სახლში, საფრთხის პირისპირ

ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა საყოველთაო მტერს, კოვიდ-19-ს კარანტინით ვებრძოდით, ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა, მძინარე მოკლა ქმარმა, მისსავე სახლში. ეს ქალი ჩემი კარის მეზობელი იყო. ვერანაირ მოსალოდნელ კანონზომიერებას ამ ფაქტს ვერ მივათვლიდი. მცირე კვლევა თვითგამორკვევისთვის წამოვიწყე. ფემიციდს გადარჩენილი ქალების გამოცდილებაზე დაკვირვებით მინდოდა, აღმომეჩინა, რა აძლევდა მათ ძალადობისგან თავის დაღწევის იმპულსს, გადარჩენის შესაძლებლობას, რესურსს საკუთარი თავის ფლობისთვის.

ფემიციდს1 ვაკვირდებოდი, როგორც საზოგადოებრივ მოვლენას და კვლევაც ამ ინტერესით წამოვიწყე. გამოკითხული რესპონდენტები სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბენეფიციარები არიან. ვეცადე, მათი მძიმე გამოცდილების ტრაექტორიას გავყოლოდი. შედეგად, სამი მნიშვნელოვანი საჯარო ინსტიტუტის კართან მივედი – სასამართლო, ჯანდაცვა და ეკლესია. ისინი აღმოჩნდნენ ქალების ძალადობის გამოცდილებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ინსტიტუტები და, ზოგიერთ შემთხვევაში, განსაზღვრეს მათი გადარჩენა.

სტატია რეალურ ისტორიებს ასახავს, ყველა გმირის და მასთან დაკავშირებული პირის სახელი შეცვლილია.

ნახატი - ქალი შავი თმით, წინამოთი

შემაკავებელი ორდერის შესანარჩუნებლად ქალებს უწევთ ბრძოლა

იას ქავთარაძის ქუჩაზე, თბილისი მოლის შენობის კუთხესთან ვხვდები. იისფერი მაისური და წითელი მოკლე ქურთუკი აცვია. შორიდან ხელს მიქნევს და ღიმილიანი აჩქარებული ნაბიჯით ჩემკენ მოემართება. მანქანაში ვსხდებით. მალევე აღმოვაჩენ, რომ 18 წლის ქალიშვილის ტანსაცმელი აცვია, სულ რამდენიმე კვირაა, ბათუმში დატოვა ყველა პირადი ნივთი და მათთან ერთად ქმარი ბურაქი. ახლა ფსიქოლოგთან დადის და, როგორც თვითონ ამბობს, ბოლო წლების განცდებს თაროებზე ალაგებს“, სახელებს არქმევს ტკივილს, სიყვარულსა და შიშს. ამ დრომდე ყველაფერი ერთმანეთში იყო გადაზელილი. უყვარდა და დამოკიდებული იყო, უყვარდა და ითმენდა. ტურისტული სააგენტოს დირექტორი იყო, დღედაღამ მუშაობდა ანაზღაურების გარეშე, შემოსავალი ქმრის ანგარიშზე ირიცხებოდა. რამდენიმე წელიწადში ქმრის მოთხოვნით ქალაქი და საცხოვრისი გამოიცვალა, ჩაიკეტა, ხალისი დაკარგა, სხვა ადამიანი გახდა.

ია 36 წლის დამოუკიდებელი ქალი იყო, როცა ბურაქს შეხვდა, იურიდიული დახმარება გაუწია თურქულ ენაზე, საქართველოში კომპანიის დასაარსებლად. შეხვედრიდან 3 თვეში ცოლად გაჰყვა. ეს მისი მეორე ქორწინება იყო. ამის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა შვილთან თანაცხოვრების, ოჯახის მონახულების, საკუთარი შემოსავლის განკარგვის, მეგობრებთან სიახლოვის, უცხო ადამიანებთან ურთიერთობის, თავისუფლად ჩაცმისა და ქცევის უფლება.

