გამოსამშვიდობებლი წერილი ოთარაანთ ქვრივს

„გამარჯობა, ოთარაანთ ქვრივო!

ბევრჯერ გუნებაში მისაუბრია შენთან. ახლა წერილს გწერ, გწერ, რათა დაგემშვიდობო!

ძალიან მეუხერხულება, ასე რომ მოგმართავ: ოთარაანთ ქვრივო! ძალიან უხეშად ჟღერს, უპატივცემულოდაც... მაგრამ რას ვიზამთ, შენმა შემქმნელმა უკეთ იცოდა, მიუხედავად სიძლიერისა, მიუხედავად ღირსებისა, ქალი იყავი და სახელი მაინც არ გერგებოდა, მაინც მამაკაცის კუთვნილება უნდა გრქმეოდა, ვიღაც ოთარასი, რომელსაც ალბათ ის დამსახურება მიუძღოდა კაცობრიობის წინაშე, რომ კონკრეტულ გვარს ან სახლობას დაუდო სათავე. იქნებ ღირსეული კაცი იყო, იქნებ - არა? იქნებ ძუნწი იყო, მშიშარა, იქნებ შრომას ქეიფი ერჩია? ვიცით? არ ვიცით! სამაგიეროდ ვიცით სახელი! ოთარა! შენ, ქალი, რაც არ უნდა მაგარი ყოფილიყავი, გვარს ვერ გააგრძელებდი, დინასტიის სათავეში ვერ დადგებოდი და აბა, რაღად გინდოდა სახელი?! მიფიქრია ხოლმე, რა უნდა გრქმეოდა, სიდო, ნინუა, მაშო, მართა, მარიამი? მარტო სახელს ვერ იგუებდი, მერე სოფელს რაღაც უნდა მიემატებინა: ვთქვათ, ძალო... მარო ძალო შენს სახეს დაამცრობდადაარბილებდა, ისევ ოთარაანთ ქვრივი სჯობდა, თავისი ქვრივობით, ოჯახისადმი კუთვნილებით, ქვრივებისთვის და მხოლოდ ქვრივებისთვის დამახასითებელი ქცევით ჟანრის კანონებს მეტად ამართლებდი

ოთარაანთ ქვრივო! მე შენ მიყვარდი! ყოველთვის აღმაფრთოვანებდა შენი ხასიათი, შენი აზროვნება, შენი ქცევა. თუმცა სიყვარულის მთავარი მიზეზი ალბათ სხვა იყო. მთიულეთის ერთი პატარა სოფელი, სადაც შაბათ-კვირასა და არდადეგებზე ბებიასთან ჩავდიოდი, სავსე იყო ქვრივი ქალებით. მათი ქმრები მეორე მსოფლიო ომში დაღუპულიყვნენ, ისინი, რაღა თქმა უნდა, ოთარაანთ ქვრივივით თავიანთ შვილებს იყვნენ გადაგებულნი.  70-იან, 80-იან წლებში, მართალია, შვილები უკვე დაზრდილებიჰყავდათ, მაგრამ ეს შვილები ქალაქში იყვნენ გადახვეწილნი და სოფლურ ყოფასთან თუ თავად სოფელთან ჭიდილი ისევ ქვრივულად, ესე იგი, უკაცოდ უხდებოდათ, რადგან სოფელი სხვანაირად ეთამამება უკაცო ოჯახს, სხვანაირად გაბედულად ცდილობს მის დაჩაგვრას.

მე შენ მიყვარდი, ოთარაანთ ქვრივო, რადგან ჩემი სოფლის ბებოებს ჰგავდი, ბებიაჩემს ჰგავდი, რომელიც დიდი იყო, ძლიერი, თუ დასჭირდებოდა, მთელ სოფელს მოერეოდა, მაგრამ მე ხომ ვიცოდი, როგორი ჩვილი გული ჰქონდა, მოსიყვარულე და ჩემთვის ყველაფრის მპატიებელი. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, უთხრეს კიდევაც, ოთარაანთ ქვრივს ჰგავხარო, მაგრამ ისე გაბრაზდა, სარს წამოავლო ხელი: იმას არავინ დარჩა, მე ეს ორი ქალი ხომ მყავს (მე და ჩემს დას გვგულისხმობდა) და მაგის თქმას როგორ მიბედავთო?!

ძალიან მალე მეც მომიწია შენი როლის თამაში, ოთარაანთ ქვრივო!

გამოსამშვიდობებლი წერილი ოთარაანთ ქვრივს - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

არა, ქმარი არ მომკვდომია, მაგრამ სოფლისთვის მამის სიკვდილიც საკმარისი იყო, ჩემთვის ეიძულებინა შენი მანტია მომესხა, შენი როლი მეთამაშა, ძლიერი და ავი ვყოფილიყავი, მკერდში გულის მაგივრად ქვა ჩამედო და სიკეთე არავისთვის დამენახვებინა, რადგან სიკეთეს სისუსტედ გითვლის სოფელი.

