როგორი უნდა იყოს ფემინისტური საარჩევნო პროგრამა?

ამ პოდკასტში მინდა მარტივად ავხსნა, რას ნიშნავს ქალების და ჩაგრული ჯგუფების გათვალისწინება საარჩევნო პროგრამაში და პოლიტიკაში და ისეთი პარტია წარმოვიდგინო, რომელიც ამ ყველაფერს გააკეთებს.

პირველ რიგში, ქალთა და ქვიარ ადამიანების თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობა პარტიისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება კი არა, ჩვეულებრივი პოლიტიკა უნდა იყოს. ამასთან, პარტია უნდა აცნობიერებდეს რომ ქალები მარტო საჯარო სამსახურში დასაქმებული, ცნობილი ან მდიდარი ქალები კი არ არიან, არამედ ლესბოსელი, შშმ, დაბრუნებული ემიგრანტი, სოციალურად დაუცველი ქალებიც. სხვადასხვა გამოცდილების ქალების ჩაერთულობა პარტიულ საქმიანობაში, პოლიტიკურ სუბიექტს გაუჩენდა მგრძნობელობას და ცოდნას ამ ჯგუფებში არსებულ სპეციალურ საჭიროებებზე. 

 

არჩევნები 2020 - ქალის ხელს უჭირავს ყვითელი პოსტერი ამ წარწერით

პარტია, რომელსაც კარგ, ფემინისტურ პარტიად რეგისტრაციაზე აქვს პრეტენზია, სიის პირველი ოცეულის შესავსებად უბრალოდ ცნობილ ადამიანებს კი არ იწვევს, შესაბამისი განათლების და გამოცდილების ხალხი აყავს თავის რიგებში. ასეთ პარტიას არ დასჭირდება 25% თუ 30%-იანი კვოტის დავალდებულება სახელმწიფოსგან, რადგან იცის, რომ ქალებს ჩვენს რეალობაში პოლიტიკური კარიერისკენ გზა დახშული აქვთ. ამიტომ ისინი ადგილობრივ სათემო ლიდერებს ეძებენ, შენნაირ და ჩემნაირ ქალებს და არა სხვა პოლიტიკოსების და ბიზნესმენების მეგობრებს ან ცნობილ სახეებს. ამ ქალებს ასწავლიან, ეხმარებიან, ადგილობრივად თუ საზღვარგარეთ სხვა ქალებს ახვედრებენ და გამოცდილებას უზიარებენ. ზოგი განათლების სპეციალისტია, ზოგი ყოფილი მასწავლებელი, ზოგი ექიმი და ზოგიც მეღვინე. მათი წარმატება ისაა, რომ თავის ქალაქებში და სოფლებში სხვა ქალებს გულისყურით უსმენენ და ვის რა სჭირდება ზეპირად იციან. შეიძლება თვითონაც იბრძოლეს სოფელში წყლის გასაყვანად, მცირე სასტუმროს ასაშენებლად ან თავის დაბაში ჰესების ასაშენებლად შემოსული  სპეცრაზმი შეაჩერეს. 

როგორი იქნება ამ ქალების/ქვიარ ადამაინების დაწერილი პროგრამა?

ამ პროგრამაში ქალები ცალკე 99-ე გვერდზე კი არ არის, უბრალოდ, მანდილოსნების სადღეგრძელოსავით წარმოდგენილი. ქალების და ქვიარ ადამიანების საჭიროებები პროგრამის ყველა კომპონენტის ნაწილია. 

პირველ რიგში, ფემინისტური პროგრამა უნდა გაცდეს მდედრობით სხეულს და შშმ ადამიანების და ტრანსგენდერების საჭიროებებიც მოიცვას. ქალების, ტრანსგენდერების, შშმ ადამიანების საჭიროებები სპეციფიკური არაა, ისინი საზოგადოების წევრების საჭიროებებია, რომელსაც ფემინისტური პროგრამა მთელ სისტემას არგებს და არა პირიქით. შესაბამისად, პროგრამას უნდა შეეძლოს განასხვავოს გენდერული ნიშნით ჩაგრული ადამიანები და ქალების მრავალფეროვანი საჭიროებები. 