„ერთხელ იუსტიციის სახლში ვიყავით კომპანიის დასარეგისტრირებლად. ბუნებრივად ხომ უნდა ესაუბრო ადამიანებს, გაუღიმო, სადღაც ხელია მოსაწერი, ან ახსნაა საჭირო, რას აკეთებ და როგორ. იეჭვიანა და მანქანაში დაბრუნებულს მცემა. სახეში, თავში მიმიზნებდა მუშტებს. მთელი სახე დასიებული მქონდა. მოგვიანებით, აზრზე რომ მოვიდა, ტირილი დაიწყო, მიყვარხარ, ბოდიში... იმ დღესვე გადამიყვანა თურქეთში, რომ ჩემს ახლობლებს არ ენახათ ჩემი დასიებული და ჩალურჯებული სახე“, მეუბნება ია.

ეს პირველი იყო, შემდეგ მსგავსი რამ ყოველ 5-6 თვეში მეორდებოდა. ია შორდებოდა და 3-4 დღეში უკან უბრუნდებოდა. ყოველი დაბრუნების გადაწყვეტილებით იმდურებდა ნათესავებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, რომლებმაც ბევრი იცოდნენ მათ თანაცხოვრებაზე. ახლობლები მუდმივად სთხოვდნენ, დაშორებოდა და დაესრულებინა მასთან კავშირი. ია კი ვერ ახერხებდა ამას. ამბობს, რომ ეცოდებოდა, როგორც ბავშვი. ამ ურთიერთობამ ოთხ წელს გასტანა. ბოლო ჩხუბისას, ბურაქმა ლამის დაახრჩო. მაშინ, როცა თითქმის ვეღარ სუნთქავდა, იამ ღმერთი ახსენა. ბურაქს მეჩეთში სიარული ახალი დაწყებული ჰქონდა. იმის გაგონებაზე, რომ ღმერთი არ აპატიებდა, მოულოდნელად ხელი გაუშვა.

იამ ამოისუნთქა.

მალევე ეცადა ქმრის დამშვიდებას, ჰაერზე გასვლა ურჩია და შეჰპირდა, რომ მის დაბრუნებამდე თავს მოიწესრიგებდა, საჭმელს გააკეთებდა, სახლს დაალაგებდა. სთხოვა, გასვლისას კარი არ ჩაეკეტა. იამ სახლი მალევე დატოვა, გზის ფული მეგობრისგან ისესხა და თბილისში დედასთან და შვილთან ჩამოვიდა. მის ქალიშვილს დედის დალურჯებული სახის დანახვისას ბევრი აღარ უფიქრია, ტელეფონი აიღო და პოლიციაში დარეკა. შედგა ოქმი, გაიცა შემაკავებელი ორდერი, ბურაქს იასთან მიახლოება სამი თვით აეკრძალა. იას სხეულზე დაზიანებები შეუმოწმეს, დაინიშნა სასამართლო. ია ამ დრომდე კრიზისული ცენტრის ადვოკატის და ფსიქოლოგის დახმარებით იბრძვის სიმართლის დასამტკიცებლად. ყოფილი ქმარი უკვე მეორედ ასაჩივრებს შემაკავებელ ორდერს. შემდეგი სასამართლო პროცესი ჩემთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, 5 ოქტომბერს ჩაინიშნა, რომელსაც ვესწრები.

მოსამართლე დარბაზში შემოდის. სხდომა, კორონავირუსის შეზღუდვების გამო, ონლაინ ტარდება. ყველა ფეხზე წამოდგომის იმიტაციას აკეთებს კომპიუტერის ეკრანებთან. ბურაქი სააპელაციო სასამართლოში ითხოვს შემაკავებელი ორდერის გაუქმებას. მოსამართლე პირველ სიტყვას მოსაჩივრის ადვოკატს აძლევს.

