პანდემია და ქალები: ზრუნვის პოლიტიკური მნიშვნელობა

2020 წლის აპრილში, მსოფლიო პანდემიის გამოცხადებიდან დაახლოებით ერთი თვის თავზე, დასაქმებული დედების დროის ათვისების პრაქტიკების შესახებ კვლევა ჩავატარე. კვლევის რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ სახლის საქმეებსა და ბავშვებზე ზრუნვა მთლიანად მათი პასუხისმგებლობა იყო და მუდმივად უხდებოდათ სამსახურსა და სახლის საქმეებს შორის დროის ეფექტიან განაწილებაზე ფიქრი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმის ერთდროულად კეთება პანდემიამდეც უწევდათ, სამსახურისა და საოჯახო საქმეების ერთი სივრციდან – სახლიდან შესრულება ძალიან გაუჭირდათ. სკოლებისა და ბაღების დახურვამ მათი, როგორც დედის და დასაქმებულის, როლები დამატებითი პასუხისმგებლობებით დატვირთა. გაზაფხულზე ჩატარებული კვლევის მთავარი მიზანი პანდემიის შესაძლო გავლენების ძიება არ ყოფილა, თანაც ქალების ძალიან ვიწრო წრეს მოიცავდა და სხვადასხვა ჯგუფის სპეციფიკურ საჭიროებებს არ სწვდებოდა. მიუხედავად ამისა, კვლევის შედეგების 7 თვის შემდეგ წაკითხვა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და გამიჩნდა სურვილი, კვლავ გავსაუბრებოდი სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ქალებს. ამ სტატიისთვის სულ რამდენიმე ინტერვიუ ჩავატარე, რამაც ცვლილებებთან დაკავშირებით ზოგადი წარმოდგენა შემიქმნა.

ნახატი, ილუსტრაცია

გაზაფხულზე, პანდემიისგან გამოწვეული სირთულეები დროებითი ჩანდა და ქალები თავიანთი ცხოვრების წესის გრძელვადიან და ფუნდამენტურ ცვლილებაზე არ საუბრობდნენ. 7 თვის შემდეგ, ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებული რისკი ახლა გაცილებით უფრო რეალურია, პანდემიას დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს და მომავალიც ბუნდოვანია, თუმცა, რაც ცხადად ჩანს, ზრუნვის გაზრდილი საჭიროებაა, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ და ინდივიდუალურ დონეზე. ზრუნვის დიდი ნაწილი ისევ ქალების საშინაო თუ საგარეო შრომაზე, ხშირ შემთხვევაში კი, ორივეზე ერთად მოდის.

ზრუნვა, გავრცელებული განმარტების თანახმად, გულისხმობს სხვა ადამიან(ებ)ის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ემოციური კეთილდღეობისთვის გაწეულ აქტივობებს. პანდემიის გავლენამ ადამიანების ცხოვრების ყველა ასპექტზე, კიდევ უფრო გამოკვეთა ზრუნვის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის. ყოველდღიური გადაწყვეტილებებიც კი, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, თავშეყრაზე უარის თქმა, საკუთარ თავსა და გარშემომყოფებზე ზრუნვის გამოხატულებებია, რაზეც ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული. გარდა ამისა, ზრუნვა ძალიან დიდ შრომას გულისხმობს, რაც ძირითადად ქალების მიერ სრულდება და კონცენტრირებულია როგორც ეკონომიკის ფორმალურ და არაფორმალურ სექტორებში, ისე ოჯახებსა და პირად სივრცეებში. ზრუნვასთან დაკავშირებული შრომის არაპროპორციული განაწილება ქალებისთვის დროით სიღარიბეს ქმნის, რაც ხელს უშლის მათ, მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იზრუნონ საკუთარ კეთილდღეობაზე. ზრუნვა, სხვა ყველაფერთან ერთად, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიც არის. პანდემიის დროს კიდევ უფრო გამოჩნდა, თუ რამდენად საჭირო და აუცილებელი, თუმცა გაუფასურებული და პრეკარიულია სამუშაო, რომელსაც მასწავლებლები, ექთნები, სოციალური მუშაკები, თერაპევტები, მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები, ოჯახში დამხმარეები ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური ცხოვრებაც და ეკონომიკაც ქალების მიერ გაწეულ ფორმალურ და არაფორმალურ ზრუნვის შრომაზე დგას, ის მაინც დაუფასებელია. იშვიათად საუბრობენ მის პოლიტიკურ მნიშვნელობასა და შესაბამისი ინსტიტუტების გაძლიერებაზე. საზოგადოებაში, სადაც ზრუნვა ქალის ბუნების განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, კრიზისის დროს გაზრდილი ზრუნვის ტვირთი ავტომატურად ქალებს ეკისრება და პანდემიის საპასუხო პოლიტიკის მიღმა რჩება. ამიტომაც გასაკვირი არ აღმოჩნდა, როდესაც მთავრობის მიერ 24 აპრილს გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩნენ ისეთი ჯგუფები, რომლებზეც კრიზისის საპასუხოდ შემოღებულმა ზომებმა ყველაზე მეტად იმოქმედა. სხვა მრავალს შორის, ასეთია არაფორმალურ ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების ჯგუფი, მაგალითად, ძიძები, მომვლელები, ოჯახში დამხმარეები და ა.შ. (კოალიცია თანასწორობისთვის, 2020), რომელთა დიდი ნაწილისთვის ერთჯერადი დახმარების მიღებაც კი პრობლემატურია.

