სტრატეგია აღმაშენებელი - საარჩევნო პროგრამის ანალიზი

სტრატეგია აღმაშენებელი პროგრამის ანალიზი პოსტერი

პარტიული სიის ანალიზი 

“სტრატეგია აღმაშენებლის” რეგისტრირებულ პროპორციულ სიაში 57 ქალია, სრული სიის 38%.  პარტიის პროპორციული სიის პირველ ოცეულში 8, ხოლო ათეულში 3 ქალია. პარტიას მხოლოდ 2 მაჟორიტარულ ოლქში ჰყავს საკუთარი კანდიდატი წამოყენებული, 1 ქალი და 1 კაცი. 

საარჩევნო ვიდეო-პოსტერებში და სხვა სააგიტაციო მასალში ძირითადად წარმოდგენილია პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე, თუმცა პარტიის ძირითად გუნდში არიან ქალებიც, რომლებიც ასევე მონაწილეობენ საარჩევნო ვიდეოებში და ამომრჩევლებთან შეხვედრებში, თუმცა, უფრო მეტად, როგორც მეორადი სუბიექტები.

პროგრამის ანალიზი 

„სტრატეგია აღმაშენებელის“ პროგრამაში ცალკე ქვეთავად არ არის გამოყოფილი გენდერული თანასწორობის, ქალთა გაძლიერების თუ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სხვა საკითხები; ეს საკითხები ასევე არ არის ინტეგრირებული ცალკეულ პროგრამულ მიმართულებებში. თუმცა, “იკითხე პოლიტიკამ” გამოქვეყნებულ პროგრამასთან ერთად გააანალიზა პარტიის შეხვედრა ამომრჩეველთან  2020 წლის 4 სექტემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. 

აღნიშნულ შეხვედრაზე პარტიის ლიდერები საჯაროდ საუბრობენ გაუპატიურების საქმეების გამოძიების პრობლემებზე, ძალადობის მსხვერპლთათვის საკმარისი სახელმწიფო სერვისების არარსებობაზე, კრიზისულ ცენტრებში და თავშესაფრებში განთავსების დროის სიმწირეზე, რაც ვერ ახდენს ხელმეორედ ვიქტიმიზაციის პრევენციასა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებისთვის ფემიციდთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე. 

გიორგი ვაშაძე აზუსტებს, რომ ოჯახში ძალადობასთან სისტემური, გეგმაზომიერი, თანმიმდევრული მუშოაბაა საჭირო, რაც ზოგადად გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ ამ მხრივ პარტიას არ აქვს მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა, თუმცა პროგრამაში ასევე ვერ ვხედავთ ამის შესახებ კონკრეტულ ჩანაწერებს.

მიუხედავად პროგრამაში აღნიშნული საკითხების არარსებობისა, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ლიდერი, თეონა ჭალიძე “იკითხე პოლიტიკასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ აქტიურად მუშაობს ქალთა პრობლემებზე, რომ პარტია აპირებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს რეგიონებში ისეთ თემებზე მსჯელობას, როგორიცაა: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა. 

გენდერულ კვოტირებაზე პარტიის პოზიცია შემდეგია: “პარტია ემხრობა კვოტირებას როგორც დროებით ნორმას, რომელიც აუცილებელია პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის გასაზრდელად. ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა კი აუცილებელია, იმიტომ რომ ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი ქალია და შესაბამისად ქალების ხმას  და ინეტერესებს ქალები უფრო კარგად წარმოადგენენ და დაიცავენ. ქალებს მათი სოციალური პოზიციიდან გამომდინარე მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ თუ რა საჭიროებები შეიძლება ჰქონდეთ მოწყვლად ჯგუფებს.” 

პროგრამის თემატური საკითხები:

ქალთა საჭიროებების ცალკე აღიარება და სპეციალური გამოსავლების შეთავაზება პროგრამის მხოლოდ ერთ თემატურ ნაწილში შეინიშნება ფრაგმენტულად - ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ნაწილში. აქ ცალკეა გამოყოფილი ქალთა დაავადებები - მოყვანილია შესაბამისი სტატისტიკა, იდენტიფიცირებულია პრობლემები ამ მიმართულებით და შემოთავაზებულია კონკრეტული პოლიტიკები. ამ ნაწილში, შეიძლება ითქვას, პროგრამა ნაწილობრივ მოიცავს გენდერულად დიფერენცირებულ ანალიზს, თუმცა მსგავსი მიდგომა არ გვხვდება პროგრამის სხვა თემატურ ნაწილებში. ჯანდაცვის ნაწილი ასევე მოიცავს ზოგადად მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის, ქალების და ბავშვებისთვის, სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე ჯგუფებისთვის მნიშვნელოვან ისეთ ცნებებს, როგორიცაა „სრული ხელმისაწვდომობა“, „ჯიბიდან დანახარჯების შემცირება“, „მედიკამენტებზე წვდომის უზრუნველყოფა“ და ა.შ.

სოციალური პოლიტიკის ნაწილში „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროგრამას წამძღვარებული აქვს განაცხადი, რომლის თანახმადაც პარტიის მუშაობა ამ მიმართულებით „ეფუძნება თითოეული მოწყვლადი ჯგუფის ინდივიდუალურ საჭიროებებს“, თუმცა არც მთლიანად პროგრამაში და არც პროგრამის ამ ნაწილში ცხადად არ არის მოცემული კონკრეტულად ვის გულისხმობს პარტია თითოეულ მოწყვლად ჯგუფში, გარდა თემატური მიზნობრივი ჯგუფებისა, რომლებიც პროგრამაშია ჩამოთვლილი. 

პარტია აქ არ საუბრობს ცალკე არც ქალებზე, არც სხვადასხვა უმცირესობებზე, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური საჭიროებები, მათ შორის, ლგბტ+ და ქვიარ პირებზე, მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუში თეონა ჭალიძე ამბობს, რომ ისინი ამ დეფინიციის ქვეშ მოიაზრებენ ყველა უმცირესობას, მათ შორის რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებს და ასევე ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფომ კანონის ფარგლებში  უნდა იქონიოს სათანადო რეაგირება “ულტრამემარჯვენე და რადიკალური ჯგუფების განცხადებებსა და ქმედებებზე, რაც შუღლს აღვივებს საზოგადოებაში უმცირესობის სხვადასხვა ჯგუფის მიმართ.”

ამ ფონზე, მისასალმებელია პროგრამაში არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც მარტოხელა მშობლებისთვის სტატუსის მინიჭების პროცედურების გამარტივებასთან ერთად, ამუშავდება ბავშვზე ზრუნვის სერვისები, რაც საშუალებას მისცემს მშობელს, დასაქმდეს; ასევე, ნათქვამია, რომ პარტია იზრუნებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასაქმებაზე. 

გარდა ამისა, პროგრამის მიხედვით, უსახლკარო ადამიანების ქირით უზრუნველყოფის პროგრამა იქნება გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული, შემდეგ კი, ეტაპობრივად ჩანაცვლდება ,,ჭერი ყველას“ პროგრამით, რაც გულისხმობს ქირაში გადასახდელი თანხით წინასწარ მცირე ზომის საცხოვრებლებით უზრუნველყოფას, რაც შეიძლება, ჩაითვალოს ზოგად პოზიტიურ მესიჯად მათ შორის ქალებისთვის, რომელთა უმრავლესობაც არ ფლობს საკუთარ ბინას ან რაიმე ტიპის კაპიტალს და ამიტომ უჭირს ეკონომიკური თუ ფიზიკური დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვება.

მსგავსი ტიპის გვერდით პოზიტიურ ეფექტად ან ზოგად პოზიტიურ მესიჯად შეიძლება ჩაითვალოს, ასევე, პროგრამაში გაწერილი ხელფასების ზრდისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების გეგმები ისეთ სექტორებში, სადაც ძირითადად დასაქმებული არიან ქალები - ზრუნვის, განათლების, სოციალური დაცვის სერვისების სექტორებში - ექთნებისა და ექიმების, მასწავლებლების (მათ შორის სკოლამდელი აღმზრდელების), სოციალური მუშაკებისთვის და ა.შ 

დეკრეტული შვებულების საკითხის გადახედვასა და გაუმჯობესებაზე პროგრამაში არ გვხვდება ჩანაწერი. ჭალიძე ამბობს - “ამ ეტაპზე კონკრეტულად არ გვაქვს პროგრამაში, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ კონსულტაციების შედეგად ოპტიმალურ ვარიანტზე მუშაობას. კაცების მიერ დეკრეტული შვებულების გამოყენების წახალისებაზე ვიმუშავებთ მაქსიმალურად.”

საინტერესოა, რომ პროგრამაში პარტია საუბრობს კვალიფიციური სოციალური მუშაკების რაოდენობის გაორმაგებისა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების აუცილებლობაზე, რაც დღეს, საქართველოში არსებული ზოგადი სოციალური ფონის გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჯარო სერვისია და უმთავრესად მიმართულია სწორედ ქალთა და ბავშვთა სპეციალური საჭიროებებისაკენ, თუმცა, საარჩევნო კამპანიისას გამართულ შეხვედრაში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ, პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს იმაზე, რომ მას არ მიაჩნია სწორად სოციალური მუშაკის, როგორც ცენტრალიზებული საჯარო ინსტიტუტის იდეა და მის არასამთავრობო სექტორში გადატანას მოიაზრებს. 

