ძიძების ცხოვრება, ანუ შრომა უფლებების გარეშე

ჩემი შვილის გაზრდაში დედა მეხმარებოდა. დედა მსუბუქი მრეწველობის ინჟინერია. პროფესიით მას შემდეგ არ უმუშავია, რაც დეკრეტულ შვებულებაში გავიდა. 4-წლიანი დეკრეტული შვებულების შემდეგ, საბჭოთა კავშირი დაინგრა და დედამ სამსახური და პროფესია ერთდროულად დაკარგა. მერე ხან მათემატიკის მასწავლებელი იყო, ხან ტორტებს აცხობდა და ასე პოულობდა შემოსავალს.

თბილისში საცხოვრებლად გადმოსულს, მეზობლად მცხოვრებმა ოჯახმა მცირეწლოვანი შვილის ძიძობა შესთავაზა. ისიც დათანხმდა და სიყვარულით ზრდიდა პატარა გოგოს. მოგვიანებით, ჩემ დასახმარებლად, ძიძობის მიტოვება მოუწია. დღემდე თავს დამნაშავედ გრძნობს, რომ ბავშვის აღზრდა ნაადრევად შეწყვიტა.

ქალის პორტრეტი, გრაფიკულად დახატული

საოჯახო შრომა

ძიძის პროფესია ბევრნაირად შეგვიძლია დავახასიათოთ, როგორც არაფორმალური შრომა, ზრუნვის შრომა, საოჯახო შრომა. ამ სამუშაოს, გლობალურად, ქალები ასრულებენ. ძიძის საქმემ, როგორც ქალების არაერთმა სამუშაომ, პროფესიული მნიშვნელობა ვერ შეიძინა და დღემდე დამხმარე, მეორად პროფესიად რჩება.

ძიძა, მაგალითად, ევროპულ ოჯახში ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა ქალს მუშაობის უფლება არ ჰქონდა და ძიძობის სანაცვლოდ ქალებს საჭმელსა და საცხოვრებელს – ღამის გასათევს – სთავაზობდნენ[1]. მეჩვიდმეტე საუკუნეში ქალები მხოლოდ დამოუკიდებელი საცხოვრისისთვის თანხმდებოდნენ ამ საქმეზე. ძიძობას მონობის ტრადიციაც ახსოვს – ამაზე პოპულარული კინოც ბევრს გვიყვება. მონობის გაუქმებიდან ერთსაუკუნიანი ბრძოლის შედეგად, ქალებმა ანაზღაურებადი შრომის უფლება მოიპოვეს. მოგვიანებით, კაპიტალიზმმა ზრუნვის შრომა ჩვეულებრივ სასაქონლო გაცვლის მოდელს მოარგო და შეძლებული ოჯახებისთვის ხელმისაწვდომ ფუფუნებად აქცია. ამითაც აიხსნება საქართველოდან და სხვა განვითარებადი ქვეყნებიდან დასავლეთის ქვეყნებში ქალების დინების ფენომენი[2].

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის (გამოქვეყნების პროცესშია) თანახმად, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, საოჯახო შრომაზე მოთხოვნა საქართველოშიც გაზრდილია. 2017-2019 წლებში საოჯახო მშრომელების რიცხვი 14-დან 18 ათასამდე გაიზარდა, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 1,1 %-ს შეადგენს. საოჯახო მშრომელების 96% ქალია, საქართველოს მოქალაქე[3].

საოჯახო მშრომელის პროფილი

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საქართველოში ძიძებზე მოთხოვნის ზრდას მოსახლეობის კეთილდღეობაზე მეტად ამ შრომის დაბალი ღირებულება განსაზღვრავს, რომელიც საათში საშუალოდ 4,58 ლარს არ სცდება და მძღოლის საშუალო საათობრივ ანაზღაურებაზე 1.69 ლარით დაბალია. ამ მაჩვენებელზე აქცენტს გაეროს ქალთა ორგანიზაციის უახლესი კვლევა სვამს და ასკვნის, რომ ხელფასის ამგვარი სხვაობის ერთ-ერთი და გასათვალისწინებელი მიზეზი გენდერული ნიშანი შეიძლება იყოს, რადგან იყო მძღოლი, უმეტეს შემთხვევაში, ნიშნავს იყო კაცი, ისევე როგორც იყო ძიძა, ნიშნავს იყო ქალი.

