ფემინიზმი დედებისა და გოგონების დაახლოვების ველია

დღემდე თითქმის არავინ აღიარებს დედას, როგორც უფლებამოსილს - შვილს გვარი მისცეს. მე კი მჯერა, რომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია თანასწორობისთვის ბრძოლაში.

ალბათ იმიტომ, რომ ერთადერთი შვილი ვიყავი ოჯახში, გვარის გამგრძელებელიც და მემკვიდრეც მე გამოვდექი. ბაბუამ რომ ანდერძი ჩემს სახელზე დაწერა, ამით „ოდაბადეს“ გაფრთხილება და მოვლა მე მომანდო. მეგონა, რომ ეს იყო ნორმა, მეგონა - სხვა პატარა გოგოებიც ასე იზრდებოდნენ. თუმცა, ჩემი სოციალიზაციის პარალელურად, საზოგადოების მიერ მოწვდილ სოციალურ ქცევის ნორმებთან, კანონებთან და ღირებულებებთან უფრო და უფრო მოვდიოდი წინააღმდეგობაში. მაგალითად, როცა მეკითხებოდნენ ვისი შვილი ვარ და ვპასუხობდი დედის სახელსა და გვარს, ვერაფრით ვარკვევდი შემხვედრი კითხვა მამის ვინაობას რატომ ეხებოდა. ძალიან ვბრაზობდი, როცა ჩემს „ადამიობას“ ეჭვქვეშ აყენებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ დედის გვარს ვატარებ.

მოგვიანებით ამ ბრაზმა იმატა.

რა სურათსაც ბავშვობიდან ვუყურებდი, ეს იყო დამოუკიდებელი და ძლიერი ოჯახის უფროსი ქალი - დედა, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს, თუმცა თანასწორად მთვლიდა და მეც ყოველთვის მქონდა ხმის უფლება. მასწავლიდა, რომ ცხოვრებაში მთავარი საკუთარი თავისა და ადგილის პოვნაა; რომ ხანდახან სამყარო შესაძლოა თავდაყირა დადგეს, ამიტომ დამოუკიდებლად და მყარად უნდა იდგე ფეხზე, რათა სვლა განაგრძო; რომ ამას ვერ შეძლებ, თუკი მხოლოდ სხვაზე (როგორ წესი, კაცზე) იქნები ჩამოკიდებული.

დიდხანს ვიყავი „ჩუმი ფემინისტი“, ასე ჩემმა მეგობარმა მიწოდა ხანგრძლივი დისკუსიისას, სადაც ჩვენს გამოცდილებებზე ვმსჯელობდით. პირველად რომ ჩემი მეზობელი ქალი შევიფარე, რომელსაც ქმარი საცემრად მოსდევდა და კაცს ცხვირწინ კარი მუვუჯახუნე, მეც ვკანკალებდი. მეორე დღეს თავშესაფარში წავედით, სადაც ჩემი მეზობელი არ დარჩა, რადგან ორი შვილის სარჩენად არც შემოსავალი ჰქონდა, არც პროფესია და უნარი დამოუკიდებლად ყოფის გარძელებისა. იქ ყველაზე ნათლად დავინახე დედაჩემის შეგონებების არსი - რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის ქალების თავისუფლების გასაღები და მივხდი, რომ სწორედ ამას გულისხმობდა სამყაროში საკუთარი თავისა და ადგილის პოვნაში. მაშინ გავაცნობიერე, რომ დედაჩემიც „ჩუმი ფემინისტია“.

ჩემს ბავშვობაში დედა და მისი მეგობრები გაზეთს „ქალი“ გამოსცემდნენ. სწორედ ამ გაზეთის ერთ-ერთ ნომერში ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც კითხვაზე - „შეუქმნია თუ არა თქვენთვის პრობლემა იმას, რომ ქალი ხართ?“ დედაჩემი უარით პასუხობდა. წლების შემდეგ ძველი გაზეთის ნომრით ხელში მომადგა და მეუბნება, რომ ამხელა ტყუილი არასდროს უთქვამს და ამაზე ფიქრი გვიან დაიწყო. ყველა ის მაგალითი გაიხსენა, სადაც სწორედ სქესს შეუქმნია მისთვის დაბრკოლება და რომ არა ქალობა, ალბათ, ცხოვრების მანძილზე პრობლემების ნახევარი არც შეხვდებოდა.

ამიტომ მგონია, რომ ფემინიზმი დღეს, ისე როგორც არასდროს, დედებისა და გოგონების დაახლოვების ველია. ველი, სადაც ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ და ბიძგი მივცეთ შიშების დასაძლევად, სითამამე და გამბედაობა შევძინოთ საკუთარი აუხდენელი სურვილების ხორცშესასხმელად. ვიცი, ასეთი ბევრი გვაქვს!