სომხური ემანსიპაციის ისტორია: გრძელი გზა განთიადამდე

Read in Armenian 

Read in English

რევოლუცია სომხეთში, გაღიმებულ ადამიანებს ხელები ზემოთ აქვთ აწეული და ხარობენ
(მკითხველს მოგიწოდებთ, მთლიანი სტატია წაიკითხოთ. თუ გარკვეული მიზეზით ვრცლად გაცნობა არ გსურთ, ეპიზოდებს გადაახტით).
 
გავიღვიძე და ვიცოდი, ამჯერად ცენტრში მანქანით ვერ მოვხვდებოდი. 2018 წლის 16 აპრილის დილა ბევრისთვის იყო დატვირთული – ვისაც ნეპოტიზმი, კორუფცია და მთავრობისაგან საკუთარი ხალხისაგან იზოლაცია მობეზრდა. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა მოქალაქეებს მთავარი გზების, ხიდებისა და სხვა საკვანძო ადგილების გადაკეტვისაკენ მოუწოდა. იმედგაცრუებულ მოქალაქეებსა და მმართველ ელიტას შორის მშვიდობიანი დაპირისპირების მესამე დღე გადიოდა.  
 
გზას მანქანით დავადექი, გასაჩერებლად და სამსახურამდე ფეხით რვა კილომეტრის გასავლელად ვემზადებოდი. ზედ ციცაბო აღმართის კიდეზე ჩემი ყურადღება ჩოჩქოლმა მიიქცია. სანამ სრულ სცენას ბუნდოვნად დავინახავდი, ყურით აღვიქვი ხმაური, უწმაწური სიტყვების ექო, ყვირილი. ახალგაზრდა ბიჭები და გოგოები მანქანებს თავიანთი სხეულებით აჩერებდნენ. ზოგი ასფალტზე იჯდა, ზოგი მანქანების წინ იდგა და მათ გაწევას შედეგიანად ან უშედეგოდ ცდილობდა. ერთი გოგო გამოკვეთილად ჩანდა, მოხუცი კაცის ხვეწნას, ყვირილსა და აღელვებულ მოთხოვნებს მარტო უძლებდა. კაცი საავადმყოფოში მყოფი ცოლის მოსანახულებლად მიდიოდა. მორალურ წნეხს ფიზიკური ზემოქმედებაც დაემატა, თუმცა გოგონას უკან არ დაუხევია. ის შეუდრეკელი იყო, ლიდერმა ქუჩების გადაკეტვა მოითხოვა და გოგონა ლაჩარი არ გახლდათ, რომელსაც მოპოვებული მიწის ნაგლეჯის შენარჩუნება არ შეეძლო. 
 
გონებამ საკუთარი მოზარდობისკენ წამიღო, ფერები უკვე გახუნდა, თუმცა ქმედებები და სახეები არასდროს ყოფილა ასეთი ცხადი. 1988 წელს ქალაქი დემონსტრაციებმა და აქციებმა გააჩერა: აზერბაიჯანის სსრ-ში მყოფ  ეთნიკურად სომხურ ანკლავთან გაერთიანებას ითხოვდნენ. ეს ყველაფერი დოკუმენტური ფილმივით წარმომესახა. კაცები და ქალები, უმეტესად ქალები, რომლებიც ერევნის ქუჩებში დაუღალავად დადიოდნენ, დღეეების განმავლობაში იდგნენ და მეზობელი ქვეყნის ეთნიკური უმცირესობისათვის სამართალს ითხოვდნენ. ამ მოძრაობის ქალები თვალშისაცემად აქტიურობდნენ. უშიშრები და მამაცები, ზოგს ჯავშანტანკსაც ეძახდნენ. ისინი ფრონტის ხაზთან იდგნენ, ხანდახან საბჭოთა ტანკებისა და ჯარისკაცების წინააღმდეგაც, ოპერის შენობა ტერორს იწვევდა, შეცბუნებულ პოლიციას წინააღმდეგობას უწევდნენ და დიასახლისებისა და დედების ტრადიციულ ვალდებულებებს უხეშად არღვევდნენ. ისინი პოლიტიკური მოწიფულობის გაუგონარ აქტს სჩადიოდნენ. ისტორია მანდ დამთავრდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, წამყვან როლებზე აქტიურობა აღარ გაუგრძელებიათ. ამის ნაცვლად ისევ უკანა ფონზე გადაინაცვლეს, სამზარეულოებსა და ტრადიციულ როლებს დაუბრუნდნენ. აპრილის იმ დღეს, ოცი წლის შემდეგ, ვიგრძენი, როგორ შემეკუმშა გული. ისტორია მეორდება-მეთქი, გავიფიქრე. 
 
23 დღით წინ გადავინაცვლოთ. 8 მაისს, მთელი ერის წინაშე, რომელიც მთავარი მოედნიდან დაწყებული, სახლებითა და ოფისებით დამთავრებული,  ყველანაირ ეკრანებს მიწებებულიყო, პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებამდე, ნიკოლ პაშინიანმა განცხადება გააკეთა. მან ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა უპრეცედენტო მონაწილეობა აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ ეს განცხადება უდავოდ გაზვიადება იყო, მაინც განსაკუთრებული გახლდათ, რადგან ქალებზე ყურადღება სომხეთის თანამედროვე ისტორიის განმავლობაში ჯერ არცერთ ლიდერს არ გაუმახვილებია. გეგონება, ესეც არ კმაროდა, მომავალმა პრემიერმა აღნიშნა, რომ სიყვარულისა და სოლიდარობის სახელით ცნობილი რევოლუციის წარმატება ქალების გაძლიერებული მონაწილეობის შედეგია. მან ქალებს მიმართა, შესთავაზა პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა, როგორც ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების წინაპირობა. ეს სენსაციური მოწოდება იყო. 
 
შემდეგი დღეები მთავრობის წევრების დანიშვნითა და სოციალურ მედიაში გამართული აქტიური დისკუსიებით გამოირჩეოდა. მოწოდებას ბევრმა ქალმა უპასუხა და ამა თუ იმ თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინა. ქალები დაუპირისპირდნენ თანამდებობებზე ექსკლუზიურად კაცების დანიშვნას და თავიანთი უკმაყოფილება გამოხატეს. ისინი თვლიდნენ, რომ ეს რევოლუციას აზიანებდა. ახალ კაბინეტში მხოლოდ ორი ქალი იყო. საინტერესოა, რომ ამას დამაკმაყოფილებლად ამჯერად 47 პროცენტი  არ მიიჩნევდა, როგორც ამის შესახებ საჯარო ჟურნალიზმის კლუბმა გვაცნობა. მოგვიანებით საპარლამენტო ფრაქციის პირველი ქალი თავმჯდომარე აირჩიეს, აღმავალი პოლიტიკური ვარსკვლავი, რომელიც ყველა სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი ქალისაგან გამოირჩეოდა. ლენა ნაზარიანი ფრაქცია იელკის თავმჯდომარე გახდა. ამ ძალამ მშვიდობიანი პროტესტი და ძალაუფლების გადაცემის პროცესი წამოიწყო. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი უკვე საპარლამენტო და არა საპრეზიდენტო რესპუბლიკაში ვითარდება. 
 
ოცი წლის წინ ქალების მიერ გაწეული ძალისხმევა და სიძლიერე არ განსხვავდებოდა მათი ქალიშვილების ქუჩებში გამართული აქციებისაგან, თუმცა მათთვის განთიადი არ დამდგარა. მომავალმა თაობამ აქტიურობის სანაცვლოდ პოლიტიკური წარმომადგენლობა და კაცებთან თანასწორების დადასტურება მოითხოვა. რა იყო განსხვავებული, რამაც ეს შესაძლებელი გახადა? მაშინ რატომ არ გამოვიდა და ახლა რატომ გამოვიდა?  
 

