მასკულინობების შეჯიბრი ქართულ პოლიტიკაში: წინასაარჩევნო კამპანიების გენდერირებული დღის წესრიგი

ოჯახი პატარა სახელმწიფოა, თუ ოჯახებში მშვიდობაა, ქვეყანაც მშვიდად ცხოვრობს… თუ კაცი კარგი ოჯახის თავია, შეიძლება ქალაქის თავობაც შეძლოს... ეს გოგო ჭკვიანი ქართველი ქალბატონია უდაოდ. გაწონასწორებული, ყოველგვარი ზედმეტი მოძრაობებისა და პიარების გარეშე, ტკბილი ქართული ოჯახის დედაბოძია[1],” - ამომრჩევლის კომენტარი კახა კალაძის ფეისბუკ გვერდზე.

გენდერი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს იმას თუ ვის შეუძლია ეპყროს ხელთ ძალაუფლება და, პირიქით, ვის არ მიუწვდება ხელი მასზე. ეს ვრცელდება არა მხოლოდ ინდივიდუალურ და პერსონალურ ურთიერთობებზე, არამედ აისახება მმართველობის სტრუქტურასა და ფორმებზე.[2] იმის გაცნობიერება, რომ  პოლიტიკური კამპანიები არ არის გენდერისგან დაცლილი, მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ვაკვირდებით იმ ძალაუფლებრივ სტრუქტურებს, რაც საზოგადოების ერთი ჯგუფის დომინაციას ნორმად აქცევს.

მაგალითად, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების მსვლელობისას “იკითხე პოლიტიკა” სწავლობდა პოლიტიკოსების კამპანიების ფორმებსა და ენას, რომლითაც ისინი ამომრჩეველთან ხმის მიწვდენას ცდილობდნენ.  გარდა იმისა, რომ ვაანალიზებდით არჩევნების მსვლელობისას წამოჭრილ საკითხებს, რომელიც გენდერსა და ქალთა საკითხს მიემართებოდა,[3] ანალიზისთვის მნიშვნელოვანი გახდა იმის გამოკვეთა, თუ როგორ იყო პოლიტიკური კამპანიები და სუბიექტები გენდერირებული. “გენდერირებულში” ვგულისხმობთ იმ გამოცდილებებსა და განწყობებს, რომლებიც გენდერულადაა განსაზღვრული და რომლებსაც ადამიანები მიმართავენ თავიანთი პოზიციების ვალიდაციისთვის. უფრო ზუსტად კი, “გენდერირებული” ასახავს უკვე მყარად ფესვგადგმულ და დამკვიდრებულ წარმოდგენებს გენდერული განსხვავებებისა და როლების შესახებ.

ის, რომ პოლიტიკოსები საზოგადოების მხრიდან აღიქმებიან მათი გენდერის გათვალისწინებით, ამ ცოდნას ფლობენ კანდიდატებიც - მათთვის ერთგვარი წინასწარი დაშვებაა, რომ პოლიტიკოსები მუდმივად უნდა ადასტურებდნენ გენდერულ მოლოდინებს. თავის მხრივ, პოლიტიკოსები პოლიტიკის კეთების ტრადიციული და უკვე ბევრჯერ გამართლებული ალღოთი ამოიცნობენ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათ კამპანიებს ამომრჩევლის აღქმებზე. სწორედ ამიტომ, კანდიდატების მესიჯები, მათ მიერ მოწოდებული ხატები თუ ურთიერთობის ფორმები ხშირად არის გენდერული სტერეოტიპების გამამყარებელი. ანალიზისთვის მნიშვნელოვანი კითხვებია:

  • პოლიტიკოსის როგორი პორტრეტი იქმნება კაცი თუ ქალი პოლიტიკოსის მხრიდან?
  • რა გენდერულ წინასწარგანწყობებს ეყრდნობიან და რა ძალაუფლების მექანიზმებს გვთავაზობენ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან პოლიტიკურ დღის წესრიგს?

ვაკვირდებოდით რა თბილისის მერობის კანდიტატების პოლიტიკურ კამპანიებს, გამოიკვეთა, რომ გენდერირებული სტრატეგიები განსაკუთრებულად იკვეთება კაცი პოლიტიკოსის იმიჯის შექმნის პროცესში. კაცი კანდიდატების კამპანია მათივე “კაცობის” აგებიდან და აღქმიდან ამოდის, რაც თავის მხრივ საზოგადოებასაც უბიძგებს ისაუბრობს პოლიტიკოსის კაცურ ღირსებებზე ხაზგასმით. კაცი პოლიტიკოსები თავიანთი, როგორც პოლიტიკოსის როლის წარმოჩენას “კაცობის” დადასტურებით ახერხებენ. კაცად ყოფნის მახასიათებლები მუდმივად იცვლება, თუმცა ყოველთვის ემთხვევა მასკულინობის იმ ფორმებს, რომელიც კულტურულად თუ არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მისაღებია (სპორტსმენი, ოჯახის უფროსი, პროგრესული კაცი, სამი შვილის მამა). თუ ქალი პოლიტიკოსის შემთხვევაში არსებული გენდერული მოლოდინები მის ექსკლუზიას უწყობდა ხელს პოლიტიკური სივრციდან, კაცი პოლიტიკოსის შემთხვევაში საპირისპირო ხდება. კაცის მხრიდან ძალაუფლებისადმი სწრაფვის სურვილი ბუნებრივად აღიქმება, რადგან მას სწორედ საჯარო სივრცეში მოეთხოვება თავის დამკვიდრება და პოზიციების გამყარება.  თუ კერძო სფერო ფემინიზირებულია, საჯარო სივრცე მასკულინიზებულია.

აუცილებელია ხაზი გავუსვათ იმას, რომ წარმატებული ოჯახის ჰეტერონორმატიული მოდელი, კაცი პოლიტიკოსის შემთხვევაში აღიქმება, როგორც წარმატებული პოლიტიკის კეთების წინაპირობა. ოჯახი, ისევე როგორც ქორწინების სტატუსი, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა. განსხვავებით ქალი პოლიტიკოსისგან, რომელსაც მუდმივად მიანიშნებენ, რომ მისი ადგილი ოჯახშია და უმჯობესია იქ დაალაგოს სიტუაცია - გაზარდოს შვილები, მოუაროს ქმარს - იყოს ზრუნვის გამცემი,  კაც პოლიტიკოსს მაშინვე დამატებითი ქულები ეწერება იმისთვის, რომ, უბრალოდ, ოჯახი ჰყავს - ოჯახი აქ მხარდამჭერი და ზურგის გამმაგრებელია, მის საჯარო ცხოვრებაში ჩართვის უფრო მეტი გამართლებაა და აძლიერებს მას:

სამაგალითო ოჯახიმინდა, რომ ასეთმა ოჯახებმა იმრავლოს საქართველოში...მართალი კაცური კაცია კახი.“[4]

 „საერთოდ თუ წავედი არჩევნებზე, ამ ლამაზი ოჯახის გამო მოგცემ ხმას, ძალიან მიყვარს ანუკი”[5]

მართლაც ულამაზესი ოჯახი, ანუკი ხომ დახვეწილი გემოვნების სტილის განსახიერებაა. გაიხარეთ!“[6]

