მართლმსაჯულების სისტემა – საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის წართმევა თუ დაბრუნება – ქალებისათვის

Teaser Image Caption
Ana Arganashvili

„ძალადობისგან დაზიანებული ადამიანის რეაბილიტაციის პირველი პრინციპია მისი გაძლიერება. ძალადობაგამოვლილი ქალი უნდა იყოს ავტორი და აღმსრულებელი საკუთარი გადარჩენის და რეაბილიტაციის პროცესისა. სხვებმა შესაძლოა მას მხოლოდ რჩევები მივცეთ, დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ, მაგრამ ჩვენ მათ ვერ „ვუმკურნალებთ“. ნებისმიერი ჩარევა, რომელიც ქალს დამატებით ართმევს პროცესზე კონტროლს, ხელს შეუშლის მის გაძლიერებას. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რამდენად გადაუდებლად ან მის საუკეთესო ინტერესად[1] გვეჩვენება პროცესებზე კონტროლის ჩვენს ხელში აღება“.

ჯუდით ჰერმანი, 1992[2]

 

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის ზოგადი კონტექსტი

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად 2006 წლიდან ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო სპეციალური კანონი ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთისათვის[3]. მის მიღებას მოჰყვა შესაბამისი ცვლილებები გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკაში, რომლის თვალსაჩინო შედეგია 2006-დან 2016 წლამდე, სამართალდამცავ ორგანოებში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ შესული შეტყობინებების რიცხვის რამდენიმე ასეულით გაზრდა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაცავად გახსნილი თავშესაფრები და სხვა სახის სპეციალური მომსახურება. თუმცა, მიღწეული შედეგების მიუხედავად, გამოწვევად რჩება გენდერულ და ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაბალი მაჩვენებელი, რომელიც ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მნიშვნელოვნად ჩამორჩება ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ გაკეთებულ შეტყობინებებს[4].

 

აღნიშნული მოვლენის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ძალადობაგამოვლილი ქალები ხშირად უარს ამბობენ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე, მათ შორის, ჩვენების მიცემაზე. ხშირ შემთხვევაში ისინი ითხოვენ გამოძიების შეწყვეტას და ცვლიან ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მათზე იძალადეს. ეს ყოველივე კი, მნიშვნელოვნად აფერხებს გამოძიების პროცესს, ასევე, ართულებს სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას ოჯახში ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით. აღნიშნული საკითხი სამეცნიერო კვლევის საგნად იქცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ-სა და კანადაში.

 

ძალადობაგამოვლილი ქალების გამოცდილება მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობისას

სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს მართლმსაჯულების სისტემასთან ურთიერთობისას გაუპატიურების მსხვერპლი ქალების ნეგატიურ გამოცდილებაზე. ამ ქალების უმეტესობა აღნიშნავს, რომ სისტემასთან ურთიერთობის შემდეგ ისინი თავს აღიქვამენ „დაზიანებულად“, აქვთ თვითდანაშაულის მძაფრი შეგრძნება და განიცდიან მეორად ვიქტიმიზაციას[5].

ამ გამოცდილებას ლიტერატურაში „მეორად გაუპატიურებას“[6], „მეორად ძალადობას“ ან „მეორად ვიქტიმიზაციას“[7] უწოდებენ. მკვლევრების თანახმად, მსხვერპლის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ზიანდება არა მხოლოდ უშუალოდ ძალადობის განცდისას, არამედ – ძალადობის შემდგომ, პროფესიონალებთან, მათ შორის, პოლიციელებთან, გამომძიებლებსა და პროკურორებთან ურთიერთობების დროსაც, როდესაც ამ პროფესიონალებს ადეკვატური მიდგომები არ გააჩნიათ. ისინი გამუდმებით ეძებენ მიზეზებს, გაუპატიურება ქალის მიერ პროვოცირებულ მოქმედებად მიიჩნიონ, ქალს ადანაშაულებენ იმაში, რომ მის მიმართ იძალადეს, და ხელყოფენ მის ღირსებას.

