კიდევ ბევრჯერ გამაბრაზეს, როგორც ქალი. მაგრამ, 7 წლის შეურაცხყოფილი გოგოსგან განსხვავებით, რომელმაც ვერც იმ მაგიდასთან მაშინ და ვერც შემდგომი ბევრი წელი ვერაფერი თქვა, ახლა ხმამაღლა შემიძლია ამაზე საუბარი. ჩემს პირად ისტორიას კი საჯაროდ იმიტომ ვყვები, რომ სხვა მშობლებმა და ნათესავებმა იფიქრონ. იქნებ მათ მაინც გაიაზრონ და საყვარელი ძმების დაბადება/არსებობა, ნებსით თუ უნებლიედ, გოგონებისთვის ტრავმულ გამოცდილებად არ აქციონ.

ყველა დიდი გარდატეხა ქალთა მოძრაობის ისტორიაში მოხდა მაშინ, როცა ქალები გაბრაზდნენ და გაერთინება მოახერხეს. გაბრაზებული ფემინისტების მოპოვებულია ქალებისთვის საარჩევნო, განათლების თუ სხვა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები. ფემინისტური ბრაზი არის ქალების ძალა, რომელსაც შეუძლია შეცვალოს არსებული რეალობა უკეთესებისაკენ.  პატრიარქალურ კულტურასაც ამიტომ ეშინია ასე ძალიან  ჩვენი ბრაზის და ამიტომაც ცდილობს მუდმივად შეგვარცხვინოს, როდესაც ჩვენი დამცირების, გაჩუმების, მკვლელობის და ძალადობის მცდელობის გამო ვბრაზდებით და მით უფრო, თუ ამას გამოვხატავთ.