რა უნდა გვახსოვდეს, როცა ვამბობთ ან გვესმის “პირველი ქალი პრეზიდენტი”

სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ ჯდება პარტიარქალური კულტურის მიერ შემუშავებული მისაღები ქალის ყალიბში, თვითონაც ავრცელებს სტერეოტიპულ და რიგ შემთხვევაში შინაარსისგან დაცლილ შეხედულებებს.

ანიმაციური ფოტო, ქალი კანდიდატი ამომრჩევლებთან

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის არჩევნების პროცესი იმაზე დაძაბული და რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტის დასუსტებული ინსტიტუტისა და ხელისუფლების მიერ საკუთარი კანდიდატის არყოლის პირობებში.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ყველაფერი პირობითია: პრეზიდენტის დასუსტებული ინსტიტუტიც, დამოუკიდებელი კანდიდატიც და პირველი ქალი პრეზიდენტიც, ევროპული გამოცდილებით. მეტიც, პირობითი აღმოჩნდა არჩევანის თავისუფლება და  დაპირებები ნათელ მომავალზე. არჩევნებზე მისული ამომრჩევლის უმეტესობისთვის, ხმის მიცემის მოტივი არა ვინმეს ან რამის სასიკეთოდ, არამედ ვინმეს ან რამის წინააღმდეგ ხმის მიცემა იყო და ეს მოტივი ნაკარნახები იყო არა უკეთესი მომავლის იმედით, არამედ უარესი პერსპექტივის შიშით.

საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ რეალურად მოსახლეობას არჩევანი ორ ოდიოზურ პირს შორის აქვს გასაკეთებელი, რომელთაგან ერთი ქვეყნის არაფორმალური მმართველი, მეორე კი ამჟამად ემიგრირებული რევოლუციების მოსურნე ყოფილი პრეზიდენტია. მათგან არც ერთი იშურებს ძალას, არ დაკარგოს აქტუალობა მიმდინარე პროცესებში, მოახდინოს ვითარების პოლარიზაცია და შექმნას რეალობა, სადაც მხოლოდ მათი გულანთებული მხარდამჭერები და მოსისხლე მტრები იარსებებენ. ეს ორი ადამიანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს მეტოქის დასამარცხებლად, საკუთარი სიძლიერის დასამტკიცებლად და იმ იმედის გამოსაკვებად, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ისურვებენ. მათი კანდიდატები ცდილობდნენ საარჩევნო კამპანია ყოფილიყო დასტური იმისა, რომ ორი კაცის სურვილები ასრულებადია.

ორ ტურად ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ და ალბათ ყველაზე მკაფიოდ აჩვენა ის, როგორი მყიფეა ღირებულებები, პრინციპები, დაპირებები და სახელდებები ქართულ პოლიტიკაში.  სიმყიფე გამოწვეულია  პოლიტიკოსების ძლიერი ვნებით, მიაღწიონ სასურველ მიზანს ნებისმიერი კომპრომისის, ყველანაირი დასაშვები და დაუშვებელი ქცევის სანაცვლოდ. შესაბამისად, მოთხოვნები პოლიტიკური სუბიექტების მისამართით, ჰქონდეთ გამართული პროგრამა, უპასუხონ კრიტიკულ კითხვებს, იყვნენ თანმიმდევრულები, დაინახონ ერთგვაროვანი ამომრჩევლის მასის მიღმა ცალკეული ჯგუფები ინდივიდუალური საჭიროებებით და ეცადონ პოლიტიკაში ყოფნა ხალხისთვის სასარგებლოდ გამოიყენონ, ფუფუნებად აღიქმება.

საარჩევნო ინსტრუმენტები

2018 წლის არჩევნებზე აქტიურად გამოიყენებოდა პარტიარქალური კულტურის სტერეოტიპები მისაღები ქალის შესახებ, რომელსაც გვერდით უნდა ჰყავდეს შვილები და ოჯახის წევრები, ზურგს უმაგრებდნენ სხვა გავლენიანი კაცები, თვითონ კი თავის ღირსებად წარმომავლობასა და წინაპრებს მიიჩნევდეს. ასეთი ქალი ირწმუნება, რომ იქნება უფრო მშვიდი, კეთილი და კონსტრუქციული, ვიდრე ამავე პოზიციაზე რომელიმე კაცი შეიძლება ყოფილიყო. ასეთ ქალს აღარ ჭირდება სხვა მტკიცებულებები და არგუმენტები ხალხის გულის მოსაგებად, რაც შეიძლება შედარებით ნაკლებად ფემინურ ქალ პოლიტიკოსს დაჭირვებოდა, იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ არსენალში ოჯახის წევრებს და წარსულის ხატებს არ ჩართავდა.