ზოგადად, საარჩევნო პროგრამა კვლევებს და ფაქტობრივ მონაცემებს უნდა ემყარებოდეს და არა ნაციონალისტურ სენტიმენტებს, ვიღაცის შეხედულებებს ან კონკრეტული ბიზნესმენების თუ პოლიტიკური აქტორების დაცვის ინტერესებს. ასევე მნიშვნელოვანია, რა არგუმენტები უდევს საფუძვლად ამა თუ იმ პუნქტს. მაგ. თუ გენდერულ ძალადობასთან ბრძოლას სთავაზობს, მნიშვნელოვანია ამას ისევ პატრიაქალური მიზეზებით არ ასაბუთებდეს და მაგ. არ ამბობდეს, რომ თუ ქალს არ სცემ უკეთესად მოემსახურება ქმარს.

დღეს გენდერული თანასწორობის მომხრეები მუდმივად ცდილობენ ხაზი გაუსვან რას მოუტანს ქალების ეკონომიკური თუ პოლიტიკური გააქტიურება საზოგადოებას, კაცებს, ბავშვებს, რატომ იქნება ის მომგებიანი ბიზნესისთვის. რა ვუყოთ იმ შემთხვევებს როცა ქალების მონაწილეობა სულაც არ ნიშნავს მეტ ფულად მოგებას? რატომ არ შეიძლება ქალების კეთილდღება თავისთავად ჩაითვალოს სასურველ მიზნად მათი შვილების, ქმრების და ბიზნესის წარმატებისგან დამოუკიდებლად?

მოსახლეობის ნახევარი ქალია. თანასწორობა საარჩევნო პროგრამაში ნიშნავს ქალებისთვის ცხოვრების, შრომის, კულტურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის პირობების გაუმჯობესებას და იმ ბარიერების მოხსნას, რომელიც ახლა ხელს უშლით. ქალები პოლიტიკაში, ეკონომიკაში უბრალოდ იმიტომ კი არ გვჭირდება, რომ კაცებმა და ბავშვებმა უკეთ იცხოვრონ, არამედ იმიტომ, რომ ყველამ უკეთ უნდა იცხოვროს. ამისთვის კი კაცებმა უნდა დათმონ. 

კაცებს შესაძლოა მოაკლდეთ დედის გაცხელებული სუპებიც, უსიტყვოდ მორჩილი, შინაპატიმრობაში მყოფი, თან სექსუალური, მაგრამ თან უბიწო ცოლებიც და პარლამენტში ადგილებიც. ეს ადგილები ქალებსაც ეკუთვნით (მათ შორის უსიტყვოდ მორჩილ, ნახევრად შინაპატიმრობაში მყოფ, თან სექსუალურ და თან უბიწო ქალებსაც, რადგან ყველაზე კარგად იციან როგორ კანონები უნდა მიიღონ, რომ საშინაო შრომის და ზრუნვის ტვირთის განაწილებაში სახელმწიფო ქმედითი გახდეს). 

გენდერული თანასწორობა პოლიტიკაში სწორედ საზოგადოების უკეთეს სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებას ნიშნავს და არა უბრალოდ ბიზნესისთვის, პარტიისთვის, ოჯახის მეგობარი, ნათელ-მირონი ან ნაცნობი კაცებისთვის მოტანილ სარგებელს. თანასწორობა სასარგებლოა იმიტომ რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ნახევარზე მეტი - უკეთესად იცხოვრებს, ვიდრე აქამდე ცხოვრობდნენ. 