დედობა პანდემიის დროს

გაეროს ქალთა ორგანიზაციის 2018 წლის კვლევის მიხედვით, არაანაზღაურებად შრომას ქალები კვირაში საშუალოდ 45 საათს უთმობდნენ, ხოლო კაცები – მხოლოდ 15 საათს (UN Women, 2018). გასაკვირი არ არის, რომ სკოლებისა და ბაღების დახურვის შედეგად, ქალების არაანაზღაურებად შრომას ახალი აქტივობები და პასუხისმგებლობები დაემატა.

ქალებისთვის, რომელთაც სხვებთან შედარებით გაუმართლათ, შემოსავალი შეინარჩუნეს და მუშაობას სახლიდან აგრძელებენ, სამსახურებრივი და საოჯახო მოვალეობების შეთავსება კიდევ უფრო გართულდა. თუ აქამდე ისინი დღის ყოველ მონაკვეთს მკაცრად გეგმავდნენ, ახლა ყოველი დღე მოულოდნელობებით არის სავსე. სამსახურსა და დასვენების დროს შორის ზღვრის გავლება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა, დასვენებასთან დაკავშირებული აქტივობები კიდევ უფრო მეტი საშინაო შრომით ჩანაცვლდა და ქალებმა ზრუნვის საჯარო ინსტიტუტების ფუნქციაც შეითავსეს.

ფემინისტურ წრეებში დიდი ხანია განიხილავენ და აკრიტიკებენ დედობასთან დაკავშირებულ ნეოლიბერალურ დისკურსს, რომელიც დედობის ინდივიდუალიზებას ახდენს. ის დედობას წარმოაჩენს როგორც მხოლოდ ერთი ქალის საქმეს, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში თავისუფალია. ეს დებატები პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა (Güney‐Frahm, 2020). დედის თანამედროვე იდეალიზებული ხატის მიხედვით, ქალს უნდა შეეძლოს რამდენიმე აქტივობის ერთად შესრულება, საოჯახო შრომისა და სამსახურის შეთავსება, ჩართული უნდა იყოს ბავშვის ცხოვრებაში ემოციურად, ინარჩუნებდეს კარგ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან და ჰქონდეს სოციალური ცხოვრებაც. ამ იდეალის მიღწევა პანდემიის პირობებში კიდევ უფრო რთულია. არაანაზღაურებადი შრომის გაზრდილი მოცულობა, სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები და ბავშვების სწავლების ახალ მეთოდთან ადაპტირება – დედების როლს ახალი განზომილებები დაემატა, რაზეც ძალიან ცოტა ადამიანი საუბრობს. დედის როლისთვის ახალი ფუნქციების დამატებას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. რესპონდენტების თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ონლაინსწავლებაზე გადასვლა აღმოჩნდა. ქალების თქმით, მათ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლების ფუნქციის შეთავსებაც უწევთ. მომატებული პასუხისმგებლობები მათ პროფესიულ ცხოვრებას უშლის ხელს და დასვენების დროს თითქმის არ უტოვებს. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეთა და მასწავლებელთა დიდი ნაწილი სასწავლო პროცესებში კომპიუტერისა და სტაბილური ინტერნეტმიწოდების არქონის გამო ვერ ერთვება (შალვაშვილი, 2020). სიტუაცია კიდევ უფრო რთულია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, სადაც რამდენიმე სასკოლო ასაკის ბავშვია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მათთვის ხელისშემწყობი პროგრამები ან სერვისები არ შექმნილა და, როგორც მოსალოდნელი იყო, ზრუნვასთან დაკავშირებული დამატებითი პასუხისმგებლობები ქალების უხილავ შრომას დაემატა.

