ფემინისტი დედის დღიურები 2019

Mother with a sleeping liitle girl
Heinrich Boell Stiftung Tbilisi Office - South Caucasus Region
Place of publication
Tbilisi
Date of Publication
2019
Licence
All rights reserved.
Language of publication
Georgian
ISBN / DOI
978-9941-8-1370-2

გამომცემლის წინასიტყვაობა

„ფემინისტი დედის დღიურები” დედობის, როგორც სოციალური და პოლიტიკური ფენომენის გადააზრების მცდელობაა და მკითხველს სთავაზობს მსჯელობის, კრიტიკისა და ანალიზის საშუალებას. ამ წიგნის შექმნის პროცესი ჩვენთვის საინტერესო და ხანგრძლივი ექსპერიმენტი იყო და ახლა უკვე შეგვიძლია, რომ გაგიზიაროთ მისი შედეგებიც. ის, ნაწილობრივ, ქალური სოლიდარობის პროექტიცაა: ჩვენი სურვილი იყო, მხარი დაგვეჭირა ახალგაზრდა მკვლევარისთვის, რომელსაც პროფესიული ინტერესები ოჯახზე ზრუნვისთვის უნდა შეეთავსებინა. თამთა თათარაშვილი, რომელიც 2010 წელს იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიატი და იკვლევდა ქართულ კინოში ქალთა და მამაკაცთა რეპრეზენტაციის საკითხებს, მოგვიანებით აგრეთვე თანამშრომლობდა ბიოლის ფონდთან და მუშაობდა სოფლად მცხოვრებ ქალთა და გოგონათა გამაძლიერებელ პროექტებზე. 2015 წელს, ქალიშვილის გაჩენასთან ერთად ის დადგა იმავე გამოწვევის წინაშე, რომელიც დღესდღეობით, ყველა დედას უდგას მეტ-ნაკლები სიმძაფრით: როგორ გავზარდოთ შვილი ისე, რომ ყურადღება არ მოვაკლოთ და თან არ დავთრგუნოთ საკუთარი ინტერესები და მისწრაფებებიც?

დედად ყოფნა რომ ქალის უმთავრესი მოვალეობაა, პატრიარქალური საზოგადოებების თანმდევი ნარატივია. ის გამოცდილება და განცდებიც, რაც დედობას, როგორც პრაქტიკას თან ახლავს, ბევრისთვის რთულად დასანახია. ის, აგრეთვე, ნაკლებად ხვდება  საჯარო განხილვის ფოკუსში. „ფემინისტი დედის დღიურების” იდეაც სწორედ იმ დაკვირვების შედეგად დაიბადა, რომ დედობა, როგორც გამოცდილება თუ პრაქტიკა კვლევისა და ანალიზის საგნად ნაკლებად განიხილებოდა, რადგან ფემინისტური დღის წესრიგისთვისაც კი საუბრები დედობაზე და მისი თეორიულ ჩარჩოში მოქცევაც ნაკლებად აქტუალური იყო.

აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა, გაგვეაზრებინა დედობის შესახებ არსებული ფემინისტური შრომები, და ამავე დროს, გვეცადა ადგილობრივი გამოცდილებების აღწერა და ანალიზიც. შესაბამისად, ამ წიგნის ავტორი იმ ქალების ნაამბობის გამხმოვანებელიც არის, ვისი ყოველდღიური ყოფაცხოვრების სირთულეები იშვიათად ხვდება სხვების თვალსაწიერში.

გამოცემა სწორედ იმითაა ღირებული, რომ მიმოიხილავს დედობის ცნების შესახებ არსებულ ფემინისტურ თეორიულ მასალას და ამ კონტექსტში აანალიზებს შეგროვილ ზეპირ ისტორიებსაც. არსებითია, რომ ზეპირი ისტორიები საშუალებას იძლევა, გავიგოთ ის თანამედროვე რეალობა და გამოცდილება, რომელიც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, საქართველოში მცხოვრებმა ქალებმა, როგორც დედებმა გამოიარეს. ამავე დროს, ამ ნაამბობის  გაზიარებით მკითხველს ვთავაზობთ სივრცეს დედობის შესახებ ფემინისტური მსჯელობისთვის.

„ფემინისტი დედის დღიური“ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის გენდერული დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში გამოიცა.  გენდერული დემოკრატია ფონდის ერთ-ერთ საბაზისო პრინციპს წარმოადგენს. ეს ცნება გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები და ხელი უნდა მიუწვდებოდეს ადამიანის განვითარებისთვის მნიშვნელოვან რესურსებზე. ფონდის გენდერული პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, ფემინისტურ დისკუსიებს, გენდერულ კვლევებს და სხვა საჯარო საქმიანობას, რომელსაც რეგიონის დემოკრატიულ განვითარებაში შეაქვს წვლილი.

ამ გამოცემის უმთავრესი მიზანიც სწორედ საუბრის წამოწყებაა საჭირო ცვლილებებისა და განვითარებისათვის.

ნინო ლეჟავა                                                               მარიამ ჭანჭალეიშვილი