სალომე ზურაბიშვილი არა მხოლოდ ჯდება პარტიარქალური კულტურის მიერ შემუშავებული მისაღები ქალის ყალიბში, თვითონაც ავრცელებს სტერეოტიპულ და რიგ შემთხვევაში შინაარსისგან დაცლილ შეხედულებებს მაგალითად, იმის შესახებ, რომ საქართველო რაინდების ქვეყანაა, რომ ქალის პასუხისმგებლობას დედობა აძლიერებს და ქალების სიძლიერე წარმოუდგენელია ძლიერი მამაკაცის გარეშე. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების ან შშმ პირების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის, არა როგორც პრეზიდენტი, არამედ  როგორც დედა ხვდება მათზე ზრუნვის აუცილებლობას. პრეზიდენტს, ისევე როგორც ნებისმიერ მაღალი თანამდებობის პირს, აქვს პასუხისმგებლობა იზრუნოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების გაძლიერებაზე. ამ პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად, დედად ყოფნის სპეციფიკური გამოცდილება, სასურველია, დამატებით მგრძნობელობას აჩენდეს, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი სქესთან დაკავშირებულ გამოცდილებას არ იყენებდეს იმგვარად, რაც გენდერულ სტერეოტიპებს კიდევ უფრო გააღრმავებს. მეტიც, პრეზიდენტს, რომელიც ამავდროულად ქალი და დედაა, უნდა გააჩნდეს მგრძნობელობა და ცნობიერება იმ ქალების შესახებაც, რომლებიც ვერ ან არ არიან დედები, თუმცაღა - თავგანწირვით ზრუნავენ მოწყვლად ჯგუფებზე.

სალომე ზურაბიშვილს გენდერული სტერეოტიპების გაღვივებაში არ ჩამორჩებოდა ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატიც, რომელიც სიამაყით აღნიშნავდა, რომ მას, როგორც ყველა ნამდვილ კაცს 2 ცოლი ჰყავდა. ის უმუშევრობას განიხილავს, როგორც კაცებისთვის ღირსების აყრას და თვლის,  რომ დივანზე წამოწოლილ, ფეხბურთის მაყურებელ კაცებთან ოჯახის შენარჩუნება სახელმწიფოს შენარჩუნებაა. 

2018 წლის არჩევნებზე უცვლელი იყო ადმინისტრაციული რესურსისა და ქალი კოორდინატორების  მობილიზაცია და ფულის მაღალი კონცენტრაცია. უკვე ჩატარებული არჩევნების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ქალებს, რომლებსაც პოლიტიკური სუბიექტები ვერ ხედავენ როგორც ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც საკუთარ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე სურთ მოისმინონ პასუხები პოლიტიკოსებისგან და მათ არაფერ კონკრეტულს არ პირდებიან, გარდა ზოგადი ფრაზებისა კეთილდღეობასა და სიყვარულზე, კარგად ხედავენ საარჩევნო პროცედურებში ჩართულ შავი სამუშაოების შემსრულებელ რესურსად და ეს მოცემულობა დამაკნინებელია როგორც კონკრეტულად იმ ქალებისთვის, რომლებსაც საარჩევნო უბნებთან სიებით მობილიზება და სხვების აღნუსხვა, ან სულაც იძულება და დარწმუნება ევალებათ, რომ გააკეთონ არჩევანი უმრავლესობისთვის მისაღები კანდიდატის სასარგებლოდ, ასევე ზოგადად ქალებისთვის, რომლების მოთხოვნებსაც პოლიტიკაში მონაწილეობაზე, თანაბარ უფლებებსა და პასუხისმგებლობებზე, ასე პასუხობს სახელმწიფო სისტემა: - შავი, ბინძური, უსიამოვნო საქმის მიჩენით არჩევნებზე, რომლის შედეგებიც მათთვის არაფერს შეცვლის.

საპრეზიდენტო არჩევნებზე უჩვეულოდ ბევრი ფულის კონცენტრაცია მოახერხა მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელმაც შემოწირულებების სახით მიღებული რამდენიმე მილიონი თითქმის მთლიანად რეკლამაში დახარჯა. რეალობა, სადაც პოლიტიკოსები ირჩევენ ამომრჩეველს ბილბორდიდან, სატელევიზიო რგოლიდან ან ჟურნალებში დაბეჭდილი ლამაზი ფოტოებიდან ელაპარაკონ და მოხვდნენ თვალში, დაბალი პოლიტიკური კულტურის ილუსტრაციად შეიძლება გამოდგეს. პოლიტიკოსის მიერ კომუნიკაციის ასეთი ფორმის არჩევა ცხადს ხდის თუ რამხელა უფსკრულია ამომრჩევლის სურვილებსა და მოთხოვნებს, პოლიტიკური სუბიექტების დაპირებებსა და ნარატივს შორის. ფორმალური შეხვედრები საზეიმო განწყობით, პარტიების დროშების ფრიალით, ხელოვნურად მობილიზებული მოსახლეობით და ესტრადის წარმომადგენლების სიმღერებით ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც პოლიტიკოსების და მოსახლეობის უკეთეს მომავალზე, ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებულ შეხვედრებს უნდა ჰქონდეს. ასეთი შეხვედრების ფორმატში გამორიცხულია პოლიტიკოსის მიერ მოსახლეობისთვის თავისი პროგრამის გაცნობა,  მსჯელობა და რეალური პოლიტიკის წარმოება.

