ევროპული საქართველო - საარჩევნო პროგრამის მოკლე ანალიზი

ევროპული საქართველო - საარჩევნო პროგრამის ანალიზი

პარტიული სია

ევროპული საქართველოს მიერ 16 მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებული კანდიდატიდან 4 ქალია - მთელი სიის 20%. პარტიის პროპორციულ სიაში 50 ქალია - 33%. ამასთან, პროპორციული სიის ათეულში 3 ქალია, ოცეულში - 5 ქალია.  აღსანიშნავია, რომ პარტია გენდერული კვოტირების მოწინააღმდეგეთა სიაშია. 

პროგრამის ანალიზი 

ევროპული საქართველოს საარჩევნო პროგრამის დოკუმენტში ცალკე გამოყოფილია ქვეთავი, სახელით „ქალთა  მონაწილეობა პოლიტიკაში“ რომელიც ერთი აბზაცის მოცულობის ტექსტს მოიცავს. აღნიშნულ ტექსტში გვხვდება ზოგადი განაცხადი იმის შესახებ, რომ პარტიის ამოცანაა „საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა და მათთვის თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის პირობების შექმნა“ თუმცა, მთელ რიგ თემატურ განყოფილებებში პარტია არ აღიარებს/ასხვავებს ქალთა და სხვა მოწყვლად ჯგუფთა განსხვავებულ საჭიროებებს, რაც მათ წინაშე არსებული სხვადასხვა ბარიერების / სხვადასხვა სასტარტო პირობების აღიარების წინაპირობაა იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს „თანაბარი უფლებების“ ან „თანაბარი შესაძლებლობების“ რეალიზაცია. 

აღნიშნულ ქვეთავში ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის წასახალისებლად პარტია შემოიფარგლება მისი სტრუქტურული ერთეულის - ქალთა ორგანიზაციის განვითარების საკითხით. ორგანიზაცია 2017 წელს შეიქმნა და როგორც პროგრამაში ნათქვამია, აქ მობილიზებულია ათასობით აქტივისტი ქალი, საიდანაც მრავალი ლიდერი ქალის იდენტიფიკაცია და ჩართვა განხორციელდა ადგილობრივ თუ ეროვნულ პოლიტიკაში. ეს საქმიანობა, პარტიის ხედვით, არამხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა ჩართულობის წახალისებაზე მეტყველებს, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მეტი ქალის ჩართვაზე.

აღნიშნული ტექსტიდან ჩანს, რომ პარტია ქალთა საკითხს და ქალთა პოლიტიკას ხედავს, როგორც მხოლოდ ჩართულობისა და მონაწილეობის საკითხს, რაც საუკეთესო სცენარის შემთხვევაში შემოიფარგლება ლიდერი ქალების გამოკვეთითა და მათი პარტიული/პოლიტიკური დაწინაურების გზით. თუმცა, პარტიის პროგრამაში არ გვხვდება ქვეყანაში არსებული ქალთა ზოგადი თუ კონკრეტული, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების აღიარება და მათი გადაჭრისკენ მიმართული კონკრეტული ინიციატივები. 

პროგრამის თემატური საკითხები

პარტიის ზოგადი ეკონომიკური/სოციალური პროგრამა ეფუძნება სახელმწიფოს მინიმალური მონაწილეობის იდეას ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის დაგეგმვაში, თუ არ ჩავთვლით მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემის ვალდებულების აღიარებას. პარტია არ ასხვავებს განსხვავებულ საჭიროებებს მკაცრი მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის მიღმა რაც ასევე ჩანს პარტიის ლიდერების საჯარო პოზიციონირებისას ეკონომიკის განვითარებისა თუ სოციალური პოლიტიკის საკითხებზე. 

“ევროპული საქართველო” არ აღიარებს ზოგადად სპეციალურ საჭიროებებს, დგას რა მცირე სახელმწიფოს, მცირე ბიუროკრატიის, საჯარო სერვისების შეკვეცის იდეებზე, იმ რწმენაზე, რომ შესაბამისი მიდგომები „ცუდი ძიძობაა“ სახელმწიფოს მხრიდან. ვინაიდან პარტია ვერ ხედავს სპეციალური საჭიროებებისადმი სახელმწიფო პოლიტიკის არსებობის საჭიროებას, არ გვხვდება შესაბამისი პოლიტიკები პროგრამის თემატურ ნაწილებშიც. 

