მხატვრობა და ქალის იდენტობა: ფაღავა, იანქოშვილი, კვესიტაძე, ხიზანიშვილი

მხატვრობა და ქალის იდენტობა: ფაღავა, იანქოშვილი, კვესიტაძე, ხიზანიშვილი

ქალის იდენტობამ საქართველოში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ბოლო წლებში და ტრანსფორმაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ეს, პირველ რიგში, განპირობებულია გლობალური ეკონომიკური და სოციალური პარადიგმების რადიკალური გარდაქმნით. ისევე, როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც უხდებათ ქალებს ტრადიციული სოციალური როლებიდან გამოსვლა და მამაკაცების გვერდით კაპიტალისტური შრომის ბაზარზე აქტიური მონაწილეობის მიღება.

სერიიდან „ყოველდღე მე წერილს ვწერ“, 2013-2017
რუსუდან ხიზანიშვილი, სერიიდან „ყოველდღე მე წერილს ვწერ“, 2013-2017 — ილუსტრაციის საავტორო უფლება

ამ სოციალურ-ეკონომიკური ძვრების პარალელურად, ქართველი ქალები თანდათანობით მაინც ახერხებენ ხელოვნების სფეროში თავიანთი ინტერესების წარმოჩენას და საკუთარი იდენტობის ძიებაში წარმატებული ნაბიჯების გადადგმას. დღესდღეობით, გლობალური ფემინისტური ხელოვნების აღორძინების ფონზე, ქართველი ხელოვანი ქალები  აქტიურად იკვლევენ და გამოხატავენ თავიანთ ფემინისტურ შემოქმედებით იდენტობას.

ფემინისტურ ხელოვნებაში ვგულისხმობ ქალების მიერ შექმნილ ნამუშევრებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ქალის სხეული, ამ სხეულის „სისუსტის“ აღქმა საზოგადოების მიერ, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალებთან ასოცირებული სტერეოტიპების დარღვევა, ჩვენი, თითქოსდა შეფარდებითი ინტელექტუალური შესაძლებლობების მეორეხარისხოვნება, რომელიც ჩვენი „ემოციური“ წყობიდან გამომდინარეობს. ამ სტერეოტიპული აზროვნების საწინააღმდეგოდ, ფემინისტი ხელოვანები მთელ მსოფლიოში, იქნება ეს ნიუ-იორკი, ბერლინი, ლონდონი თუ თბილისი, მუშაობენ იმ შემეცნებაზე, თუ რაოდენი სიმართლე, გულწრფელობა და ვნებაა ქალებში და მათ მიერ შექმნილ ხელოვნების ნიმუშებში. ამ შემთხვევაში მომყავს არა ესენციალისტური არგუმენტი, რომ თითქოს ქალის ბუნება „უკეთესია“ მამაკაცის ბუნებაზე, არამედ აქცენტს ვაკეთებ, თუ რაოდენ განსხვავდება კაცისა და ქალის სოციალიზაცია, აქედან გამომდინარე კი – მათი ღირებულებათა სისტემა, ის ფაქტორები, რომლებიც ამოძრავებენ ორ სქესს და შესაბამისად ზემოქმედებენ მათ მიზნებსა და ამბიციებზე. ეს ტენდენცია ლუიზა ბურჟუას, ჯუდი ჩიკაგოს, სარა ლუკასის, კიკი სმითის წამოწყებულია და დღითი დღე ძლიერდება. რა თქმა უნდა, გენდერული სტერეოტიპების ნგრევა ხელოვნებაში გრძელი და მტკივნეული პროცესია, თუმცა ის დაწყებულია საქართველოშიც.

ამ მოკლე მიმოხილვაში მე ვისაუბრებ ოთხ ქართველ ხელოვან ქალზე, რომლებიც ამ ტენდენციის სათავეში იდგნენ და დღესაც აგრძელებენ მუშაობას. ამისთვის  შევარჩიე თითო შემოქმედის ორი ნამუშევარი, რომ მკითხველმა საკუთარი დასკვნის გამოტანა შეძლოს.  ეს ნამუშევრები, ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტურად ასახავენ ამ ხელოვანების სტილს, მიდგომასა და შემოქმედებით გზას.

ვერა ფაღავა

ცისფერი ნატურმორტი,1949 — ილუსტრაციის საავტორო უფლება

ვერა ფაღავა (1907-1987) ემიგრაციაში 13 წლის ასაკში წავიდა. გერმანიაში ყოფნის შემდეგ თავის ოჯახთან ერთად პარიზში გადავიდა, სადაც სათანადო სამხატვრო განათლება მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დროს ექთანი ფაღავა ეხმარებოდა დაჭრილებს საავადმყოფოებში, ამავე დროს, მუშაობდა ტექსტილზე, ვიტრაჟებზე და ქმნიდა თავის გამორჩეულ ნახატებს. ფაღავას პირველი გამოფენა გაიმართა პარიზში, დორა მაარის შემწეობით, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თავისი თანამედროვე ქალი ხელოვანების წარმოჩენასა და დაწინაურებაში.

ფაღავას ადრინდელი, 1940-იანების ნამუშევრები ნაწილობრივ ფიგურატიული იყო, დროთა განმავლობაში კი მათ უფრო გამბედავი აბსტრაქტული შინაარსი შეიძინეს. ფაღავას ნახატები გეომეტრიულია, ფერები სიმსუბუქითა და სირბილით გამოირჩევა. ნახატების ძირითადი ფორმებია აბსტრაქცია, ნატურმორტები, ბუნების ეტიუდები, თითოეულ ნახატში საიდუმლოება და ლაკონიურობაა. სიმსუბუქე და ჰაეროვანი ფერები წარმოაჩენენ განსხვავებულ, მაგრამ ნაცნობ სამყაროს. ამავე დროს, ფაღავა აბსოლუტურად თავისუფალია თავის კომპოზიციურ მიდგომაში, ერთი შეხედვით, ფორმა მოძრავია, იგი თითქოს ავტორის გარეშეც იღებს მოცემულ საბოლოო სახეს.  ეს თვისებები ამ დროის ევროპულ ავანგარდულ ხელოვნებაში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ფაღავა მაინც გამოირჩევა თავისი ლაკონიურობით და განსხვავებული აბსტრაქტული სიუჟეტებით. ფაღავა არის პირველი ქართველი ქალი ხელოვანი, რომელმაც საკუთარი მხატვრული ხედვის ორიგინალობით დასავლეთში დიდ წარმატებას მიაღწია, თუმცა ჩვენი გადმოსახედიდან მისი ნამუშევრები ჯერ კიდევ პრეფემინისტური ხასიათისაა და ბევრი რამ აქვს საერთო ე.წ. კლასიკურ „ქალურ“ მიდგომასთან[1].

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ვერა ფაღავამ წარადგინა საფრანგეთი 1966 წელს ვენეციის 33-ე ბიენალეზე, სადაც მისი ნამუშევრებისთვის ცალკე პავილიონი იყო გამოყოფილი. ამ გამოფენის შემდეგ ფაღავას ნამუშევრები გამოიფინა პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკში, რომში, ტურინში, ბრიუსელსა და ვენაში. ვერა ფაღავა ოთხმოცი წლის ასაკში, პარიზში გარდაიცვალა, მაგრამ მისი ცხოვრება ქართულ ხელოვნებაში ფემინისტური ხაზის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ნამუშევრებიდან, ასევე მისი ცხოვრებისეული ისტორიიდან გამომდინარე. ფაღავა ოფიციალურად არასოდეს იყო დაქორწინებული, მაგრამ მას ჰქონდა ხანგრძლივი ურთიერთობა ქართველ ემიგრანტ ვანო ენუქიძესთან, რომელთანაც ოც წელიწადზე მეტი იცხოვრა.

ზაფხულის ღამე, 1976 — ილუსტრაციის საავტორო უფლება

ნათელა იანქოშვილი

ნათელა იანქოშვილი (1918-2007) არის მეამბოხე ქართველი ხელოვანი, რომელმაც თავისივე ცხოვრებაში მოახერხა გენდერული სტერეოტიპების გარღვევა და სრულიად დამოუკიდებელი აუთენტური სამყაროს შექმნა. იანქოშვილის ნამუშევრებს ახასიათებს ფართო ემოციური პალიტრა, ჰარმონია და სითბო. მისი შემოქმედებითი პროცესი მთელი თავისი შინაგანი სამყაროს მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობდა და ეს ენერგია დღესაც მოქმედებს მნახველზე. თანამედროვე ქართული მხატვრობის ოსტატმა განსხვავებული ცხოვრებით იცხოვრა და მისი აღიარება გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. გერმანელი მწერლისა და ფილოსოფოსის, მარლენ შტოსელის სიტყვებს თუ გავიხსენებთ, იანქოშვილის „ნახატების კოსმიური ღამე“ დღესაც, მათი შექმნიდან ათეული წლის შემდეგაც, მოქმედებს მნახველზე.

იანქოშვილი არასდროს ამახვილებდა ყურადღებას ქალის როლზე ან იმ შეზღუდვებზე, რომელიც ამ როლს მოაქვს, იგი უბრალოდ დაუღალავად და ყოველდღიურად ემსახურებოდა საკუთარ ნიჭს – ეს კი ქალის როლისადმი ძალიან გაბედული მიდგომა იყო. იანქოშვილის მამა ეკონომისტი, დედა კი მასწავლებელი იყო, რომელსაც ბევრი კერძო მოსწავლე ჰყავდა. იმისთვის, რომ სათანადოდ მიეხედა ოჯახისთვის, იანქოშვილის დედამ სოფლიდან ობოლი გოგონა აიყვანა, რომელიც მათ სახლში ცხოვრობდა და ყოველდღიურ სამუშაოში ეხმარებოდა. ამგვარად, დედამისის შემწეობით იანქოშვილმა ბავშვობაშივე დაინახა, რომ სრულიად არაა აუცილებელი, ქალი მხოლოდ დიასახლისი იყოს და საკუთარი თავის რეალიზება ოჯახის ფარგლებს გარეთაც შეუძლია.

ნათელა იანქოშვილს ბედნიერი და ხანგრძლივი ქორწინება ჰქონდა მწერალ ლადო ავალიანთან. ფაქტობრივად ქორწინების დასაწყისშივე, იანქოშვილმა გამოაცხადა, რომ ბავშვების გაჩენა არ უნდოდა, რადგან ეს მისი და მისი მეუღლის შემოქმედებით გზას ხელს შეუშლიდა. ხატვა იანქოშვილის მთავარი ცხოვრებისეული მიზანი იყო. მას არცერთი ნამუშევარი არ მიუყიდია დაინტერესებული პირებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პირობებში ცხოვრება და სამოქალაქო ომის წლების გადალახვა მოუწია. მისთვის ნახატები შვილების ტოლფასი იყო და თუმცა გაუჩუქებია, მათთვის მატერიალური ეკვივალენტის მისადაგება არ შეეძლო.

1960 წლისთვის, როცა ნათელა იანქოშვილი მხოლოდ 42-ის იყო, უკვე 250 ნამუშევარი შეუგროვდა. პეიზაჟების, პორტრეტებისა და ჟანრული სცენების ასეთმა რაოდენობამ გადააწყვეტინა მას პირველი პერსონალური გამოფენის მოწყობა, რომელიც იმავე წელს ეროვნულ გალერეაში გაიმართა. იანქოშვილი იყო პირველი ქალი ხელოვანი, რომელიც აქ გამოიფინა.

