ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში? ქალთა პოლიტიკური ბრძოლის ველი - რეცენზია

Teaser Image Caption
Cover design: Teona Chanishvili

სერიის „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ მეორე კრებული თემატურად მდიდარია და საქართველოს ფემინისტურ მოცემულობას მრავალი განსხვავებული წახნაგით გვიჩვენებს. ერთ-ერთი გამოკვეთილი კუთხე – ლოგიკურად გაუმართავი პატრიარქული ეთიკა და ეთიკური იმპერატივების უნივერსალობაზე დაშენებული ნორმატიულ-შეფასებითი სისტემაა. ამ ცნებითი კატეგორიების პრაქტიკაში გამოყენების გზით, პატრიარქია ყოველთვის მართალია, მასთან კამათის ფორმატში ბრძოლა კი – წინასწარ წაგებული.

თამთა თათარაშვილის ტექსტი ყურადღებას საქართველოში დედობის ინსტიტუტის მითოლოგიურ ხასიათზე ამახვილებს. ქართველი დედის თიხასავით წელვადი კულტურული ხატი დედობის რეალურ გამოცდილებასთან სრულად ასიმეტრიულია. ყველაზე გავრცელებული კულტურული ინსტიტუტის – დედობის – თაობაზე  ცოდნის არქონა კი – ინსტრუმენტული და ქალზე დომინაციის ხელშემწყობი. მოდით, შევხედოთ მექანიზმს, რომლის მიხედვითაც ცნობადი კატეგორიების – ტექსტში ასეთი დედობაა – ეთიკური ფლუიდურობა ქალს მუდმივი თვითდადანაშაულებისა და თვითრწმენის რყევის პროცესში ამყოფებს. „კარგსა“ და „ცუდს“ შორის ნათლად გამოკვეთილი საზღვარი სუბიექტს, დედას, ნორმატიული ორიენტირის გამოკვეთისა და პრაქტიკის შედეგად მასთან მიახლოების საშუალებას მისცემდა. შემფასებლისგან დამოუკიდებელი დედობის ნორმატიული საზღვრები მას მისცემდა შესაძლებლობას, არა მხოლოდ რეალური ცოდნა შეეძინა სამყაროს, ოჯახისა და საზოგადოების მიმართებების შესახებ, არამედ ეთიკური ნორმის წარმოებაში გამოცდილებაზე დაფუძნებული მონაწილეობა მიეღო. დედობის ეთიკური განზომილების ჩამოყალიბებაში ქალის აქტიური მონაწილეობა პატრიარქიისთვის[1] მიუღებელი ფუფუნებაა. რადგან შვილის ყოლა ქალის ფიზიოლოგიური პრივილეგიაა, შვილთან ემოციური ინტიმურობა კი მისი ფსიქოლოგიური უპირატესობა, პატრიარქიისთვის დედობის ინსტიტუტის ეთიკური საზღვრების კონტროლი ქალის გაძლიერების აღსაკვეთად ეფექტურ გზას წარმოადგენს. ეთიკური სისტემის კონტროლის ყველაზე უმტკივნეულო საშუალება კი ეთიკური კატეგორიების აბსტრაქტულობა და წელვადობაა.

გიორგი ურჩუხიშვილის მიერ აღწერილი ფემიციდის წამახალისებელი პარადოქსიც მსგავს აბსურდულ ეთიკას ემყარება: კაცს ხელმისაწვდომი სექსისთვის თავისუფალი ქართველი ქალის არსებობა სწყურია, მაგრამ მის მასკულინობას იგივე ეთიკა ასაზრდოებს, რომელიც წმინდა, ასექსუალ ქალწულს ქალობის ერთადერთ მისაღებ კატეგორიად სახავს.