1999 წელს ჩატარდა კვლევა 40 ძალადობაგამოვლილ ქალთან, რომელთაც სასამართლოს მეშვეობით მიიღეს დამცავი ორდერი[8]. ამ ქალებმა სასამართლოსთან ურთიერთობის თავიანთი გამოცდილება აღწერეს, როგორც „შემარცხვენელი, დამამცირებელი და სანერვიულო“. ჯუდით ჰერმანის კვლევაში[9], ძალადობაგამოვლილმა ქალებმა აღნიშნეს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის ერთ-ერთი წამყვანი მოტივი იყო საზოგადოებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარება და მხარდაჭერის მიღება. ამის ნაცვლად კი, თავი იგრძნეს კრიტიკის და განსჯის ობიექტად, მარგინალიზებულად და დამცირებულად. მათი შეფასებით, მოხდა მათ მიმართ თავდაპირველად ჩადენილი დანაშაულის განცდების გამეორება და რევიქტიმიზაცია.

ქალები, რომლებიც სამართალწარმოების პროცესში თავს დამცირებულად გრძნობენ, მიიჩნევენ, რომ მათი ტრავმული გამოცდილება სისტემამ სათანადოდ არ შეაფასა. როდესაც სისტემას ძალადობაზე სრული პასუხისმგებლობა ამ ქალებზე გადააქვს, ეს უკანასკნელნი,  ხშირად, სამუდამოდ ამბობენ უარს სისტემასთან თანამშრომლობაზე. ისინი სამართლიანობის რწმენას კარგავენ.

 

თერაპიული იურისპრუდენცია – პასუხი გამოწვევაზე

ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ძალადობის მსხვერპლ ქალებზე კანონის მოქმედება ფასდებოდა კანონით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის (დაკავების, ორდერის გამოცემის, ბრალის წარდგენის) მიღწევის კუთხით, თავად პროცესის შეფასება კი არ ხდებოდა[10].

სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევაზე პასუხის გაცემის მიზნით, 30 წლის წინ, ძალისხმევა გააერთიანეს იურისტებმა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა, რითაც დასაბამი დაუდეს სამართლის ახალ მიდგომას, რომელიც თერაპიული იურისპრუდენციის სახელით არის ცნობილი.

თერაპიული იურისპრუდენცია აფართოებს ადამიანზე კანონის ზემოქმედების აღქმას. მისი მთავარი პრინციპია კანონის იმგვარი გამოყენება, რომელიც აძლიერებს სისტემის თერაპიულ პოტენციალს და ამცირებს სამართალწარმოებაში ჩართული ძალადობაგამოვლილი ადამიანის მეორადი ტრავმატიზაციისა და სისტემასთან ურთიერთობაზე უარის თქმის რისკს[11].

ტერმინი „თერაპიული“ მიზნობრივადაა შერჩეული, რათა კანონის მოქმედება შეფასდეს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული რეაგირების (მაგ. მოძალადის დასჯის), არამედ სამართალწარმოებაში ჩართული პირის ხანგრძლივი კეთილდღეობის უზრუნველყოფის კონტექსტში.

 

თერაპიული იურისპრუდენციის საფუძვლები

თერაპიული იურისპრუდენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური საფუძველი ტრავმის შემსწავლელი ფსიქიატრიისა და ფემინისტური იურისპრუდენციის თანამედროვე ნაშრომებში იძებნება. ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ დამოუკიდებლობის ხელახალ მოპოვებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას, ფემინისტი იურისტების მიერ შემუშავებული ქალთა გაძლიერების კონცეფცია უდევს საფუძვლად.

ტრანსფორმაცია ძალადობის მსხვერპლიდან – ძალადობაგამოვლილ, გადარჩენილ პიროვნებამდე, 1992 წელს ჯუდით ჰერმანმა აღწერა[12]. იგი აღნიშნავდა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალისთვის აბსოლუტურად უსარგებლოა ყველა ის სერვისი თუ დახმარება, რომელიც მას სიტუაციაზე კონტროლს ართმევს. ძალადობით მიყენებული ტრავმა ძალადობაგამოვლილ ქალს ართმევს ძალაუფლებას საკუთარ თავზე, შესაბამისად, მისგან გათავისუფლება უნდა იყოს გზის პოვნა ამ ძალაუფლების დასაბრუნებლად. ტრავმის გადალახვა შედარებით იოლია მეგობრულად განწყობილ სოციალურ კონტექსტში. სოციალური თანადგომა სუბიექტზე ტრავმის დარტყმას ასუსტებს, ამიტომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს კონტექსტი იყოს მხარდამჭერი.

ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის დაბრუნების, ანუ ქალთა გაძლიერების, კონცეფცია თეორიულად ორი ნაწილისგან შედგება: ფსიქოლოგიური გაძლიერება – როდესაც ქალს უჩნდება განცდა, რომ ის, რისი მიღწევაც სურს, რეალურად ხელეწიფება, ანუ უბრუნდება რწმენა, რომ საამისო ძალა აქვს; რეალური გაძლიერება – ქალი რეალურად იბრუნებს გარემოზე გავლენას და აღწევს იმ ცვლილებებს, რომელთა გამოწვევაც სურს.

ჯანინ ცვაიგისა და მარტა ბარტის კვლევაში[13] გამოვლინდა, რომ თუ სამართალწარმოებაში ჩართული ქალები გრძნობდნენ, რომ მთლიანი სამართლებრივი პროცესის გაკონტროლება შეეძლოთ, ისინი ამ პროცესს პოზიტიურად აფასებდნენ და საკუთარი ინტერესების დასაცავად მართლმსაჯულებისათვის მომავალში მიმართვის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდნენ.

 

საქართველოს კონტექსტი

საქართველოში, ძალადობაგამოვლილი ქალების მიერ მართლმსაჯულების პროცესში განცდილი სტრესის შესახებ სპეციალური კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ამ მხრივ, განსაკუთრებით პასიურია აკადემიური სივრცე, სადაც ნაკლებია ინტერესი ქალთა საჭიროებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების საკითხების შესწავლის მიმართ. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და ანგარიშები ამ ჩავარდნას ნაწილობრივ ავსებს.

2017 წელს, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაში[14] ვკითხულობთ ქალების მონათხრობს, რომელიც პოლიციასთან მათ ურთიერთობას ეხება:

მე არ წავალ სასამართლოში დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით, რადგან როდესაც შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე პოლიციას მივმართე, მოვიდა უამრავი კაცი პოლიციელი, რომლებიც მისვამდნენ ისეთ შეკითხვებს, რომელიც არ იყოს შემხებლობში საქმესთან და მორალურად ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. მე ვერ მივიღე ის დახმარება, რასაც ველოდი, ვერ ვიგრძენი თავი დაცულად, ამიტომ მირჩევნია ჩემით მოვაგვარო პრობლემა“.

ჩემი უბნის პოლიციიდან დამიბარეს, ქმარმა თუ კიდევ შეგაწუხა, დაგვირეკეო. მერე, დამიბარა პოლიციელმა და დამიწყო გამოკითხვა, ვისთან ძმაკაცობდა ქმარი. შემდეგ მირეკავდა ერთ-ერთ ქმრის მეგობარზე, მეკითხებოდა რაღაცეებს... სულ არ ვადარდებდით არც მე და არც ჩემი პრობლემა, აშკარად თავისთვის აინტერესებდა რაღაცეები. თან ისეთი შეურაცხმყოფელი იყო პოლიციაში მისვლა, ძალიან ვინანე, რომ საერთოდ დავრეკე 112-ზე“.

2015 წელს ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ[15] ასევე გამოავლინა ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ძალადობაგამოვლილი ქალების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების დამოკიდებულებები, რომლებიც, ამ ქალების მონათხრობით, მართლმსაჯულებას რეალურად ხელმიუწვდომელს ხდიდა:

ჩემი მაზლი სულ მეუბნებოდა, ჩემს ძმას ნუ ეტენები, ხომ ხედავ, ვერ გინახავსო. კიდეც დამარტყა, მცემა. მე და ჩემს შვილს საბინაო წიგნაკში არ გვწერდნენ, ავდექი და მოვიპარე წიგნაკი, რომ ჩემი შვილის ჩაწერა მაინც მომეხერხებინა. მამამთილის გარეშე არ ჩაწერეს, ამიტომ მოვედი და ის წიგნაკი ისევ უკან დავდე. ოჯახში გაიგეს წიგნაკის ამბავი და მაზლმა ამის გამო დამარტყა. მერე მეზობელი შემოვიდა და დანით დამემუქრაწიგნაკი ადგილზე დადეო. შვილის გამო ვაკეთებდი ამას. ცალკე დედამთილი მცემდა. ერთხელ ცხვირში ჩამარტყა. წავედი მერე მამაჩემთან, წამიყვანეს პოლიციაში, მაგრამ პოლიცია არ გამოგვყვა, ეს გოგო ფსიქიკურად დაავადებულია და ჰალუცინაციები აქვსო. ამ დროს ბავშვი სამი წლის მყავდა, ინსპექტორმა თქვა, ეს შარიქაძეების რძალია, გიჟები არიან ცოლიც და ქმარიცო. ჩემი მაზლის ცოლი არის პედაგოგი. ამიტომ ამბობდნენ პოლიციაში, არ იქნება მართალი, იმ ოჯახში ამას არ უზამდნენ, არ დაატყამდნენო“.

აღნიშნული კვლევები მწირია, თუმცა ავლენს ამ პრობლემის უფრო სიღრმისეულად გამოკვლევის საჭიროებას, რაც შექმნის მტკიცებულებებს მართლმსაჯულების სისტემაში ძალადობაგამოვლილი ქალებისათვის თერაპიული იურისპრუდენციის პრინციპების დანერგვის ადვოკატირებისთვის. მომავალი კვლევები იმ ზიანის გამოვლენაზე უნდა იყოს მიმართული, რომელიც ქალებმა საქართველოში მართლმსაჯულების ამა თუ იმ რგოლთან ურთიერთობით მიიღეს. მოგვიანებით კი, უნდა გაანალიზდეს, რამდენად არსებობს კავშირი სისტემის მხრიდან ქალებისადმი ერთხელ მაინც დამამცირებელ მოპყრობასა და სისტემასთან ურთიერთობაზე უარის თქმის მაჩვენებელს შორის.

ჩვენ მიერ განხილული პრობლემური საკითხი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში ქალების ტრავმატიზაციას ეხება, ერთ ფუნდამენტურ კითხვას აჩენს. რამდენად ადეკვატურია ქალების იძულება, მიმართონ სისტემას, საიდანაც შესაძლოა კიდევ უფრო ღრმად ტრავმირებულნი და იმედგაცრუებულნი გამოვიდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ. რამდენად სწორად ვმოქმედებთ ქალთა უფლებადამცველები, როდესაც ქალებს გამუდმებით იმის გამო ვამუნათებთ, რომ გაკეთებული შეტყობინება გადათქვეს, ჩვენების მიცემა გადაიფიქრეს ან სისტემასთან კავშირი საერთოდ შეწყვიტეს. ხომ არ არის დროული, უარის თქმის ყოველ კონკრეტულ ფაქტში გამოვიკვლიოთ მიზეზები და, სისტემის მხრიდან ძალადობისა და მეორადი ტრავმატიზაციის გამოვლენის შემთხვევაში, ამ სისტემის იმგვარი ცვლილება მოვითხოვოთ, რომელიც შესაძლებელს გახდის ძალადობაგამოვლილი ქალების გამოცდილების თავმოყრასა და ადეკვატურ შეფასებას.   ქალებისათვის ძალადობის შედეგად საკუთარ ცხოვრებაზე დაკარგული კონტროლის აღდგენა არა მხოლოდ კონკრეტული სპეციალისტების, არამედ მთელი მართლმსაჯულების სისტემის მამოძრავებელ მიზნად უნდა იქცეს. კონტროლის აღსადგენად პირველი ნაბიჯი კი, ქალების ხმის მოსმენა, მათი არჩევანის პატივისცემა და ამ არჩევანის გაჩენის შესაძლებლობაა.

 

შენიშვნები:


[1] საუკეთესო ინტერესი სამართლებრივი ტერმინია და ის ბავშვთან მიმართებით გამოიყენება: ეს გახლავთ სამართლებრივი ტესტი, რომელსაც იყენებს სასამართლო იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე. საუკეთესო ინტერესის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: ბავშვის ასაკი, სქესი, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა, მშობლის ასაკი, ცხოვრების სტილი, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა; ემოციური კავშირები მშობელსა და ბავშვს შორის, მშობლის შესაძლებლობა, ბავშვი უზრუნველყოს საკვებით, სამოსით, სამედიცინო ზრუნვით, სტატუსკვოც ცვლილებით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური ეფექტისგან დაცვით და ბავშვის სურვილების გათვალისწინებით. აღნიშნული ტერმინის გამოყენებით, მსურს მივანიშნო, რომ ძალადობაგამოვლილ ქალს ხშირად ექცევიან როგორც ბავშვს, რომლის ცხოვრების შესახებაც გადაწყვეტილებებს სხვა ადამიანები იღებენ მისი ჩართულობის გარეშე.

[2] ჯუდით ჰერმანი, ტრავმა და მისგან რეაბილიტაცია, ოჯახში ძალადობის შედეგები – ოჯახში ძალადობიდან პოლიტიკურ ტერორამდე, 1992.

[4] ინფოგრაფიკა შეიქმნა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებების“ მიერ და ეყრდნობა: (1) შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე – http://police.ge/#  (2) საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს (2016) – საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (გვ. 631). წყარო: http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4494.pdf

[5] რებეკა კემბელი, „საზოგადოების ვალდებულება გაუპატიურებისას: მსხვერპლთა გამოცდილება საკანონმდებლო, სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემებთან ურთიერთობისას“, 1998.

[6] ლი მადიგანი და ნენსი გემბლი, მეორადი გაუპატიურება: საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის უწყვეტი ღალატი, 1991.

[7] რებეკა კემბელი და შიილა რაჯა, „გაუპატიურების მსხვერპლთა მეორადი ვიქტიმიზაცია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთა შეფასებები, რომლებიც ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობენ“, 1999.

[8] ჯეიმზ პტაცეკი, ძალადობაგამოვლილი ქალები სასამართლო სხდომის დარბაზებში: იურიდიული მექანიზმების ძალა, 1999.

[9] ჯუდით ლუის ჰერმანი, „სამართლიანობა მსხვერპლის პერსპექტივიდან“, 2005.

[10] ბენეტ კატანეო და ლორენ და ლიზა გუდმანები, „თერაპიული იურისპრუდენციის სათვალით: კავშირი სასამართლო მართლმსაჯულებით გაძლიერებასა და ძალადობის მსხვერპლთა კეთილდღეობას შორის“, 2009.

[11] სტეისი კაპლოუ, „რა იქნებოდა, კლიენტი რომ არ არსებობდეს? ბრალმდებლები, როგორც დანაშაულის ‘ადვოკატები’“, 1998; კაროლინ კოპს ჰარტლი, „თერაპიული იურისპრუდენციის მიდგომა სასამართლო პროცესისადმი ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივ საქმეებზე“, 2003.

[12] ჯუდით ჰერმანი, ტრავმა და მისგან რეაბილიტაცია, ოჯახში ძალადობის შედეგები – ოჯახში ძალადობიდან პოლიტიკურ ტერორამდე, 1992.

[13] ჯანინ ცვაიგი და მარტა ბარტი, „საზოგადოებრივი სააგენტოების ურთიერთთანამშრომლობის გავლენა სამართლებრივ რეაგირებაზე ოჯახურ ძალადობასა და სექსუალურ თავდასხმაზე STOP- ის მიერ დაარსებულ საზოგადოებებში“, 2003.

[14] სიდა, „გენდერული ნიშნით ძალადობა ქვემო ქართლში, ოჯახში ძალადობა, ნაადრევი ქორწინება, დისკრიმინაცია“. წყარო: http://ewmi-prolog.org/images/files/7208GEO-ReportonGander-BasedViolenceinKvemoKartli2017.pdf

[15] პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე ქალების ზეპირი ისტორიები, 2015. წყარო: http://phr.ge/assets/uploads/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/1.pdf

 

ბიბლიოგრაფია:

კაპლოუ, სტეისი, „რა იქნებოდა, კლიენტი რომ არ არსებობდეს? ბრალმდებლები, როგორც დანაშაულის ’ადვოკატები’“, 1998. [Caplow, Stacey, „What if there is no client? Prosecutors as ‘counselors’ of crime.“  Clinical Law Review, 5, pp. 1-45, 1998.]