ლილი, 1963 — ილუსტრაციის საავტორო უფლება

 

თამარა კვესიტაძე

თამარა კვესიტაძე (1968) დღეს ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართველი ხელოვანი ქალია, რომელიც მოღვაწეობს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. ამას თავისი უნიკალური ხედვით, შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით მიაღწია. კარიერულ წარმატებასთან ერთად, მისთვის ოჯახი და შვილები მაინც პრიორიტეტულია, რაც, შეიძლება ითქვას, ტრადიციული ქართული კულტურული ღირებულებებით არის განპირობებული[2]. ამ ორი როლის დაბალანსება ადვილი არ არის ხელოვანი ქალების უმრავლესობისთვის.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად კვესიტაძე აპირებდა ტრადიციული ქართველი ქალის ცხოვრებისეული მოდელის შესრულებას და ღრმად სწამდა, რომ ამით სრულიად ბედნიერი და კმაყოფილი იქნებოდა. პირველ რიგში ეს ნაკარნახევი იყო მისი მშობლების მაგალითით, რომელთაც ბედნიერი ოჯახი ჰქონდათ. მაგრამ დროთა განმავლობაში კვესიტაძემ თვითგამოხატვის გზა ვიზუალურ ხელოვნებაში დაინახა, რამაც აქტიური მუშაობა დააწყებინა საკუთარ თავსა და ხელოვნებაზე[3]. კვესიტაძე არქიტექტურას სწავლობდა, რამაც საგრძნობლად იმოქმედა მის შემდგომ შემოქმედებაზე. მან დაიწყო საავტორო თოჯინების შექმნა, რომლებიც ნიუ-იორკის გალერეებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 

ძალიან პირადი, 2010 — ილუსტრაციის საავტორო უფლება

მოგვიანებით ეს თოჯინები სკულპტურებსა და კინეტიკურ ქანდაკებებში გადაიზარდა. თუ კვესიტაძის ადრეულ თოჯინებს მის ახლანდელ ნამუშევრებს შევადარებთ, მისი ხელოვნების განვითარების მიმართულებას ნათლად დავინახავთ. პირადად ჩემთვის თამარას ნამუშევრები ადამიანური გრძნობების ფიზიკური გამოსახვაა. ისინი მოგვითხრობენ ისეთ აბსტრაქტულ ცნებებზე, როგორიცაა სიყვარული, ნოსტალგია, ლტოლვა, თავისუფლება, მლიქვნელობა, სიმართლე. მატერიალური ფორმა, რომელშიც კვესიტაძე ამ იდეებს გამოხატავს, შესაძლოა, თავიდან ბავშვობასთან იყო იდენტიფიცირებული, მაგრამ დღეს მისი შემოქმედება ყველაზე ნაკლებად შეიძლება შეფასდეს, როგორც მარტივი ან ადვილად ამოცნობადი. მისი ბოლო სტატიკური ქანდაკებები მინიმალისტური, ერთ ფერში გადაწყვეტილი, კონცეპტუალური ფიგურებია, რომლებიც მნახველისგან აქტიურ გონებრივ ჩართულობასა და აღქმას მოითხოვს. აქ მოყვანილი ორივე ნამუშევარი სიმბოლური და ლაკონიურია, ორივე ქალის სხეულთან არის ასოცირებული. 2013 წლის „წითელი“ მტკივნეულია, როგორც იტალიელი მხატვრის პიერო დელა ფრანჩესკას ნამუშევრებში, მასში არის რაღაც ქრისტესგან და, ამავე დროს, ხანდახან, ქალის თვითდაკნინების, თვითგვემის უარყოფითი ტენდენცია იკვეთება.  კვესიტაძის მოძრავი ნამუშევრები მაყურებელს კიდევ უფრო მეტ სააზროვნოს აძლევენ. შემიძლია, მთელი საათი დავაკვირდე კვესიტაძის განთქმულ მექანიკურ წყვილს ან მის კინეტიკურ არსებას, რომელიც სიმბოლური წრით ასახავს ჩვენს არსებობას.