განსაკუთრებით მძიმეა მარტოხელა დედების მდგომარეობა, რომლებიც ოჯახში ითავსებენ როგორც ძირითადი მზრუნველის, ისე ძირითადი შემომტანის ფუნქციას. ერთ-ერთი რესპონდენტის თქმით, არაპროგნოზირებადი გარემო და სამუშაოს დაკარგვის შიში მის სტრესის ხარისხს ზრდის და უარყოფითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე.

პანდემიის დროს კიდევ უფრო გართულდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების ყოველდღიური ცხოვრებაც. ზრუნვის შრომასთან ერთად, რაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის არარსებობის პირობებში უდიდეს ძალისხმევასა და დროსთან არის დაკავშირებული, დედებს მოუწიათ მასწავლებლების, ფსიქოლოგების, ლოგოპედების და სხვა სპეციალისტების ფუნქციების შეთავსება (გაეროს ბავშვთა ფონდი, 2020). ბავშვები, რომლებიც პანდემიამდე სხვადასხვა ტიპის თერაპიას გადიოდნენ, შეზღუდვების გამო ამ მომსახურების მიღებას ვეღარ ახერხებენ. თერაპიაში წყვეტა კი ბევრი მათგანისთვის უკან დამხევია და აქამდე მიღწეულ პროგრესს საფრთხის ქვეშ აყენებს. მართალია, უამრავი მშობელი ცდილობს, სხვადასხვა აქტივობის შესრულება ბავშვებმა სახლის პირობებში განაგრძონ, თუმცა, ბუნებრივია, რომ ეს იმავე შედეგს არ იძლევა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დედების მიერ გაწეული შრომა აქამდეც უაღრესად დაუფასებელი იყო, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან ადაპტირება კი დამატებით ძალისხმევას მოითხოვს. მარტოხელა დედებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების რესურსი კი ამდენ პასუხისმგებლობას შესაბამისი, თანმიმდევრული პოლიტიკის გარეშე დიდი ხნით ვერ გასწვდება.

მეორე მხარეს, გაურკვეველი ვადით ხელფასის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე დადგნენ თერაპევტებიც (ქცევითი თერაპევტები, ენისა და მეტყველების, ოკუპაციური თერაპევტები, სპეცპედაგოგები, ფიზიკური და ხელოვნების თერაპევტები), რომელთა თვიური ანაზღაურებაც შესრულებული სამუშაო საათების მიხედვით განისაზღვრება (პუბლიკა, 2020). თერაპევტთა პროფესიული გაერთიანების დიდი ბრძოლის შედეგად, მათ ხელფასები გაცდენილი თერაპიული საათების აღდგენის პირობით მიიღეს. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ როგორ მიეწერება დაუფასებელი ზრუნვის შრომა ქალებს, რომლებიც ამ სამუშაოს ან უფასოდ, ან ძალიან დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ ასრულებენ.

ქალები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე

გლობალურად, ქალები ჯანდაცვის მუშაკთა 70%-ს წარმოადგენენ და  ჯანდაცვის წინა ხაზზე იმყოფებიან, განსაკუთრებით, ექთნები, ბებიაქალები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკები. სამედიცინო დაწესებულებების მომსახურე პერსონალის უმეტესობაც, დამლაგებლების ჩათვლით, ქალები არიან. მაგალითად, სანიტრები, სასადილოების მომსახურე პერსონალი (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 2020). საქართველოშიც, ქალების რაოდენობა ჯანდაცვის სფეროში გაცილებით დიდია, ვიდრე კაცებისა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2019), შესაბამისად, ისინი დაინფიცირების მომატებული საფრთხის წინაშე დგანან. სოლიდარობის ქსელის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხული ექთნების 91% ქალია, ხოლო გამოკითხულთა 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია. პანდემიამდეც, ექთნები რამდენიმე სამსახურში მუშაობდნენ საკმარისი ანაზღაურების გამოსამუშავებლად (ქველიაშვილი, 2020).  მწირი ანაზღაურება და მუდმივ სტრესულ გარემოში მუშაობა მათ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის არასაკმარის პირობებს უქმნის.

პანდემიის დროს გაზრდილ სამუშაო საათებს ჯანდაცვის ქალი მუშაკების დიდი ნაწილისთვის ემატება საოჯახო საქმე და ოჯახის წევრებზე ზრუნვის მოვალეობა. საზოგადოებაში, სადაც ბავშვთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები ძირითადად დედებს ეკისრებათ, ქალებს ხშირად აქვთ დანაშაულის შეგრძნება, როცა შვილს „საკმარის“ დროს ვერ უთმობენ. სტატიის დასაწყისში ნახსენები ჩემი კვლევის არაერთმა რესპონდენტმა გამოხატა წუხილი, რომ სამსახურის გამო ბავშვები დედისგან საჭირო ყურადღებას ვერ იღებენ. პანდემიის წინა ხაზზე მყოფი დედების შემთხვევაში, სამსახურსა და ოჯახს შორის წინააღმდეგობა კიდევ უფრო მძაფრია, რადგან საზოგადოების და შვილების კეთილდღეობაც მათ მიერ გაწეულ ზრუნვაზე დგას. ამ ორ როლს შორის კონფლიქტი კი უდიდეს სტრესთანაა დაკავშირებული.

სოციალური მუშაკები და პანდემია

პანდემიის დროს გაიზარდა სოციალური მუშაკების დატვირთვა, რაც ქვეყანაში არსებულმა მძიმე სოციო-ეკონომიკურმა და ფსიქოლოგიურმა ფონმა განაპირობა. სოციალურ მუშაკებს პანდემიამდეც ზედმეტი დატვირთით უწევდათ მუშაობა, ამიტომაც 2019 წელს დაწყებული გაფიცვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ კადრების დამატება იყო. მიუხედავად ამისა, 2020 წლის დასაწყისში 40-მდე სოციალური მუშაკი სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე დაითხოვეს.

კადრების სიმცირესთან ერთად, სოციალურ მუშაკებს შეზღუდვების ამოქმედებისას საკუთარი ხარჯით ტაქსით გადაადგილება უწევდათ, თან ამ დროს საჭირო თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფილები არ იყვნენ (მგალობლიშვილი, 2020). დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვის სწრაფ ზრდასთან ერთად, სოციალური მუშაკების როლი კიდევ უფრო გამოიკვეთა, თუმცა სახელმწიფო ამას ვერ ხედავს და არც შესაბამისი პოლიტიკის შექმნის ვალდებულებას გრძნობს. სოციალურ მუშაკებს საკუთარი რესურსის დახარჯვა ღირსეული სამუშაო პირობებისთვის ბრძოლაში უწევთ, მაშინ როდესაც ეს რესურსი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სერვისის სფეროში დასაქმებული ქალები

პანდემიამ ხაზი გაუსვა სერვისის სფეროში დასაქმებული ადამიანების მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. სუპერმარკეტების თანამშრომლები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, საარსებო ციკლის ერთ-ერთი მთავარი რგოლი იყო. მათ მნიშვნელობასთან ერთად, პანდემიამ მათი მძიმე შრომითი პირობებიც გამოააშკარავა. კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ მალევე გაირკვა, რომ სუპერმარკეტებისა და აფთიაქების დიდი ნაწილი თანამშრომლების ტრანსპორტირებას არ უზრუნველყოფდა და ადამიანებს, რომელთა შრომაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად კილომეტრების ფეხით გავლა უწევდათ სამსახურიდან სახლში მისასვლელად (ბურდული, 2020), დიდი სუპერმარკეტის ქსელების თანამშრომლები კი ღამეს საწყობში ათევდნენ და კვირაში 60 საათს მუშაობდნენ (კომერსანტი, 2020). ამ ინფორმაციას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა ის არ გამხდარა პოლიტიკური გადაწყვეტილებების ან შრომითი პირობებისა თუ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცვლილებების წამახალისებელი.

მათთვის, ვისაც მომსახურების სფეროში უმუშავია, ან ამ ადამიანების სამუშაო პირობებს გასცნობია, ეს ინფორმაცია ნაკლებად მოულოდნელი აღმოჩნდა. ამ სფეროში არსებულ მძიმე სამუშაო პირობებსა და პრობლემის გენდერულ ასპექტებს ეხებოდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით 2019 წელს ჩატარებული კვლევა „ცხოვრება საჭიროებებს მიღმა“. კვლევაში გამოჩნდა საქართველოში მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალების განსაკუთრებული მოწყვლადობა. მათ მძიმე სამუშაო პირობებს, არასტაბილურობის, დაუცველობის განცდასა და გრძელ სამუშაო საათებს, სახელმწიფოსგან და, ხშირ შემთხვევაში, ოჯახის წევრებისგანაც სრულიად დაუფასებელი საშინაო შრომა ემატება. ეს ყველაფერი ცხოვრების ხარისხზე ნეგატიურად აისახება და საფრთხეს უქმნის ქალების ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას (გოგბერაშვილი & კარაპეტიანი, 2019). პანდემიის პირობებში ამ ყველაფერს დაინფიცირების მაღალი რისკი და კიდევ უფრო გართულებული სამუშაო პირობები ემატება. მიუხედავად ამ ადამიანების მიერ უდიდესი რისკის ფასად მძიმე სამუშაო პირობებში გაწეული სამუშაოსი, მათი შრომითი თუ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე მორგებული პოლიტიკის შემუშავებაზე საუბარი არც კი დაწყებულა.

ემიგრანტი ქალები

ზრუნვის კიდევ ერთი გამოხატულება, რომელიც ჩვენი რეალობისთვის განსაკუთრებით რელევანტურია, არის ტრანსნაციონალური ზრუნვა. ამ ტიპის ზრუნვაში ვგულისხმობ ემიგრანტ ქალებს, რომლებიც ანაზღაურებადი ზრუნვის შრომით საქართველოში მყოფ შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებს ფინანსურად უზრუნველყოფენ. ხშირ შემთხვევაში, ემიგრანტი ქალების ოჯახის წევრი ქალები (დედები ან შვილები) ხდებიან ოჯახის ძირითადი მზრუნველები და იქმნება ე.წ. ზრუნვის ჯაჭვი (Hochschild, 2015). პანდემიამ ხაზი გაუსვა ამ ფენომენს და მის პრობლემურობასაც. ემიგრანტი ქალების სამუშაო პირობები პანდემიის დროს კიდევ უფრო არასტაბილური გახდა, ბევრმა მათგანმა სამსახური საერთოდ დაკარგა და დანაზოგის ხარჯზე ან ვალით, სხვა ქალებთან ერთად ცხოვრობს (კარაპეტიანი, 2020). არაფორმალურად დასაქმებული ქალები საჭირო დოკუმენტაციის არქონის გამო, ხშირად, გარეთ გასვლას უკიდურესი საჭიროების შემთხვევაშიც ვერ ახერხებენ და დამსაქმებლების კეთილი ნების ამარა არიან დარჩენილები (კარაპეტიანი, 2020). შედეგად, ემიგრანტი ქალების ფიზიკური თუ სოციალური იზოლაციის ხარისხი გაიზარდა, შემოსავალი კი შემცირდა, რაც მათზე დამოკიდებული ადამიანების კეთილდღეობაზეც ნეგატიურად აისახა. ასეთი ქალებისთვის პანდემია, ჯანმრთელობის რისკთან ერთად, ეკონომიკურ და უსახლკარობის საშიშროებასაც მკვეთრად ზრდის. ტრანსნაციონალურ შრომაში ჩართული ქალები მიმღებ ქვეყანაში იაფ და უუფლებო სამუშაო ძალად ითვლებიან, ხოლო საკუთარი ქვეყანა მათ მხარდაჭერას ან ალტერნატივას ვერ სთავაზობს. მათი პრობლემები უხილავია როგორც საკუთარი, ისე მიმღები ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური პროგრამებისთვის.

შეჯამება

სტატიაში შევეცადე, შემექმნა ზოგადი წარმოდგენა პოლიტიკურ პროგრამებს მოკლებული ქალების მდგომარეობასა და პანდემიის გავლენაზე. ბუნებრივია, ეს გავლენა ყველა ჯგუფისთვის განსხვავებულია, თუმცა ქალების ამ ჯგუფებს აერთიანებთ ზრუნვის შრომის მომატებული ტვირთი და დაინფიცირების მაღალი რისკი. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ქალების ყველა ჯგუფი პანდემიის პირობებში ძალადობის მომატებული საფრთხის ქვეშაა. იზოლაციის აუცილებლობა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვები ბევრ ქალს მოძალადესთან ერთ ჭერქვეშ გამოკეტვის საშიშროებას უქმნის. გარდა ამისა, შეზღუდულია წვდომა სერვისებზეც, რას მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. დღეისათვის ცნობილია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ძალადობის შემთხვევების შეტყობინების ხარისხი 25%-ით გაიზარდა, ზოგან კი ძალადობის შემთხვევები გაორმაგდა (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, 2020). საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სტატისტიკა ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, თუმცა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ინფორმაციით, მათთან მიმართვიანობის ხარისხი გაიზარდა (IDFI, 2020). ქალებმა, რომლებმაც გარკვეული ტიპის ეკონომიკური დამოუკიდებლობა მოიპოვეს, შესაძლოა შემოსავალი დაკარგონ და კვლავ დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

პანდემიის გამოცხადებიდან, ქალების ზრუნვის პოლიტიკური შინაარსი გაიზარდა. დახურული სოციალური ინსტიტუტების – საბავშვო ბაღი, სკოლა, სხვა სამედიცინო და სოციალური დაწესებულებები – ფუნქციის შესრულება ქალების პირად პასუხისმგებლობაში ისე მოექცა, რომ დამხმარე მექანიზმი ან პროგრამა სახელმწიფოს მათთვის არ შეუთავაზებია. ხოლო ის საჯარო ინსტიტუტები, რომლებიც არ დახურულა და ფუნქციონირებას მეტი დატვირთვით აგრძელებს, ისევ ქალების ზრუნვის გაძლიერებულ შრომაზე დგას: საავადმყოფოები, ონლაინსკოლები და ზრუნვის გამცემი სხვა დაწესებულებები. პანდემიისას, სოციალური ინსტიტუტების ფუნქციებს ქალები თავიანთი პირადი სივრცეებიდან ასრულებენ. მათ შრომას კი არსებული სახელმწიფო პოლიტიკა ვერ ამჩნევს ან ქალის როლს მიაწერს. რეალურად კი, საკუთარ ოჯახსა თუ საზოგადოებაზე ზრუნვა, რომლის საჭიროებაც დღევანდელ ვითარებაში კიდევ უფრო გაზრდილია, ბევრად გაძნელდებოდა ქალების მონაწილეობისა და მათი მხრიდან დამატებითი ძალისხმევის გაღების გარეშე.

ექსკლუზიურად ქალებისთვის გაზრდილი პასუხისმგებლობებისა და მომატებული საფრთხეების მიუხედავად, მათი საჭიროებები ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩა. მოიაზრება, რომ ზრუნვასთან დაკავშირებული დამატებითი პასუხისმგებლობებისა და რისკის საკუთარ თავზე აღება ქალების პირადი არჩევანია. ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავებისა და შეზღუდვების გამკაცრების ფონზე, ჩნდება კითხვა: რამდენ ხანს გასწვდება ქალების რესურსი ჩამოშლილი ინსტიტუტების ფუნქციების შეთავსებას?

 

გამოყენებული ლიტერატურა

გაეროს ბავშვთა ფონდი. (2020, ივნისი 11). მშობლობა პანდემიის პერიოდში. Retrieved ოქტომბერი 9, 2020, from გაეროს ბავშვთა ფონდი: https://www.unicef.org/georgia/ka

პუბლიკა. (2020, მარტი 16). ანაზღაურების გარეშე ვრჩებით გაურკვეველი ვადით – თერაპევტები კახა კალაძეს მიმართავენ. Retrieved ნოემბერი 20, 2020, from პუბლიკა: https://publika.ge/anazghaurebis-gareshe-vrchebit-gaurkveveli-vadit-ter…

ბურდული, ა. (2020, აპრილი 1). სამსახურს ამთავრებ, ამ დროს კი კომენდანტის საათია – როგორ ბრუნდები შინ? Retrieved ოქტომბერი 10, 2020, from რადიო თავისუფლება: https://www.radiotavisupleba.ge/

კოალიცია თანასწორობისთვის. (2020, 05 01). კოალიცია თანასწორობისთვის – ანტიკრიზისული გეგმის მიღმა დარჩენილთა საჭიროებებზე. Retrieved 11 15, 2020, from საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: https://gyla.ge/ge/post/koalicia-tanastsorobistvis-antikrizisuli-gegmis…

კომერსანტი. (2020, აპრილი 6). „საწყობში ვიძინებთ...“ – „სპარის“ თანამშრომლებს 21:00 საათიდან დილის 6 საათამდე მაღაზიაში ტოვებენ. Retrieved ოქტომბერი 7, 2020, from კომერსანტი: https://commersant.ge/ge/post/sawyobshi-vidzinebt-sparis-tanamshromlebs…

შალვაშვილი, მ. (2020, 06 12). ონლაინ სწავლება რეგიონში: ქვემო ქართლის გამოცდილება . Retrieved 11 10, 2020, from EMC: https://emc.org.ge/ka/products/onlain-stsavleba-regionshi-kvemo-kartlis…

სოლიდარობის ქსელი. (2019). ექთნების შრომის პირობები საქართველოში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. (2019). ქალი და კაცი საქართველოში. სტატისტიკური პუბლიკაცია, თბილისი.

კარაპეტიანი, გ. (2020, აპრილი 17). ორ ქვეყანას შორის – ქალები საზღვრებს შიგნით და მის მიღმა . Retrieved ოქტომბერი 7, 2020, from ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC): https://emc.org.ge/ka/products/or-kveqanas-shoris-kalebi-sazghvrebs-shi…

ქველიაშვილი, მ. (2020, ნოემბერი 13). ექთნების უხილავი შრომა. Retrieved from ბათუმელები: https://batumelebi.netgazeti.ge/news/312553/?fbclid=IwAR3UamPQsP9e4RUvf…

გოგბერაშვილი, ა., & კარაპეტიანი, გ. (2019, მარტი 6). ცხოვრება საჭიროებებს მიღმა. Retrieved ოქტომბერი 25, 2020, from ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო: https://ge.boell.org/ka/2019/03/06/cxovreba-sachiroebebs-migma

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. (2020). პოლიტიკის კვლევის დოკუმენტი: COVID-19-ის გავლენა ქალებზე.

მგალობლიშვილი, ბ. (2020, 06 24). სოციალური მუშაობა პანდემიის დროს. Retrieved 11 13, 2020, from პუბლიკა: https://publika.ge/article/socialuri-mushaoba-pandemiis-dros/

Chang, C. (2020, April 7). Taking Care of Each Other Is Essential Work. Retrieved October 16, 2020, from Vice: https://www.vice.com/en/article/jge39g/taking-care-of-each-other-is-ess…

EMC. (2020, 11 11). EMC: პანდემიის პირობებში სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობები უკიდურესად მძიმეა. Retrieved 11 20, 2020, from https://emc.org.ge/ka/products/emc-pandemiis-pirobebshi-sameditsino-per…

Ferrant, G. (2014, March). Time Use as a Transformative Indicator for Gender Equality in the Post-2015 Agenda. Retrieved October 15, 2020, from https://www.wikigender.org/wp-content/uploads/files/Time_use_final_2014…

Fraser, N. (2016). Contradictions of Capital and Care. New Left Review, 100.

Güney‐Frahm, I. (2020, June 2). Neoliberal motherhood during the pandemic: Some reflections. Gender, Work & Organization, 27(5).

Hochschild, A. R. (2015). Global Care Chains and Emotional Surplus Value . Justice, Politics, and the Family, 249-261.

IDFI. (2020). ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გავლენა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაზე. Retrieved from IDFI: https://www.google.com/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=&ved=2ahU…

ILO. (2020). The Care Economy. Retrieved 10 10, 2020, from International Labour Organization: https://www.ilo.org/global/topics/care-economy/lang--en/index.htm

Internet World Stats. (2019). Retrieved from Internet World Stats: https://www.internetworldstats.com/asia.htm?fbclid=IwAR073IzTtAin2AeONA…

Stats, I. W. (2019, December ). Retrieved from https://www.internetworldstats.com/asia.htm?fbclid=IwAR073IzTtAin2AeONA…

UN Women. (2018). ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში – მიზეზები და შედეგები. თბილისი: UN Women.

UN Women. (2020). საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის სწრაფი გენდერული შეფასება. UN Women.

UN Women. (2018). ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტიურობა და არაფორმალურ სექტორში ჩართულობა საქართველოში – მიზეზები და შედეგები. თბილისი: UN Women.

World Health Organization. (2019). Gender equity in the health workforce: Analysis of 104 countries.