რა დავაკელით სექსუალური შევიწროების რეგულაციებისთვის ბრძოლას?

საქართველოში სექსუალური შევიწროების რეგულირების შესახებ დისკუსია თავიდანვე იყო განწირული იმისთვის, რომ საკითხის სკანდალურად ქცევასთან ერთად, მისი ირონიულ ჭრილში განხილვა დაიწყებოდა, დაკნინდებოდა მისი შინაარსი. ამის (ერთ-ერთი) მიზეზი ის არის, რომ ქალისთვის დამაბრკოლებელი და შემაწუხებელი სექსუალური ხასიათის ყურადღება გაუგებარი მოვლენაა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ასევე, ითვლება, რომ მსგავსი პრობლემის მოსაგვარებლად საკმარისია ახლობელი მამაკაცის ჩარევა, რადგან ასეთი პირადი საკითხი უცხო პირების გადასაწყვეტი არ უნდა გახდეს („რად უნდა მაგას პოლიცია? პატრონი არ ჰყავს?“).

Elene Kaikhosroshvili

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, სექსუალური შევიწროების თემაზე არაერთი კვლევა თუ სტატია შეიქმნა, მათში განვითარებული არგუმენტები და ხედვა ვერ გასცდა აკადემიურ სადისკუსიო ჭრილს და ვერ გადმოინაცვლა იმ ყოველდღიურ განხილვებში, რომლებსაც გავლენის მოხდენა უფრო ფართო საზოგადოების აზრის ფორმირებაზე შეეძლოთ.

ყოველდღიურ განხილვებში აქტივისტები იძულებულნი ვიყავით, დიდი ძალისხმევა მიგვემართა ისეთი მარტივი ჭეშმარიტებების მტკიცებისკენ, რომ დაჟინებული მზერით, მიშტერებით, ნამდვილად შესაძლებელია ადამიანისთვის მტრული, დამამცირებელი, დამაშინებელი გარემოს შექმნა; რომ ქუჩაში/სკვერში თუ საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გენიტალიების ჩვენება ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ხერხია და არა – „მხოლოდ უზრდელობა“ ან „კომპლიმენტი“. ასეთმა არასენსიტიურმა სადისკუსიო გარემომ მოიტანა ის, რომ ყურადღების მიღმა დაგვრჩა სექსუალური შევიწროების მძიმე შედეგების, საჯარო სივრცეებიდან, მათ შორის, სამსახურებიდან ქალების განდევნის, ამგვარად, ოჯახზე (შესაბამისად, კაცზე) მათი ეკონომიკური დამოკიდებულების გაზრდისა და, შედეგად, სიღარიბეში დარჩენის საკითხები.

საკითხის დამახინჯების გამო, ჩვენი, როგორც თემისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობის მქონე აქტივისტების, არგუმენტებიც ვიწრო ჩარჩოში მოექცა. ის არგუმენტები მოგვყავდა, რომლებსაც, ჩვენი აზრით, დისკუსიის მეორე მხარეს მყოფი კაცების მგრძნობელობის გაზრდა შეეძლოთ – „ბავშვს რომ ვინმე ასე მოექცეს?“, „შენს დას რომ ვინმე ასე მოექცეს?“. ამით, ყოველ ჯერზე, ვაზარალებდით ჩვენივე ბრძოლის ფემინისტურ ხასიათს, რადგან ვივიწყებდით ქალს, როგორც თავისთავად ღირებულს, ნათესაური თუ ემოციური ბმის გარეშე. ასევე, ვიღებდით პრეტენზიას, რომ „მაგარი ქალები“ თავს ისედაც არავის დააჩაგვრინებენ და ასეთის შემთხვევაში, მჩაგვრელს თავად გასცემენ საკადრის პასუხს.

ასევე, დისკუსიების დროს, ყურადღება ხშირად გადადიოდა ქალზე, როგორც შევიწროების/ძალადობის გამომწვევზე სხვადასხვა ქცევით („რატომ სვამდა მასთან ერთად?“), ჩაცმულობით („შარვალი ეცვა თუ კაბა?“). შესაბამისად, მთელი დისკუსია მიმართული იყო ქალებისკენ, მათი ცხოვრების დეტალებისკენ – თითქოს, ყველა ეძებდა მიზეზს, თუ რატომ დაიმსახურა ეს. ასე აღმოჩნდა, რომ, ერთი მხრივ, ქალებს უნდა აგვერიდებინა თავიდან მსგავსი შემთხვევები, არ გავყოლოდით სავარაუდო მოძალადეს/შემვიწროებელს კონკრეტულ ადგილებში (ასეთი პირების წინასწარი ამოცნობაც, რა თქმა უნდა, ქალის პასუხისმგებლობაა), არ ჩაგვეცვა „გამომწვევად“; მეორე მხრივ, ძალადობის ფაქტისას, კვლავ ქალებს გვევალებოდა, ვყოფილიყავით ძლიერები, ჩვენითვე „დაგვეყენებინა საქმე ისე“, რომ შემვიწროებელს ჩვენთან ასეთი ქცევა აღარ გაებედა. საბოლოოდ, ეს მსჯელობა შევიწროებას კონკრეტული ქალების პირადი უსიამოვნების ჭრილში განიხილავს. შედეგი კი საპირისპიროა – შემვიწროებლის იდენტიფიცირებით სხვა ქალებს პრობლემაზე საუბრის მოთხოვნილება კი არ უჩნდებათ, არამედ დადუმების სურვილი უმძაფრდებათ.  

ხშირ შემთხვევაში, დისკუსიისას გვავიწყდებოდა იმის ხაზგასმა, რომ პრობლემა შემვიწროებლის ქცევაშია და არა კონკრეტული ქალების უნარში, არ დაიჩაგრონ ამ ქცევის შედეგად. ასევე, ალბათ, უფრო ხშირად უნდა გვეხსენებინა არგუმენტი, რომ მხოლოდ ჩვენი „სიძლიერე“ არ არის ამოსავალი წერტილი და ჩვენ ფემინისტური მიზანი გვაქვს – დავეხმაროთ სხვა ქალებსაც, რომ იმავე პირებმა არ შეავიწროონ, ვისაც ჩვენ შეიძლება გავეცით კიდეც „საკადრისი პასუხი“.

ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდის (ე.წ. კვოტების) კამპანიის ფარგლებში, მოწინააღმდეგე ადამიანები გვიპირისპირებდნენ მსჯელობას, რომ საჯარო ცხოვრებაში ქალების არაპროპორციულად დაბალი მონაწილეობა, პრინციპში, კი არის პრობლემა, თუმცა, ეს „ჩვენით“ ან „ბუნებრივი გზით“ მოგვარდება („მაგარი ქალები“ თავს არავის დააჩაგვრინებენ) და სახელმწიფოს მიერ რაიმე სახის ხელოვნური ჩარევა ამ უსამართლო, მაგრამ მაინც „ბუნებრივად შექმნილ წესრიგს“, „არაბუნებრივად“ მოაწესრიგებდა.

კვოტებისა და სექსუალური შევიწროების რეგულაციების მიზანი, საჯარო ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა და ამ მონაწილეობის უსაფრთხოების  უზრუნველყოფაა. სექსუალური შევიწროების შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ საჯარო სივრცეში უკვე (თავისით და ბუნებრივად) გააქტიურებული ქალების უსაფრთხოება უზრუნველყოს და მაქსიმალურად აგვარიდოს თავიდან ამ სივრციდან ჩვენი განდევნის მცდელობები, ასევე მხარდაჭერის გარეშე დარჩა. ორივე კამპანიის დროს, მოწინააღმდეგეთა არგუმენტები ამტკიცებდა, რომ ქალების ჩაგვრა და მათი დაბალი პოლიტიკური მონაწილეობა მათსავე ბუნებაზეა დამოკიდებული და არა ღრმად ფესვგამდგარ პატრიარქალურ ურთიერთობებზე.

საზოგადოების იმ წევრების დიდი ნაწილი, რომლებიც აზრის შემქმნელებად მიიჩნევიან (პოლიტიკოსები, სოციალურ ქსელებსა თუ სხვა სივრცეებში პლატფორმების მქონე აქტიური პირები), უკვე დიდი ხანია გვყოფს „მაგარ“ და „სუსტ“ ქალებად, რაც ასევე პატრიარქალური წესრიგის გამოძახილია. ხშირად დაგვძახიან, რომ ქალი თუ მაგარია/ჭკვიანია, მისთვის არ არსებობს ე.წ. შუშის ჭერი და მონდომების შემთხვევაში, ის ისევე აღწევს წარმატებას, როგორც კაცი. სამწუხაროდ, საზოგადოების ეს ნაწილი ხშირად წარმატებით ახერხებს ქალებს შორის სოლიდარობის განცდის დათრგუნვას.

სექსუალური შევიწროების რეგულაციებისთვის ბრძოლას სოლიდარული ქალებიც დააკლდა, მათი ბრაზი თავს გადამხდარი ჩაგვრის გამო და მათი ზრუნვა სხვა ქალებზე.

დღეს გვაქვს სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ რეგულაციები[1], თუმცა მათი ყოველი ამოქმედება საკითხის დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანიის საფუძველი ხდება. ამან შესაძლოა სამართლებრივი საშუალებებისადმი მიმართვიანობაზე იმოქმედოს. აქედან გამომდინარე, სოლიდარობის კამპანიის წარმოება დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც რეგულაციების მიღებამდე იყო. სწორედ ასე იქცევა ის რეალურ ინსტრუმენტად, რაც საზოგადოების ინფორმირებულობასა და  მგრძნობელობას გაზრდის.


[1] იხ. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 და 41 ნაწილები. წყარო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/document/view/1155567?publication=12;

ასევე, იხ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 1661. წყარო ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/28216?publication=439