რაც ვერ ვისწავლე, ოთარაანთ ქვრივო, შენგან, ფულის თვლა და ჭკვიანური ხარჯვაა. არა, თვლა შენზე უკეთ შემიძლია, კალკულატორიც მაქვს და ჩხირების მიხმარებაც არ მჭირდება, მაგრამ შენი შემქმნელის ოცნება, ქართველს ყაირითიანად ეხარჯა საკუთარი ოფლით მოპოვებული დოვლათი, ჩემ შემთხვევაში ოცნებად დარჩა.

ყველაზე მადლობელი, ოთარაანთ ქვრივო, იმისთვის ვარ, რომ დედობა მასწავლე. ინსტინქტების დონეზე თავისი ნაშიერის მოვლა ბევრმა არსებამ იცის, ბევრი მერე მათ გაშვებასაც ინსტინქტით ახერხებს. მხოლოდ ადამიანია, გონება რომ სჭირდება ამ კავშირების გასაწყვეტად. მეც ხშირად მინდება ხოლმე, გულში ჩავიკრა ჩემები, ჩავიკრა და არსად გავუშვა, დავაბრუნო საკუთარ წიაღში, სადაც მეტად შემიძლია კონტროლი, დაცვა, სადაც ყველაფერია მათთვის თავისუფლების გარდა. მაგრამ სულ ვუშვებ, მუდმივად ვიბრძვი და ვიმარჯვებ საკუთარ თავზე, საკუთარ გრძნობებზე. გრძნობებზე გამარჯვება რომ მხოლოდ ფიქრითაა შესაძლებელი, შენგან ვისწავლე! ამისთვის დიდი მადლობა შენ, ოთარაანთ ქვრივო!  

დედაშვილობაშიც რომ „შენჩემობაა,“ ამას შენ მანახვებ და ხშირად მოგაქვს მართალი სარკე ჩემს სახესთან!

გამოსამშვიდობებელ წერილს გიწერ-მეთქი, უკვე გითხარი! მართლაც ასეა, დრო მიდის და ძალიან მინდა აღარ იყო ქართველი ქალისთვის როლური მოდელი. აღარ მინდა, ქალი, მხოლოდ ქვრივი ახერხებდეს ძლიერად ყოფნას. 

ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო შენი ქმარი თევდორე ან სოფელი როგორ მოექცეოდა მას, რომ არ მომკვდარიყო და შენ მაინც იმ გზით გევლო, მოთხრობაში რომ იარე?!

ქართველი ქალი ხშირად ცოცხალი ქმრის პირობებშიც შენს ცხოვრებას ცხოვრობს, არა იმიტომ, რომ განვითარდეს, არამედ იმიტომ, რომ კაცის გვერდითაც მარტოა და რკინისქალამანჩაცმული სამართალს კი არ ეძებს, მოსავლელ ბებიას ეძებს ემიგრაციაში. თუ კაცის გვერდით ვითარდება, იმ კაცს უწევს საზოგადოების დაცინვის ატანა, მერე ხასიათგაფუჭებული ხშირად ისევ ქალს უბრუნებს აგრესიას. თუ ქვრივია, საზოგადოება ისევ სთხოვს, ბოლომდე გაუხარლად, უსექსოდ, უსიყვარულოდ გალიოსწუთისოფელი. რაღა თქმა უნდა, ისე ხშირად აღარ ასრულებს ქართველი ქალი საზოგადოების დაკვეთას, მაგრამ მოთხოვნა მის მიმართ იგივეა!

ასე რომ, მინდა დაგემშვიდობო, ოთარაანთ ქვრივო! მინდა დაგემშვიდობო და როგორც შენი შემქმნელი იტყოდა, „დროის შესაფერი“ როლური მოდელი ვეძებო, რომლის არჩევანიც გაცილებით თავისუფალი იქნება, რომელიც შეძლებს, არ იჩხუბოს და ისე გაუწიონ ანგარიში, რომელიც სურვილის შემთხვევაში ისევ მოძებნის ბედნიერებას, რომელიც სექსუალური იქნება და მაინცდამაინც მაცდურისა თუ გარყვნილის იარლიყს არ მიაწებებს სოფელი.

ბებიაჩემს უხეში, დაკოჟრილი ხელები ჰქონდა, ეგეთი გექნებოდა შენც. თბილი და ჟრუანტელისმომგვრელი იყო ამ ხელებით რომ ზურგს მფხანდა, მაგრამ დღეს ძალიან მინდა ძლიერმა ქალმა ჩამოიშოროს ეს უხეში, გრძნობადაკარგული კანის საფარველი, თავად აირჩიოს, როგორი იქნება და უშიშრად განვითარდეს უფრო კეთილგანწყობილ გარემოში!

ასე რომ, მშვიდობით, ოთარაანთ ქვრივონახვამდის-მეთქი, არ გეუბნები, გემშვიდობები!

 სიყვარულით!