ლეიბორისტული პარტია - საარჩევნო პროგრამის მოკლე ანალიზი

ლეიბორისტული პარტიის პროგრამის ანალიზი

პარტიული სიის ანალიზი 

ლეიბორისტული პარტიის მიერ რეგისტრირებულ  პროპორციულ სიაში 57 ქალია, სრული სიის (168) 33.5%, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პროპორციულ სიასთან შედარებით გაუარესებული მაჩვენებელია. პროპორციული სიის პირველ ათეულში 2, ხოლო ოცეულში 5 ქალია, ხოლო პარტიის მაჟორიტარულ სიაში (10 ოლქი) არცერთი ქალი არ არის. 

პროგრამის ანალიზი 

ლეიბორისტული პარტიის პროგრამაში ცალკეა გამოყოფილი ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის მაქსიმალური  ხელშეწყობისთვის პარტიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც გულისხმობს საგრანტო პროგრამების ფარგლებში პოლიტიკური სკოლების შექმნს ქალებისთვის, სადაც“ ახალგაზრდა ქალებს ასაკიდანვე მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ პოლიტიკური განათლება და გამოცდილება, გაიუმჯობესონ და განავითარონ ინდივიდუალური შესაძლებლობები“, თუმცა იქვეა საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტირების გაუქმების დაპირებაც, რომელიც პარტიის აზრით ხელს უშლის ქალთა პოლიტიკაში „ბუნებრივ მონაწილეობას“ - ვინაიდან წარმოადგენს ხელოვნურ ჩარევას. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ ლეიბორისტული პარტია საჭიროდ მიიჩნევს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მაქსიმალურ წახალისებას და შესაბამისი პოლიტიკების განხორციელებას, იმავდროულად ეწინააღმდეგება ამ პოლიტიკებიდან საერთაშორისო გამოცდილებით ერთ-ერთი ყველაზე ბაზისური მექანიზმის დანერგვას.

ზოგადად, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების პროცესში,  პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებები საკმაოდ არაკორექტული იყო - მან საარჩევნო რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც სიებში გათვალისწინებული უნდა იყოს ქალთა მინიმალური კვოტა, „სასქესო ორგანოების“ არჩევნები უწოდა: „იქნებ მინდა, რომ 10-ივე ჩავწერო ქალი, მაგრამ არცერთი ქალი არ არის, ვისაც პოლიტიკური მონაწილეობის სურვილი აქვს. ვერ გავიგე, საარჩევნო სიაა ეს თუ სასქესო ორგანოების არჩევნები“  - განაცხადა მან.  პარლამენტარების და სხვა პარტიებიდან პოლიტიკოსების გამოხმაურება ამ განცხადებაზე ძირითადად მოიცავდა იმის შესახებ მინიშნებას, რომ ნათელაშვილი არ არის „სერიოზული პოლიტიკოსი“ და ამიტომ, არ ღირს მასზე ყურადღების გამახვილება. 

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე, ნათელაშვილის მიერ 2020 წლის არჩევნებისთვის პარტიული სიის წარდგენისას საკრებულოებში წევრობის კანდიდატებად სამი ქალის  წარდგენისას წარმოთქმული სიტყვები: "გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად - ონში მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგვცემდნენ ხმას."

საკმაოდ სკანდალური განცხადებები გვახსოვს მიმდინარე წლის მაისში შალვა ნათელაშვილისგან გაუპატიურების საკითხზეც -  სექსუალური ძალადობის სისხლისსამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებით ნათელაშვილმა Facebook-ზე დაწერა საჯარო სტატუსი, რომლის თანახმადაც: „ესაა სრული იდიოტიზმი. ჯერ გაუპატიურების მუხლით აღძრულ უამრავ საქმეზე, იგივე ჩემი გამომძიებლობის პერიოდში საბოლოოდ დგინდებოდა, რომ ე.წ მსხვერპლი თვითონ იყო მაპროვოცირებელი, ან პროვოკატური რაიმე სარგებლის გამოსაძალად ან ცოლად გასაყოლად. ამ ფორმულირებით კანონის მიღება გამოიწვევს იმას, რომ ნებისმიერი მამაკაცი შეიძლება დაიჭირონ თუ ე.წ „დაზარალებულს" ნებისმიერ დროს ეს მოეხასიათება.“ აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივარი შევიდა საქართველოს სახალხო დამცველთან, რომელმაც ნათელაშვილს ოფიციალური წერილით მოუწოდა „თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის განცხადებებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის დაცვას“, რაზეც ნათელაშვილის რეაქცია იყო შემდეგი: "სამმა დედალმა ქოცმა მიჩივლა. იღებდნენ კანონს იმის თაობაზე, რომ თუ ცოლმა უჩივლა ქმარს, რომ ერთი წლის წინ მას ეძინებოდა და ღამით შეაწუხა, დაიჭერდნენ გაუპატიურებაზე. ამაზე განვაცხადე, რომ ერი, სადაც შობადობა და ქორწინება არ არის, ითხოვს დემოგრაფიის ხელშეწყობას და არა სისხლის სამართლის კოდექსის ლოგინში შედებას. ამისთვის მიჩივლა სასამართლოში სამმა დედალმა ქოცმა აქტივისტმა". ამ განცხადების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნათელაშვილი არამხოლოდ სექსისტური განცხადებებით შემოიფარგლება და გაუპატიურების შემთხვევებში მიდრეკილია მსხვერპლის დანადანაშაულებისაკენ, არამედ ამართლებს, მათ შორის, ოჯახში სექსუალურ ძალადობას და ამას ასაბუთებს ქვეყანაში დემოგრაფიული დისბალანსის არსებობით.