მეორეს მხრივ, ამავე შეხვედრის ვიდეოჩანაწერში, თეონა ჭალიძე, რომელიც აღნიშული შეხვედრის მთავარი სპიკერია, ამბობს, რომ სწორედ სახელმწიფო სერვისებია მნიშვნელოვანი. მათ შორის, პანდემიის შემთხვევაში, რომ სახელმწიფოს მზად უნდა ჰქონოდა სხვადასხვა სერვისები მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ინტერვიუში ის ასევე საუბრობს საჯარო სივრცეებში საბავშვო სივრცეების გაჩენის აუცილებლობაზე, რაც მშობლებს და მარტოხელა დედებს შეუმსუბუქებდა საქმეს და სხვა საკითხებზე, რაც საჯარო ინსტიტუტების/სერვისების საჭიროებას და ფუნქციას უსვამს ხაზს; ამგვარი აზრთა სხვადასხვაობა საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ თავად პარტიაში არ არსებობს ჯეროვანი შეთანხმებები ისეთ მნიშვნელოვან იდეოლოგიურ საკითხებზე, როგორიცაა სახელმწიფოს ზომის/როლის საჭიროება/ლიმიტები და საჯარო სერვისების საჭიროება/ეფექტურობა, რასაც გადამწყვეტი გავლენა აქვს ქალებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე.

ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური პოლიტიკის გარდა, ქალების/განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე პირების სპეციალურ საჭიროებათა უხილავობის მიუხედავად, ამავე ჯგუფებისთვის პროგრამის ზოგად პოზიტიურ მესიჯებად შეიძლება ჩაითვალოს ასევე წარმოდგენილი ზოგადი პოზიციები/შეხედულებები/პოლიტიკები სოფლის მეურნეობის განვითარების, ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით; მაგალითად - ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე, სოფლის მეურნეობიასა და დამამუშავებელ მრეწველობაზე, იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლებაზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე და შესაბამისად, გარე ფაქტორებზე დამოკიდებული ეკონომიკის შემცირებაზე და სხვა;  ვინაიდან ასეთი პოლიტიკები უფრო მეტად მიმართულია ადამიანებისა და შინამეურნეობების ეკონომიკური და საზოგადოებრივი გაძლიერებისაკენ, განსხვავებით სახელმწიფოს ჩაურევლობასა და მხოლოდ კერძო სექტორისთვის მიმზიდველ გარემოს შექმნაზე ორიენტირებული პოლიტიკებისაგან; რომლებიც განსაკუთრებით ბრუტალურია როგორც სხვადასხვა მოწყვლადი სოციალური ჯგუფებისთვის, ისე ქალებისა და ბავშვებისთვის და ასევე სხვა განსხვავებული საჭიროებების მქონე სპეციალური ჯგუფებისთვის, რადგან მიმართულია არათანაბარ პირობებში უხეშ კონკურენციასა და (ეკონომიკურად, სოციალურად, კულტურულად) ძლიერების საჭიროებებზე და უფრო გაძლიერებაზე.

პროგრამის ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში პარტია საუბრობს „მოსახლეობაში პარტიოტული სულისკვეთების ამაღლებასა და საჭირო რაოდენობის სარეზერვო ქვედანაყოფების ოპტიმალურ აღჭურვა-მომზადებაზე“. უცნობია, თუ კონკრეტულად რას მოიცავს ან რა იგულისხმება „პატრიოტულ სულისკვეთებაში“ ; ზოგადად, გაზიარებულია თუ არა თუ არა მსგავსი „სულისკვეთება“ ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების მიერ; უფრო მეტად ორიენტირებული იქნება მშვიდობაზე თუ უფრო მეტად მილიტარისტულ განწყობაზე და ა.შ;

ზოგადი დაკვირვებები

სტრატეგია აღმაშენებელს” ლელოს მსგავსად, ძირითად საარჩევნო პროგრამაში გენდერული თანასწორობის საკითხები თემატურ საკითხებში ინტეგრირებული არ აქვს, ქალებისა და ქვიარ ადამიანების პრობლემების გადაჭრაზე არ საუბრობს და მათ ექსკლუზიურად არ მიმართავს, თუმცა, სხვა პლატფორმებზე აქტიურად აფიქსირებს ქალთა თანასწორუფლებიანობასთან დაკავშრებულ ზოგიერთ საკითხზე შეხედულებებს, რაც აჩენს განცდას, რომ პარტიას ამ პრობლემების მხოლოდ სახელდება შეუძლია, ხოლო მათი გადაჭრის სისტემური გეგმა ან რაიმე კონკრეტული პოლიტიკა არ გააჩნია. 

საინტერესოა ასევე, რომ “იკითხე პოლიტიკას” მიერ გაანალიზებული შეხვედრის ვიდეოჩანაწერში, პარტიის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საკუთარ კოლეგას, თეონა ჭალიძეს, რამდენჯერმე აწყვეტინებს და პირდაპირ აძლევს შენიშვნებს, მაგალითად “ცოტა ენერგიულად მოყევი, რა დაგემართა კაცო”, „კადრებს იღებენ“, „ცოტა ხმამაღლა“ და ა.შ; ასევე, მის მაგივრად აჯამებს სათქმელს უფრო ხმამაღლა და სხვა; რაც პარტიის ზოგადი პოზიციონირების მიღმა, ირიბ წარმოდგენას გვიქმნის პარტიაში არსებული შესაძლო გენდერული იერარქიების შესახებ, გადაწყვეტილების მიღებისა თუ ყოველდღიურ სამუშაო პროცესში.