„მინდოდა, რაღაცით დავხმარებოდი დედას, თუმცა, ეს მალულად უნდა მეკეთებინა“

მოყვარული, სამართლიანი და მამაცი ადამიანი თავისთავად ფემინისტია - თითქოს ძალიან მარტივადაა საქმე. არ არის საჭირო განსაკუთრებული განათლება და სპეციალური ტერმინოლოგიის ცოდნა. ყველამ ვიცით: თეთრი-შავი, კეთილი-ბოროტი, სამართლიანი-უსამართლო. და დიდი უმრავლესობა, გულწრფელად თუ არაგულწრფელად, ამ კეთილ და სამართლიან მხარეს მივაკუთნებთ თავს.

მაშ რატომ გვიჭირს ასე ფემინიზმის გაგება და აღიარება? ან რატომ გვერიდება ვთქვათ რომ ფემინისტები ვართ? (“ფემინისტი არ ვარ, მაგრამ…”)

სოფელში დავიბადე და გავიზარდე, ჩვეულებრივ, პატრიარქალურ გარემოში. დედა, მამა, ძმა და და. პაპა-ბაბო ორივე მხარეს. სამწუხაროდ, სამივე შემთხვევაში სახეზე გვქონდა მკვეთრი უთანასწორობა. მე ძალიან მიყვარდა დედა და ორივე ბაბო, ამიტომ ძალიან განვიცდიდი ამ უთანასწორობას და ჩაგვრას. ვიცით, რომ მშობლების ჩხუბი კეთილ გავლენას არ ახდენს ბავშვებზე, მაგრამ ჩემი გამოცდილებით, კიდევ უფრო მტკივნეულია, როცა ერთი მხარე ეჩხუბება მეორეს და მეორეს შეპასუხების უფლებაც არ აქვს, ჩუმად იტანს ამ ყველაფერს და შემდეგ თავისთვის ტირის. პირადად მე გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი თავს, თუ დედა და ბებია შეეპასუხებოდნენ მამა-პაპას, თუმცა, რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას - წარმოდგენაც არ მინდა.

თავიდან მშობლებს სამსახურები ჰქონდათ, მერე დაკარგეს და ყველანი ერთად ვმუშაობდით ბაღ-ვენახში. და ამ მუშაობის შემდეგ კაცები ისვენებდნენ, ხოლო ქალები აგრძელებდნენ საჭმლის კეთებას, სარეცხს (ძირითადად ხელით, მოგეხსენებათ, რა პირობები იყო 90-იანებში). ბავშვის თვალისთვისაც კი ცხადი იყო, რამდენად უსამართლო იყო ეს ყველაფერი. მინდოდა, რამით დავხმარებოდი დედას. ჩემი ტანსაცმლის რეცხვა დავიწყე მე თვითონ და ჩემი ოთახის დალაგება. თუმცა, ეს მალულად უნდა გამეკეთებინა, რადგან ბიჭის შესაფერის საქმედ არ ითვლებოდა. მეზობლების ქირქილს და მამაჩემის რისხვას იწვევდა.

უსამართლობად მიმაჩნდა, რომ საღამოს სახლიდან გასვლა ჩემი და ჩემი ძმისთვის პრობლემა არ იყო, ხოლო ჩემი დისთვის - კი. წარმოუდგენლად მიმაჩნდა, როცა ლაპარაკობდნენ, რომ როცა გავიზრდებოდით, სახლი ჩემი და ჩემი ძმის იქნებოდა, ხოლო ჩემი დისა - არა. და მრავალი სხვა.

როგორ შეიძლება ადამიანისთვის, რომელიც გიყვარს (და ყველას ცხოვრებაში არის ალბათ ერთი ასეთი ქალი მაინც, და იქნება ეს, შვილი, მეგობარი, მამიდაშვილი, შეყვარებული თუ სხვა)-  არათუ ყველაფერი საუკეთესო (რასაც ხშირად “ვუსურვებთ”), თანასწორი უფლებები და შესაძლებლობებიც არ გემეტება? რა გამოდის, ვიტყუებით, რომ გვიყვარს ეს ადამიანები, თუ მართლა გვიყვარს, მაგრამ მჩაგვრელი პატრიარქალური სისტემა უფრო გვიყვარს? ან ვხედავთ ამ სისტემის უსამართლობას და გვაწუხებს იგი, მაგრამ გამბედაობა არ გვყოფნის რომ ხმა ამოვიღოთ? მაშინ ვაღიაროთ, რომ ლაჩრები ვართ. და ფემინისტობას თუ უარვყოფთ, მაშინ კეთილ და სამართლიან ადამიანობაზეც ნუ გვექნება პრეტენზია. და ნურც თავისუფლებაზე, რადგან არ არსებობს თავისუფლება თანასწორობის გარეშე.

ჩემთვის, როგორც გენდერულად არაკონფორმული ადამიანისთვის, ფემინიზმი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ სხვა ჩაგრული ჯგუფების მიმღებლობისა და თანასწორობისკენ გზა ფემინიზმზე გადის. და თანასწორობისათვის ამ ბრძოლაში, საკითხის კომპლექსურობისა და სირთულის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია მარტივი და გასაგები ენით მივიტანოთ ადამიანებამდე სათქმელი.