პატრიარქიის ფლუიდური ეთიკური დისკურსი არა მხოლოდ ლოგიკურად გაუმართავია, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ძალდატანებით უნივერსალურიც. პატრიარქული ნორმატიულობის აბსურდულობამ სულ ცოტა ხნის წინ ქართველი უფლებადამცველები ორ ნაწილად გაყო: ერთი პარლამენტში გენდერული კვოტების შემოღებას უჭერდა მხარს, მეორე კი ამ იდეას ქალის გენიტალიამდე დაყვანად აღიქვამდა. ფემინისტური და ქვიარ მოძრაობის ქართულ ისტორიაში არ მახსოვს მოვლენა, უფლებადამცველთა თემში ასეთი შეხლა-შემოხლა რომ გამოეწვია. „გენიტალური კვოტის“ მოწინააღმდეგეებს ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად უნივერსალური ეთიკური პრინციპისა და დემოკრატიის ქვაკუთხედის – თანასწორობის – შესაძლო ღალატი მოჰყავდათ. მათი აზრით, ქალობის გამო პარლამენტის კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება, ერთი მხრივ, პატრიარქიისთვის ვალად დაბრუნებული სექსიზმი იყო, მეორე მხრივ კი – ქალის თვითდამცირება. კრებულში ორი ავტორი, ნაზიბროლა ბერიძე გაბაიძე და დაკო ბახტურიძე, გენდერული კვოტის მოწინააღმდეგეებს სხვადასხვა სამეცნიერო პლატფორმიდან სცემს პასუხს. ნაზიბროლა ბერიძე გაბაიძე განსხვავებისა და სამართლიანობის არგუმენტების ურთიერთშევსებით ასკვნის, რომ გენდერული კვოტირება, როგორც დროებითი გამათანაბრებელი ზომა, არა მხოლოდ გამოცდილი ხერხი, არამედ  დემოკრატიული ღირებულებების დამაჯერებელი გამოხატულებაცაა. დაკო ბახტურიძე კვოტირების მნიშვნელობას, ერთი მხრივ, გამოცდილების მიერ ჩამოყალიბებული გენდერის არსებობით და, მეორე მხრივ, ძირითადი სააზროვნო კატეგორიების გენდერზე დაფუძნებული ბინარულობით ამტკიცებს. სტატიაში „ქალი, ქალები, ფემინიზმი“ „კაცსა“ და „ქალს“ შორის ცხოვრებისეული გამოცდილებების პოლარიზებული განსხვავებულობა და სააზროვნო სივრცის ნორმატიული დანაწილება „ქალურად“ ე.ი. საძრახისად და „კაცურად“ ე.ი. მოსაწონად და სასურველად, ქალს, როგორც კულტურულ მოცემულობას, უარყოფითი ნიშნებით გამოარჩევს. ამ ფენომენის კორექტირება კი სააზროვნო პატერნებისა და გაზიარებული ღირებულებების ფართომასშტაბიანი ცვლილებების შედეგად თუ მიიღწევა, რაც ათწლეულების საქმეა. ასეთ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, გენდერული კვოტირება თანასწორობისა და პოლიტიკური წარმომადგენლობის მისაღწევად სწორედაც რომ ერთადერთი სამართლიანი მიდგომაა.

ცრუ ეთიკური უნივერსალიზმი პატრიარქიის ფემინიზმთან ბრძოლაში ერთადერთი იარაღი არაა. ეკა იმერლიშვილი ფემინიზმის ისტორიას მიმართავს და ასკვნის, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წინააღმდეგ მიმართულ დისკურსში პატრიარქიამ პოლიტიკუ მონაწილეობასთან დაკავშირებული კონტრარგუმენტების მოყვანით თავი კი არ შეიწუხა, არამედ ქალზე ქილიკის ახალი, ძლიერი ტალღის წამოწყებით დასავლელ ფემინისტებს დისკურსული საბოტაჟი მოუწყო. ამით მან ქალებს აჩვენა, რომ ბრძოლაში დაპირისპირების, არგუმენტირებული კამათის ღირსად, შესაბამისად – სრულყოფილ ადამიანებად არ მოიაზრებოდნენ. იმერლიშვილი ფემინიზმის კონტრნარატივად აღმოცენებულ სილამაზის მიუწვდომელ ცნებას ფანტომს უწოდებს და კვლავ გვახსენებს პატრიარქული ეთიკის ფლუიდურ-მითოსურ ბუნებას. მის მიერ დასახული გამოსავალი – „ყველა ქალმა ერთად უნდა ვთქვათ, რომ ფანტომი მოკვდა და აღარ არსებობს“, ერთი შეხედვით, შეიძლება გულუბრყვილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ დასკვნა, „სიმარტივის“ გარდა, ერთმნიშვნელოვნად ლოგიკურია. თუკი კონტექსტში მოკამათეების მიერ გაზიარებული ცნებითი კატეგორიებით კამათი შეუძლებელია მათი არაკონკრეტულობისა და წელვადობის გამო, თავსმოხვეული ცნების სიკვდილმა შეიძლება არა მხოლოდ მისი ტირანიისგან, არამედ თვითონ კონტექსტის აბსურდულობისგანაც კი გვიხსნას.

პატრიარქალურ დისკურსულ სივრცეს განრიდება ნახევარი საქმეა, მეორე ნახევარი – ახალი ფიზიკური და სააზროვნო სივრცის შექმნა და მისი დისკურსული გაძლიერებაა. შოთა ხინჩა ქართული კლანური სტრუქტურის კლანჭებში მოქცეული ქვიარ ადამიანის არჩევანზე საუბრობს. ქვიარ თემის მხრიდან ქამინგ-აუთის მოთხოვნა რიგით პიროვნებას პატრიარქალურ საზოგადოებაში გაზიარებული სასიცოცხლო რესურსების გარეშე ტოვებს. ავტორის აზრით, გამოსავალი ინკლუზიური თემის ჩამოყალიბებაა, რომელიც ელიტურობისგან გათავისუფლებულ, ზრდისა და განვითარების ხელშემწყობ ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ გარემოს შექმნის. დემოკრატიული მონაწილეობის პრინციპზე აგებული ახალი ერთობა მიზნად პოლიტიკურ გაძლიერებას დაისახავს და ამას თემის ყველა წევრის მონაწილეობით შეუდგება.

