პოსტსამშობიარო ჩანაწერები, ანუ რეფლექსია იმ გამოცდილებაზე, რომელსაც აუცილებლად დავივიწყებ

ორსულობა და მშობიარობა სუბიექტური პროცესია და მთლიანად ემყარება ადამიანის თვითაღქმასა და გამოცდილებას. ამასთან, ამ პროცესში აუცილებელია სახელმწიფო ჯანდაცვის და სოციალური სერვისების მონაწილეობა, რაც მას საზოგადო ზრუნვის საგნად აქცევს.

2 ქალი

თანამედროვე ფემინისტურ თეორიაში ქალის გამოცდილება სხვადასხვანაირად (და ხშირად ანტაგონისტურად) არის თეორიზებული, თუმცა გამოცდილება (ინდივიდუალური თუ კოლექტიური), ნებისმიერ თეორიულ ჩარჩოში, რჩება არსებული სისტემის შეცვლის მთავარ არგუმენტად ან იარაღად [1] (ჰარავეი, 1991). ტერეზა დე ლაურენტისი (1988)  ფემინიზმს ქალის გამოცდილების პოლიტიკას“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ ამ პოლიტიკის გამოყენებით არსებული კულტურის გადაწერა შეიძლება [2].

ჰარავეის (1991) აზრით, მატერიალური პრაქტიკებია სწორედ იმ აპარატის ნაწილი, რომელიც წარმოშობს იმას, რასაც ჩვენ გამოცდილებას“ ვუწოდებთ. შესაბამისად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის მატერიალური, უთანასწორო პრაქტიკების გასააზრებლად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა გამოცდილება აქვთ ქალებს დედობის გარშემო, არის თუ არა ჩვენს სივრცეში არსებული სერვისები მორგებული იმაზე, რომ ადამიანმა მშვიდად მიიღოს და გაიაროს ორსულობის პერიოდი, გაიაზროს, რომ მშობელი ხდება და კი არ შეეგუოს“ ამ ფაქტს, არამედ ისწავლოს და გამოცდილებად მიიღოს ახალი ადამიანის დაბადება.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების კუთხით ამ საკითხის კვლევამ სხვადასხვა გამოცდილების მქონე ქალთან, სოფლად, ქალაქში, მაღალ მთაში, სუროგატ დედებთან, დევნილ ქალებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მაჩვენა, რომ საერთო შტრიხი, რაც ორსულობისა და მშობიარობის შესახებ ქალების ამბივალენტურ, ბედნიერ, დაბნეულ, ტკივილით სავსე, გაბრაზებულ ნარატივს აერთიანებს, არის ის, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ გარდამქმნელი პროცესისგან“ მიღებულ გამოცდილებაზე საუბარი.

შესაძლოა, ჩვენ არ ვსვამთ კითხვებს სწორად, ვაჩუმებთ საკუთარ თავს, თავდაცვის გამო ხშირად ვივიწყებთ არსებულ მტკივნეულ გამოცდილებას, ან მას საკმარისად მნიშვნელოვნად არ აღვიქვამთ, თუმცა, ნათელია, რომ ამ პერიოდს ვანაწევრებთ და ვყოფთ ნაყოფის (და შემდეგ ბავშვის) ზრდა-განვითარებიდან გამომდინარე, რაც არსებულ პრაქტიკებს და გამოცდილებას მთლიანად ბავშვის გარშემო უკეთებს მობილიზებას.

ამ ტექსტით ვეცდები, ეს გამოცდილება გავიაზრო და გადმოვცე ისე, რომ მთლიანად ჩემს, როგორც ქალის სხეულის განცდილ ტკივილსა და ბედნიერებაზე ვკონცენტრირდეჩემი ეს მცდელობა ეხმიანება ამერიკელი მეორე ტალღის ფემინისტის, ედრიენ რიჩის (1976) მიერ წამოწყებულ მსჯელობას იმ ნაპრალზე, რომელიც ქალის მიერ დედობის სუბიექტურ გამოცდილებასა და საზოგადოების მოლოდინებსა და მოთხოვნებს შორის არსებობს[3].

ორსულობა

და მაშინ, როდესაც სამყაროში ამდენი ტანჯვაა, რატომ არ ვეძებთ მიზეზს სათავესთან?
შიში როუზი, HATCH ბლოგისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი მეორე ორსულობაა, ისევ მიკვირს ის მდგომარეობა, როცა არაფერი იცვლება, მაგრამ ყველაფერი სხვანაირია. ჰორმონები ყველაფერს თავდაყირა აყენებს, ადუნებს, ანელებს. ყველაფერი რძეში იძირება

დამავიწყდა, როგორ შეუძლია ორსულობას ქალის ყველაფრისგან იზოლირება. ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ქრებიან წლობით შეკოწიწებული სოციალური სივრციდან და მე ეს არ მაღელვებს (პირველი პოლიტიკური შეცდომა), რადგან მენტალურად იმ ქალების შთამომავალი ვარ, მენსტრუაციის, მშობიარობისა და პოსტსამშობიარო პერიოდისას მარტო რომ ტოვებდნენ ცხოველების ბაგაში და ეუბნებოდნენ, რომ მისი ხვედრიც ეს იყომარტო უნდა ყოფილიყო, ამ ტანჯვას მარტო უნდა გამკლავებოდა და არავინ იქნებოდა მისი დამხმარე; იმ ქალების შთამომავალი, რომელთაც ასწავლიდნენ, რომ ამ დამამცირებელი გამოცდილებით ეამაყათ.

