ძალა ერთობაშია / ენმ - საარჩევნო პროგრამის ანალიზი

პოსტერი  წარწერით - ძალა ერთობაშია/ენმ საარჩევნო პროგრამის ანალიზი

პატრიული სიის ანალიზი

საარჩევნო ბლოკის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” პროპორციულ სიაში სულ 177 პირია რეგისტრირებული, ქალების რაოდენობა ზუსტად კვოტით დაწესებულ 44-ს შეადგენს (25%). Დასახელებული 24 მაჟორიტარიდან 3 ქალია (13%), ამასთან, სიის პირველ ათეულში 3 ქალია, ხოლო ოცეულში 5, რაც 2016 წელთან შედარებით, გაუარესებული მაჩვენებელია.

პროგრამის ანალიზი

მიუხედავად იმისა, რომ “ძალა ერთობაშია” პოლიტიკურ პარტიათა კოალიციაა, მისი ძირითადი სახეები და პროპორციული სიით რეგისტრირებულ წევრთა უმრავლესობა პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” (ენმ) წევრია. “Ძალა ერთობაშია”, როგორც კოალიცია არ აქტიურობს, საარჩევნო ნომრადაც ენმ-სთან ასოცირებული ხუთიანი აქვთ არჩეული და “ძალა ერთობაშიას” კანდიდატები არა კოალიციის, არამედ ენმ-ს სახელით საუბრობენ. Კოალიციის წვერი პარტიებიდან, ენმ-ს გარდა მხოლოდ “საქართველოს რესპუბლიკურ პარტიას” ვხვდებით მედია სივრცეში და იქმნება განცდა, რომ დანარჩენი პარტიები მხოლოდ ფორმალურად არსებობს. როგორც “რესპუბლიკელების”, ისე ენმ-ს პროგრამა მხოლოდ ქარდების და ვიდეოების სახით არის მოწოდებული და მისი მოკლე ვერსიაც კი არსად იძებნება. 

კოალიციის სახეები ქალებიც არიან. საარჩევნო ვიდეორგოლებსა და გადაცემებში ძირითადად ოცეულში შემავალ ქალებს ვხედავთ. სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძეა. Პოლიტიკურად გამოუცდელი, მაგრამ პოპულარული ადამიანების სიებში შეყვანა ზოგადი ტენდენციაა ქართულ პოლიტიკაში. ანალოგიურად შეიძლება განვიხილოთ ნანუკა ჟორჟოლიანის სიაში ჩასმაც. არც ეს კანდიდატები მალავენ საკუთარ გამოუცდელობას, თუმცა აქცენტს პოპულარობასა და ყველა შესაძლო პლატფორმის გამოყენების მნიშვნელობასა და ამ ადამიანების დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე აკეთებენ. 

სამწუხაროდ, თუ გენდერული კვოტის შემთხვევაში ქალების პროფესიონალიზმი მუდმივად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, პოპულარული არაპროფესიონალების სიებში გამოჩენა სწრაფად ნორმალიზდება ინდივიდებზე, გმირებზე, მხსნელებზე მიბმული პოლიტიკის არგუმენტებით. ეს პოპულარული ადამიანები პოლიტიკასთან დაუკავშირებელი მახასიათებლებით (თუნდაც ანტიინტელექტუალიზმით, კარგი “პიარშიკობით” და ესტაბლიშმენტს გარეთ ყოფნით) პოლიტიკისთვის უფრო შესაფერის კანდიდატებად მოიაზრებიან. მაშინაც, როცა ისინი ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებას, პარტიისთვის ეს მომგებიანია, განსხვავებით ქალი პოლიტიკოსების გაძლიერების და პარტიული პოლიტიკური კულტურის გაუმჯობესებისა.

ზოგადად, ენმ შემდეგ ჯგუფებს მოიაზრებს ამომრჩევლად:

  • შვილები - აქცენტი განათლებაზე, უფასო სადილი ბაღში და სკოლაში, განათლების დაფინანსების ზრდა სტუდენტებისთვის, ერთჯერადი ვაუჩერი სკოლის მოსწავლეებს.
  • ოჯახი - აქცენტი ჯანდაცვაზე (მედიკამენტებსა და კვლევებზე წვდომის გაუმჯობესება)
  • ოჯახის დასაქმებულები -  ხელფასის საშემოსავლოს გაუქმება და საშუალო ხელფასის 2000 ლარამდე ზრდა, თუმცა ამას რეგულაციებით არ გეგმავენ. პრომო ვიდეოებში პოლიციელების და მასწავლებლების ხელფასების ზრდაზე ლაპარაკობენ კონკრეტულად.
  • სამსახურის მაძიებლები - ეკონომიკური რეფორმებით (მეტი დერეგულაციით და ინვესტიციების მოზიდვით) 300000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა. 
  • პენსიონერები - უკეთესი ჯანდაცვა და პენსიის ზრდა. 