ბურაქის ადვოკატი ნონა: ქალბატონო მოსამართლე, ჩვენთვის დღემდე უცნობია, რაში გამოიხატა შეურაცხყოფა, რომელიც ქალბატონ იას მიაყენა ბატონმა ბურაქმა. ეს ძალიან სენსიტიური თემაა, ვისთვის რა არის შეურაცხყოფა და ვისთვის რა. ჩვენთვის, როგორც სავარაუდო მოძალადისთვის, არ არის ცნობილი, რა მიიჩნია ძალადობად იამ. კანონი გვეუბნება, რომ ოჯახში ძალადობა არის ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა. გვაინტერესებს, რა უფლება დავურღვიეთ ან შევუზღუდეთ ქალბატონ იას, მართლა გვაინტერესებს, რაში შევზღუდეთ, რა ვაიძულეთ. წარმოიდგინეთ, მოძალადის სახელი გვაქვს და არ ვიცით, რაში გამოიხატება ძალადობა.

მოსამართლე: ინციდენტი რომ მოხდა, ამას სადავოდ არ ვხდით, ხომ?

ნონა, ადვოკატი: ინციდენტსაც ვერ დავარქმევთ, იყო შელაპარაკება. რა თქმა უნდა, სადავოდ ვხდით. ჩანაწერში საიდან რა არის ამოღებული და ჩაკერებული, კაცმა არ იცის. ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები. ჩვენ გვინდა ფაქტების კონსტატაცია, ამის საშუალება არ მოგვეცა. ბატონ ბურაქს ორი კომპანია აქვს საქართველოში დაარსებული (ტურისტული სააგენტო და აფთიაქი) და ორივეს დირექტორი მისი ყოფილი მეუღლე, ქალბატონი იაა. თქვენი აზრით, რომელი მოძალადე იქცევა ასე?

ბურაქი: ეს სასამართლო პროცესი უკვე ჩემი თავმოყვარეობის საკითხია. მინდა დავამტკიცო, რომ არანაირი შეურაცხყოფა და ძალადობა არ ყოფილა ჩემი მხრიდან. ია თვითონ ახორციელებდა ჩემზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.

როგორც იას ადვოკატი, მარიკა მეუბნება, ფსიქოლოგიური ზეწოლა არის არგუმენტი, რომელსაც ძალადობაში ეჭვმიტანილთა ადვოკატების აბსოლუტური უმრავლესობა იყენებს, და ამბობს, რომ მოძალადე ფსიქოლოგიურად შევიწროებული იყო ქალის მხრიდან, რომ ძალადობა იყო პასუხი და იგი განპირობებული იყო გარკვეული მოვლენებით.

მოსამართლე სიტყვას იას აძლევს და მოსაჩივრეებს ახსენებს, რომ მათი მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ამსახველი მასალა საქმეშია.

ია: ქალბატონო მოსამართლე, მე საერთოდ არ მინდოდა შემაკავებლის გამოწერა და არც მისი დაპატიმრება. მე ოთხი წელი ვცხოვრობდი მასთან ერთად. დილიდან საღამომდე ვმუშაობდი, ყველანაირ საქმეს მე ვაკეთებდი. ერთი დღეც კი არ მქონდა დასვენება. ბოლოს იქამდე მივიდა, აფთიაქში გამყიდველადაც მე მამუშავებდა, რადგან 4 ენა ვიცოდი. წინა სასამართლო პროცესზე, როდესაც თარჯიმანს ვთხოვეთ, გადაეთარგმნა საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ძალადობის მტკიცებულება – ვოთსაპის აპლიკაციიდან ჩამოტვირთული ჩანაწერები, თარჯიმანს მოერიდა და პირდაპირ არ თარგმნა სიტყვები, რომლებიც მე მან მაკადრა. გთხოვთ, როგორც ქალს, მოუსმინოთ ჩანაწერს, რომ დარწმუნდეთ ჩემს სიმართლეში. განსაჯეთ, თუ შეიძლება, ვიმსახურებდეთ მე და ჩემი 19 წლის შვილი ამ სიტყვებს. მე, რომელიც ძალიან კარგი მეუღლე ვიყავი მისთვის.