***

 
ფაქტია, რომ ტრანსფორმაციის „ამინდს“ ნებისყოფა და მანიფესტი ქმნის. მიუხედავად ამისა, კვლავაც მნიშვნელოვანი რჩება წარსულისა და აწმყოს საძირკველი, რადგან ღირებულია ის საფუძვლები, რომლებზეც ჩვენს იდენტობებს ვაშენებთ. დიდი განსხვავებაა 80-იანი წლების საბჭოთა ქალების დღის წესრიგსა და თანამედროვე ქალებისათვის ხელმისაწვდომ, ცვლილებებს დაქვემდებარებულ და განხორციელებად დღის წესრიგს შორის. შესაბამისად, ფონად არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ძალების გაცნობიერება სიმართლის გარკვეული ელფერის დადგენისათვის აუცილებელია. 
 

ეპიზოდი 1: ადამიანის უფლებათა საბჭოთა სტილის დღის წესრიგი 

 
საბჭოთა კავშირის ავღანეთში შესვლისას ეკონომიკა უკვე შელახული იყო, ის თავისი შესაძლებლობის 70%-ს ჯარსა და იარაღის წარმოებას უთმობდა, მომხმარებელს კი გეგმური ეკონომიკის დასალიერში ათავსებდა. ერთპარტიული სისტემის ქვეშ საბჭოთა ადამიანი თავს უფლებაწართმეულად და ეკონომიკურად შევიწროებულად გრძნობდა. ომის ტოტალური მანქანა, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირებას კვებავდა, გამოუსადეგარი აღმოჩნდა... ომის ცნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განვითარდა, მუჯაჰიდების პარტიზანულმა ტაქტიკამ კი საბჭოთა ჯარის, ტექნოლოგიისა და სტანდარტული ოპერაციების მოწყვლადობა გამოავლინა. შედეგად, დაღუპული ადამიანების შესახებ ინფორმაციის დამალვა ისეთ ქვეყანაშიც კი გართულდა, სადაც მედია მკაცრად კონტროლდებოდა. 
 
საბჭოთა სუპერძალის კიდევ ერთი მოწყვლადობა 80-იანების პოლონური სოლიდარობის მოძრაობამაც გამოააშკარავა. ადრეული პრეცედენტებისაგან განსხვავებით, სსრკ-მ ქვეყანაში ძალოვნები არ შეიყვანა და, ამის ნაცვლად, სიტუაციის მოგვარება ადგილობრივ ხელისუფლებას გადააბარა. ეს ქმედება დასავლეთმა იმის ნიშნად აღიქვა, რომ საბჭოთა კავშირის ეკონომიკა შეუქცევადად დაუძლურდა და რომ ბოლო დარტყმა იმპერიას ჩაამუხლებდა. 1972 წელს იარაღის სტრატეგიული შეზღუდვის (SALT II) მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ადრეულ 1980-იანებში გაგრძელდა, ახლა კი ეს მოლაპარაკებები ახალი სტრატეგიული თავდაცვით შეიცვალა. მას „ვარსკვლავური ომების“ სახელით იცნობდნენ. დაიგეგმა ანტიბალისტიკური ფარის შექმნა, რომელიც სსრკ-ს პირველი ბირთვული დარტყმის წინაშე დაუცველს გახდიდა. და მართლაც, მაშინდელმაპოლიტბიურომ საპასუხოდ დანახარჯები გაზარდა, რითიც ისტორიის დასასრულის მოახლოება დააჩქარა. 
 
ერთი შეხედვით, 1986 წლის 26 აპრილს მომხდარი ჩერნობილის კატასტროფა ზემოხსენებულთან დაუკავშირებელი მოვლენა იყო. სინამდვილეში კი, ამ დროს გამოაშკარავდა ადრეული სამოციანების შემდეგ არსებული იატაკქვეშა ფარული ქსელი, რომელსაც ეკოლოგიური საკითხები აწუხებდა, რაც „პერესტროიკის“ დაწყების მამოძრავებელი ძალა აღმოჩნდა. როდესაც „პერესტროიკის“  დევიზად „გლასნოსტი“ გამოცხადდა, ეკოლოგიურმა საკითხებმა ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია, რასაც შედეგად განმათავისუფლებელი მოძრაობები მოჰყვა. საწყის ეტაპზე, წინადადება გარემოს დაცვის საჭიროების შესახებ კგბ-ს ხელმძღვანელთან, ანდროპოვთან დაახლოებული პარტიული ელიტის თანხმობით  დაიშვა. A la Sovietique ინდუსტრიალიზებულ ახლად შექმნილ საშუალო კლასს თავისი ცხოვრების სტილის შესაბამისი დისკურსი სჭირდებოდა, რომელიც ამავდროულად კომუნისტურ დოქტრინასაც გაუწევდა სამსახურს. ინდუსტრიულ სამხედრო ნომენკლატურასა და სამხედრო ელიტას დიდი გავლენა ჰქონდა იმდროინდელ პოლიტიკურ ელიტაზე და ახალმა დისკურსმა ეს ექსპანსიონისტური ძალები დაამუხრუჭა. ამას მოჰყვა დასავლეთ ევროპაში ადრეულ 80-იანებში ახალწამოწყებული მწვანე მოძრაობები, რასაც ფონად პერშინგის ამერიკული რაკეტის განხილვები გასდევდა. საბჭოთა კავშირს დასავლეთ გერმანიის „ალტერნატიული ეკოლოგიური სოციალიზმის“ იდეებთან გაერთიანების იმედი მიეცა. საბჭოთა კავშირმა ვერ გაიაზრა, რომ გარემოს დაცვისა და შენარჩუნების საკითხები გეგმური ეკონომიკის გადახედვას და ადამიანის საჭიროებებზე მორგებული ეკონომიკის მოთხოვნას გამოიწვევდა. 
 
როდესაც 1986 წლის დეკემბერში მიხაილ გორბაჩოვმა ანდრეი სახაროვს დაურეკა და, გადასახლებისა და დაპატიმრების შემდეგ, ელენა ბონერთან ერთად მოსკოვში დაბრუნება შესთავაზა, საბჭოთა ადამიანების დღის წესრიგს „გლასნოსტი“ და „პერესტროიკა“ განსაზღვრავდა. საბჭოთა დისიდენტები ბევრისათვის მშვიდობისა და ჰუმანოცენტრიზმის სიმბოლოს წარმოადგენდნენ და მათი მოწვევა სისტემაში არსებული ნაპრალების ამოვსების მცდელობად აღიქმებოდა. დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველი შედეგების გაცნობიერების შედეგად, გამოჩენილ ფიზიკოს სახაროვს სჯეროდა, რომ ბირთვულ პროექტებზე მუშაობა ბალანსის შენარჩუნების გზით მშვიდობას უზრუნველყოფდა. ავღანეთში შესვლისა და შეწყვეტილი SALT მოლაპარაკებების შედეგად, სახაროვის ეჭვები გამართლდა. 60-იანების ბოლოდან მოყოლებული, ის ხმამაღლა დაუპირისპირდა ბირთვულ პროგრამებს და რბოლას შეიარაღებისათვის. ასევე, ყურადღება გაამახვილა მუშათა ეკონომიკურ უთანასწორობაზე, სინიავსკისა და დანიელის ფარულ დაპატიმრებებზე, რითაც იმპერიაში არსებულ, დაფარულ დისიდენტურ მოძრაობებს შეუწყო ხელი. 1970 წელს დაარსებულმა ადამიანის უფლებების კომიტეტმა, იმდროინდელმა მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფმა „კომუნიზმის გზის“ მორალური დაშლის გზავნილი გაუშვა, ადამიანის საჭიროებები (უფლებები და თავისუფლებები) უფრო დიდი სისტემის ჭრილში განიხილა და მეინსტრიმული და ალტერნატიული გზის დისკურსის საწყის წერტილად გამოაცხადა.   
 

ეპიზოდი 2: ეკონომიკა, რომელიც კომუნისტურ იდეალებს ვერ გასწვდა 

 
რამდენად შეეძლო საბჭოთა ხალხს ეკონომიკური ბერკეტებისა და ძალაუფლების გამოყენება, როდესაც დღის წესრიგში ადამიანის უფლებები დაისვა? გარედან ისე ჩანდა, რომ ინდუსტრიული სამხედრო მექანიზმები და კოლექტიური მეურნეობა, რომლებსაც მოსკოვიდან ზემოდან ქვემოთ მართული სამინისტროები და დედაქალაქები უძღვებოდნენ, მათ შესაძლო ომებისა და შიმშილობისაგან იცავდა.  სინამდვილეში კი კაცებიც და ქალებიც მუდმივ დეფიციტს განიცდიდნენ, რადგან მსხვილი ქარხნების მმართველები პასუხს მყიდველის კი არა, სახელმწიფოს წინაშე აგებდნენ. ყვაოდა შავი ბაზარი და დახლქვეშა გარიგებები, რამაც პროდუქტებსა და მომსახურებაზე პრივილეგირებული წვდომის არათანაბარი პირობები შექმნა. 1990 წელთან შედარებით, ტიპური მუშის პროდუქტიულობა განახევრებული იყო, სოფლის მეურნეობის სფეროში კი – მესამედით შემცირებული. 80-იანი წლების ისტორია არასანქცირებულ დამატებით სამუშაოს მოიცავს. შავ ბაზარზე გავრცელებული იყო დამატებითი მუშაობა, გადაქირავება ან გადაყიდვა (სპეკულაციის ბრალდების რისკით) და ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი იერარქია და წყობა, რომელიც გენდერსაც მოიცავდა.  
 
საყოველთაო ომის დასრულებას საყოველთაო წარმოების კლებაც მოჰყვა. გეგმური ეკონომიკა ადამიანების ყველაზე საბაზისო საჭიროებასაც ვერ უზრუნველყოფდა. ცენტრალურ აზიაში არსებული დემოგრაფიული აფეთქება დასაქმების ბაზარს დააწვა, ბევრი ადამიანი დამაკმაყოფილებელი სამსახურის გარეშე დარჩა. უფრო მწყობრ ბაზარზე, იქ, სადაც ნაკლები შობადობა შეინიშნებოდა, საბჭოთა კავშირში არსებული უმაღლესი განათლების ადვილი ხელმისაწვდომობა ხელს უშლიდა ამბიციური ადამიანების კარიერულ წინსვლას, რამაც ბევრს უბიძგა, გაჩენილ კითხვებზე პასუხები ეთნიკურ ნიადაგზე აღქმულ დისკრიმინაციაში მოეძია. აღზევდა ნაციონალიზმი. გორბაჩოვმა „პერესტროიკა“ ზუსტად ასეთ კონტექსტში გამოაცხადა – რბოლა შეიარაღებისათვის, ადამიანის უფლებების სფეროში გლობალურად შელახული რეპუტაცია, უახლოეს საზღვრებზე რეაგირების შეზღუდული შესაძლებლობა. თავდაპირველად, „პერესტროიკის“ მიზანი ეკონომიკის რეფორმა იყო. ეს ეკონომიკური კოლაფსის ფონზე „ლურჯსაყელოიანი“ დასაქმებულების სამსახურების შენარჩუნებისა და „თეთრსაყელოიანი“ დასაქმებულების პოლიტიკური უკმაყოფილების შეჩერების მცდელობას წარმოადგენდა, თუმცა, ამაზე არ გაჩერებულა. „გლასნოსტისათვის“ უამრავი ფაქტორი დაგროვდა, როგორღაც ეს სიტყვის თავისუფლების რუსული ეკვივალენტი გახდა. ამჯერად, ეკონომიკურ რეფორმას თან მეტი გამჭვირვალობა ახლდა, თუმცა პირველმა მეორეს ფეხი ვერ აუწყო. იმჟამინდელი ნომენკლატურისათვის ნათლად გასაგები ეკონომიკური მექანიზმისაგან განსხვავებით, ხუფაუხდელი იატაკქვეშეთის დისკუსიები და ქსელი დანაღმული ველი აღმოჩნდა, რომელიც საბჭოთა მმართველობას ხელში აუფეთქდა. ფარული ბუნების გამო, იატაკქვეშეთმა დისიდენტური მოძრაობის ლიდერებს ბევრი სიურპრიზი დაახვედრა: ბევრმა ემანაციამ ეთნიკური ელფერი შეიძინა, ხოლო თავისუფლება და უფლებები ნაციონალურ განმათავისუფლებელ მოძრაობებში გადაიზარდა.  
 