პროგრამის ანალიზის შედეგად, ზოგადად შეიძლება საუბარი იმაზე,  თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ასეთმა იდეოლოგიურმა სულისკვეთებამ ქალებსა და მოწყვლად ჯგუფებზე მთლიანობაში. მაგალითად, განაცხადი იმის შესახებ, რომ პარტიის მიზანია „სახელმწიფომ შექმნას პირობები, რათა ყველამ საკუთარი შრომით შეძლოს საკუთარი კეთილდღეობის გენერირება“ - საკმაოდ პრობლემურია, რადგან ისტორიულად, ქალებსა და სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს განსაკუთრებით უჭირდათ და უჭირთ მსგავს პოლიტიკაზე მორგება, „საკუთარი შრომით კეთილდღეობის მოპოვება“ ირიბი მინიშნებაა იმის შესახებ, რომ ადამიანი მარტოა არსებული უთანასწორობების და ბაზრის რისკების პირისპირ. 

ქალთა საკითხებთან მიმართებაში, პარტიის მოსაზრებები საკმაოდ რადიკალურია სწორედ ეკონომიკური თავისუფლების რადიკალური იდეიდან გამომდინარე -  მაგალითად, პარტია არ ემხრობა გენდერულ კვოტირებას  და მის გასაუქმებლად იბრძოლებს მომდევნო მოწვევის პარლამენტში. პარტიის ლიდერი, გიგა ბოკერია თვლის, რომ  გენდერული კვოტირება არა მხოლოდ საჭირო არ არის, არამედ ქალებისთვის შეურაცხმყოფელიცაა“, რადგან მისი აზრით მათ მიერ თავისუფალ კონკურენციაში ჩაბმის პროცესში სახელმწიფო ხელოვნურად ერევა. ეს ნიშნავს, რომ პარტია ეწინააღმდეგება კვოტირებას სწორედ ამ იდეებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც, სოციალურ/საზოგადობრივ საკითხებში არ გააჩნია სპეციალური საჭიროებების დანახვის/აღიარების სურვილი სახელმწიფოს არამონაწილეობრივ იდეაზე დაყრდნობით. 

საინტერესოა, რომ მიუხედავად ხისტი შეხედულებებისა, რომლებიც ვლინდება „თავისუფალი ბაზრისა“ და ღია კონკურენციის იდეებზე ყველა სხვა საზოგადოებრივ/სოციალურ/პოლიტიკური სფეროს დაყვანის მცდელობაში, ლიბერალურ არასამთავრობო და აქტივისტურ წრეებში პარტიის პოლიტიკა ქალებთან და უმცირესობებთან მიმართებაში აღიქმება შედარებით უფრო ლიბერალურად, ვიდრე სხვა პარტიების/პოლიტიკური ძალების, მათ შორის, ქალთა ორგანიზაციების მხრიდან; ცენტრისტ ან კონსერვატიულ პარტიებთან შედარებით, მათი პოპულისტური და ხშირად  სიძულვილის ენაზე აგებული რიტორიკის გამო, მიუხედავად იმისა, თუ რა კონკრეტული სოციალური კომპონენტი ან საზოგადოებრივი რეფორმა შეიძლება ჰქონდეთ გათვალისწინებული მათ ეკონომიკურ/სოციალურ პროგრამაში, რომელიც ზოგადად, არსებითად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ქალთა თუ სხვა მოწყვლად ჯგუფთათვის. მაგალითად, შესაბამისი საჯარო ინსტიტუტებისა და სერვისების როლის შემთხვევაში, ევროპული საქართველოს ხედვები ასევე რადიკალურია - ძირითადად მიმართულია მათი შეკვეცისა და გაუქმებისკენ. 

იმ შემთხვევაშიც, თუ პარტია ახსენებს რომელიმე მოწყვლად ჯგუფს, ის არ აღიარებს მისთვის სპეციალური საჯარო სერვისის საჭიროებას. მაგალითად, მიმდინარე არჩევნებში მონაწილე პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, ევროპულ საქართველოს პროგრამაში ცალკე აქვს გამოყოფილი უმცირესობების ჩამონათვალში სექსუალური უმცირესობები. პროგრამაში ნათქვამია, რომ დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ სიტუაციას, რათა უმცირესობები არ დაიჩაგრონ და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმოსაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისები.“  - ტექსტიდან ჩანს, რომ პარტია მოწოდებულია სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვისაკენ და იმ ბარიერების აღმოფხვრისკენ, რამაც შეიძლება მსგავს ჯგუფებს არსებულ სახელმწიფო სერვისებზე წვდომაში შეუშალოს ხელი, თუმცა არ მიიჩნევს საჭიროდ მათი სპეციფიკური საჭიროებების მიხედვით სახელმწიფო სერვისების გარდაქმნას/დამატებას.