კატანეო, ბენეტ და ლორენ და ლიზა გუდმანები, „თერაპიული იურისპრუდენციის სათვალით: კავშირი სასამართლო მართლმსაჯულებით გაძლიერებასა და ძალადობის მსხვერპლთა კეთილდღეობას შორის“, 2009. [Cattaneo Bennet & Lauren and Liza Goodman, „Through the lens of therapeutic jurisprudence: the relationship between empowerment in the court system and well-being for intimate partner violence victims,“ Journal of Interpersonal Violence, pp. 481-502, 2009.]

კემბელი, რებეკა, „საზოგადოების ვალდებულება გაუპატიურებისას: მსხვერპლთა გამოცდილება საკანონმდებლო, სამედიცინო და ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემებთან ურთიერთობისას“, 1998. [Campbell, Rebecca, „The community response to rape: victims’ experiences with the legal, medical, and mental health systems,“ American Journal of Community Psychology, 26, 3550379, 1998.]

კემბელი, რებეკა და შიილა რაჯა, „გაუპატიურების მსხვერპლთა მეორადი ვიქტიმიზაცია: ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტთა შეფასებები, რომლებიც ძალადობაგამოვლილ ქალებთან მუშაობენ“, 1999. [Campbell, Rebecca & Raja, Sheela,  „Secondary victimization of rape victims: insights from mental health professionals who treat survivors of violence,“ Violence and Victims, 14. pp. 261-275, 1999.]

მადიგანი, ლი და ნენსი გემბლი, მეორეჯერ გაუპატიურება: საზოგადოების მხრიდან მსხვერპლის უწყვეტი ღალატი, 1991. [Madigan, Leah & Gamble, Nancy, The second rape: Society’s Continued Betrayal of the Victim, New York: Lexington Books, 1991.]

პტაცეკი,  ჯეიმზ,  ძალადობაგამოვლილი ქალები სასამართლო სხდომის დარბაზებში: იურიდიული მექანიზმების ძალა, 1999. [Ptacek, James, Battered Women in the Courtroom: The Power of Judicial Responses, Boston: Northeastern University Press, 1999.]

ცვაიგი, ჯანინ მ. და მარტა რ. ბარტი, „საზოგადოებრივი სააგენტოების ურთიერთთანამშრომლობის გავლენა სამართლებრივ რეაგირებაზე ოჯახური ძალადობასა და სექსუალურ თავდასხმაზე STOP-ის მიერ დაარსებულ საზოგადოებებში“, 2003. [Zweig, Janine M. & Burt, Martha R., „Effects of interactions among community agencies on legal system responses to domestic violence and sexual assault in STOP-funded communities“, Criminal Justice Policy Review, 14, pp. 249-272, 2003.]

ჰარტლი, კაროლინ კოპს, „თერაპიული იურისპრუდენციის მიდგომა სასამართლო პროცესისადმი ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივ საქმეებზე“. 2003. [Hartley, Caroline Copps, „A therapeutic jurisprudence approach to the trial process in domestic violence felony trials,“ Violence Against Women, 9, pp. 410-437, 2003.]

ჰერმანი, ჯუდით ლუის, ტრავმა და მისგან რეაბილიტაცია, ოჯახში ძალადობის შედეგები – ოჯახში ძალადობიდან პოლიტიკურ ტერორამდე, 1992. [Herman, Judith Lewis, M.D. Trauma and Recovery, the Aftermath of Violence: from domestic violence to political terror, New York, 1992.]

ჰერმანი, ჯუდით ლუის, „სამართლიანობა მსხვერპლის პერსპექტივიდან“, 2005. [Herman, Judith Lewis, „Justice from the victim’s perspective,“ Violence Against Women, 11, pp. 571-602, 2005.]