ეპიზოდი 3: ქალები განსაწმენდელში: გათავისუფლებისა და ორმაგი ტვირთის აღიარებული განცდით 
 
გასაკვირი არაა, რომ, აღნიშნული ტექტონური ძვრების ფონზე, ქალთა საკითხები, რომლებიც ისედაც სრულად არ დამკვიდრებულა, ამ ყოვლისმომცველ და სასწრაფო ნაციონალურ იდეაში ჩაიკარგა. 1970 წლისათვის უმაღლესი განათლების დაწესებულებებსა და მთავრობაში დასაქმებულთა ნახევარზე მეტი ქალი იყო. მოუხედავად ამისა, ქალები ეკონომიკურად და პოლიტიკურად „შუშის ჭერს“ და სეგრეგაციას აწყდებოდნენ, ამ დროს კი სახელმწიფო პროპაგანდა ამტკიცებდა, რომ „ქალთა საკითხი“ (женский вопрос) სსრკ-ის საზღვრებში მოგვარებული იყო.  იმჟამინდელ ქალებს ორმაგი ტვირთის ზიდვა უწევდათ: ასრულებდნენ როგორც სამსახურეობრივ, ისე დიასახლისის მოვალეობებს. ამ ისტორიას მეორე საინტერესო მხარეც აქვს: რადგან ეკონომიკამ ოჯახის ეფექტური დაგეგმარება ვერ უზრუნველყო, კონტრაცეპციის ფუნქცია აბორტმა იკისრა. თუმცა, ისტორიული პერსპექტივით თუ განვიხილავთ, დედებსა და ბებიებთან შედარებით, საბჭოთა მმართველობის დროს ქალების ცხოვრება გაუმჯობესდა.
 
და მაინც, როდესაც 1987 წელს საბჭოთა ქალების კომიტეტმა „женский вопрос“-ის საბჭოთა გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ქალების ცნობიერება იმდროინდელ დასავლეთში არსებული გენდერის ცნებებისგან შორს იდგა. 80-იანების ეკონომიკური სიდუხჭირის, ძველი ბიუროკრატიული წესით ორგანიზაციების კონტროლის, 60-იანებისა და 80-იანების ფემინისტური მოძრაობებისგან იზოლაციისა და „გლასნოსტის“ მიერ შემოყრილი ზღვა ინფორმაციის ფონზე, ქალების გაერთიანებული მიდგომა მიიჩქმალა. დამატებით, „ლურჯი“ და „თეთრი“ საყელო აქაც შეინიშნებოდა, გართულდა მრავალი იდენტობის გაერთიანება. ერთ მხარეს ტრადიციული ქალები იდგნენ, უმეტესად გლეხები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის თაობას მიეკუთვნებოდნენ. მეორე მხარეს კი – საბჭოთა ქალები, გათავისუფლებულნი და წნეხდადებულნი, განათლებული მუშა-დედები, რომლებიც მძიმე მუშაობისა და თვითშეწირვის განსახიერებას წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, იმდროინდელი ახალგაზრდა ქალების დიდ ნაწილს საბჭოთა ქალის იდეალები არაფრად ეპიტნავებოდა, ისინი განსხვავებულ ქალურ მისიას ეძებდნენ და გამდიდრების მოკლე გზებს ცდიდნენ, უმეტესად გათხოვების გზით. გლობალური ფემინისტური მოძრაობებისაგან იზოლაციამ თვითაღქმა პროტოფემინიზმის სტადიაზე გაჭედა და ცვლილებების ზღვაში ეს მიმდინარეობა ჩაძირვისა და დაშლისათვის იყო განწირული.  
 