ნათია გვიანიშვილის სტატია ლესბოსური ფემინიზმის მიერ წამოყენებულ და პრაქტიკაში ნაცად სეპარაციას შეეხება, რომელშიც „კაცებისა და პატრიარქალური ინსტიტუტებისგან ემოციური, სოციალური, სექსუალური, ეკონომიკური და პოლიტიკური გამოყოფა მოიაზრება“. ავტორისთვის სეპარაციის იდეა მისაღებია, რადგან ასიმეტრიული ძალაუფლებრივი მოცემულობის დროს, თანასწორობის პირობებშიც კი, ქალები რესურსებით ვერ სარგებლობენ ან მათზე წვდომა საგრძნობლად გართულებულია. მეორე არგუმენტი, რომელიც ავტორს  სეპარაციის მხარდასაჭერად მოჰყავს – მჩაგვრელისთვის კონტროლის ბერკეტის წართმევა და ფემინისტურ  მოძრაობაში სოლიდარობის გადააზრება-ჩამოყალიბების ხელშეწყობაა. რაც უნდა რადიკალურად ჟღერდეს საზოგადოების ერთი ნაწილისგან ფიზიკურ-ფსიქოლოგიური მოწყვეტის იდეა, ავტორის არგუმენტები გამართული, ხოლო სეპარაციის შესაძლო შედეგები – ფემინისტური მიზნისთვის სასურველია.

ნებისმიერი ქალის, როგორც ინდივიდის, ყოველდღიურობა სავსეა პატრიარქალურ ინსტიტუტებთან, კულტურულ პრაქტიკებთან, იერარქიულ სტრუქტურასთან/ში და ელემენტარულ კომუნიკაციაში დაქვემდებარებით, ჩაგვრით, თავისუფლების ფსიქოლოგიური და ფიზიკური შეზღუდვითა თუ სხვა დამამცირებელი პრაქტიკებით. რადგან პატრიარქია ყოვლისმომცველი მოცემულობაა, რომლის გვერდის ავლა კარგად დაგეგმილი თვითიზოლაციის დროსაც კი რთულია, ქალი, უნებლიეთ, დღის განმავლობაში მრავალჯერ აღმოჩნდება მსხვერპლის და, საუკეთესო შემთხვევაში – მეამბოხე მსხვერპლის როლში. არასტრატეგიული ამბოხი კი, ისევე, როგორც ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა, პირველი – ფიზიკურად და ემოციურად დამქანცველი და მეორე – ადამიანის პიროვნული მთლიანობის დამაკნინებელი პრაქტიკაა. ეს უკანასკნელი (არასტრატეგიული, რეაქციული ამბოხის საჭიროება) ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური იარაღია, რომელსაც პატრიარქია ქალთა მიმართ იყენებს. შუბმოღერებული ჯარისკაცის ადგილი ბრძოლის ველია, სადაც ყოველდღიურ უაზრო შეხლა-შემოხლაში მოპოვებული მოჩვენებითი გამარჯვების ფონზე, მისი პიროვნული მთლიანობა, ნიჭი და უნარები, ესთეტიკური, საგანმანათლებლო, განვითარების და ეგზისტენციალური მოთხოვნილებები საფუძველშივე განადგურებას ექვემდებარება. პატრიარქია ამ ბრძოლაში ხელის მოქნევის გარეშეც კი მოგებულია, რადგან მან ქალის პიროვნების გამოცდილებითი და კულტურული დანაწევრების საუკუნეებით გამყარებულ რეპერტუარს კიდევ ერთი – სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ქალის სოციალური როლი შეჰმატა.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ფართო თემატური დიაპაზონის მიუხედავად, კრებული ნარატიულად შეკრულია. ერთადერთი საკითხი, რომელიც მას კიდევ უფრო გაამთლიანებდა, მიზოგინიის, როგორც სოციალური, კულტურული, სააზროვნო და ფსიქოლოგიური ფენომენის კვლევაა. ამ თემას რამდენიმე ავტორი არაპირდაპირ უკვე შეეხო. საინტერესო იქნება, თუ რომელი მეცნიერებისა და რა პარადიგმების ჭრილში წარმოადგენენ ისინი აღნიშნულ საკითხს სერიის „ვის ეშინია ფემინიზმის საქართველოში?“ მესამე კრებულში.

 

[1] ტერმინ პატრიარქიას ვიყენებ, როგორც patriarchy-ს შესატყვისს. Patriarchate-ს ვთარგმნი, როგორც პატრიარქატს. სტატიაში პატრიარქიაზე, როგორც სააზროვნო, სოციალურ, კულტურულ და ინსტიტუციურ მოვლენაზე ვსაუბრობ და არა პატრიარქატზე, როგორც საზოგადოების პატრილინეალურ მოწყობაზე. - ავტორის შენიშვნა.