კვესიტაძემ, როგორც ქართველმა ქალმა ხელოვანმა, გაარღვია საქართველოს კულტურული იზოლაცია თანამედროვე ხელონებაში და ღირსეულად აგრძელებს წინსვლას, რითაც სხვა ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებსაც შთააგონებს.

წითელი, 2013 — ილუსტრაციის საავტორო უფლება

რუსუდან ხიზანიშვილი

რუსუდან ხიზანიშვილი (1979) თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში ორიგინალური ხედვით, თემების მრავალფეროვნებით, სიღრმით, პალიტრის სიცოცხლითა და სიმბოლიკის სიუხვით გამოირჩევა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო გამოფენაში. ხიზანიშვილი, ისევე როგორც კვესიტაძე, დედა და მეუღლეა. მას ამ ტრადიციული ქალის როლების შეთავსება გაუადვილდა, რადგან საკუთარი შემოქმედებითი გზის დასაწყისიდან ჰქონდა და აქვს თავისი ქმრის ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერა. ხიზანიშვილისთვის ფერწერა თითქმის „ავადმყოფური მოთხოვნილება“ იყო მას შემდეგ, რაც 13 წლის ასაკში სამხატვრო სკოლაში მიიყვანეს[4]. მცირეწლოვანი შვილების ყოლამ არ შეუშალა ხელი, სამხატვრო აკადემია წარჩინებით დაემთავრებინა და საკუთარი შესაძლებლობების ათვისება და გაღრმავება გაეგრძელებინა.  

ხელოვნებაში იგი ფარული და ღია სიმბოლოებით, მდიდრული ფერებითა და ქართული თვალისთვის შეიძლება ცოტა განსხვავებული, მაგრამ თავისუფალი სტრუქტურით არღვევს იმ მიღებულ ვიზუალურ სტანდარტებს, რომლებიც საგრძნობლად განპირობებულია ქრისტიანული დოგმატებით. თუმცა, პირადად რუსუდანისთვის, ეს თავისუფლება არა გარე ტაბუებთან ბრძოლიდან, არამედ საკუთარი შინაგანი „სირცხვილების“ გადალახვიდან გამომდინარეობს[5]. როგორც ნებისმიერ ტრადიციულ კულტურაში[6], ტაბუები საკმაოდ ძლიერია საქართველოში და, ბუნებრივია, გავლენა აქვს ხელოვნებაზეც, რომელიც თითქოს თავს არიდებს ადამიანურ სურვილებზე საუბარს, როგორც ფიზიკურ, ისევე სულიერ ჭრილში. ამგვარი სურვილების აღიარება უჭირს თითქმის ყველა ტრადიციულ კულტურას, განსაკუთრებით კი საქართველოში, სადაც რელიგია საუკუნეების განმავლობაში ფუნქციონირებდა, როგორც ეროვნული მთლიანობის გადარჩენის მექანიზმი. გასაკვირი არაა, რომ ეს მექანიზმი დღესაც აგრძელებს არსებობას, თუნდაც ძალიან განსხვავებულ რეალობაში.

ხიზანიშვილის აქ წარმოდგენილი ორი ნამუშევარი მის შემოქმედებაში ყველაზე ფემინისტურია. ამ სერიაში, სათაურით „ყოველდღე მე წერილს ვწერ“,  ავტორი განიხილავს, როგორ ცვლის ქალის სხეულს ორსულობა და მშობიარობა. ეს ტრანსფორმაციის მომტანი ცხრათვიანი პროცესი ასახულია შერეულ ტექნიკაში შესრულებულ კოლაჟებში, სადაც ცხოველები, ადამიანები  და ჰიბრიდული არსებები ბინადრობენ. ნამუშევრები სპეციფიკურად აგრესიული, ხანდახან შემზარავი, ხანდახან ეროტიკულია და შესრულებულია მკვეთრ ძირითად ფერებში.