ოჯახით დაინტერესებას თავისი საფუძველი აქვს. იგი კულტურულად განისაზღვრება, როგორც ადგილი, სადაც სიმშვიდე და კეთილდღეობა უნდა სუფევდეს. დამკვიდრებული წარმოდგენით, იდეალური ოჯახი შედგება ჰეტეროსექსუალი წყვილისგან, რომელთაც, იგულისხმება, რომ უნდა ჰყავდეთ საკუთარი ბიოლოგიური შვილი/შვილები. პოლიტიკური კამპანიებიც ითვალისწინებენ ამას და ხშირად წარმატებითაც ამოიცნობენ იმ დაკვეთას, რომელიც არსებობს საზოგადოების მხრიდან. ოჯახის ხატი განსაკუთრებულ როლს თამაშობდა კახა კალაძის საარჩევნო კამპანიაში. კამპანია გვთავაზობდა წარმატებული, ბედნიერი, “დალაგებული” და ევროპული ოჯახის ხატს, რომელიც ერთდროულად ტრადიციულიცაა და პროგრესულიც. ამომრჩევლების მხრიდან, კანდიდატის ოჯახი აღიქმება ოჯახად, რომელიც ფეხს უწყობს თანამედროვეობას და ინარჩუნებს ღირსეული, ქართული ოჯახის ხატს. ასეთ ოჯახზე აქცენტის დასმა კი არის ის არგუმენტი, რომელიც მუდმივად დაამოწმებს და ლეგიტიმურად აქცევს პოლიტიკოსი კაცის ყოფნას პოლიტიკაში. ამომრჩევლებისთვის ოჯახის “დალაგება” გულისხმობს ქალაქის წინ წაძღოლის უტყუარ შესაძლებლობასაც. ოჯახისა და ერის ერთმანეთთან დაკავშირება წარმოდგენილია, როგორც რაციონალური, გონივრული და ეჭვგარეშე არგუმენტი პოლიტიკური ფიგურის მხარდასაჭერად, რომელიც გარკვეულ სენტიმენტებს წარმოქმნის, რომლებიც ქვეყნის, ამ შემთხვევაში კი ქალაქის კეთილდღეობას უკავშირდება:

კაცი, რომელსაც ოჯახი მოწსრიგებული აქვს, ის თბილისსაც მიხედავს. ზოგიერთებისგან განსხვავებით.“[7]

თუ პოლიტიკოსი კაცის მიმართ არსებულ მოთხოვნებს დავაკვირდებით, იკვეთება, რომ აქ არაკვალიფიციურობისა და პოლიტიკაში ყოფნის სათუობის საკითხი ნაკლებად დგება. კაცის ყოფნა პოლიტიკაში იმდენად ბუნებრივი მოვლენაა, რომ მის მიმართ არ არსებობს განსაკუთრებული  მოთხოვნები, რაც მის მიღება/დისკრედიტაციას განაპირობებდა. თუ ქალი პოლიტიკოსის შემთხვევაში მის მიერ ნათქვამ თითოეულ სიტყვას გამადიდებელი შუშით დააკვირდებიან, კაცი პოლიტიკოსებთან საპირისპიროს ვაწყდებით - კაცს არ მოეთხოვება იყოს “სრულყოფილი”; მის კვალიფიკაციაზე  საუბარი არ იწყება, რადგან მისი სხვა, მასკულინურად განსაზღვრული ღირსებები,   ფაქტიურად, კვალიფიკაციის დასტურადაც კი მოიაზრება:

იცით რატომ მომწონს კახი? კარგ ადამიანობასთან, კარგ სპორტსმენობასთან, კარგ მეუღლეობასთამ და კარგ მამობასთან ერთად მან შეძლო დაეხვეწა მისი საუბარი, მყარად დამდგარიყო პოლიტიკურ ტრიბუნასთან[8]

კამპანიების ანალიზისას გამოიკვეთა, რომ პოლიტიკურმა ოპონირებამ მიიღო ისეთი ელფერი, თითქოს მასკულინობების შეჯიბრი იმართებოდა და ამ მასკულინობებს შორის იერარქიულად უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული. ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც სწორედ ამ შეჯიბრის ხასიათი იკვეთება, ალექსანდრე ელისაშვილის მიერ კახა კალაძის გამოწვევაა დებატებში.[9] მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ მასთან დებატებზე უარი თქვა, ელისაშვილმა გაავრცელა ვიდეო მიმართვა შემდეგი შინაარსით:თუ ოპონენტი (კახა კალაძე) დათანხმდებოდა და ერთად დასხდებოდნენ დებატებში, შემდეგ შეეძლოთ ერთმანეთს ფეხბურთშიც გაჯიბრებოდნენ. ამ ვიდეოში გაჟღერებული მოწოდება, რომელშიც მნიშვნელობა არამხოლოდ სიტყვებს, არამედ ვიზუალურ შინაარსსაც (სხეულის ენა: ჯესტები, მიმიკა, მოქმედება) ენიჭება, ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიტიკა კაცთა სფეროა, სადაც კაცური წესებით ხდება პრობლემების გადაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო, ერთი შეხედვით, ოპონირების უწყინარი სტრატეგიაა, იგი იმპლიციტურად მოიაზრებს პოლიტიკას, როგორც ბუნებრივად მასკულინურ სფეროს, სადაც ამგვარი “კაცური” დიალოგი ამომრჩევლისთვის არათუ უხერხული სანახაობაა, არამედ პირიქით, მოიმხრობს კიდეც მათ.

ჩვენ მიერ გაანალიზებული კამპანიების მაგალითზე  შეიძლება ითქვას, რომ 2017 თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას პოლიტიკური სუბიექტები  მოქმედებენ იმ ცოდნებით, რომელიც ტრადიციულ გენდერულ ურთიერთობებს ეყრდნობა. ისინი კითხვის ქვეშ არ სვამდნენ კაც პოლიტიკოსად ყოფნის (და არამხოლოდ) პრივილეგიებსა და  პატრიარქალურ წესრიგს - უფრო კონკრეტულად კი, კაცთა დომინაციას პოლიტიკასა და გადაწყვეტილების მიმღებ დონეებზე.  არც მამაკაცების მიერ პოლიტიკის კეთების მასკულინური ნორმების გადახედვა მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრესულობის ნარატივი სხვადასხვა ფორმებით ვლინდებოდა წინასაარჩევნო კამპანიებში. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ პოლიტიკური ფიგურები მოქმედებენ გენდერირებული დღის წესრიგით  მაშინაც კი, როდესაც ყველაზე ცოტას საუბრობენ გენდერზე და არ განიხილავენ გენდერულ საკითხებს.  უფრო მეტიც, პოლიტიკის კეთების ტრადიციული გზებით ისინი უფრო მეტად ანოყიერებენ იმ პატრიარქალურ და გენდერული სტერეოტიპებით გაჯერებულ ნიადაგს, რომელზედაც დღეს ქართული პოლიტიკური კულტურა დგას.

 

შენიშვნები:


[1] კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2huZD3a

[2] Karen Celis, Johanna Kantola, et al “Gender and Politics: A Gendered World, a Gendered Discipline“, 2013

[3] „თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები”, იკითხე პოლიტიკა, 2017 http://bit.ly/2nwt2wp  

[4] კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2huZD3a

[5] Ibid

[6] Ibid

[7] კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2D99GAw

[8] კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2gvbAlh

[9] „ელისაშვილი კალაძეს დებატებსა და ფეხბურთში იწვევს“, ლიბერალი, http://bit.ly/2yJDCE1

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. „თვითმმართველობის არჩევნები: გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები“, იკითხე პოლიტიკა, 2017 http://bit.ly/2nwt2wp    
  2. Celis, Karen, Kantola, Johanna  et al “Gender and Politics: A Gendered World, a Gendered Discipline“, 2013 http://bit.ly/2BivdWF
  3. „ელისაშვილი კალაძეს დებატებსა და ფეხბურთში იწვევს“, ლიბერალი, 2017, http://bit.ly/2yJDCE1
  4. [Tamuna Askurava], 07.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2huZD3a
  5. [Nunu Gedenidze], 17.06.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2D99GAw
  6. [წიგნები],07.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2huZD3a
  7. [Gvantsa Sulaberidze], 07.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2huZD3a
  8. [Lali Chubinidze] 20.09.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2gvbAlh
  9. [Rita Qasrashvili], 08.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე http://bit.ly/2huZD3a