ერთი შეხედვით, პარტია ამოსავალ პრობლემებად სახავს შინამეურნეობებისთვის მგრძნობიარე სოციალურ პრობლემებს, როგორიცაა სიღარიბე, უმუშევრობა, ფასების ზრდა და სხვა და სწორედ ამისკენ მიმართავს საკუთარ პროგრამას, თუმცა, მეორე მხრივ მხრივ, მთლიანად პროგრამა და განსაკუთრებულად მისი ეკონომიკური ნაწილი მიმართულია  არა ამ საკითხების გადაწყვეტისკენ, არამედ პირიქით, სახელმწიფოსთვის ნაკლები ბერკეტის დატოვებისკენ, იმუშაოს აღნიშნულ საკითხებზე. მეტიც, ეკონომიკური პროგრამა ასახავს რწმენას განვითარების შესახებ, რომელიც ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებისთვის აღიარებს მხოლოდ ერთ პრინციპს, „ქვეყნის გამდიდრებას“ -  ეკონომიკური ზრდის გზით, რასაც პარტია ხედავს გადასახადებისა და რეგულაციების შემცირებით და ბიზნესისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გარემოს შექმნით - ერთი სიტყვით, იმ გზებით, რაც საერთაშორისო პრაქტიკითა და პოლიტიკური გამოცდილებით ითვლება გადანაწილების მექანიზმებზე უარის თქმად. 

რეგულაციების ნაწილში, მათ შორის, ევროპული საქართველო აპირებს საბანკო რეგულაციების გაუქმებასაც და ეწინააღმდეგება სესხების პოლიტიკაში შემამსუბუქებელი სახელმწიფო რეგულაციების არსებობას იმ არგუმენტით, რომ მათი შემოღების შემდეგ  „მოქალაქეებს გაურთულდათ სესხის აღება“, მაშინ როცა უპასუხისმგებლო დაკრედიტება და სესხებზე დამოკიდებულება საქართველოში ერთ-ერთი უმწვავესი სოციალური პრობლემაა (რომელიც, შემდეგ სხვა პრობლემებსა და ხშირად ტრაგედიებს იწვევს) და განსაკუთრებით მძიმეა ის შინამეურნეობის მოწყვლადი სუბიექტებისთვის, როგორებიცაა ქალები და ბავშვები.

განათლების სფეროში - ევროპული საქართველოს სტრატეგიაა კერძო განათლების გათავისუფლება სახელმწიფო რეგულაციებისგან და საჯარო სკოლებისთვის ფინანსური და მმართველობითი ავტონომიის მინიჭება. რაც გაუგებარია, როგორ აისახება განათლების სფეროში არსებულ იმ ზოგად პრობლემებზე, რომლებიც პარტიას აქვს ჩამოთვლილი (სტატუსშეჩერებული სტუდენტები, წიგნიერების დაბალი დონე და ა.შ). სტერეოტიპებისგან დაცლილ განათლების უფლებაზე თანაბარი მისაწვდომობა, განსაკუთრებით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ განათლებაზე, რაც ქალებისა და გოგოებისთვის, გენდერულად თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვიზ ბაზისური საჭიოებაა, პარტიას პროგრამული განაცხადი ან დაპირება არ აქვს. 

ჯანდაცვის სექტორში პარტია ახსენებს ჯიბიდან გადასახადების შემცირების აუცილებლობას და მედიკამენტებზე წვდომის პრობლემას. ზოგადად, პარტია ეწინააღმდეგება უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის იდეას - მათი აზრით ეს უსამართლო და არახარჯთეფექტური სისტემაა. სოციალური დახმარებების, პენსიების გაორმაგებას, დევნილებისთვის ბინების გადაცემას, პარტია გეგმავს, როგორც ვთქვით „მცირე მთავრობის“ პრინციპით ბიუროკრატიის, საჯარო სააგენტოების  და ა.შ შეკვეცის ხარჯებით.