ძიძები, ყველაზე ხშირად, შუახნის (50-70 წელი) ქალები არიან. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს სამსახური ერთადერთი გამოსავალია მათთვის ისეთი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა ბინის ქირის გადახდა ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლისას, საბანკო ვალდებულების დაფარვა, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხარჯის გაწევა, ან უბრალოდ საკუთარი მცირე შემოსავლის ქონა.

ძიძა საოჯახო მშრომელია. საქართველოს კანონმდებლობა საოჯახო მშრომელის ცნებას არ ცნობს. შესაბამისად, ძიძებზე არ ვრცელდება საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული მინიმალური უფლებებიც კი. კანონი არ იცავს მათ უფლებას, ჰქონდეთ განსაზღვრული სამუშაო დრო, კრიზისებისგან დაცვის პირობა, უსაფრთხო სამუშაო გარემო, ანაზღაურებადი შვებულება, ანაზღაურებადი დეკრეტი თუ ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით, ძიძების 96% ზეპირი შეთანხმების საფუძველზე მუშაობს და მათი სამუშაო დროის მოცულობა, შრომის კოდექსით დადგენილ კვირაში 40 საათს, როგორც წესი, აჭარბებს. მიუხედავად ამგვარი სამუშაო პირობებისა, საოჯახო მშრომელები არ მიმართავენ სასამართლოს დავებით, მათ გადასაჭრელად. დღემდე არცერთი დიდი ქალაქის სახელმწიფო ორგანოში, სადაც საოჯახო მშრომელებს აქვთ უფლება, იდავონ უკეთესი შრომის პირობებისთვის, ასეთი შემთხვევა არ ფიქსირდება[4].

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გაეროს ქალთა ორგანიზაციას, კვლევის „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“ მონაცემების წინასწარი გაზიარებისთვის. კვლევის ანგარიში 2020 წლის ბოლომდე გასაჯაროვდება.

ძიძებს განსაკუთრებით პანდემიისას გაუჭირდათ

ძიძები პანდემიასთან დაკავშირებულ ანტიკრიზისულ ზომებს მიღმა დარჩნენ. სახელმწიფომ არ გაითვალისწინა, რომ ისინი ვერ წარადგენდნენ ცნობას დასაქმებულობის შესახებ, რაც დახმარების მიღების წინაპირობა იყო.

საოჯახო მშრომელები მთლიანად დამსაქმებელთა კეთილ ნებაზე გახდნენ  დამოკიდებული, შედეგად, მათმა მხოლოდ მცირე ჯგუფმა ისარგებლა ერთჯერადი სუბსიდირებით 300 ლარის ოდენობით.

„ძიძების ნაწილი პანდემიის შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვერ დაბრუნდა სამსახურში. დამსაქმებლები პასუხობდნენ, აღარ გვჭირდებით, შემოსავალი აღარ მაქვს, მე თვითონ მივეჩვიე ბავშვთან ყოფნასო“.

ხშირი იყო მსგავსი პასუხები დამსაქმებლების მხრიდან, რომლებსაც სოფო შუბითიძე სოციალური ინიციატივის ფარგლებში ესაუბრა. სოფომ საინიციატივო ჯგუფთან ერთად არაფორმალურად დასაქმებული ქალებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. საინიციატივო ჯგუფმა მოიძია დაფინანსების წყარო და პანდემიის პერიოდში 300 უმუშევრად დარჩენილ ძიძასა და მათ ოჯახებს სასურსათო ვაუჩერები გადასცა. სულ, ოჯახის წევრების ჩათვლით, 1179 ადამიანს დაეხმარნენ. ვაუჩერი ბევრი ოჯახისთვის ერთადერთი შესაძლებლობა იყო კრიზისულ პერიოდთან გასამკლავებლად.

როცა ვაუჩერის დარიგება დავიწყეთ, ვცდილობდით, პირველ ეტაპზე მრავალსულიან ოჯახებს დავხმარებოდით. იყო ოჯახები, სადაც 6-8 ადამიანი ცხოვრობს და ერთი მუშაობს. ვერ ვიტყვით, რომ ყველას ერთნაირად უჭირდა, თუმცა ზოგისთვის დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო. მხოლოდ ერთმა ძიძამ გვითხრა, მის ნაცვლად სხვას დავხმარებოდით“.  სოფო.

პანდემიამ თითქოს ხელის გულზე გამოაჩინა ზრუნვის შრომაში ჩართული ქალების ყოველდღიურობის სიმყიფე. სამსახური, რომელიც ქალებისთვის გადარჩენის პირობაა და მეტი არაფერი, პირველივე კრიზისისას უმუხთლებთ და გადარჩენას ვერ ჰპირდებათ.

"ძიძა ჰგონიათ ყველაფერი, დამლაგებელიც" - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

ძიძები მუშაობენ დიდხანს და ბევრს

ძიძებთან გასაუბრება ფოკუსჯგუფის ფორმით გადავწყვიტე. წინასწარ არაფორმალურად შევხვდით და შეკრების სავარაუდო დღეზე შევთანხმდით. მერე ტელეფონით ვისაუბრეთ. საბოლოოდ, როცა საათზე უნდა შევთანხმებულიყავით, აღმოჩნდა, რომ ვერცერთი მათგანი ვერ მეუბნებოდა, რა დროს იქნებოდა თავისუფალი შეხვედრისთვის. „გააჩნია, რომელ საათზე დაბრუნდება ბავშვის დედა“, „უნდა შევათანხმო“, „წინასწარ ვერაფერს გეტყვი“ ასეთი იყო მათი პასუხები. ბევრ მათგანთან ვერ შევთანხმდით შეხვედრის დროზე. მათ უბრალოდ არ იცოდნენ, როდის გათავისუფლდებოდნენ. მივხვდი, რომ პრობლემა სამუშაოს წესში იყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ სხვა მშრომელებთან შედარებით სამჯერ მაღალია იმ საოჯახო მშრომელების რაოდენობა, რომლებიც კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობენ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ სხვა მშრომელებთან შედარებით სამჯერ მაღალია იმ საოჯახო მშრომელების რაოდენობა, რომლებიც კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობენ
წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ISET (გამოქვეყნების პროცესში), „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“

როგორც წესი, ძიძებს არ აქვთ განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი. მათი სამუშაო დრო ცვალებადი ა მოულოდნელობებით სავსეა, დამოკიდებულია ისეთ მოუხელთებელ მსაზღვრელებზე, როგორიცაა დამქირავებლის ცხოვრების წესი, ბავშვის და მშობლის ხასიათი, ოჯახის წევრების რაოდენობა, ოჯახის წევრების სქესი და დამქირავებლის დღის გრაფიკი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამუშაო წინასწარი შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს, ძიძას არ უწევს, ბავშვთან ზედმეტი საათები დაჰყოს და ოჯახი დროდადრო საოჯახო საქმეების შესრულებას არ ავალებს, ისინი თავიანთი ინიციატივით ასრულებენ დამატებით მოვალეობებს – აკეთებენ სადილს, ალაგებენ, რეცხავენ...

მე მხოლოდ ბავშვის საქმე მევალება, მაგრამ რომ შევხედე, საჭმლის გაკეთებას კი არა, ჭამასაც ვერ ასწრებდნენ, ამიტომ შევთავაზე სადილის მომზადება. ამ ოჯახში უკვე მეორე ბავშვს ვზრდი. ცოტა ხნის წინ იმავე საქმეში ორმაგი ხელფასი შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან ჩემ იმედად არიან“. მანანა, 60 წლის.

„ბათუმში ვცხოვრობდი. ძალიან რომ დამჭირდა, გავედი სამუშაოდ, ძალიან დაბალი ანაზღაურების მიუხედავად, 150 ლარს მიხდიდნენ. არ იყო გათვლილი დალაგება და ჭურჭლის რეცხვა, მაგრამ მავალდებულებდა დიასახლისი ამ საქმის კეთებასაც. ისეთი მომენტია, პირდაპირ არ გეუბნებიან, მაგრამ იგულისხმება, რადგან ძიძა ხარ, ესეც უნდა გააკეთო და ისიც უნდა გააკეთო, ამ დროს ბრწყინვალედ იცი, შენს მოვალეობაში რა შედის. იქ, დამატებით, მეზობლებიც რომ შემოდიოდნენ, ისე გიყურებდნენ, რომ ძიძა ხარ, რა. ამ დამოკიდებულებას შევცვლიდი, პატივისცემით უნდა გვექცეოდნენ. დაუფასებელი შრომაა დიასახლისის შრომა და ასევეა ძიძის შრომაც. რომ მიჭირს, ვმუშაობ, მაგრამ რაც მაქვს ხელფასი, ორ იმდენ საქმეს ვაკეთებ“.  თამუნა, 55 წლის.

ვაკანსიის სქრინშოთი

„დილით რომ მივდივარ, პირველ რიგში ვიბან ხელებს, ჩემი პირსაწმენდი მაქვს. ვიცვლი ტანსაცმელს და ვიცვამ სამუშაო ფორმას. ვიწყებ ბავშვის მოწესრიგებით, დაბანა, პამპერსის გამოცვლა, ჭმევა. პატარა ბავშვი დღეში 3-ჯერ ჩამყავს ჰაერზე და 3-ჯერ ვაძინებ. მაგრამ როცა ბავშვს სძინავს, თუ სახლი დასასუფთავებელია, ვასუფთავებ, დასაუთოებელს – ვაუთოებ. ვიხვეწები ხოლმე, საქმე მომცენ, სადილი გამაკეთებინონ. დიდ ბავშვებთან სხვა დღის წესრიგია, 3-4 წლის ბავშვს გართობა და განათლება სჭირდება“.  მარიამი, 70 წლის.

ძიძების სამუშაო მათგან კონკრეტული ვალდებულებების შესრულების გარდა სიყვარულის გაზიარებას მოითხოვს. ბავშვსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, კეთილგანწყობა მოეთხოვებათ. საქმეში იმდენად დიდია ემოციური შრომის წილი, რომ რთულია უკმაყოფილება გაუჩნდეთ დამქირავებლის მიმართ, თავს ოჯახის წევრად თვლიან. თუ სხვაგვარადაა, ძიძა ოჯახში თავს კომფორტულად არ გრძნობს და შესაძლებლობისთანავე ტოვებს სამსახურს.

ძიძები ეწევიან ემოციურ შრომას

ემოციური შრომა შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც გრძნობების და ემოციების კონტროლი, სამუშაოს და დამქირავებლის მხრიდან არსებული მოლოდინის მოთხოვნების საპასუხოდ[5]. ამგვარ შრომას, მეტ-ნაკლებად, ყველა დასაქმებული ვეწევით, თუმცა რიგი პროფესიებისთვის მთავარ, თუმცა გაუცხადებელ პირობადაა ქცეული. ემოციურ შრომაზე, როგორც შრომის შემადგენელ ნაწილზე, პირველად ამერიკელი მეცნიერი და მწერალი ქალი რასელ ჰოქსშილდი ალაპარაკდა მეოცე საუკუნის 80-იან წლებში. ჰოქსშილდი ემოციური შრომის არსს ბორტგამცილებლებზე დაკვირვებით აღწერს, ხედავს რა, რომ ბორტგამცილებელს საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად მოეთხოვება, გრძნობები და შრომა ერთმანეთისგან გააცალკეოს. მისი თქმით, „ეს შრომა დასაქმებულისაგან მოითხოვს გრძნობების გამოხატვის სტიმულირებას ან ჩახშობას იმისათვის, რომ სხვებს სათანადო გუნება-განწყობილება შეუქმნას“. ამგვარი შედეგისთვის ვეწევით ემოციების სიღრმისეულ კონტროლს, ჩვენსავე თავს ვარწმუნებთ, რომ სამუშაო პროცესი სიამოვნებას გვანიჭებს, ბედნიერს გვხდის. მხოლოდ ამ გზით ხდება შესაძლებელი გუნება-განწყობილების გრძელვადიანად შენარჩუნება და სწორედ ეს მცდელობაა ემოციური შრომა.  

როგორია ემოციური შრომის წილი ძიძების და საოჯახო მშრომელების შრომაში?

როდესაც ძიძები ძიძობის გამოცდილების შესახებ ჰყვებიან, ხშირად სიტყვებს შორის ჩანს ის, რასაც ემოციური შრომა უნდა დავარქვათ, მიუხედავად იმისა, რომ თავად ისინი ამას შრომას არ არქმევენ.

„სულ ვცდილობ, კარგ ხასიათზე ვიყო, როცა სამსახურში ვარ. აბა, ვის აინტერესებს ჩემი ხასიათი. არავის უნდა სახლში მოწყენილი ადამიანი, თავისი ათასი პრობლემით. ვალდებული ვარ, ყოველთვის მქონდეს ბავშვის მოვლის ხალისი. როცა შენს შვილს ზრდი, სულ სხვაა, ხან გაუბრაზდები, ხან შეაქებ, ხან ნაკლებ ყურადღებას დაუთმობ, ხან მეტს. მაგრამ როცა ძიძა ხარ, მოგეთხოვება, ყოველთვის შემართებული და ხალისიანი იყო“, ამბობს მანანა.

„ერთ ოჯახში ძირითადად ქმართან და მამასთან მიწევდა ურთიერთობა. საპირფარეშოში გასვლა მერიდებოდა, ვიკავებდი თავს. სულ სახლში იყო ქმარი. ხშირად ჰქონდათ უთანხმოება. თვითონ დიასახლისი ძალიან კარგი გოგო იყო. მერე შევთავაზე, ბავშვს წავიყვან და ჩემთან მეყოლება-მეთქი, რადგან დისკომფორტს ვგრძნობდი სახლში“, – ამბობს თამუნა ერთ-ერთი სამუშაო ადგილის აღწერისას.

ძიძებს უსიტყვოდ მოეთხოვებათ, იყვნენ, ერთი მხრივ, მოთმინებით აღსავსე და ყურადღებიანი ბავშვთან და კეთილგანწყობილი ოჯახის წევრებთან, მეორე მხრივ კი, გამგები ზეგანაკვეთური და ხშირად აუნაზღაურებელი სამუშაო დროის მიმართ. ამის მიუხედავად, ძიძების 83% არ მიმართავს სასამართლოს და სხვა ორგანოებს დავის გადასაჭრელად. მხოლოდ 17% აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა, იდავოს რომელიმე უწყებაში.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ISET (გამოქვეყნების პროცესში), „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“
წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ISET (გამოქვეყნების პროცესში), „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“

გამოსავლის ძიებაში

„ხშირად, ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი. ქალი იღებს გადაწყვეტილებას, თავისი უნარებით გავიდეს შრომის ბაზარზე. ადამიანები არ ემზადებიან შრომისთვის, არ იციან საბაზრო ფასი, არაფორმალური ცოდნით თანხმდებიან“, – მეუბნება ალექსანდრა აროშვილი, მკვლევარი და აქტივისტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ემიგრანტი ქალების შრომა იკვლია.

„ქალების ხმა იმდენად მეორეხარისხოვანია, რომ დებატების საჭიროებაც კი არ დგას. მილიონობით მიგრანტი ქალი კვლავწარმოების შრომის შესასრულებლად გაედინება სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ. ზრუნვა ხდება უფრო და უფრო ძვირად ღირებული რესურსი. სახელმწიფო ყველგან სუსტდება. თუ რამე უშველის ამას, ისევ გაერთიანებები და პროფკავშირული ერთობებია“, – ამბობს ალექსანდრა.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში დასაქმებულები პროფესიულ გაერთიანებებს  ნაკლებად მიმართავენ. ადამიანები საერთო პრობლემებით ვერ ან არ ქმნიან საქმიან კავშირებს. არსებული პროფკავშირებისთვისაც არაფორმალური მშრომელების, მათ შორის, ძიძების ორგანიზება არ არის მთავარი პრიორიტეტი. ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე, რომელიც წლებია ტრადიციულად არაორგანიზებული სამუშაო ძალის პროფკავშირში გაწევრიანებისთვის იბრძვის, წუხს, რომ ვერაფრით ხერხდება პროფესიული კავშირების შექმნა ან გაძლიერება. მისი აზრით, ადამიანებს არასწორი მოლოდინი აქვთ ამგვარი ერთობებისგან, რადგან თვლიან, რომ პროფკავშირი ცალკე მდგომი ძალაა, რომელიც საწევროს გადახდის შემთხვევაში მათ პრობლემებს მოაგვარებს. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ პროფკავშირი მათივე მცდელობა და ძალაა. სოფოს აზრით, ძიძები და ზოგადად ოჯახში დასაქმებულები განსაკუთრებით რთულად ახერხებენ წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ისინი ქალები არიან, რომლებსაც დამსაქმებელ ოჯახსა და ბავშვთან ემოციური ბმა აკავშირებთ. ამიტომ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ პროფკავშირს დასახმარებლად, როცა სამსახურიდან გააგდებენ ან უხელფასოდ დატოვებენ. თავს არიდებენ ოჯახთან დაძაბულ ურთიერთობას.

სოფოსთან ერთად პროფკავშირის შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ, რით მოხერხდებოდა დასაქმებულების მდგომარეობის გაუმჯობესება. ვისაუბრეთ წარმატებულ პრაქტიკებზე[6], მაგალითად, როგორიცაა ეგრეთ წოდებული Hiring Halls[7] (დასაქმების დარბაზი), როცა ყველა დაქირავებული ხდება პროფკავშირის წევრი და პროფკავშირი დამქირავებელს ხელოვნურად აწეულ ფასს სთავაზობს – შეთანხმებულ ზღვარზე დაბალ შემოთავაზებას დასაქმებულები არ თანხმდებიან. ამ ფორმას, საბოლოოდ, დომინოს ეფექტთან მივყავართ და დროთა განმავლობაში ყველას მდგომარეობა უმჯობესდება. „ძიძას რომ მაღალი ხელფასი გადავუხადოთ, ჩვენმა ხელფასმაც უნდა აიწიოს. სადღაც იწყება დაბალი ხელფასების გაპროტესტება და დროთა განმავლობაში ყველას ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება“, ამბობს სოფო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევამ აჩვენა, რომ მშრომელებს აქვთ მზაობა, გახდნენ პროფესიული კავშირის წევრები. საოჯახო მშრომელების 65% აცხადებს, რომ გაწევრიანდებოდა პროფკავშირში და გადაიხდიდა ყოველთვიურ შენატანს, ხელფასის 5%-ის ოდენობით.

საოჯახო მშრომელები პროფესიულ გაწევრიანებაში აზრს ვერ ხედავენ
წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ISET (გამოქვეყნების პროცესში), „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“

პანდემიამ კი ხედვა მნიშვნელოვნად შეცვალა სამუშაოს ფორმალიზების მიმართულებითაც. თუ პანდემიამდე გამოკითხული საოჯახო მშრომელების მხოლოდ 23 % იყო დაინტერესებული სამსახურის ფორმალურობით, პანდემიის შემდეგ ეს 72 %-ს სურს, თუ წვდომა ექნება სახელმწიფოს ანტიკრიზისულ სერვისებთან. გამოკითხულთა 36 % ფორმალური დასაქმებით უკეთეს შრომით უფლებებს და უსაფრთხო გარემოს მოელის, ასევე, რეგულაციებს გადაჭარბებულ სამუშაო საათებზე, დეკრეტულ შვებულებას, საპენსიო სქემაში მონაწილეობას.

გრაფა
წყარო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ISET (გამოქვეყნების პროცესში), „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“

და ბოლოს, ძიძების ჯანმრთელობას მათი ხელფასი ვერ სწვდება

ძიძებს, ისევე როგორც არაფორმალურად დასაქმებული ადამიანების უმრავლესობას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროებისას შეუძლიათ. ჯანმრთელობის პრევენციული კონტროლისთვის კი ექიმთან მისვლას ვერ ახერხებენ.

ძიძების უმრავლესობა შუახნისაა, როცა რეპროდუქციულ ფუნქციასთან დაკავშირებული და სხვა დაავადებების განვითარების საფრთხე მომატებულია და საჭიროა პრევენციული დიაგნოსტიკა, დროული გამოვლენის და ავადობის თავიდან აცილებისთვის.

ბოლოს ექიმთან 20 წლის წინ ვიყავი, როცა ვიმშობიარე. არ მქონია საჭიროება. ინტერესისთვისაც მივიდოდი, მაგრამ რამე რომ აღმომაჩნდეს, ნამდვილად არ მაქვს მკურნალობის საშუალება. არაფერი მაწუხებს, მხოლოდ ფეხები მიშუპდება ბოლო დროს და გადაღლას ვაბრალებ. სტომატოლოგიური პრობლემა მაქვს, კბილები მაქვს გასაკეთებელი, მაგრამ გაფიქრებაც კი არ მინდა, იმხელა თანხა ჯდება მკურნალობა“. ლია, 50 წლის.

გენდერული სხვაობა საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სერვისების მიწოდების კუთხით არ გააჩნია. სახელმწიფო სტატისტიკა არ აგროვებს ინფორმაციას სერვისების გამოყენებაზე სქესის მიხედვით, იმისთვის რომ ქალების საჭიროებები მკვეთრად განსაზღვროს. ამ თემაზე ჯანდაცვის მკვლევარს ლელა სულაბერიძეს ვესაუბრე. ვკითხე შუახნის ქალების ჯანმრთელობის საჭიროებასა და იმაზე, თუ როგორ ხედავს გლობალური ჯანდაცვის სისტემა ამ ასაკს. აღმოჩნდა, რომ ქალებს ნამდვილად აქვთ განსაკუთრებული საჭიროებები და განსაკუთრებით 35-65 წლის ასაკში და ეს დასაბუთებული და აღიარებულია, მათ შორის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ქალის საჭიროებებს დიფერენცირებულად ვერ ხედავს და, სამწუხაროდ, ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბების ეტაპზე, იმ დროს, როცა ჯანმრთელობაზე მონიტორინგის როლი ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს, მათ შორის ქალებს, ყველაზე ნაკლებად აფინანსებს. „გვაქვს რამდენიმე პრიორიტეტული ჯგუფი, რომლებიც დაავადებების ანდა სოციალური საჭიროებების მიხედვით ყალიბდება. თუ არ ხარ პედაგოგი, თუ არ ხარ პენსიონერი, უმწეო ან ხელოვანი, მაშინ ხვდები ჯანდაცვის საბაზისო პაკეტში, სახელმწიფო ძალიან შეზღუდულად გიფინანსებს პრევენციულ კვლევებს. მაგალითად, გინეკოლოგთან კონსულტაცია ჩადებულია პროგრამაში, მაგრამ თუ გინეკოლოგი ონკოლოგთან გამისამართებს, საყოველთაო ჯანდაცვა ვერ დაგაფინანსებს“, ამბობს ლელა.

იმავეს ჰყვებიან ძიძები.

„ჩემს ბიჭს უბრალოდ კბილის ამოღებაში 80 ლარი გამოართვეს. ამოღებაში რომ მაგდენს მოგთხოვენ, გაკეთებაზე როგორ უნდა იფიქრო. არ გვთვლიან ადამიანებად და ოჯახებად. როგორც კი გაიხსნება საზღვრები, იტალიაში მინდა წასვლა. უფრო მეტად იმიტომ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვერ ვმკურნალობ“,   ამბობს თამუნა.

იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ჯანმრთელობის ხელის შემშლელი ბევრი გარეშე ფაქტორი არსებობს, მოუგვარებელია განათლების, დასაქმების, ეკოლოგიის საკითხები, ვცხოვრობთ მუდმივი რეფორმების პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე მუდმივი მონიტორინგი, დაავადების ჩამოყალიბების რისკების თავიდან ასარიდებლად.

„სისტემა რომ გაუმართავია, სიმსივნეების მაჩვენებელიც ადასტურებს. ვიცით, რომ საქართველოში მაღალია სიმსივნეების რიცხვი, ამის გამო ჯანდაცვის სისტემა სკრინინგის უფასო პროგრამას აწარმოებს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე გამოტანილი მონაცემები აჩვენებს, რომ შემაშფოთებლად მაღალია სიმსივნის გვიანი გამოვლენა და, შესაბამისად, სიკვდილიანობაც. სახელმწიფოს ვალდებულებაა, თვალს ადევნებდეს, რამდენად დროულად ხორციელდება მონიტორინგი და ხელს უწყობდეს ადამიანს დროულად ჩარევაში“, მეუბნება ლელა სულაბერიძე. სწორედ ამ სისტემური ნაკლოვანების ნათელი მაგალითია თამუნას შემთხვევა. 

"იქნებ ადამიანებად ჩაგვთვალონ ჩვენც, ძიძებიც..." - Heinrich Boell Foundation South Caucasus

video-thumbnailWatch on YouTube

სანამ ძიძები ალაპარაკდებიან, მე დავასკვნი

სახელმწიფო ბავშვზე ზრუნვის საჭიროებას არ ცნობს, ასე შეგვიძლია დავახასიათოთ სურათი, რომლის მიხედვითაც დეკრეტული შვებულება კერძო სექტორს სულ 1000 ლარი უჯდება[8]. საჯარო ბაღების და სკოლების გრაფიკი არ ითვალისწინებს[9] დასაქმებული ოჯახების დღის წესრიგს, არც დამსაქმებლისთვისაა დედობა საკმარისი პირობა, რომ სამუშაო საათები მცირეწლოვანი ბავშვის საჭიროებებზე მოარგოს, „კეთილი ნება“ ასე არქმევს სახელმწიფო კერძო დამსაქმებლის ზედმეტ დანახარჯს დედაზე.  

ამ ქაოსში ძიძის შრომა ხშირად ერთადერთი პირობაა სტაბილურობის შესანარჩუნებლად, პროფესიის გადასარჩენად[10]. და მერე რა, რომ ძიძას ჩვენი ხელფასის ნახევარზე მეტს ვუყოფთ? ძიძის ანაზღაურება საათში 5 ლარია და ძიძები ჯერ კიდევ უუფლებოდ მუშაობენ.  

 

***

სტატია მომზადებული და გამოცემულია ინა ჩარკვიანის მიერ, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ შემუშავებული პროგრამის 'Community Action Training-CAT'-ის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია Bread for the World-ის და Erasmus+(EACEA)-ის მიერ. დოკუმენტის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და ტექსტში გადმოცემული მოსაზრებები არ შეიძლება ჩაითვალოს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“, Bread for the World-ისა და Erasmus+-ის პოზიციის გამომხატველად.

 

[2] DaMotta, Alda Britto. "Doing housework for pay: political struggles and the legal rights of domestic workers in Brazil." Women, development, and labor of reproduction: Struggles and movements – https://bit.ly/2SX7E07

[3] გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ISET (გამოქვეყნების პროცესში), „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“. კვლევის ანგარიში 2020 წლის ბოლომდე გასაჯაროვდება.

[4] გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა, „შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189 კონვენციის (ოჯახში დასაქმებულთა შესახებ) რატიფიკაციის რეგულაციური გავლენის ანალიზი“.