ვეცადე, წარმომედგინა, რამდენად შეძლებდნენ ია და მისი ადვოკატი პოზიციების დაცვას, საქმეში იას ვოთსაპის ხმოვანი ჩანაწერი რომ არ დებულიყო. თითქოს, შემაკავებელი ორდერი და იას უსაფრთხოება ვოტსაპის შეტყობინებაზე ეკიდა.

მალევე იას ადვოკატმა მარიკამ მოსამართლის ყურადღება ითხოვა და სასამართლოს შეახსენა, რომ ია უკვე მესამედ მიმართავდა სახელმწიფოს და სთხოვდა, დაეცვა მოძალადისგან. მოსამართლემ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოაცხადა:

„სასამართლო აცხადებს გადაწყვეტილებას სახელმწიფოს სახელით, ბურაქ ოსმანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება“.

შემდეგი სასამართლო ფიზიკურ ძალადობას განიხილავს, პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა.

ნახატი - ქალი გრძელი წითელი თმით

ექიმი - დამკვირვებელი და მაცნე

საბედნიეროდ, ოჯახში ძალადობა ყოველთვის სიკვდილით არ მთავრდება, მაგრამ, როგორც წესი, გვიტოვებს ღრმა ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ტრავმებს, რომლებსაც მთელი ცხოვრება ვებრძვით. ტრავმებთან გამკლავება ჯანდაცვის სისტემასთან ერთად გვიწევს. მე შევხვდი ნანის, რომელმაც თავისი 25-წლიანი ძალადობის გამოცდილების შესახებ ოჯახის ექიმს უამბო. ექიმის პასუხი მისსავე მოვალეობას ვერ გასცდა და პაციენტი ენდოკრინოლოგთან გადაამისამართა, რომელიც ნანის შაქრიან დიაბეტს გაუმკლავდებოდა.

ნანის ლაღი ბავშვობა ჰქონდა. მშრომელი გლეხის ოჯახში გავიზარდეო, ასე გამეცნო. მშობლები ანებივრებდნენ, როგორც ნაბოლარას. 3 დედმამიშვილი ჰყავდა. ახლა შუახნის ქალია. 25 წელი იცხოვრა ყოველდღიურ დავაში, შევიწროებაში, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში. ნანის ქმარი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და თრობის ქვეშ მყოფი ფიზიკურად შეურაცხყოფდა ჯერ თავისსავე მშობლებს, ქორწინების შემდეგ კი ნანის და მის მშობლებსაც. ნანიმ მისი გამოსწორება გადაწყვიტა, სოფლიდან წამოვიდნენ და ქალაქად დასახლდნენ. სახლი მოაწყვეს, ნანი ყოველდღიურ საოჯახო შრომაში ჩაერთო.  ყიდულობდა და ამზადებდა საჭმელს, რეცხავდა, აუთოებდა, ალაგებდა, ზრუნავდა ქმარზე და ერთადერთ ქალიშვილზე. როგორც ჰყვება, დღის ბოლოს სამსახურიდან მოსული ქმარი ხშირად უმიზეზოდ ღიზიანდებოდა, ლანძღავდა, სცემდა, შინიდან აგდებდა. რამდენჯერმე მის მეგობარს სთხოვა დახმარება. პოლიციაში დარეკვისგან კი თავს იკავებდა, ცუდი ჯანმრთელობის მქონე ქმარი სასჯელისთვის არ ემეტებოდა, ფიქრობდა, პატიმრობის სიმძიმეს ვერ გადაიტანსო.  

„ბევრჯერ ყოფილან მისი მეგობრები ჩემთან სახლში ჩხუბის შემდეგ, არაერთი საათი, მთელი დღე გაჩერებულან, რომ ჩემს მეუღლეს სითბო ეგრძნო და იგივე არ გაეკეთებინა. ევედრებოდნენ, არწმუნებდნენ, რომ ჩემი და ბავშვის გარეშე გაუჭირდებოდა ცხოვრება. ისიც ამბობდა, რომ ეს ბოლო და უკანასკნელი იყო, მაგრამ შემდეგ იმავეს იმეორებდა, ვერავინ უშველა“, – ნანი ქმრის ძალადობრივ ქცევას მის ძველ პროფესიას, მოკრივეობას და ნასამართლობას უკავშირებს.

მალე მამამ შვილის დამცირება დაიწყო. შეურაცხყოფას აყენებდა სახლში თუ მეგობრების თანდასწრებით. ნანის იმედი, რომ მისი ქმარი ოდესმე დამოკიდებულებებს შეიცვლიდა, ნელ-ნელა ჩაიფერფლა. გადაწყვიტა, ქალიშვილი ძალადობისგან დაეცვა და ქმარს წინააღმდეგობა გაუწია.

„რამდენჯერმე გადავურჩი სიკვდილს, სახე, ხელები და სხეული დაჩეხილი მქონდა“, – ამბობს ნანი.

ერთ-ერთი დაპირისპირებისა და მძიმე ფიზიკური დაზიანების შემდეგ, ნანიმ და მისმა შვილმა სახლთან ახლომდებარე სკვერს მიაშურეს გონს მოსასვლელად. ნანის ქალიშვილმა საშველად მოძღვარს დაურეკა, ყველაფერი უამბო. იმ დღეს მამა გიორგიმ მათ პოლიციაში დარეკვა ურჩია. ნანი და მისი ქალიშვილი ახლომდებარე განყოფილებაში მივიდნენ და ძალადობის შესახებ განაცხადეს. ამ გადაწყვეტილებით გრძელვადიანი ძალადობის ისტორია დასრულდა.

ახლა ნანი შაქრიან დიაბეტს მკურნალობს, რომელიც ერთ-ერთი ფიზიკური წინააღმდეგობისას, ნერვიულობის ფონზე გამოუვლინდა. ოჯახის ექიმთან სიმპტომებზე საუბრისას, უამბო ოჯახში ისტორია, მოუყვა, რომ ქმართან მისი ურთიერთობა მუდმივ შიშს, შევიწროებას, ფიზიკურ საფრთხეს გულისხმობდა. ექიმმა ნანის მდგომარეობა გულთან მიიტანა, მაგრამ იძულებული იყო, საუბარი მძიმე თემიდან მკურნალობის პროცესზე გადაეტანა.

„ხშირად ხდება ისე, რომ ექიმთან მოსული ადამიანი ჯანმრთელობის პრობლემის გარდა სხვა გასაჭირზეც გვესაუბრება, მაგრამ ექიმისთვის ვიზიტის დრო განსაზღვრულია და გვიწევს, სოციალურ თუ სხვა პრობლემებს და პაციენტის შესაბამის ემოციებს თავი ავარიდოთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემაზე კონცენტრირება და სწორი დიაგნოსტირება შევძლოთ“ , – ამბობს ნათია შენგელია, ერთ-ერთი სახელმწიფო კლინიკის ექიმი, ენდოკრინოლოგი. ისიც ხშირად გამკლავებია პაციენტის ემოციურ ფონს ვიზიტის ფარგლებში და ამბობს, ექიმისთვის დიდი შვება იქნებოდა, დახმარების აღმოჩენა საჭირო სერვისის შეთავაზებით რომ შეგვეძლოსო.

კვლევის პროცესში აღმოვაჩინე, რომ სახელმწიფომ ეს პროტოკოლი უკვე განსაზღვრა პირველადი დახმარების ექიმებისთვის, როგორიცაა ოჯახის და სოფლის ექიმი. გაეროს მოსახლეობის განვითარების ფონდის და კრიზისული ცენტრის მიერ შედგა შესაბამისი ფორმა ექიმებისთვის, რომლის შევსების ვალდებულება მათ შემდეგი წლიდან დაეკისრებათ და იმედია, ამ მნიშვნელოვან პროცესს თავს გაართმევენ.

პირველადი ჯანდაცვის ექიმი ხდება ინფორმაციის გამტარი ოჯახში ძალადობის მსხვერპლსა და სახელმწიფოს შორის. მას ევალება, დააკვირდეს და ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი შეატყობინოს პოლიციას ოჯახში ძალადობის შესაძლებლობის შესახებ.

ამ საკითხზე UNFPA-ს საქართველოს ოფისის გენდერული თანასწორობის პროგრამის მენეჯერს, მარიამ ბანძელაძეს ვესაუბრე. მარიამი მანდობს, რომ ეს ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ მიმართული გლობალური პოლიტიკის დოკუმენტების რატიფიცირებამ და აღებულმა ვალდებულებებმა განაპირობა (სტამბოლის კონვენცია, CEDAW კონვენცია, UPR) და პროცესი ძალადობასთან ბრძოლის გლობალური, მულტისექტორული ხედვის ნაწილია. პროექტმა პილოტირება უკვე გაიარა კახეთის რეგიონში. ექიმებთან ჩატარდა კონსულტაციების და გადამზადების სერია. მოლოდინი დიდია, ექიმებმა უნდა შეძლონ და, ძალადობის ეჭვის შემთხვევაში, მსხვერპლს მიაწოდონ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ რესურსებზე. მარიამის თქმით, ექიმების გადამზადების პროცესი არც ისე მარტივად მიმდინარეობს, უჭირთ პრობლემის აღიარება და, გარკვეულწილად, სოციუმის წინააღმდეგ წასვლა. ექიმის დამოკიდებულება მომავალში ბევრ რამეს განსაზღვრავს.

ექიმი გადაწყვეტს, რა ფორმით დაეხმაროს ძალადობის მსხვერპლ პაციენტს – არსებულ სახელმწიფო სერვისებზე ინფორმაციის მიწოდებით თუ მისი გადარჩენის პროცესში სახელმწიფო ორგანოების ჩართვით.

ნახატი - ქალი შავი შეკრული თმით, გრძელი წამწამებით და წითელი პომადით, პროფილში

მხარდაჭერა, როგორც ერთადერთი გამოსავალი

ოლღამ ჯიბიდან რაცია ამოაცალა, ჩართო და გააფრთხილა, რომ მთელ პოლიციას გააგებინებდა მისი მოძალადეობის შესახებ. დამიზნებულ იარაღს ასე გადაურჩა. ოლღას პარტნიორი პოლიციის თანამშრომელი იყო. მას შემდეგ, რაც დაშორება გადაწყვიტა, მან რამდენჯერმე დაუმიზნა ცეცხლსასროლი იარაღი, შერიგების მოთხოვნით.

ოლღა სამი შვილის დედაა.

„ისე მოხდა, რომ ერთად დავიწყეთ ცხოვრება, შეთანხმებაზე ვერ გავდიოდით, სულ კონფლიქტები, კონფლიქტები... ფიქრობდა, რომ მე მისი საკუთრება ვიყავი და მთელი სამყარო მის ხელში იყო. მიუხედავად სამი ქორწინებისა, მე ამას შეჩვეული არ ვიყავი. არავის არასოდეს შეუზღუდავს ჩემთვის სახლიდან გასვლა“.

დაშორდა და რამდენიმე თვეში ისევ შეურიგდა. ფიქრობს, რომ შერიგება ბევრმა ფაქტორმა განსაზღვრა, რომელთაც ერთმანეთისგან ვერ არჩევს შიშს, იმედს, სიყვარულს ერთდროულად განიცდიდა. ამავე დროს, თვლიდა, რომ ძალადობისგან თავის დასახსნელად პოლიციაში დარეკვა მისთვის გამოსავალი არ იყო, ფიქრობდა, თავიანთ რომ თანამშრომელს მოძალადედ არ შერაცხავდნენ. ასეც მოხდა.

შერიგების შემდეგ ურთიერთობა არ გაუმჯობესებიათ, რადგან ეჭვიანობა ყოველდღიურობა გახდა. მთელ დღეს ტელეფონზე ურეკავდა და ემუქრებოდა. ოლღამ მისი ნომერი დაბლოკა. საპატრულო მორიგეობის შემდეგ, მასთან მოულოდნელად გამოჩნდა, კარზე აგრესიული კაკუნით, ლანძღვით. ოლღა კარს არ უღებდა და სთხოვდა, წასულიყო. მაგრამ საათზე მეტხანს არ შეწყვიტა ხმაური, გინება. ოლღამ პატრულის ეკიპაჟი გამოიძახა, ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდნენ და სალმით შეხვდნენ თანამშრომელს, არ გაჩხრიკეს და სახლშიც შეუძღვნენ. მან კი ოლღას ზურგიდან ესროლა.  

„პატრულის თანამშრომლები ყავაზე დაპატიჟებულებს ჰგავდნენ, არ ვიცი, ვის ელოდებოდნენ ან რას ელოდებოდნენ“, – ბევრჯერ გამეორებულ ფრაზას აუჩქარებლად მიმეორებს ოლღა.

ამ დღის შემდეგ მისთვის ბევრი რამ შეიცვალა. შეზღუდული უნარებით დაიწყო ცხოვრება, მისი მარჯვენა ხელი ნერვულ იმპულსებს არ პასუხობს. ოლღა ვერ მუშაობს და თავს სახელმწიფოს პარაზიტს უწოდებს.

გარდა ამისა, გულნატკენია.

 „მგონია, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, ის აკეთოს, რაც უნდა. მე ჩემმა ძმამ გამომიცხადა, რომ გიჟი ვიყავი. მისთვის გაუგებარია, სამჯერ გათხოვილი, საყვარლისგან დაზარალებული ქალი რა მორალს ექვემდებარება. ის, რომ არსებობს დამოუკიდებლობის და თავისუფლების მორალი, მისთვის უცხოა. ჩემთვის ემოციური ბალანსი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, სადაც ბალანსი ირღვეოდა, იქ ვწყვეტდი ურთიერთობას“, – ამბობს ოლღა.

ქალებისთვის მხარდაჭერის არარსებობაზე საუბრობს ფსიქოთერაპევტი ვასო თალაკვაძე. ამბობს, რომ მასთან, როგორც წესი, ძალადობის მსხვერპლები მიდიან. ფსიქოთერაპიის კურსით მოძალადე ძალიან იშვიათად ინტერესდება. ვასო ამბობს, რომ ქალები აცნობიერებენ პრობლემას, მაგრამ მისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა არ აქვთ. ძალადობა კი ღრმა საზოგადოებრივი პროცესია, ბევრი თანმდევი მოვლენით და ფსიქოთერაპია მას მხოლოდ მოძალადე-მსხვერპლის როლების განსაზღვრით არ შემოფარგლავს. მისი თქმით, ოჯახში ძალადობას ხშირად თან სდევს ურთიერთობის განსაზღვრული ფორმა, პატერნი, რომელსაც ფსიქოთერაპიაში თანადამოკიდებულებით ურთიერთობას არქმევენ, მასში მოძალადის ქცევას მსხვერპლის ქცევა აძლევს მიმართულებას და პირიქით, და მათი ქცევა სხვა, უფრო ღრმა ბავშვობის გამოცდილებებს და ღრმად დასწავლილ ქცევებს უკავშირდება.

შემთხვევითობის იმედად

მაშინ, როცა სახლი თავშესაფარი არ არის და მხარდაჭერას მის გარეთ ვეძებთ, ისეც ხდება, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოსავალს მოულოდნელად ვპოულობთ ხოლმე. ასეთი შემთხვევითობა იყო ნანისთვის მამა გიორგის რჩევა, მიემართა პოლიციისთვის. მამა გიორგი მრევლში ოჯახში ძალადობის ნიშნებს არ ეძებს, მაგრამ თუ დაინახავს, მარტივად შეძლებს, ქმედებისკენ მიმართოს სულიერი შვილი. ამდენად, ხდება ისეც, რომ მამა გიორგი მსხვერპლს მარტივად გადაარჩენს.

მამა გიორგი ძალადობასთან ბრძოლის გამოტოვებული რგოლია, ისევე როგორც სკოლა, მასწავლებელი, მშობელი და სხვა. ოჯახში ძალადობას დღეს ტლანქად, შეცდომებით პასუხობს სახელმწიფო. მას, ერთი მხრივ, უწევს, პასუხი გასცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და განსაზღვროს ძალადობის საპასუხო პოლიტიკა, მაგრამ იას, ნანის, ოლღას შემთხვევებითაც კარგად ჩანს, რომ ნაკლებად პასუხობს ადგილობრივ კონტექსტს, საჭიროებებს და იყენებს საზოგადოებრივ რესურსს.

დღეს, ქალებზე ძალადობასთან გლობალური ბრძოლა სამი თანაბარმნიშვნელოვანი პუნქტით ხასიათდება – პრევენცია, დაცვა და დასჯა. პასუხს იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ სამივე მიმართულებით, სწორედ ფემიციდის და ქალებზე ძალადობის შემთხვევებზე დაკვირვება იძლევა. თითოეული შემთხვევა დეტალურად აღწერს ყველა დაშვებულ შეცდომას, იძლევა პასუხებს გამოსავალზე.

სახელმწიფო ფემიციდთან ბრძოლის გლობალურ პროცესშია ჩართული, თუმცა მის ქმედებებს  დაგვიანებულ პასუხს დავარქმევდი. სახელმწიფო აპარატი, პოლიციით, სერვისებით, თავშესაფრით და სასამართლოთი, მაშინ ერთვება საქმეში, როცა უკვე ყველაფერი ჩამოშლილია. ძალადობის აქტი შემდგარია, მსხვერპლი არსებობს. საუკეთესო გამოსავალი, რასაც სახელმწიფოსგან მოველით, მოძალადის დასჯა და მსხვერპლისთვის დახმარების აღმოჩენაა. 2018 წელს საქართველოში ფემიციდის 22 და ფემიციდის მცდელობის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში ფემიციდის უმაღლესი სასჯელი 18 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

 

 

[1] სიტყვა ფემიციდი ამ დრომდე თითქოს შორეულ მოვლენასთან მაკავშირებდა, სანამ იძულებული არ გავხდი მეღიარებინა მისი თანაარსებობა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო იგი. სიტყვა მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა სამეტყველო და სააზროვნო არეალში ქალების მკვლელობის აღსანიშნად. დღეს იგი გულისხმობს კაცის მიერ ქალის მკვლელობას კონკრეტული ნიშნებით, ძალაუფლების, დომინაციის სურვილით, საკუთრების გრძნობის გამო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ძალადობის ამ ფორმის სიტყვებით გადმოსაცემად,  საქართველოში ფემიციდის შემთხვევებზე დაკვირვებით იმუშავა და ასე განმარტა იგი, როგორც ქართული მოვლენა: „ფემიციდი არის გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალის მკვლელობა, ანუ ქალის მკვლელობა, რომლის ჩადენის მოტივი ან კონტექსტი დაკავშირებულია ქალის მიმართ გენდერულ ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ან ქალის დაქვემდებარებულ როლთან, რაც გამოიხატება ქალზე უფლებების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, მისი ქცევის კონტროლით, ან მის გენდერთან დაკავშირებული სხვა მიზეზით, ასევე, ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანა ზემოაღნიშნული მიზეზებით“.