პარტია საჭიროდ მიიჩნევს დაგროვებით საპენსიო სისტემაში სავალდებულობის პრინციპის გაუქმებას, რაც არსებულ საპენსიო სისტემაში, შეიძლება ითქვას, ერთადერთი მექანიზმია საგადასახადო სამართლიანობისა. ევროპული საქართველოს ხედვა საპენსიო სისტემასთან მიმართებაში ეფუძნება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას: ნებაყოფლობითობის პრინციპის შემოტანით, „რამდენს გადაიხდის შენატანად საკუთარი ნებაა“ - და ა.შ. სოციალური თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას ეს უარესი ვერსიაა არსებული დაგროვებითი საპენსიო სისტემისა, რადგან მიმართულია მხოლოდ ისეთ ფენაზე, რომელიც ნებაყოფლობით დააზღვევს საკუთარ სიბერეს - და არა დაბალშემოსავლიანებსა და მოწყვლად ჯგუფებზე, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის ამავე ქვეთავში ცალკე  გამოყოფილია  სიტყვები „მასწავლებელი ქალი“, როგორც შემოთავაზებული სისტემის სავარაუდო ბენეფიციარი.

გამონაკლილისის სახით, პარტია სპეციალურ საჭიროებებს აღიარებს ნარკოპოლიტიკის  მიმართულებით. მისასალმებელია, რომ პარტია საჭიროდ თვლის ნარკოდამოკიდებულთათავის რეაბილიტაციის პროგრამების არსებობას სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. 

ზოგადი დაკვირვებები

პროგრამის ძირითადი სულისკვეთება გამოხატულად ევროატლანტიკური, სამხედრო-ლიბერალურია. აღსანიშნავია, რომ ევროპული საქართველოს „საარჩევნო კომპასი“, რომელიც მათ საარჩევნო რგოლებში გვხვდება, ვიზუალური ანალოგია ნატოს (ჩრდილოატლანტიკური ალიანსის) სიმბოლოსი. პროგრამის ყველაზე მოცულობითი თავი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია. პოლიციის ნაწილში პარტია გეგმავს ახალი, დეცენტრალიზებული მოდელის შემოღებას, „შერიფების“ სისტემას - პროგრამაში საუბარია პოლიციელის ხატის, ფიგურის გაძლიერებაზე. 

რეპრეზენტაციის მხრივ პარტია აქტიურად იყენებს „ახალგაზრდა ქალს“ საკუთარ სახედ, ახალგაზრდა სპიკერი 23 წლის თათია ვახტანგაძეა, რომელსაც შეხვდებით ევროპული საქართველოს საარჩევნო ვიდეორგოლების უმეტესობაში, ასევე ის ხსნის ევროპული საქართველოს სიის წარდგენის ცერემონიალს. თათია არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი, პარტიული სიის პირველი ოცეულის წევრი ან პარტიის რომელიმე ლიდერი, თუმცა ამ არჩევნებში სწორედ ისაა ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ძირითადი სახე.  ახალგაზრდა ქალების სახეები შეინიშნება ევროპული საქართველოს სხვა ვიდეორგოლებშიც, რომლებიც პარტიის მხარდაჭერისაკენ მოგვიწოდებენ. 

პარტიის პოლიტიკური სახეები ასევე დაბალანსებულია გენდერულად.  პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი და პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია არანაკლები ინტენსივობით იკავებს საჯარო ტრიბუნას, ვიდრე, მაგალითად ლიდერი ბოკერია, თუმცა, თუ მათი საჯარო პოზიციონირებიდან ვიმსჯელებთ, პროგრამაში ასახული შეხედულებები, მათ შორის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესახებ, უფრო მეტად ეხმაურება ბოკერიას მიერ გახმოვანებულ იდეებს და დაწერილია მისი საჯარო პოზიციონირების ანალოგიურად, ვიდრე, ხოშტარიას ან პარტიის სხვა წევრების საჯარო გამოსვლების ანალოგიურად. 

საინტერესოა ისიც, რომ ხოშტარიას, როგორც ქალ პოლიტიკოსს აქვს მცდელობები საარჩევნო კამპანიაში შეიტანოს ქალებთან კომუნიკაციის ელემენტები, მაგალითად, ის ხვდება ქალთა მოძრაობის გაფართოებული ჯგუფის წევრებს, სადაც საუბრობს იმაზე, რომ ქალთა საკითხების მიმართ მას აქვს გარკვეული პრიორიტეტები, თუმცა,ამავე შეხვედრაზე ამბობს, რომ ამ  პრიორიტეტების დიდი ნაწილი არ არის გაზიარებული პარტიის მიერ, რის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პარლამენტში ამ პრიორიტეტების დაყენების შემთხვევაშიც კი, მათ ადვოკატირებას არ გაუწევენ, მაგალითად, მისი პარტიის წევრები.