ბიზნესისთვის დღეს ქალების დასაქმება ხშირად სულაც არაა მომგებიანი, ვინაიდან შემდგომ დეკრეტული შვებულების, მოკლე სამუშაო დღის ან სხვა სოციალური ბენეფიტების ანაზღაურება შეიძლება მოუწიოთ. ფემინისტურმა საარჩევნო პროგრამამ უნდა აღიაროს ზრუნვის და რეპროდუქციული შრომა საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხად. სამწუხაროდ, დღეს პროგრამები ქალთა საჭიროებებს მხოლოდ რეპროდუქციულ ჭრილში განიხილავენ, ნაციონალურ სენტიმენტებზე დაყრდნობით, ქალებს კი დედობის მიღმა არ ხედავენ რაიმე საჭიროებების მქონე სუბიექტებად. 

ქალთა მიმართ ძალადობა ერთადერთი საკითხია, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც ჩნდება ხოლმე პარტიების პროგრამებში და განცხადებებში. სამწუხაროდ, ეს პროგრამები ძალადობას მხოლოდ ოჯახში ფიზიკურ ძალადობად განიხილავს და დასჯის პოლიტიკას ვერ ცდება. ფემინისტური პროგრამა ქალებისადმი ძალადობის (პოლიტიკაში, სოციალურ ცხოვრებაში, საჯარო სივრცეში) და მის სხვადასხვა ფორმებს სისტემურად უყურებს. გამოსავალიც პრევენციული აქვს და არა უბრალოდ სადამსჯელო. ფემინისტური პროგრამა ცდილობს შეცვალოს ის სოციო-ეკონომიკური და კულტურული რეალობა, რომელიც ძალადობას იწვევს და ძალადობის მსხვერპლს, იქნება ეს  ქალი, თუ გეი მოზარდი, მრავალმხრივ დახმარებას სთავაზობს. მაგ. საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ფსიქოლოგის დახმარება და ა.შ.

ეს ფორმალური ნაწილი.

ვიცით, რომ ფორმალური საკანონმდებლო ნაწილი ვერ ფარავს და ცვლის კულტურულ პრაქტიკებს. ამიტომ კულტურული გარდაქმნა სკოლის, ბაღის სასწავლო კურიკულუმებში ცვლილებას უნდა ნიშნავდეს. მაგ. სექსუალური განათლების და გენდერული თანასწორობის საკითხების შესვლა სკოლაში სხვადასხვა სახელმძღვანელოებში და პედაგოგების განათლების სისტემაში. 

ფემინისტური პროგრამისთვის განათლება მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს, ვინაიდან განათლება არა მხოლოდ გენდერული თანასწორობის, არამედ ზოგადად ეკონომიკური და სოციალური თანასწორობის წინაპირობაა. ამისთვის განათლების ხელმისაწვდომობაზე გაზრდა ქალებისთვის, მათი ჩართვა ტექნოლოგიებში პროგრამის ნაწილი უნდა გახდეს. დღეს მხოლოდ რამდენიმე პროგრამა მოქმედებს, რომელიც ქალებს უმაღლეს თუ სასკოლო საფეხურზე ქალების მათთვის “არატრადიციულად” მიჩნეულ სფეროებში ჩართვას წაახალისებს. წახალისება არ ნიშნავს მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ პირობების შექმნას, პირველ რიგში მაგ. სწავლის დაფინანსების გაზრდით. 

სახელმწიფოს არ ჭირდება ველოსიპედის თავიდან გამოგონება. საზოგადოებებში უკვე არსებობს თვითორგანიზებული ქალები. მაგ. ყაზბეგში ქალები ერთმანეთს ბავშვებს უტოვებენ როცა გრძელ სმენებში უწევთ მუშაობა. ქალებმა ისწავლეს გადარჩენა ერთად. მათ არ ჭირდებათ უბრალოდ სოციალური და ერთჯერადი ფულადი დახმარებები, ქალებს ჭირდებათ შესაძლებლობები, რაც ფემინისტურმა პოლიტიკამ უნდა შეუქმნას.

ეს გარე შინაარსი მოითხოვს თქვენს თანხმობას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

video-thumbnailOpen external content on original site