სხეული

ერთი ზებუნებრივი ძალა რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?

შემეძლოს, უჩინარი ვიყო!

ორსული ქალის სხეული არის ის, რაც ხალხს პატარა ფისოების და ლეკვების ვიდეოებზე მეტად უყვარს. სრულ აღტაცებაში მოდიან, როდესაც მხედავენ, მუცელზე ხელს მკიდებენ, მეფერებიან, საქებარ სიტყვებს არ იშურებენ. მიჭირს პირადი სივრცის ამხელა რღვევასთან შეგუება.

არ მიიქციო ყურადღება“, ეცადე გაეტიო ვიწრო გასასვლელში“, უცბად გაიხადე და აძვერი გინეკოლოგის სკამზე, ექიმს ეჩქარება“, ასე არ დაიხარო, ჩაიმუხლე, აიღე და გასწორდი“, დარწმუნდი, რომ სასაცილოდ არ დადიხარ“, ეცადე გაიღიმო და დაეთანხმო, როდესაც შენს წონაზე კომენტარს ისმენ, ასე უფრო სწრაფად დასრულდება საუბარი“ჩემი გამკლავების ერთადერთი მექანიზმია (მეორე პოლიტიკური შეცდომა).

ეს ყველაფერი დაახლოებით 8-9 თვემდე გრძელდება. ამ დრო მუცელი გრანდიოზული ხდება, ჩემი სხეულის წონა აჭარბებს ნორმატიულ წარმოდგენას ორსული ქალის სხეულზე. ძალიან მიჭირს დიდხანს ჯდომა, შარვლის ჩაცმა, საერთოდ ტანსაცმლის ჩაცმა. შეიძლება გამიმართლა, მაგრამ, ასეთ დროს ძალიან მომწონს საკუთარი სხეული

პოსტპარტუმი

გილოცავთ, თქვენი შვილი ერთი თვისაა. ხანმოკლედ აფიქსირებს მზერას, რამდენიმე წამით იკავებს თავს. გახსოვდეთ, ძუძუთი კვება საუკეთესოა თქვენი პატარასათვის“

სერვისების განვითარების სააგენტო

სახლში ვარ. სხეულზე ყველა არსებული წერტილიდან ან რძე მდის, ან ცრემლი, ან სისხლი. ჩემი სხეული სოციალურ სივრცეში თითქოს არ არსებობს, გაუჩინარებულია. არავინ მთავაზობს გარეთ გასვლას, ყავის დალევას, ამბების მოყოლას. არავინ ცდილობს თავი მომაწონოს. ვფიქრობ, აღარ ვარ საინტერესო.

გრძელი, მარტოსული სეირნობებისას ვხვდები, რომ თავი ასეთი ფიქრებით მაქვს გამოტენილი: სად შეიძლება ვაჭამო ბავშვს ისე, რომ არ დამინახონროგორ ჩავიტანო ეს ეტლი კიბეზე? რა მოხდებოდა, ჩემი სახლიდან ტბამდე მარტო სამანქანო კი არა, საფეხმავლო გზაც ყოფილიყო? მტკივნეულია თუ არა პირველი სექსუალური ურთიერთობა მშობიარობის შემდეგ? რამდენ ხანში მომირჩება საკეისროს ნაკერი? რატომ მაქვს სიცხე? რას ებრძვის ჩემი ორგანიზმი? რატომ ებრძვის?

ვფიქრობ, რომ ეს ფიქრი იმხელაა, და იმდენ ქალს აერთიანებს, ერთად მთებს გადავდგამთ. სანამ ტბას მესამე წრეს დავარტყამ, უკვე მოფიქრებული მაქვს ჯგუფის სახელი, მიმართვა, დედების მობილიზების მცდელობა. ვიცი, რომ ეს საკითხები ყველაზე პრობლემური ახლა იმათთვისაა, ვისაც ბავშვი ახალი გაჩენილი ჰყავს და ეს გამოცდილება ჯერ არ დავიწყებია. თუმცა, შინ რომ ვბრუნდები, არაფერს ვაკეთებ. დაღლილი ვარ და ვცდილობ, დავისვენო.

ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი სოციალური სერვისი, რომელიც პოსტნატალური პერიოდისთვის ქალებს ფსიქოლოგიურ დახმარებას შესთავაზებდა. საერთოდ, არ არსებობს პოსტნატალური ზრუნვის რაიმე მექანიზმირაც ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ მშობიარობის შემდეგ ქალის სხეული, მისი ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღე სისტემას აღარ აინტერესებს.

დასვენების რადიკალური მნიშვნელობა

არაფერს მოაქვს ისეთი შვება, როგორც დასვენებას. თითქოს ერთიანად ვისვენებ ყველა იმ ტვირთისგან, რაც ქალთა სხეულებს აჰკიდებია სხვებზე ზრუნვის ვალდებულებად. სხეული მკარნახობს, რომ არაფრით არ უნდა ავუწყო ფეხი არსებულ ტოქსიკურ სისტემას, რადგან მასში ჩემს სხეულზე არაფერია მორგებული. გადატვირთვა, ამ ბრძოლაში, დანებების ტოლფასია, მაშინ როდესაც მე მხოლოდ სიამოვნებისა და თანასწორობისთვის ვიბრძვი. ეს ყველაფერი დასვენებაზე მეტია. ეს ბრძოლის სტრატეგიაა.

ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება სავალდებულოდ ანაზღაურებადია მხოლოდ საჯარო სამსახურში, მაშინ როდესაც კერძო დამსაქმებელს მსგავსი ვალდებულება არ აქვს[4]. შესაბამისად, ბევრი ქალი ვერ ისვენებს იმ დროს, როდესაც დასვენებას მისთვის რადიკალური, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და იძულებულია, ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნდეს სამსახურს. ქალებს, რომლებსაც ფიზიკურად არ შეუძლიათ ბავშვის დატოვება, ან სამსახურში სწრაფად დაბრუნება, ხშირად აუნაზღაურებელი შვებულების გამოყენებას ან სამსახურის დატოვებას სთხოვენ და ამ საკითხზე არსებულ ფემინისტურ/ლეგალისტურ დებატებში არ არსებობს არც ერთი არგუმენტი, რომელიც გადაწონის დამსაქმებლის სოციალურ პასუხისმგებლობას.

ვფიქრობ, აუცილებელია, სახელმწიფომ გაატაროს კონკრეტული აქტივობები მშობლის შვებულების გარშემო არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად და შეიმუშაოს რეგულაციები თანასწორი, ანაზღაურებადი და არაგადაცემადი მშობლის შვებულებასთან დაკავშირებით, რათა ორივე მშობელს შეეძლოს მისით თანასწორად სარგებლობა. ეს მნიშვნელოვანი მცდელობა იქნებოდა ორსულობისა და მშობიარობის გამოცდილების შეცვლის და ზრუნვის ტვირთის თანაბრად განაწილების საქმეში.

ეპილოგის მაგიერ

ჩემი დაბადების დღეა. გადავწყვიტე, დღეს ძიძას არ შევთანხმებოდი დარჩენაზე და არ წავსულიყავი იმ ძალიან საინტერესო ღონისძიებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა, საღამოს, 9 საათზე იწყება. უბრალოდ, ეს ყველაფერი, მოცემულ მომენტში ჩემს შესაძლებლობებს აღემატება. თან, ხვალ, დილას ადრე, სამუშაო მაქვს

10 საათია. ტელევიზორში ვუყურებ, როგორ აჩენს მამალი წყლის ცხენი შვილებს. კედელზე იოგურტია, იატაკზესპაგეტი, სათამაშოები და გასარეცხი ტანსაცმელი. მე უკვე გავხსენი და ბოლომდე ჩავიყვანე ის წითელი ღვინის ბოთლი, სხვა, უკეთესი შემთხვევისთვის რომ ვინახავდი.

 

[1] ჰარავეი, დონა . „ბუჩი ემეჩეტას კითხვისას: შეჯიბრიქალის გამოცდილებაშიქალის საკითხების სწავლებისას“. პრიმატები, კიბორგები და ქალი: ბუნების ხელახალი გამოგონება. ნიუ-იორკი, რუტლიჯი, 1991.

[2] დე ლაურენტისი, ტერეზა. „ფემინისტური სწავლება/კრიტიკული სწავლება: საკითხები, ტერმინები და კონტექსტი“. რედ. ტერეზა დე ლაურენტისი. ბლუმინგტონი, ინდიანა უნივერსითი პრეს, 1988.

[3] რიჩი, ედრიენ. „ქალად დაბადებული: დედობა როგორც გამოცდილება და ინსტიტუცია“. ნიუ-იორკი: ნორტონი, 1986.

[4] ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების რეგულირება განსხვავდება კერძო და საჯარო სექტორში. საჯარო სექტორში მოქმედებს კანონისაჯარო სამსახურის შესახებ“, ხოლო კერძოში ორგანული კანონისაქართველოს შრომის კოდექსი“. როგორც კერძო, ისე საჯარო სამსახურში ორსულობის 28 კვირიდან ქალისათვის შესაძლებელია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებითორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების ანაზღაურების წესის დამტკიცების თაობაზე“ (231/, 2006) და ბრძანებითდროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარების და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის შესახებ“ (281/, 2007). ორივე შემთხვევაში შვებულება დაახლოებით 6 თვეს გრძელდება (183 დღე ან 200 დღე მშობიარობის გართულების ან ტყუპების შობის შემთხვევაში) და საჯარო სამსახურში ის სრულად ანაზღაურებადია. მაშინ როდესაც კერძო სექტორში ქალის მიერ .. „დეკრეტული“ შვებულებით სარგებლობისას ანაზღაურების გაცემა მთლიანად დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.