ამ სიის კითხვისას, ნათელი ხდება, რომ ენმ-ს ამომრჩეველი ძირითადად შვილიანი ოჯახია, რომლის ეკონომიკური, ჯანდაცვის და განათლების საჭიროებებია აღიარებული. საჭიროებებიც მხოლოდ მოხუცების და ბავშვების შემთხვევაშია აღიარებული. 

იმპლიციტურად, კოალიცია breadwinner (შემომტანის მოდელს) გვათავაზობს, ვინაიდან ოჯახში დასაქმებული ცხადდება პოლიტიკის ადრესატად, რომელმაც გეგმის მიხედვით თავისი გაზრდილი ხელფასით უნდა “იზრუნოს” ოჯახზე. გენდერულად ეს პოლიტიკა ბრმაა და ზრუნვის სხვა შრომებს სრულიად გამორიცხავს. უფრო მეტიც, თავის განცხადებაში გაერთიანებული ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტი ქალების დაბრუნებაზე წინასაარჩევნო გამოსვლაში ამბობს, რომ ქართველი ქალები უკან უნდა დაბრუნდნენ და საკუთარ ბავშვებს და მოხუცებს მოუარონ, რადგან, როგორც ჩანს, მოსავლელი საქართველოშიც ბევრია. 

პოზიციები სპეციფიკურ საკითხებზე:

რაც შეეხება თეზისების დონეზე კოალიციის წევრი რესპუბლიკელების და ენმ-ს გაცხადებულ ხედვებს შორის სხვაობას, მათ შორის არსებითი განსვლები არ არის, გარდა ეკოლოგიური რეგულაციებისა. თუ ენმ ყველანაირ რეგულაციას უარყოფს ეკონომიკის და ბიზნესის ინტერესის არგუმენტით, რესპუბლიკელებისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. 

რესპუბლიკელები:

  • პროსტიტუცია - ლეგალიზებას ემხრობიან, ნაკლები ზიანის არგუმენტით. 
  • სექსუალური განათლების საჭიროებას ეთანხმებიან
  • აბორტი - არ უნდა იყოს დასჯადი.
  • უმცირესობათა უფლებები უნდა იყოს გათვალისწინებული ამიტომ უმრავლესობის მორალი ვერ დაკანონდება. 
  • ერთნაირსქესიან წყვილებს არ უნდა ქონდეთ შვილის აყვანის და ქორწინების უფლება რადგან საქართველო ამისთვის მზად არაა, თუმცა პარტნიორობის ფორმას ეთანხმებიან.

ენმ

  • პროსტიტუცია - ლეგალური შეიძლება იყოს, თუმცა პოზიციას არ ასაბუთებენ.
  • სექსუალური განათლება საჭიროა სასკოლო განათლებაში  - პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე
  • აბორტის უფლება - ქალის არჩევანია
  • უმრავლესობის მორალი საფრთხილო და საშიში თემაა და არ შეიძლება კანონით უპირატესობა მიენიჭოს. 
  • ერთნაირსქესიან წყვილების ცხოვრებაში არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო და როგორც უნდა ისე უნდა განსაზღვრონ ცხოვრება. (პოლიტიკა მარტივად)

საინტერესოა, რომ 2016 წლის არჩევნებზე რესპუბლიკელები გამოირჩეოდნენ ლგბტ თემის მხარდაჭერით და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაზეც ხშირად საუბრობდნენ. 2020 წლისთვის ეს საკითხი მხოლოდ ევროინტეგრაციის კონტექსტშია ნახსენები და ლგბტ თემი, უმცირესობები და ქალთა საკითხები პარტიის პროგრამიდან საერთოდ გამქრალია. 

მიუხედავად ამისა, პროგრამის თემატური ნაწილების დონეზე, ენმ გენდერულად სრულიად ბრმაა ყველა პროგრამულ საკითხთან მიმართებაში. ფორმალურ და გაცხადებულ დონეზე პარტია აღიარებს აბორტის უფლებას და ემხრობა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების უფლებას, თუმცა მათი პოლიტიკა ჩაურევლობაზე გადის და შესაბამისად, რამდენად იმოქმედება პარტია ცვლილებებისთვის, ძნელი სათქმელია. 

ასევე, აღსანიშნავია, რომ პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა წინააღმდეგობრივია, ვინაიდან, ერთი მხრივ, სოციალური სერვისების და დახმარებების გაზრდაზე საუბრობს, მეორე მხრივ, კი გადასახადების შემცირებას და დერეგულაციის პოლიტიკას უჭერენ მხარს. რით განსხვავდება ეს პოლიტიკა ან აქამდე მათ მიერ ან “ქართული ოცნების” მიერ გატარებული პოლიტიკისგან, ან რატომ იქნება ის ამჯერად წარმატებული, გაუგებარია.