***

 
2018-ში დავბრუნდეთ. ყველაფერი ძალიან შეიცვალა. ურბანულმა ქალებმა სახელმწიფო ზედამხედველობისაგან თავისუფალი განათლება მიიღეს და ნელ-ნელა თავიანთ დასავლურ კოლეგებს შეუერთდნენ. უცხოური უნივერსიტეტების გრძელ ან მოკლევადიან, ან თუნდაც ონლაინკურსებზე ბევრი ჩაეწერა და ალტერნატიული კულტურული და განათლების გამოცდილების შედეგად ბევრად შეიცვალა მათი პოლიტიკური და ეკონომიკური მოთხოვნები. ისინი იმ პოლიტიკურ სისტემაში მოღვაწეობდნენ, რომელიც ახლა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ფუნდამენტურ ხელშეკრულებებს in superficiem (ზედაპირზე) მხარს უჭერდა, ქვეყანაში, რომელმაც მრავალპარტიული დემოკრატია და ღია ბაზარი დაუფარავად აღიარა. ქალები უმეტესად საჯარო სექტორში მუშაობდნენ, მამაკაც კოლეგებთან შედარებით საშუალოდ ორი მესამედით ნაკლებ ხელფასს იღებდნენ, თუმცა დიდ ურბანულ ცენტრებში შეინიშნებოდა კარიერული ზრდა კერძო სექტორებში. ისინი საქმიანობდნენ ისეთ გარემოში, რომელშიც მიწა ხალხს დაუბრუნეს, სახელმწიფო ქონება პრივატიზდა და 2018 წლისათვის ეკონომიკა ვითარდებოდა, ხოლო ისეთი სექტორები, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, შემოსავლიანი გახდა. 
 
როდესაც მშვიდობიანი პროტესტის ლიდერები დააპატიმრეს, რეჟიმს მათი თავების მოკვეთა სურდა. მაგრამ, 2018 წლის 22 აპრილს, რესპუბლიკის გადაჭედილ მოედანზე სცენაზე ქალები ავიდნენ და დამუხტულ საზოგადოებას მეორე სუნთქვა გაუხსნეს. დისკურსი ძალიან პოლიტიზებული იყო, ხოლო გამოძახილი – მასობრივი. მოგვიანებით, იმ ღამით, უცებ აღმოცენდა ტაფებისა და სათლების პროტესტი, რომელმაც გულდანდობილი ხალხი შეაწუხა. ქალებმა მიიღეს გადაწყვეტილება, თავიანთი დებისთვის მოეწოდებინათ, პროტესტს შინიდან გაუსვლელად შეერთებოდნენ. 25 აპრილს, ზარა ბატოიანმა, იმდროინდელმა აქტივისტმა, რომელიც ახლა შრომისა და სოციალური საკითხების მინისტრის მოადგილეა, გამოაცხადა, რომ ტაფებისა და სათლების პროტესტი მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ მოძრაობის ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა. ზედაპირზე ამოტივტივდა სიღრმეში მიმალული ძალები, რომლებიც განმარტებას საჭიროებდა.  
 
ტელეფონი ყოველ წამს რეკავდა. დაძაბულობასა და ხუმრობებს შორის, იდეების განხილვა, ახალი ამბების გაზიარება, შესაძლო რისკების თაობაზე გაფრთხილება მიმდინარეობდა. ქალაქის ყველა კუთხეში უამრავმა ქალმა კონცენტრირებული პროტესტი გამოხატა, მცირე-ჯგუფური-გაშლილი-ქუჩების გადამკეტი ოპერაციები გამართა. ისინი მუდამ მოძრაობდნენ და ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ერთმანეთს ან პირადად იცნობდნენ, ან სანდო ქალი მეგობრებისაგან. ქალთა საკითხების ყველას სჯეროდა, თუმცა 30-იანების „женский вопрос“-ისა და 80-იანების დედებისაგან განსხვავებით, მათ ერთი ნაბიჯით წინ წაიწიეს. ამ დროისათვის უმეტესობა ფემინიზმის მთავარ იდეებს, განმსაზღვრელ ნაწერებს, დისკურსს იცნობდა და ბევრი მათგანი ფემინიზმის ამა თუ იმ ქვეტიპს მისდევდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში შეკრებილები ცხარე დებატებში შედიოდნენ და სწორი გზის დადგენას ცდილობდნენ, ყველას სჯეროდა: მოძრაობა საჭიროა, საქმე ბოლომდეა მისაყვანი და მათი დები უნდა გათავისუფლდნენ. ზუსტად ასე აღიქვამდნენ სხვა ქალებს – დები. ისინი სხვადასხვა სოციალური ფენიდან მოდიოდნენ, ბევრი მათგანი ქალთა უფლებების დაცვის სხვადასხვა ფორმატში იყო ჩართული. ზოგიერთი ქალთა გამოჩენილი უფლებადამცველი იყო, რომელიც ამ მიმართულებით მთელი ცხოვრება მოღვაწეობდა. ონლაინქსელსა და ცოდნის საერთაშორისო კერებზე ხელმისაწვდომობა ყველას ჰქონდა და უმეტესობა აქტიურად ეკონტაქტებოდა აქტივისტებს სხვა ქვეყნების ცხელ წერტილებში. ისინი ბევრად განსხვავდებოდნენ თავიანთი მარტოსული და კუთხეში მიმწყვდეული დედებისაგან. ამიტომ, როდესაც დანიშვნების დრო დადგა, არავის გაჰკვირვებია, რომ მმართველები შეაწუხეს და დაპირებებთან ერთად, სიტყვის საქმით დამტკიცება მოითხოვეს. 
 

ლიტერატურა:

 
1. Crane, E. H. (1990). Private Property and Perestroika. Vital Speeches of the Day, 57(2), 58.
2. Economic Reform and War. (2006). Demokratizatsiya, 14(2), 184–192.
3. HARRISON, M. (2017). The Soviet Economy, 1917-1991: Its Life and Afterlife. Independent Review, 22(2), 199–206. 
4. Holmes, L. (2013). Perestroika: A Reassessment. Europe-Asia Studies, 65(2), 186–197. 
5. KOLST, P. (2008). Nationalism, ethnic conflict, and job competition: non-Russian collective action in the USSR under perestroika. Nations & Nationalism, 14(1), 151–169. 
6. Pastukhov, V. B. (2012). Perestroika, Second Edition. Russian Social Science Review, 53(6), 62–90. 
7. Николаевич, Ш. С. (2015). Суверенизация Советских Республик В Период Распада Ссср Через Призму Государственных Праздников. Society: Politics, Economics, Law, (4), 24–27.
8. Noonan, N. C. (1994). Does consciousness lead to action? Exploring the impact of perestroika and post-perestroika on women in Russia. Journal of Gender Studies, 3(1), 47. 
9. Raviot, J.-R. (2002). Ecology and the Deep Forces of Perestroika. Diogenes, 49(194), 120.
10. Sixsmith, M. (2012) Russia: A 1,000-Year Chronicle of the Wild West. BBC Books: The Random House Group Limited.
11. Tikhomirov, V. (2000). The Second Collapse of the Soviet Economy: Myths and Realities of the Russian Reform. Europe-Asia Studies, 52(2), 207–236. 
12. Zvonovskii, V., & Belousova, R. (2007). Young People in the Secondary Employment Market. Russian Education & Society, 49(5), 26–48.