„ჩცდ“-იდეოლოგია თუ რეალობის ანარეკლი?

„ჩემი ცოლის დაქალები“ ყველაზე პოპულარული ქართული სერიალია, რომელიც უკვე 7 წელია გადის და 500-ზე მეტ სერიას მოიცავს. მას იმდენად მრავალრიცხოვანი მაყურებელი ჰყავს, რომ გადავწყვიტე პოდკასტი მთლიანად ამ სერიალისთვის დამეთმო. პოდკასტში შოთა პაპავასა და ნინო ბოლქვაძესთან ერთად სერიალის სხვადასხვა ასპექტს განვიხილავ. ყურადღებას განსაკუთრებით მის იდეოლოგიურ მხარეებზე გავამახვილებთ და ვისაუბრებთ მის ორ შინაარსობრივ ხაზზე. ესენია:

 

1. დუდუს ეპიზოდი, რომელშიც ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი შედარებით დაბალი ეკონომიკური ფენის წარმომადგენელ გოგოს აუპატიურებენ. შემდგომ ერთ-ერთის მამა, დუდუ, ამ საკითხის მოგვარებასა და ჩაფარცხვას ცდილობს;

2. ტრანსგენდერი ქალის გამოჩენა სერიალში, რომელსაც მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდგომ კლავენ.

კითხვაზე, თუ როგორი სერიალია „ჩცდ“ და ვის შესახებაა ის, ყველანი ერთხმად ვთანხმდებით, რომ ეს სერიალი მხოლოდ ერთი სოციალური ფენის - შედარებით შეძლებული “აიფონიანი” ქართველების ცხოვრებას ასახავს. სერიალი პრობლემას ხედავს ადამიანის არსში და არა სტრუქტურულ პრობლემებში. “შენ უნდა გამოასწორო საკუთარი თავი”. თუმცა, შოთა პაპავას აზრით, ის ასევე ძალიან იდეოლოგიზებული სერიალიცაა, რომელიც ლიბერალიზმის ძალიან პრიმიტიულ გაგებას ასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალს პრეტენზია აქვს უბრალოდ რეალისტურად “ასახოს” და სარკესავით აირეკლოს ქართველთა ყოფა, ის ქმნის მისაღებ და მიუღებელ სუბიექტებს. უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მაგალითად, დუდუს ეპიზოდებში მაყურებლის თანაგრძნობა დუდუსკენ იყო მიმართული, მაშინ, როცა გაუპატიურების მსხვერპლი ქალი ასევე მხოლოდ დუდუსთან საუბარში ჩნდება. ძალიან პრობლემურია საზოგადოების თანაგრძნობაც დუდუს მიმართ, რომელიც რეალურად “ცუდი საქმის გაკეთებას” თავისი მოძალადე შვილის დანაშაულის გადაფარვასა და მიჩქმალვას ცდილობს.

სერიალში ასე ცალსახად ნეგატიურად ვერ შეფასდება ტრანსგენდერი ქალის პერსონაჟის გამოჩენა. ერთი მხრივ, ნინო ბოლქვაძის შეფასებით ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამ საკითხებზე საუბარს - გეი და ტრანსპერსონაჟების არსებობა პოპკულტურაში. საზოგადოების განწყობებიც ტრანსგენდერი პერსონაჟის მკვლელობის მიმართ მხოლოდ ნეგატიური არ იყო და მაყურებელთა რაღაც ნაწილის ძალიან დიდი თანაგრძნობაც გამოიწვია. თუმცა პრობლემა აქაც არაზუსტი რეპრეზენტაციაა. ტრანსგენდერი ქალები არ ცხოვრობენ მარტო, მათ ამის საშუალება არ აქვთ, მათ არ ჰყავთ მეგობრული მეზობლები. როგორც წესი, ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობა სხვა ტრანსებთან ერთად ცხოვრობს ერთგვარ კომუნაში, სადაც ერთმანეთს ყველაფერს უზიარებენ და ეს მათი გადარჩენის სტრატეგიაა.

ერთი სიტყვით, შეიძლება ითქვას, რომ რეალობის არეკვლის არგუმენტი ნამდვილად მცდარია და „ჩემი ცოლის დაქალები“ მართლაც იდეოლოგიზებული სერიალია, რომელიც უკიდურესად სტერეოტიპული პერსონაჟებითა და მოვლენებით ცდილობს სხვადასხვა იდეის გატარებას. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ბევრად უფრო მრავალფეროვანია და მხოლოდ ცოლის მოღალატე კაცების და აიფონიანი ქალებისგან არ შედგება. მართალია, არის პოზიტიური გამონაკლისებიც, მაგალითად, ძალადობის მსხვერპლი ქალისადმი სხვა ქალების სოლიდარობის სახით, თუმცა სერიალის მთლიანი პათოსი მაინც განსხვავებულია.

ვრცლად მოისმინეთ პოდკასტში: