სექსი, სიყვარული და ტექნოლოგიები

Где ты, когда ты не онлайн; когда я жду тебя в сети; В какие ссылки перейти, чтоб просто оказаться там?[1]

ის ქსელში ზის და ელოდება. ჩვენც ხან ველოდებით, ხან გველოდებიან, ხან თავს ვარიდებთ ერთმანეთს, მაგრამ ყოველთვის ვაკვირდებით, ვუთვალთვალებთ, ვცდილობთ, გამოვიცნოთ, რა არის მწვანედ აციმციმებული, 4 თუ 200 კილომეტრით დაშორებული ProFile-ების უკან. ვინ არიან და რა უნდათ, რას აკეთებენ და რატომ „არ გვწერენ, როცა OnLine არიან“. ჩვენი სიყვარული და სურვილი ამ ქსელშია გადახლართული, სხვა ბევრ უხილავ ელექტრომაგნიტურ ტალღასთან ერთად. ეს ტალღები ჩვენ ნაცვლად მოძრაობენ, მათ ბევრი სახე აქვთ, ისინი რადიოაქტიურ შელოცვებს გვიკეთებენ, აუტანელს ხდიან ჩვენს ცხოვრებას. მათ გარეშე კიდევ უფრო ძნელია. ჩვენც ახალ რიტუალებს ვიგონებთ, ან ვცდილობთ, ძველი რიტუალები ამ ტალღებში გავუშვათ. ერთმანეთს სინთეტიკურ ყვავილებს და სხვადასხვა ფერის გულებს ვუგზავნით. ჩვენი ახლად შეძენილი მეგობრები კიდევ უფრო იხვეწებიან – უფრო სწრაფ და შეუზღუდავ შესაძლებლობებს გვთავაზობენ თავიანთი თხელი ეკრანებით, უფრო დიდი ბატარეებით, უფრო ძლიერი ბირთვებით.

მესენჯერი, სიგნალი, ვოტსაპი, ვაიბერი – მათი რაოდენობა ელექტრომაგნიტურ ტალღებთან ერთად იზრდება – ჩვენც ვიწერთ და ვიწერთ, რომ ყოველთვის მზად ვიყოთ გზავნილის მისაღებად. ზოგი სპეციალურად იმისთვის გამოვიგონეთ, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდეს. ეს ტექნოლოგიები ჩვენი კომპანიონები და შუამავლები არიან. გვარწმუნებენ, რომ ცხოვრებას გვიმარტივებენ, რომ ახლა უფრო ახლოს და უფრო სწრაფად დავიკმაყოფილებთ სურვილებს. ახლა უკვე შეხება აღარ გვჭირდება არც სექსისთვის და არც დანათესავებისთვის. InVitro განაყოფიერებით ახალ ნათესავებს ვიძენთ. ჩვენი გენეტიკური შეჭიდულობაც კი აღარ საჭიროებს შეხებას. ეს ყველაფერი კოლბებში, ლაბორატორიებში მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ხდება. ჩვენ მათ ვენდობით, იმიტომ რომ რობოტები არ ცდებიან. მათ ჩვენზე უკეთ იციან, როგორ ვიპოვოთ ზუსტი, ყველაზე შესაფერისი პარტნიორები, რომლებიც იმ წამს და იმ ადგილას გაჩნდებიან. ხელის ერთი დაწკაპუნებით. ისინი იმდენად სრულყოფილები გახდნენ, რომ უკვე გაუგებარია, რაში გვჭირდება სხვა ადამიანები. ვიბრატორებით დაწყებული, დახვეწილი ჰუმანოიდი რობოტებით დამთავრებული, ჩვენი სიყვარული და სიამოვნება კიდევ უფრო მრავალფეროვანია. საკომუნიკაციო არხის მეორე მხარეს სხვა ჩვენნაირი რბილი სხეულის ფიზიკური არსებობა არაარსებითია. სინთეტიკური სიყვარული თვითკმარია. ცოცხალ და არაცოცხალს შორის არსებული ზღვარი კიდევ უფრო გაფერმკრთალდა[2]. დანამდვილებით ვეღარც ვიტყვით, ჩვენი Smart მოწყობილობები უბრალოდ შუამავლებია თუ საბოლოო დანიშნულება. უკვე ისე ავიხლართეთ, იმდენად გადავეჯაჭვეთ, ჩვენი შვილებივით შევხარით ახალ რეტინა ეკრანებს, უკეთეს გამოსახულებას, უფრო სწრაფ სენსორებს, ახალ ფილტრებსა და სტიკერებს. ჩვენი სიყვარული უბრალოდ გაშუალებული აღარაა, ამ ელექტრომაგნიტური ტალღებით ჩვენს ნათქვამსა და ნაფიქრზე მეტი გადის და შემოდის ჩვენს ცნობიერებაში. ჩვენი კავშირი უფრო მეტია, ვიდრე შუამავლობა, მსახურება ან დახმარება. უნდა ვაღიაროთ, რომ მათთან ერთად ვიცვლებით და იცვლებიან საკომუნიკაციო არხის მეორე მხარეს მომლოდინე სხეულებიც. ეს კომუნიკაცია უბრალოდ A სხეულიდან B სხეულამდე, ერთი პროფილიდან მეორემდე არ მთავრდება. ის 0-ების და 1-იანების კომბინაციაში(ც) არსებობს, იქმნება და იცვლება. გაშუალება ტექნიკური დეტალი აღარაა უშუალო კომუნიკაციას შორის.

ამიტომ „სინთეტიკური“ გამოფხიზლების დროა!

ამ გამოფხიზლების ბევრს ეშინია. ჩვენც გვაშინებენ, რომ ჩვენი კომპანიონები უფრო და უფრო მეტად გვემსგავსებიან, ჩვენგან სწავლობენ, ჩვენგან იპარავენ დროს, ფულს, ენერგიას. ახლა უკვე აქეთ გვასწავლიან, როგორ გვიყვარდეს, როგორი სექსი უნდა მოგვწონდეს, მათ ფონზე ჩვენი მყიფე სხეულები, ჩვენი მსხვრევადი პიროვნებები, ჩვენი შიშები და კომპლექსები საკმარისი არაა. ჩვენ აუცილებლად შეგვეშლება, მათ – არა. იქნებ ელექტროენერგია უნდა შეგვიზღუდონ, იქნებ ჯობს, იმ დროს დავუბრუნდეთ, როცა ნამდვილი სექსი მხოლოდ გენიტალიების კავშირი იყო. იმიტომ რომ ახლა უკვე ყველაფერი გაუგებარია. ვირტუალურის საპირისპირო „ნამდვილი“ აღარაა. სინთეტიკურმა იმდენად ღრმად შეაღწია ადამიანურობაში, რომ სინამდვილე ჩვენი კომპანიონების გარეშე წარმოუდგენელია. ისინი ჩვენი დამატებითი ხელები და ფეხები, ჩვენი გენიტალიები და <3-ები არიან. ჩვენი შეუქცევადი კიბორგიზაციის შემდეგი ეტაპია. არაცოცხალს და ცოცხალს შორის დაყოფა და ცოცხალის არაცოცხალზე გამარჯვება წარსულს ჩაბარდა. სხეულებრიობა სექსისთვის ცენტრალური ვეღარ იქნება. ან იყო კი საერთოდ? 

დარწმუნებული ვეღარაფერში ვიქნებით :(

სახელმწიფო არქივებში ცნობილი ადამიანების სასიყვარულო წერილები ინახება. სასიყვარულო წერილები მათი მესიჯები იყო. მათი ყვავილები და პატარა საჩუქრები ჩვენი emoji და სტიკერია. ჩვენი სინთეტიკური ძღვენია და იდიოტურად იმავე რიტუალის გამეორებას ცდილობს, რომლითაც მამამ დედა „შეაბა“. იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით სიყვარული ამ პატარა სულელური საჩუქრების მიღმა. გვინდა, მათ წერილებს და მათ სიყვარულს მივბაძოთ. მათი ლოდინი და სურვილებიც ჩვენის მსგავსია. ჩვენც მათსავით ერთი ამბავი გვინდა, გვქონდეს. ერთი ისტორია, რომელსაც ადრე კალმით, ახლა კლავიატურაზე ვწერთ. ობსესიურია და არ გვასვენებს, შეპყრობილს გვხდის სურვილით. თან ეს ისტორიაც არქივებში უნდა დარჩეს. ამიტომ აღმოჩნდა ტელეფონით კომერციული SEX-ი და ზოგადად სატელეფონო სიყვარული ასეთი ხანმოკლე. ჩვენი ისტორიის არქივების შექმნის შესაძლებლობა გვინდა. გვინდა, მივუბრუნდეთ და თავიდან გავიაროთ ყველაფერი. საკუთარი და სხვისი ვერსიები გვინდა, სცენარები, რომელსაც ჩვენვე ვწერთ და ვთამაშობთ. ტელეფონები ამისთვის ზედმეტად ფრაგმენტულია. თითქოს ხმით უნდა დავეახლოებინეთ, მაგრამ სიახლოვის სხვა სურვილი აღმოგვაჩნდა. ჩვენ ერთმანეთის ხმასა და სუნთან, სხეულსა და გემოსთან სიახლოვე არც არასდროს გვინდოდა. მატერიასთან რაღაც დისტანცია გვჭირდება, რათა ფანტაზიას მეტი გასაქანი მივცეთ, ჩვენი სიყვარული ბევრნაირად გადავითამაშოთ და შემდეგ ხილვად, წაკითხვად და არქივებში შესანახ ამბებად ვაქციოთ. ან პირიქით, ჩვენი მეხსიერებიდან თუ არა, ქსელიდან წაშლა მაინც შეგვეძლოს. მეხსიერებიდან ხმის წაშლა კი ბევრად უფრო ძნელია წერილის დაწვასთან ან ეკრანის ჩამსხვრევასთან შედარებით.

თუმცა რაღაც მაინც შეიცვალა. თითქოს, ახლა მეტი სურვილია. უფრო სწორად, ამ სურვილების მეტი გამოსახულება. ჩვენი თავის და ფანტაზიის ბევრნაირად გადათამაშების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენი მშობლებისგან განსხვავებით ბევრად ნაკლები დრო გვაქვს.

ვრცელი წერილების საწერად დრო არ გვყოფნის. ამიტომ ეს დრო „ხარისხიანად“ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი პროდუქტიულობა გადარჩენის ერთადერთი გამოსავალია, ამიტომ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს[3]. თავისუფალი დრო არ არსებობს. ის უნდა ორგანიზდეს, დაიგეგმოს, გაიწეროს. ჩვენ ის ბევრი მუშაობით შევიძინეთ და გონივრულად უნდა გამოვიყენოთ. სივრცის და დროის სიღარიბეზე პასუხად, თბილისში ბინები საათობრივად ქირავდება. მნიშვნელობა არ აქვს, ამ დროს თვითონ სექსიც შესყიდულია თუ არა, ის, საბოლოო ჯამში, წინასწარ ორგანიზებული და დაგეგმილია.

ჩვენ იმ საოცარი წამის მოლოდინში აღარ ვართ, რომელიც უცებ უნდა დაგვატყდეს თავს, რომელზეც ჩვენმა წინა თაობამ წიგნებში, ლექსებში, ფილმებში ამოიკითხა, ჩვენ კი, სავარაუდოდ, ლანა დელ რეის სიმღერაში მოვისმინეთ:

I will love you 'til the end of time I would wait a million years. მაგრამ ჩვენ მილიონი წელი ლოდინის დრო არ გვაქვს. ამიტომ ეს საოცარი წამი უნდა შევქმნათ სწრაფად, იაფად და ხარისხიანად. თან ეროტიკისთვის აუცილებელი იდუმალება და სპონტანურობა უნდა შევინარჩუნოთ. Apps ამაში გვეხმარება და თან ხელს გვიშლის. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა მიუთითო შენი სურვილების, გარეგნობის, გეგმების შესახებ, რომ „საქმეზე“ გადასვლა კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და ეფექტური იყოს. ახლა ქალებმაც თავიდან უნდა ამოიგდონ წინა საუკუნის სისულელეები და უფრო ადვილად ხელმისაწვდომები გახდნენ. იმიტომ რომ WEB ასე მოითხოვს. პარალელურ რეკლამაში[4], ერთღამიანი სექსის შემდეგ, პრინცი და Tinderella ბედნიერად აგრძელებენ ცხოვრებას, რადგან არასოდეს ხვდებიან ერთმანეთს. ტინდერის ოფიციალური Ad გვეუბნება, რომ ახლა ყველაფერი შეგიძლია, სიყვარულის პოვნაც, კილომეტრების მიხედვით პარტნიორის არჩევა და გეი სიყვარულიც კი. ყველა ვერსია მისაღებია, მთავარია, სურვილი დროზე შექმნას და დააკმაყოფილოს. Web ყველაფერს გთავაზობს: შენი Erotic ფანტაზიის მიხედვით ადამიანების პოვნის Option გაქვს. ეს ფანტაზიები ფიზიკურ (ნამდვილ) სამყაროში თუ გადადის, არაარსებითია, იმიტომ რომ ფანტაზია უკვე თავისთავად არის ახალი სინამდვილე. ან იქნებ ისედაც ყოველთვის იყო? სასიყვარულო წერილებს ხომ იმ დროიდან წერდნენ, როცა წერა ისწავლეს? Web საშუალებას იძლევა, საკუთარ თუ სხვის სხეულსა და სურვილთან გაუცხოებით ჩვენი სექსუალობა გავაფართოოთ, არაადამიანური ტექნოცენტრული არსებები მოვიცვათ. ჩვენი კომპიუტერები, სმარტფონები, ყურსასმენები, მიკროფონები, ეკრანები ამ ყველაფრის მონაწილეები ხდებიან. ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ ისინი ჩვენს კომუნიკაციას სხვა ადამიანთან აშუალებენ. გვავიწყდება, რომ ეს სხვა ადამიანიც ფანტაზიაა, ისინი ფანტაზიას და ჩვენ შორის დგანან ან იქნებ თვითონ არიან ფანტაზიის ნაწილი. ჩვენი კიბერსექსუალობა ტექნოლოგიური შესაძლებლობების და საკუთარი ფანტაზიის გზაგასაყარზე ჩნდება. ის სინთეტიკურია და თან არასდროსაა სხეულისგან დაცლილი, მაშინაც კი, როცა სხეული ფიზიკურად არ მონაწილეობს. უბრალოდ, სხეული ბევრად ფართო გახდა, ვიდრე ჩვენთვის აქამდე ნაცნობი გამოცდილებები. ახლა ამის არაღიარება შეუძლებელია. მაგრამ ეს ხომ ისედაც ვიცოდით. ახლა რატომ გვეშინია? იქნებ გვგონია, რომ ჩვენი მანქანები ჩვენზე სწრაფად სწავლობენ. მალე ისინი ჩვენზე უკეთ გაიმეორებენ და აქეთ გაგვისაზღვრავენ ადამიანობას. უკვე სინამდვილეებს შორის განსხვავება მარტო მათი მეშვეობით შეგვიძლია. შენი ტელეფონი რომ არა, სულ გაურკვევლობაში იქნებოდი. ახლა ზუსტად იცი, რომ ესაა ნამდვილი და ისაა ვირტუალური. და ყველას, ვინც საპირისპიროს დამტკიცებას ეცდება, გიჟს დაუძახებ. უბრალოდ, ჯერ არ იცი, რომ შენს სინამდვილეში ვირტუალობას იმეორებ. შენი მცდელობა, ვირტუალური უფრო ნამდვილი ყოფილიყო, რომ 3D-ში სექსი შეგვძლებოდა, რომ ჩვენი სექსსათამაშოები მაქსიმალური სიზუსტით მიახლოებოდა პენისებს და სასქესო ბაგეებს, იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ახლა გვიწევს, პირიქით დავემსგავსოთ. ახლა ჩვენ ხატად შექმნილი 3D ქალები გვინდა ვიყოთ, ჩვენი სხეულიც ვიბრატორებივით გვინდა ლაპლაპებდეს, ერთი სული გვაქვს, ჩვენი პაემანი დასრულდეს და ერთმანეთის პროფილებს სტიკერები გავუგზავნოთ, ერთმანეთს ახალი ფილტრებით მოვაწონოთ თავი.

უფრო მეტიც, საკუთარი სურვილების და თავის ახალი გამოგონებისთვის ახლა უკვე Dark Web[5] არსებობს. ბნელ ინტერნეტში ყველაფერს იპოვი და კიდევ უფრო მეტს. Dark Web სექსმონების ყიდვა-გაყიდვას პირდაპირ ეთერში გვაყურებინებს. აქ ვერავინ მოგაგნებს, მართლა ვერავინ მოგაგნებს. ამიტომ გვეშინია, რომ ჩვენი ნათელი ინტერნეტიც ბნელ ქსელს დაემსგავსება. რომ ადამიანების ყველაზე საშინელი სურვილები ხილული და ხელმისაწვდომი გახდება. ახლა ყველაფერი მხოლოდ თითქმის ჩანს და თითქმის შეიძლება, იმიტომ რომ GOOGLE საძიებო სისტემაში ადამიანების ყველაზე „საძულველი“ ფანტაზიები ნათელი ინტერნეტის კანონებს ემორჩილება. ყველაფერი თხელი ბადით უნდა დაიფაროს. Tumblr, ფეისბუკი, ინსტაგრამი – ყველას ქალის ძუძუსთავების ეშინია. შენი ძუძუსთავები კარგად უნდა გადამალო პატარა სმაილების და წერტილების უკან. სექსი შეიძლება, მაგრამ მხოლოდ წელს ზემოთ და POV. პორნოვარსკვლავებიც ყოველ ჩართვაზე ახლახან ხდებიან Teen +18. კაცები ქალებს (და ზოგჯერ სხვა კაცებსაც) Nude-ებით აშანტაჟებენ. ფეისბუკზე ჰეტეროწყვილები საერთო პროფილებს ქმნიან და „თავს“ კარგავენ. იქ, სადაც ყველაფერი ფანტაზიაა, საკუთარი სქესის, კანის ფერის, ფეხის ზომის არჩევას გვთხოვენ. ეს სისტემები მუდმივად ცდილობენ თავიანთი თავის გამეორებას ჩვენს ფანტაზიასა და ვირტუალობაში. ისინი ვირუსები არიან ჩვენს კიბერთავისუფლებაში. სხვადასხვა ნიშნით თავს მუდმივად გვახსენებენ. დაყოფის და თვალთვალის ახალ ტექნიკებს ავითარებენ. ამ ფილტრებით უფრო „სწორი“ სურვილების მორგებას ცდილობენ. ახალმა კავშირებმა ძველები უნდა გაიმეორონ. ახალი შესაძლებლობები GOOGLE საძიებო სისტემაში მეასე გვერდზე გადამალონ იმ იმედით, რომ ვერ ვიპოვით. ჩვენ კიდევ ველოდებით. ველოდებით და გვეშინია, რომ მომავალი მოვა. ის მომავალი, რომელშიც ერთმანეთი აღარ გვეყვარება, როცა დღევანდელი სათამაშოები და Gadget-ები ჩაგვანაცვლებენ. რომ ყველაფერი ვირტუალური იქნება რეალურის=ნამდვილის=სწორის=ადამიანურის საპირისპიროდ. ვეპოტინებით გულებს და ყვავილებს, ქალებს და კაცებს, +18-ებსა და -35-ებს, +35-ებს და -50-ებს, 90/60/90-ებს და კიდევ ათას სისულელეს, რომელსაც აზრი ისედაც არასდროს ჰქონდა, ახლა კი საერთოდ გაუგებარია, ამ ვირუსული ფანტაზიის გამეორება რატომ გვჭირდება, როცა ჩვენი სურვილი ზუსტად ამ ფილტრებს გაურბოდა ყოველთვის. თუ ყველაფერი ისედაც ფანტაზია იყო, იქნებ უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ვირტუალობამ ჩვენი რეალური სიყვარულის არარსებობა ამხილა, რომ ახლა ყველაფერი „ნამდვილი“ Web-ის ცუდი პაროდიაა, რომ ისედაც მხოლოდ ვირტუალური სიყვარული შეგვეძლო და სხეული და სმარტფონი უბრალოდ ტექნიკური დეტალებია. იმიტომ რომ ისედაც ყველაფერი ფანტაზია იყო. ჩვენი სხეულებიც მხოლოდ ამ ფანტაზიის გავლით ეხებოდა ერთმანეთს. ერთმანეთთან გაუცხოება ტექნოლოგიებმა კი არ მოიტანა, უბრალოდ გამოააშკარავა, რომ ისედაც არასდროს ვიყავით ახლოს, არასდროს მოგვწონდა „ნამდვილი“ ჩვენი თავი და, მით უმეტეს, „ბუნებრივი“ სხვა. ისედაც ყოველთვის ერთმანეთის წარმოსახული სინთეტიკური ვერსიები გვიყვარდა. იქნებ სინთეტიკური გამოღვიძება უფრო ნაკლებმტკივნეული და საინტერესო გახდეს, თუ ჩვენი სხეულის ძველ იდეას დავემშვიდობებით და Gadget-ებით ახალ იდეას შევქმნით. იქნებ ვირუსებს ასე მაინც ავარიდოთ თავი. და მომავლის ან წარსულის დაბრუნების ნაცვლად, უბრალოდ, ახალ ფილტრებს დაველოდოთ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Baudrillard, Jean, 1929-2007. (1994). Simulacra and simulation. Ann Arbor: University of Michigan Press.
  2. Haraway, D. J. (2016). A Cyborg Manifesto: Science, Technology, and Socialist-Feminism in the Late Twentieth Century. University of Minnesota Press.
  3. Hochschild, A. R. (1997). The time bind: When work becomes home and home becomes work. New York: Metropolitan Books.
  4. Ross, Michael, W. (2005). Typing, Doing, and Being: Sexuality and the Internet, The Journal of Sex Research, Vol. 42, No. 4 (Nov., 2005), pp. 342-352.

 


[1] „სად ხარ, როცა ონლაინ არ ხარ, როცა მე ქსელში  გელი, რომელ ბმულებს გავყვე შენამდე მოსასვლელად“ (ავტორის თარგმანი). ორიგინალს შეგიძლიათ მოუსმინოთ:  https://www.youtube.com/watch?v=mZFsywE9o4w

[2] ამაზე მეტი შეგიძლიათ ნახოთ „კიბორგის მანიფესტსა“ (1984) და მის ლექციაში “From Cyborgs to Companion Species“, https://www.youtube.com/watch?v=Q9gis7-Jads

[3] Hochschild, A. R. (1997). The time bind: When work becomes home and home becomes work. New York: Metropolitan Books.

[5] Dark Web ინტერნეტის ნაწილია, რომელიც ჩვეულებრივი საძიებო სისტემებით არ იძებნება და სპეციალურ პროგრამას საჭიროებს. ის სრულ ანონიმურობას უზრუნველყოფს და მრავალგვარი კრიმინალური აქტივობის ასპარეზია (მაგ. იარაღით, ნარკოტიკებით, ადამიანებით ვაჭრობა).