ეს ყველაფერი იყო პირველ ტურამდე. ტურებს შორის მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

კამპანია საპრეზიდენტო კანდიდატის დაბალი ხილვადობით

ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტიის მიერ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის არდაყენებას იმით ხსნიდა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უმჯობესი იყო, თუ მომავალი პრეზიდენტი ქართული ოცნების რიგებიდან არ იქნებოდა. მისი მოსაზრებით, პრეზიდენტად დამოუკიდებელი ან ოპოზიციის კანდიდატის გასვლა, ერთი მხრივ დააბალანსებდა ოცნების ძალაუფლებას, რომელიც ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას პარლამენტში, ხოლო მეორე მხრივ, ხელს შეუწყობდა ქვეყანაში პოლიტიკური ისტაბლიშმენტის განვითარებას“.

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, მმართველი ძალის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის დამოუკიდებლობა უფრო და უფრო ნაკლებად დამაჯერებელი ხდებოდა. მას ფულს სწირავდნენ უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატები, შეხვედრებზე დაყვებოდნენ მაჟორიტარები, მიმართვებს ავრცელებდნენ მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა ეს ყველაფერი შესავალი აღმოჩნდა იმის, რაც მოხდა პირველ ტურში ვერ მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

პრეზიდენტობის კანდიდატი ფაქტობრივად გაქრა როგორც საჯარო სივრციდან, ისე სარეკლამო მასალებიდან და ბილბორდებზე, სარეკლამო რგოლებსა და მედიაში მის ნაცვლად ამომრჩევლის გულის მოგება მმართველი პარტიის წარმომადგენელმა კაცებმა აიღეს საკუთარ თავზე, ქალები კი აკეთებდნენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა.

პატრიარქალური კულტურისთვის მისაღები და დემოკრატიულ სივრცეში მიუღებელი ჟესტი იყო სალომე ზურაბიშვილის შვილის მიერ მისი მეტოქის, გრიგოლ ვაშაძის შვილის სატელევიზიო დებატებში გამოწვევა  და ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები სალომე ზურაბიშვილის პირად ცხოვრებასა და მის ქორწინებებზე, რომელიც შესაძლოა მიუღებელი და აღმაშფოთებელი ყოფილიყო ამომრჩეველთა ნაწილისთვის. პოლიტიკოსი ქალი, როგორი მონდომებითაც არ უნდა ცდილობდეს, მოირგოს უმრავლესობითვის მისაღები ფორმა, მაინც უფრო მკაცრად განიხილება, ვიდრე კაცი პოლიტიკოსი, იმისდა მიუხედავად, არის ეს პირადი თუ საზოგადოებრივი საკითხი.

რა უნდა გვახსოვდეს, როცა ვამბობთ ან გვესმისპირველი ქალი პრეზიდენტი

ქალი პრეზიდენტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საგულისხმო ამბავი შეიძლება იყოს. პოლიტიკურ ველზე, სადაც უმრავლესობა და მყარი პოზიციები კაცებს აქვთ, ქალების მოხვედრა მაღალ სახელმწიფო პოზიციებზე, მნიშვნელოვანია როგორც თავად ქალი პოლიტიკოსებითვის, ასევე ადამიანის უფლებების გაძლიერების, გენდერული დღის წესრიგის შემოტანის, მეტად თანასწორი პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, “პირველი ქალი პრეზიდენტი” დადებითი კონოტაციის სიტყვათშეთანხმებაა, თუმცა ისევ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების გაძლიერების, გენდერული დღის წესრიგის შემოტანის და მეტად თანასწორი პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რის ფასად და როგორ მოვედით ქალი პრეზიდენტის არჩევამდე.

  • საქართველოს ქალი პრეზიდენტი პრეზიდენტი გახდა არა იმის გამო, რომ ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო ან გამორჩეულად ძლიერი ქალი პოლიტიკოსი, არამედ იმის გამო, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერით ისარგებლა, რომელმაც არ დაიშურა კაცი პოლიტიკოსები კამპანიაში ჩასაბმელად, ფულადი და ადმინისტრაციული რესურსი და ამ “ხელგაშლილობით” აზრი დაუკარგა კანდიდატის დამოუკიდებლობას. შედეგად მივიღეთ მმართველ პარტიაზე დამოკიდებული პრეზიდენტი, რომელიც დამოუკიდებლად არჩევნებს ვერ მოიგებდა.
  • საქართველოს ქალი პრეზიდენტი, პრეზიდენტი გახდა იმ კომპრომისის სანაცვლოდ, რის გაკეთებასაც, სავარაუდოდ, არასოდეს მოსთხოვდნენ კაც პოლიტიკოსებს. არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე პერიოდში “უჩინმაჩინის მოსასხამში” გახვეულმა დაუთმო მმართველი პარტიის ლიდერებს საკომუნიკაციო არხები: ბილბორდები, ვიდეო რგოლები და ფაქტობრივად დაადასტურა ის, რასაც ვიდეორგოლებში ამბობდა, რომ  ქალის სიძლიერე კაცების გარეშე შეუძლებელია.
  • საქართველოს ქალი პრეზიდენტის კაპიტალს არა მისი პოლიტიკური წონა, არამედ ის იმიჯი შეადგენს, რომელიც ერგება პარტიარქალური კულტურის მოთხოვნებს: ლამაზი ქალი შვილების გარემოცვაში, რომლებსაც ემიგრაციაში მშობლიური ენა ასწავლა, ბაბუას სახლიდან დაწყებული საარჩევნო კამპანია, დაპირებები მეგრული ოდის დაცვისა და რელიგიური ტურიზმის აყვავების შესახებ, ზედმეტად მოწიწებული დამოკიდებულება მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და მათი ჩარევის დაშვება საარჩევნო პროცესში, რომლის მაღალი იერარქებიც არალოიალურად იყვნენ მის მიმართ განწყობილები არჩევნების პირველ ტურამდე და დაპირებები იმის შესახებ, რომ ქალი პოლიტიკაში სიმშვიდესა და სტაბილურობას მოიტანს.
  • საქართველოს ქალი პრეზიდენტისგან ნაკლებად მოსალოდნელია ქალების გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის წარმოება იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მას არჩევნებამდეც კი, როცა ამომრჩევლის გულის მოგება მნიშვნელოვანი იყო, არ აღმოაჩნდა დრო ქალთა შეხვედრებში მონაწილეობისთვის, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მისი აპარატის ერთ-ერთ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშნა ქალთა სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ზვიად დევდარიანის ადვოკატი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ამართლებდა არგუმენტით: რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ ასეთ ადამიანზე არჩევანის გაკეთება კიდევ უფრო მძიმეა იმ წინასაარჩევნო დაპირებების ფონზე, სადაც ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობდა, რომ მის გუნდსა და ადმინისტრაციაში ყველა განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა ყოფილიყო გამორჩეული.
  • ქალი პრეზიდენტი არის ცუდი მაგალითი სხვა ქალი პოლიტიკოსებითვის, რომლებსაც სურთ და ცდილობენ, დამოუკიდებლად, საკუთარი ნიჭისა და მონდომების საშუალებით აღმოჩნდნენ მნიშვნელოვან პოზიციებზე და ცუდი არგუმენტი ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე მსჯელობისთვის, ვინაიდან ის ვერ იქნება ასოცირებული იმ სიკეთეებთან, რასაც პრინციპული პოლიტიკოსი და ქალების პოლიტიკაში მონაწილოება შეიძლება ნიშნავდეს.

და ბოლოს, მომდევნო 6 წლის განმავლობაში, როცა დავინახავთ ან გავიგონებთ პირველ ქალ პრეზიდენტს, უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა პოლიტიკაში გენდერული დღის წესრიგის შემოსატანად, ქალების გასაძლიერებლად და მასკულინური წყობის დასარღვევად ჯერ კიდევ წინ გვაქვს და ამ ბრძოლაში მტკიცე პრინციპების, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალების მაღალი კონცენტრაციაა საჭირო. ქალების, რომლების დამოუკიდებლობაც არ გააჩენს კითხვის ნიშნებს, რომლებიც მწყობრი ღირებულებითი სისტემით იხელმძღვანელებენ და არ იქნებიან თანახმა,  კაცებმა დაიკავონ მათი ადგილი, თუნდაც მარცხის ან არადამაჯერებელი გამარჯვების შემთხვევაში. დიახ, კარგია ეს თუ ცუდი,  რეალობაა, რომ ქალი პოლიტიკოსების მიმართ მოთხოვნები უფრო მკაცრია. პოლიტიკურ ბრძოლის ველზე, სადაც უხვად არიან  არაკომპეტენტური, არამგრძნობიარე და უპრინციპო პოლიტიკოსი კაცები, ქალებს  ადგილის დასამკვიდრებლად მეტი ძალისხმევა ჭირდებათ და ამ ბრძოლის ველზე ერთი ქალის შეცდომების გამო, ბევრი სხვა ქალი იხდის ძვირ ფასს, ერთი ქალის გამარჯვება კი ბევრ სხვას აძლიერებს.