ძალადობა, რომელსაც არ ვიმჩნევთ

სახლში, ქუჩაში, სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ტაქსიში, დღისით თუ ღამით, ქალები ხშირად ვხდებით სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი. თითქმის ყველა ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ვერბალური თუ ფიზიკური სექსუალური ძალადობა. ვინც შეძლო და თავი დააღწია კი – გადარჩენილებს ვუწოდებთ.

არსებობს მოსაზრება, რომ სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლნი მხოლოდ „ცუდი“ გოგოები არიან. ისინი, ვინც მოძალადის პროვოცირებას ახდენენ ჩაცმულობით, საუბრით თუ ვარცხნილობით. საზოგადოება ყველანაირად ცდილობს მოძალადე კაცის გამართლებას. ამგვარად, დამნაშავე კაცის მიმართ ემპათია და მისთვის მასკულინური სტატუსის შენარჩუნება ქალების დადანაშაულების ხარჯზე ხდება. ქალები არ საუბრობენ სექსუალურ შევიწროებაზე, რადგან ეშინიათ საზოგადოების განსჯისა და კრიტიკის. გაუპატიურებას გადარჩენილ ქალებს პირველად იმას ჰკითხავენ – რა ეცვა, როგორ იქცეოდა. ასეთი კითხვებით და უნდობლობით დანაშაულის სიმძიმე ისედაც მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფ ქალზე გადაგვაქვს.

იმის საჩვენებლად, რომ ქალის ჩაცმულობა და ქცევა ძალადობის პროვოცირების გამართლება არაა, ბრიუსელში გამოფინეს ტანსაცმელი, რომელიც ქალებს მათზე ძალადობისას ეცვათ: ჯინსები, სპორტული ფეხსაცმელი, მაისურები და ღამისპერანგები. ქალის ჩაცმულობა და ქცევები არ ნიშნავს სექსზე თანხმობასა და მოსაწვევს სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად. ძალადობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ და მხოლოდ მოძალადეს უნდა დაეკისროს.

 

ძალადობა, რომელსაც არ ვიმჩნევთ ► თამარ ფონიავას პოდკასტი - ფემინსტრიმი/Feminstream

video-thumbnailWatch on YouTube

ჩემს ჯგუფში, რომელიც სექსუალური განათლებისთვის შევქმენი, 27 000-ზე მეტი ქალია. ამ პოდკასტისთვის გადავწყვიტე, ჩამეტარებინა გამოკითხვა, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც თუ ყოფილან სექსუალური შევიწროების/ძალადობის მსხვერპლი? 196-მა ქალმა შეკითხვას უარყოფითი პასუხი გასცა, ხოლო 2145 ქალმა დადებითი პასუხი დააფიქსირა.

არსებობს მოსაზრება, რომ სექსუალური ძალადობა აუცილებლად მსხვერპლის სხეულის დაზიანებით, ჭრილობების მიყენებით უნდა მოხდეს. არადა, ხშირ შემთხვევაში მოძალადე ირჩევს დაშინების, შანტაჟის მეთოდებს, რათა ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს მსხვერპლი, არ დაუტოვოს სხვა გამოსავალი, ჩაკლას მასში წინააღმდეგობის სურვილი. სექსუალური შევიწროება კი, რომელიც სექსუალური ხასიათის ნებისმიერ არასასურველ ქცევას გულისხმობს, ყოველდღიურ ცხოვრებაში გვიქმნის მუდმივ დისკომფორტს. სამსახურში, სასწავლებელსა თუ ტრანსპორტში გვეკარგება უსაფრთხოების შეგრძნება, ქვეითდება ჩვენი პროდუქტიულობა თუ ცხოვრების ხარისხი.

თუ ადამიანთან რაღაც სახის სექსუალური კონტაქტი გქონდათ, ეს ავტომატურად სექსზე თანხმობას არ ნიშნავს. მაგალითად, კოცნაზე, სახლში დაპატიჟებაზე, ჩახუტებაზე თანხმობა არ ნიშნავს სექსზე თანხმობას. ბევრი ქალისთვის დაუყვედრებიათ – „თუ არ გინდოდა, რატომ მოდიოდი ან რატომ აკოცე“. უნდა გავითავისოთ, რომ სექსი არ არის ვალდებულება და გადაფიქრება ყოველთვის შეიძლება, თუნდაც აქტის პროცესში. ვალდებული არ ხართ გააკეთოთ ის, რაც არ გსურთ. თქვენს სხეულს თავად უნდა განკარგავდეთ,  თქვენმა პარტნიორმა კი უნდა მოგისმინოთ და პატივი სცეს თქვენს არჩევანს.

ჩვენს კულტურაში ძალადობრივი ქცევა თითქოს ნორმალიზებულია – არასასურველი ფლირტი, შეხება, მიშტერება თუ ზარები. ძალადობრივი ქცევა, რომელიც ქალს თავს შეურაცხყოფილად, დამცირებულად აგრძნობინებს, ან უბრალოდ უქმნის დისკომფორტს, შეფუთულია რომანტიზმით და კიდევ უფრო აბრკოლებს მის ძალადობად ან შევიწროებად კლასიფიკაციას.

სექსუალური შევიწროების რომანტიზება ხდება ასევე წიგნებსა და ფილმებში: ქალის მოპოვება, დევნა, დაძალება, ჰოლივუდური ფილმების გავრცელებული სცენარია. ხშირად ფილმებში გაუპატიურების რომანტიზებაც ხდება და მოძალადის ქცევებს მოზღვავებული ვნებით ან დაუოკებელი ლტოლვით ხსნიან. არადა, არაფერი რომანტიკული მოძალადის ქცევაში არ არის.

ყველაზე ცნობილი და პოპულარული ქართული გადაცემებიც უხვად გვთავაზობენ ხუმრობებს გაუპატიურებაზე, სექსუალურ შევიწროებაზე. სექსუალური ძალადობის იუმორისტულ თემად გამოყენება არასერიოზულ განწყობებს ამძაფრებს და ხელს უწყობს მსხვერპლი ქალების მარგინალიზებას.

„ქმრის მიერ გაუპატიურებული ცოლი“ – ასეთი წინადადება სიცილის მომგვრელია ბევრი ქართველისთვის. არადა, პარტნიორულ ურთიერთობასა თუ ცოლ-ქმრობის პერიოდში ქალები წლების განმავლობაში ხდებიან გაუპატიურების მსხვერპლი.

ჩემს ჯგუფში თავისი ისტორია ანონიმურად გაგვიზიარა ერთმა ქალმა და პოდკასტში მისი თანხმობით გავახმიანებ:

„გოგო, რომელზეც ვყვები, უკვე 7 წელია, გათხოვილია. ამ დროის მანძილზე ძალიან ხშირად ყოფილა ფაქტი, როდესაც მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ქმარი სთხოვს სექსს, სთხოვს კი არა, მოთხოვნის სახე აქვს ამ ყველაფერს და ბოლოს მაინც ისწორებს თავისას. ჯაჯგური და გაწევ-გამოწევებიც ყოფილა მრავლად, მაგრამ საბოლოოდ იმით მთავრდება, რომ ფიზიკურად ცოლი ქმარს ვერ ერევა და სექსუალური აქტი დგება. მე ამას ვეძახი გაუპატიურებას. არ აქვს მნიშვნელობა, ქმარი იქნება მოძალადე თუ ვინმე სხვა. ყველაზე საშინელება ისაა, რომ ტიპი ვერც აანალიზებს, რას აკეთებს და არც თვლის, რომ დანაშაულს სჩადის; არც ბოდიში, არც სინანული, პირიქით ამას აქვს სისტემატური სახე“.

წყვილებსა და მეუღლეებს შორის გაუპატიურება ბევრ ქვეყანაში კანონით ისჯება. ის ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ცოლები ან პარტნიორები ყველაზე მეტად ენდობიან თავიანთ მეუღლეებსა და პარტნიორებს და მათგან მზურნველობას, თანადგომას ელიან. პარტნიორობა არ გულისხმობს თანხმობის გარეშე სექსს. ცოლსაც და შეყვარებულსაც აქვს უფლება, არ უნდოდეს სექსი. დაძალება და  არასასურველი აქტის დამყარება არის გაუპატიურება, ისეთივე სიმძიმის, როგორც უცხო ადამიანის მიერ ჩადენილი. საბოლოოდ, მეუღლისა და პარტნიორის მიერ გაუპატიურებული ქალები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი საფრთხის წინაშე, როგორიცაა შოკი, დეპრესია, ინსომნია და სხვა. ამას ისიც ემატება, რომ ქორწინებაში მყოფი ქალების მიმართ ჩადენილი სექსულაური ძალადობის იდენტიფიცირება ძალიან რთულია. არ არსებობს არანაირი მხარდამჭერი სისტემა, რაც კიდევ ერთხელ უბიძგებს ამ ქალებს, რომ დარჩნენ ჩუმად და წლების განმავლობაში ითმინონ ეს მძიმე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა. როცა საქმე ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხება, მნიშვნელოვანია მოვუსმინოთ, დავუჯეროთ და არ გავაკრიტიკოთ ისინი.

რა ზეგავლენას ახდენს ძალადობის მსხვერპლ ქალზე საზოგადოებისა და ახლობელი ადამიანების სკეპტიკური დამოკიდებულება და მსხვერპლის დადანაშაულება, ამაზე სალომე ზანდუკელი ისაუბრებს თავისი პირადი გამოცდილებით.

ხოლო რა უნდა მოვიმოქმედოთ სექსუალური შევიწროების შემთხვევის დროს და რა სამართლებრივი ბერკეტები გაგვაჩნია, ამას იურისტი ბაია პატარაია გაგვაცნობს.

ეს იყო ჩემი ბოლო პოდკასტი ფემინისტრიმზე, რომლითაც მინდა სექსუალური ძალადობისა და შევიწროების ყველა მსხვერპლ ქალს ვუთხრა – ნუ დაიდანაშაულებ თავს, შენი ბრალი არ არის, რაც მოხდა. გახსოვდეს, რომ ჩვენ გვჯერა შენი და შენი ისტორია მნიშვნელოვანია!