პროგრამის თემატური საკითხები

კვოტირებასთან მიდგომის მსგავსი წინააღმდეგობრივი და ორაზროვანი პოლიტიკა გვხვდება ლეიბორისტული პროგრამის სხვა ნაწილებშიც, სადაც, ერთის მხრივ ცალკე გამოყოფილია ქალთა საკითხი, ხოლო მეორეს მხრივ, სრულიად საპირისპიროდაა გაგებული კონკრეტული პოლიტიკების არსი - და შესაბამისად, გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული პარტიის პოლიტიკური ინიციატივები. 

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო სისტემის რეფორმირების ნაწილში ლეიბორისტების ხედვა ორიენტირებულია მეტ სოციალურ სარგებელზე: პენსიის გაორმაგებაზე, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთის განულებაზე და „მეცამეტე პენსიის“ შემოღებაზე, რაც მნიშვნელოვანი სოციალური შედეგის მომტანი იქნებოდა პენსიონერთათვის, რომელთა უდიდესი უმრავლესობაც საქართველოში ქალია, მეორე მხრივ, ნათელაშვილი გამოდის ინიციატივით შეიცვალოს კანონით დადგენილი საპენსიო ასაკის ზღვარის შესახებ ჩანაწერი და ქალებისა და მამაკაცების საპენსიო ასაკში გასვლის ვადა გაუთანაბრდეს ერთმანეთს, რაც პირდაპირ მიმართულია იმ გენდერული/სოციალური სამართლიანობის გადამანაწილებელი მექანიზმის წინააღმდეგ, რომელიც ქალთა საპენსიო ასაკში უფრო ადრე გასვლას ითვალისწინებს, ვიდრე მამაკაცების, ვინაიდან ზოგადად, ქალებს მშრომელობის ასაკში, ძირითადად უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ, უფრო დიდი წყვეტები  შრომის ბაზარზე რეპროდუქციული ფუნქციის გამო და ა.შ - ამიტომ, ეს გადამანაწილებელი მექანიზმი საერთაშორისო გამოცდილებით ემსახურება სოციალური და გენდერული სამართლიანობის პრინციპის ინსტიტუციონალიზებას საპენსიო ასაკში.  

ნათელაშვილის აზრით, მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულია მამაკაცების მიმართ და ის დისკრიმინაციის შესახებ საკონსტიტუციო ჩანაწერების შესაბამისად უნდა გაანალიზდეს. ამ ინიციატივის საჯაროდ გახმოვანებისას, ნათელაშვილი ამბობს, რომ „ჩვენს ქვეყანაში ტოტალური ლაშქრობაა გამოცხადებული ყველას უფლებათა დასაცავად, გარდა მამაკაცებისა“, რომ „მამაკაცი და ქალი თანასწორია ყველკაფერში, თანასწორად უნდა იღებდნენ პასპორტს, თანაბრად უნდა მუშაობდნენ და შესაბამისად, პენსიაზეც უნდა გადიოდნენ თანაბრად“. ამ არგუმენტის გასამტკიცებლად ნათელაშვილი უფრო შორს მიდის, და აკეთებს მინიშნებას იმის შესახებ, რომ არათუ თანაბრად, არამედ „მამაკაცები უფრო მძიმედ შრომობენ, სტრესები უფრო მეტი აქვთ რადგან ოჯახი აქვთ შესანახი“  და მისი აზრით, სწორედ ეს იწვევს ხანმოკლე სიცოცხლის ციკლს მამაკაცებში ქალებთან შედარებით. 

მეორე მხრივ, ლეიბორისტული პარტიის პროგრამაში გვხვდება ჩანაწერები ისეთი მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივების შესახებ, რომლებიც, განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა დადებით გავლენას ახდენდეს ქალთა და განსხვავებული გენდერული იდენტობის მქონე პირთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რასაც ვერ ვხედავთ არსებული პოლიტიკური პარტიების პროგრამათა უმრავლესობაში - ესაა ჩანაწერები მინიმალური ხელფასის განსაზღვრისა (სრულ განაკვეთზე 540 ლარის ოდენობით) და ღირსეული დეკრეტული შვებულების შესახებ, რომლებსაც პარტიის საიტზე პროგრამის განყოფილებაში ცალკე პარაგრაფები ეთმობა. 

დეკრეტულ შვებულების ანაზღაურებისთვის პარტია საჭიროდ მიიჩნევს ზედა ზღვარის დაწესებას, რომელიც დასაქმებულის არსებული ხელფასის მოცულობით განისაზღვრება, ასევე, კერძო სექტორის 50%-იან თანამონაწილეობას სახელმწიფოსთან ერთად დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაში, ვინაიდან არსებული დეკრეტული შვებულების ნორმა „მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქალებს“ - თუმცა, ორივე სქესის მშობლისთვის დეკრეტული შვებულების უზრუნველყოფაზე ჩანაწერში არ არის საუბარი, რაც გვაფიქრებინებს, რომ პარტია აღნიშნულ ინიციატივას მხოლოდ ქალის რეპროდუქციული როლის კიდევ უფრო გასამტკიცებლად აყენებს. 

ლეიბორისტული პარტია გეგმავს ჯანდაცვისა და ფარმაცეფტული  სისტემის დემონიპოლიზაციას და მედიკამენტებზე ფასების რეგულირებას, თუმცა, მეორე მხრივ, არც ჯანდაცვის და არც განათლების  ნაწილში პარტია არ საუბრობს ისეთ სექტორებში ხელფასის ზრდაზე, რომლებშიც ზრუნვისა და სოციალური კვლავწარმოების სამუშაო ხორციელდება და ძირითადად დასაქმებული არიან ქალები - მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, ექთნები და სხვა;  და რომელთა საშუალო ანაზღაურებაც დაბალია, პროგრამაში არსად არაა ნახსენები მისაწვდომობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ პარტიების უმრავლესობისგან განსხვავებით, პროგრამაში ცალკეა გამოყოფილი ცხოველთა უფლებების დაცვის საკითხი; ასევე, პარტია გამოკვეთილად ეწინააღმდეგება დიდი ჰესების მშენებლობას და პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის თავი ეძღვნება ეკოლოგიას და გარემოს დაცვას. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც  ჰესების წინააღმდეგ ბრძოლისა და გარემოს შენარჩუნებისთვის ბრძოლაში დღეს საქართველოში ძირითადად ქალები არიან ჩართული სხვადასხვა ადგილობრივი თემებიდან. 

მიუხედავად ამისა, სხვა თემატურ ნაწილებში, პარტიას უფრო აგრესიული და ქალების მხრიდან არგაზიარებული პოლიტიკური ხედვები აქვს, მაგალითად ეროვნული უსაფრთხოების ნაწილში ნაკლებად ორიენტირებულია მშვიდობაზე და მეტად ულტიმატუმის პოლიტიკაზე, აუცილებლად მიიჩნევს საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების შემოსვლას თანაც ბირთვული შეიარაღებით და ა.შ. 

პარტიის ძირითადი სახეები და ლიდერები არიან კაცები, შესაბამისად, პარტიის საჯარო რეპრეზენტაცია ძირითადად აგებულია ლიდერზე - ნათელაშვილზე და რამდენიმე კაცზე, ქალი სახე ამ ეტაპზე და მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში პარტიას საერთოდ არ ჰყავს.

მთლიანობაში, პარტიის პროგრამა საკმაოდ ამბივალენტური და წინააღმდეგობრივია. პროგრამის სოციალური პოლიტიკის ნაწილში არსებული ცალკეული ინიციატივების მიუხედავად, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს ქალებისა და ქვიარ ადამიანებისთვის, პარტიის ლიდერის მიზოგინიური და სექსისტური გამოსვლები ცხადად მიგვანიშნებს, რომ აღნიშნული პოლიტიკის განხორციელების მიზანი გენდერული თანასწორობის მიღწევა საერთოდ არ არის.