ამ კოლაჟებზე მუშაობისას, ხიზანიშვილი (2013-2017) ფიქრობდა იმ ნოსტალგიაზე, რომელსაც გრძნობდა მშობიარობის შემდეგ დაკარგული იდენტობის მიმართ, მაშინ როცა ახალი, დედის იდენტობა, ჯერ კიდევ არ ეპოვა. ამ დროს მას გაუძლიერდა საკუთარი ხასიათის თვისებები, რაც, ანარქისტი ფილოსოფოსის, მესის გოლბერგის თქმით, დეფორმაციაზე ლოგიკური პასუხია. ამ შემთხვევაში იგულისხმებოდა დეფორმაცია, რომელიც შემოქმედს ამოძრავებს მაშინ, როცა იგი ფუნდამენტურ ცვლილებას განიცდის (Bois, Alan Yves, 1998).

სერიიდან „ყოველდღე მე წერილს ვწერ“, 2013-2017 — ილუსტრაციის საავტორო უფლება

*

აქ მიმოხილული ოთხივე ხელოვანი არა მხოლოდ საინტერესო, წარმატებული და არაორდინარული ქართველი ქალი,  არამედ მსოფლიო ფემინისტურ არენაზე შეუპოვრობითა და ორიგინალური ხედვით გამორჩეული შემოქმედია. ამ ოთხი ხელოვანის გარდა, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მუშაობენ სხვებიც, რომელთა გამორჩევა და ანალიზიც ღირს, რაც მომავალი სტატიის თემა შეიძლება გახდეს.

ნებისმიერ საზოგადოებაში, ქალს წარმატების მისაღწევად უწევს სამი კონცენტრირებული ზღვრის გადალახვა:

  1. პირველ რიგში, მან უნდა გაიაზროს, რომ მისი ნიჭი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსხვერპლი შესწიროს მიღებული სოციალური მოდელების იგნორირების სახით;
  2. შემდეგ მას უწევს სოციუმთან ბრძოლა სტერეოტიპების დარღვევასა და პირადი სივრცის შენარჩუნებაზე (იქნება ეს ოჯახის ერთეული თუ სამუშაო გუნდი);
  3. მესამე, და ალბათ გადასალახად ყველაზე რთული, ბარიერი ქალ ხელოვანს გლობალურ ხელოვნებაში ხვდება, სადაც ნიჭის გარდა ბევრი სხვა ფაქტორიც მოქმედებს – იქნება ეს თანამედროვე ტენდენციები, არჩეული ტექნიკა თუ შესაფერისი ბიზნესსტრატეგია.

ქართველი ხელოვანი ქალები ამ სამ ბარიერს, როგორც ჰიდრას, ერთდროულად უპირისპირდებიან, ეს კი, დროთა განმავლობაში, მთლიანად საქართველოს ვიზუალური სივრცისთვის ნუგეშისმომცემია.

 

[1] ნოჩლინ, ლინდა, 2015.

[2] ინტერვიუ თამარ კვესიტაძესთან, მდივანი, ნინა, 2018.

[3] Mdivani, Nina, The King is Female, 2018

[4] მდივანი, ნინა, 2018.

[5] იქვე.

[6] Fershtman, et al., 2011.

 

წყაროები:

Bois, Yves, Alan Matisse and Picasso, exh. cat. Kimball Art Museum, Fort Worth, Paris 1998

Fershtman, Chaim, Gneezy, Uri, Hoffman, Moshe, Taboo and Identity: Considering the Unthinkable, American Economic Journal, May, 2011

https://rady.ucsd.edu/faculty/directory/gneezy/pub/docs/taboo.pdf

Mdivani, Nina, King is Female: Three Georgian Women Artists, Wienand Velrag, Berlin 2018.

Ed. Linda Nochlin, Maura Reilly, Women Artists, The Linda Nochlin Reader, Thames & Hudson, 2015.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება