ქალი ღმერთია

ქალი ღმერთია

„ასე მგონია:  

რელიგიების უმრავლესობას მამაკაცები ქმნიდნენ, მამაკაცები ომობდნენ, იხოცებოდნენ ბრძოლებში და სიკვდილის შემდგომ ცხოვრებაზე ფიქრიც მათ უფრო აწუხებდათ. ქალები შვილებს აჩენდნენ და შვილებთან უფრო მკვიდრი კავშირი ალბათ ეხმარებოდათ მარადიული გარდასახვის, საკუთარი არსებობის უკვდავობის შეგრძნება აქვე, ამ ცხოვრებაშივე ჰქონოდათ.

 

მიუხედავად ამისა, სწორედ ქალები ავრცელებდნენ რელიგიებს და იცავდნენ, ხშირად გააფრთებითაც, ხანდახან ალბათ გულწრფელი რწმენით, ხანდახან - მამაკაცთა გულის საამებლად, რადგან მასკულინურ სამყაროში დაქვემდებარებულებს ძალიან სჭირდებოდათ ბატონთა კეთილგანწყობა.

კულტურასთან ერთად სწორედ რელიგიებმა არგუნა გარკვეულ ჩარჩოში მოქცეული როლები ქალებს.  ქრისტიანობისთვის პირველი, რაღა თქმა უნდა, ევას როლი იყო, ქალი მაცდურის, ქალი სამყაროს დამღუპველის. მოგვიანებით კი შეეცადნენ მარად ქალწული ღვთისმშობლის ხატიც მოერგოთ ქალისთვის. თითქოს საპატიო როლი იყო, მაგრამ, ერთი მხრივ, მაცდური ევა და მეორე მხრივ, მარადქალწული ღვთისმშობელი დიდი ვერაფერი არჩევანი გახლდათ.

მეცხრამეტე საუკუნეში ერთი საოცარი ქართველი ქალი ცხოვრობდა, თავად თერთმეტი შვილის დედა, ეკატერინე თარხნიშვილი-გაბაშვილისა. ვერც იმან, რომ ქალი იყო და უმაღლესი განათლების მისაღებად უცხოეთში ვერ წავიდა, ვერც მრავალშვილიანობამ და ვერც ირგვლივ გამეფებულმა მძიმე ატმოსფერომ ვერ შეაჩერა ის, რომ საზოგადოებისგან შეთავაზებული როლი არ ეკმარა და გამხდარიყო ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ოღონდ ეს ტიტულები მასთან მიმართებაში ისე პომპეზურად არ ჟღერს, როგორც კაცებზე ნათქვამი, მერე რა, რომ ზოგიერთ ჟანრს (მაგ, ნოველასა და მცირე მოთხრობას) მან დაუდო საფუძველი, მერე რა, რომ პუბლიცისტიკითაც, მხატვრული შემოქმედებითაც და პრაქტიკული საქმიანობითაც ჩვიდმეტი წლიდან იბრძოდა ქვეყნის განვითარებისთვის, ქალთა უფლებებისათვის, მათი განათლებისთვის, მათი ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მერე რა, რომ პირველი საბჭოთა ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე გაიმარჯვა, მისი ნოველის მიხედვით იყო გადაღებული, მერე რა, რომ ქართული სინამდვილისთვის ის მართლაც უმნიშვნელოვანესი ავტორია - ეკატერინეს ღვაწლი მაინც არ არის სათანადოდ დაფასებული.

მის შემოქმედებაში უფრო მეტად „მაგდანას ლურჯას“ იცნობენ, ალბათ ფილმის გამო, მე კი მწვერვალად „თინას ლეკური“ მიმაჩნია.

საოცარია, როგორი დინამიკით აღწერს ეკატერინე მოხუცი, თითქმის საპყარი ქალის გმირობას შვილიშვილების გადასარჩენად. ოდნავ თუ გულში ცეცხლი გინთია, არ შეიძლება ამ მძაფრი განცდების მორევში არ მოექცე. მუდმივი კონტრასტები ახალგაზრდობასა და მოხუცებულობას, თინასა და მისი შვილიშვილების გაჭირვებასა და ბატონის სახლში არსებულ ლხინს შორის კიდევ უფრო ტრაგიკულს ხდის სიტუაციას და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.

თინას გზა თავისი ქოხიდან ბატონის სახლამდე გოლგოთის გზაა, გოლგოთასავითაღმართია და მძიმე ჯვრად გულის ავადმყოფობა და მოხუცებულობა ჰკიდია ზურგზე. თინა შეიძლება დაეცეს, შეიძლება ვერ ააღწიოს, მაგრამ შვილიშვილების შიმშილით სიკვდილის შიში მკაცრ ზედამხედველზე მეტად მიერეკება მის უღონო, მსუბუქ, ბებრულ ფეხებს.

ამ ბატონის სახლთან თინას ყველაზე ნათელი მოგონება აკავშირებს:

 „როცა ჩემი ჯერი მოდგა, მუხლები ამიკანკალდა, გული ამითამაშდა, სახეზე ცეცხლი წამეკიდა, მაგრამ მეტი რა გზა მქონდა, გამოველ, აქეთ-იქით მდაბლად თავი დავუკარდა მკლავები გავშალე, გავშალე და დავტრიალდი. აქეთ-იქითგან ვაშა-ვაშას ძახილი მოისმა, დამკვრელებმა საკრავების დაკვრას მოუმატეს, ტაში გაძლიერდა...“

ეს არის თინას გამბედაობის, ბედნიერების, აღიარების, საკუთარი მშვენიერების ჩვენებისა და აღქმის ყველაზე ტკბილი მოგონება.

ახლა კი მოხუცია და შვილიშვილების გადარჩენის სანაცვლოდ სწორედ ამ მოგონების ფეხქვეშ გათელვა უწევს, თავისი ადამიანობის, მეხსიერების, ღირსების საკუთარი ნებით დამდაბლება, სხვათა სასაცილოდ, გასართობად ტალახში ამოსვრა. მოხუცი მოცეკვავე თინა გაშლილი ხელებით ალბათ ჯვარზე გაკრულ იესოს ჰგავდა.

თინა ამასობაში ხელგაშლილი, თავაღებული, ტუჩებმოკუმული, სერიოზულად, ციბრუტივით ტრიალებდა, ძველებურად ბუქნით უვლიდა დავლურს. თავმომწონე ვაჟკაცი არ შეკრთა, არ იუკადრისა დაგლეჯილ ჭუჭყიან ძონძებში გახვეულ მოხუცთან თამაში და საერთო სიცილ-ხარხარით გახელებულმა დაჰკიჟინა და დაჰკიჟინა თავის მშვენიერ დამას, განივრად გაშლილი მკლავები თავზე გადააწყო და მოღიმარი თვალები ვითომ არშიყობით დამჭკნარ, მკვდრისფრად ქცეულ სახეზე დააშტერა. სიცილ-ხარხარმა სიგიჟემდის მიაღწია!“

კვდება თინა, მაგრამ, მისი სიკვდილი შვილიშვილების სიცოცხლის საწინდარი ხდება.

მე რომ რეჟისორი ვიყო, აუცილებლად გადავიღებდი მოკლემეტრაჟიან ფილმს „თინას ლეკური“. ოღონდ ბოლო კადრად დავდგამდი სცენას ეკლესიაში. წარმოიდგინეთ, მოხუცი ქალის გამოსახულება, საკერებლებიანი თავსაფრითა და დახეული სამოსით, ფეხზე წინდებით, უმწეო მხრებით გაკრული ჯვარზე რომელიმე ეკლესიის ჩრდილიან კუთხეში!

შვილიშვილები ბებიას სულისთვის სანთლის დასანთებად შედიან და იქ, სადაც მიცვალებულებისთვის სალოცავად ჯვარცმა დგას ხოლმე, იესოს ნაცვლად ბებიას ფიგურა ხვდებათ.

ბავშვების გაოცებული თვალებიდან ნელ-ნელა თინას ფიგურაზე გადავიდოდა კამერა, უფრო და უფრო მოახლოვდებოდა და შორიდან გაისმებოდა გალობა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველზე და ფილმიც დამთავრდებოდა.

რა თქმა უნდა, მიამიტურია ჩემი ფიქრი, მაგრამ მგონია, ამას ისე გავაკეთებდი, რომ არც ერთი მორწმუნე არ გაბრაზდებოდა და ყველა დამიჯერებდა იმას, რასაც ეს ნოველა ამბობს, რომ ღმერთი ხანდახან ქალიცაა და მას თინა ბებოს გაწამებული სახე აქვს! 

 

Related Content

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება