ბავშვთა ხელოვნური კვება - დედები კრიზისის ზღვარზე

ჩვილი ბავშვების სრულფასოვანი კვების პრაქტიკა, განსაკუთრებით, კრიტიკულ პერიოდში - დაბადებიდან 2 წლამდე, შეიძლება ბავშვთა გადარჩენის, ჯანსაღი ზრდისა და განვითარების ხელშეწყობის წინაპირობად იქცეს. ძუძუთი კვება ბავშვებს იცავს ინფიცირებისგან, წარმოადგენს საკვები ნივთიერებების იდეალურ წყაროს, არის ეკონომიური და უსაფრთხო. UNICEF-ისა  და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციით, ჩვილები ძუძუთი კვებაზე უნდა იყვნენ პირველივე საათიდან, ექსკლუზიურად სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, 2 წლამდე და მის შემდეგაც. (მიქსი საქართველო 2018).

ილუსტრაცია: ქალი ბავშვს საწოვარა ბოთლით აჭმევს
Teaser Image Caption
ავტორი: ანა ხონელიძე

დისკუსია იმის შესახებ, არის თუ არა დედის რძე იდეალური საკვები ბავშვისთვის, ჰგავს კითხვას: ნარჩენების ორგანიზმიდან გამოსადევნად, დიალიზი ჯობია თუ თირკმელი? ძუძუთი კვება იმიტომაცაა კონტრავერსიული, რომ მას გააჩნია ძალიან დიდი ფასეულობა, რომელიც ოჯახის მიერ ოჯახისთვისაა წარმოებული, სხვა სიტყვებით, დედა შვილისთვის „გამოყოფს“ რძეს, რაც არ/ვერ მიჰყვება კაპიტალიზმის ლოგიკას და არ არის მისი კონტროლოს ქვეშ (თუმცა, აქაც გვხვდება ანომალიები, როცა, მაგალითად, მესამე სამყაროს ქვეყნების ქალები დასაქმებული არიან სპეციალურ დაწესებულებებში, სადაც ისინი თავიანთ რძეს მდიდარი, პირველი სამყაროს ქვეყნებისთვის ყიდიან). რძის ნატურალური წარმოება, ადამიანების შემთხვევაში, შეუთავსებელია კაპიტალის ინტერესებთან, რომელთაც, ეფექტურობის მიზნით, უნდა ჩართოს და ბაზრის პრინციპებს დაუქვემდებაროს იმდენი საქონელი, რამდენიც აუცილებელია ან სასურველია ადამიანისთვის. მოთხოვნილი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე დისტრიბუციის გარეშე ის ზედმეტ ღირებულებას, ანუ მოგება ვერ მიიღებს. (Campbell 1984) შესაბამისად, ლაქტაცია, თავისი ბუნებრივი ფორმით, შეუთავსებელია კაპიტალისტურ მოწყობასთან.  

იუნისეფისა და საქსტატის 2018 წლის მონაცემებით (მიქსი საქართველო 2018), საქართველოში, ბევრი მიზეზის გამო, 0-5 თვის ასაკის 5 ჩვილიდან მხოლოდ 1 ჩვილი იმყოფება ექსკლუზიურად ძუძუთი კვებაზე. პროცენტულად ეს მაჩვენებელი 20.4%-ია, რაც 2005 წლის კვლევასთან (მიქსი საქართველო 2005) შედარებით მაღალია (მაშინ ის 10.9%-ს შეადგენდა). თუმცა ჯანდაცვის მკვლევრის, ივდითი ჩიქოვანის, აზრით, ეს მონაცემი ძალიან დაბალია და იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები არ არის საკმარისი.

„90-იანი წლების ბოლო პერიოდში და 2000-იანების დასაწყისში დაიწყო ძუძუთი კვების მიმართულებით მუშაობა, რადგანაც კრიტიკულად დაბალი დონე იყო ამ მხრივ. მაშინ გარკვეულწილად წახალისებულები იყვნენ სამშობიარო სახლები, თუმცა, ბოლო წლებში, ეს პროცესი ძალიან შენელდა.“

ძუძუთი კვების სტატისტიკა
ავტორი: ანა ხონელიძე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში 6 თვემდე ბავშვებში ექსკლუზიურად ძუძუთი კვების მაჩვენებელი  41%-ია, რაც ასევე საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად ითვლება. (WHO 2018).

დედობა და ზრუნვის შრომა 

დედები არიან ქალები, რომლებიც ზრუნავენ შვილებზე, რომლებიც არიან ან არ არიან მათი ბიოლოგიური შთამომავლები. ამრიგად, კონტექსტის მიხედვით, ქალი შეიძლება ჩაითვალოს დედად ბავშვის გაჩენის გამო, აღზრდის გამო, კვერცხუჯრედის დონაციის გამო, ან ზემოთ ჩამოთვლილთა კომბინაციით. ქალები, რომლებიც მიეკუთვნებიან პირველ და მესამე კატეგორიას „ბიოლოგიურ დედებს“ უწოდებენ. მეორე კატეგორიის ქალები მშვილებელი დედები, ან, უფრო ზუსტად, არაბიოლოგიური დედებია, ხოლო ის, ვინც მხოლოდ პირველ კატეგორიას მიეკუთვნება, სუროგატი დედაა.

დედობა, ზოგადად, სოციალური პრაქტიკაა, რომლის დროსაც ქალი ზრუნავს და აღზრდის მასზე დამოკიდებულ ბავშვს. ეს არის სოციალური ინტერაქციებისა და ურთიერთობების დინამიკური პროცესი.

დედობის საყოველთაო გაგება მიზნად ისახავს დედების შრომის კონცეპტუალიზაციას. დედები იზიარებენ მთელ რიგ აქტივობებს, რომლებიც ცნობილია როგორც „დედობრივი პრაქტიკები“ და რომლებიც უნივერსალურია, მიუხედავად შესაძლო გარკვეული კულტურული სხვაობის არსებობისა. ეს პრაქტიკები მოიცავს ბავშვზე ზრუნვას, მის დაცვას და მის სწავლებას. სწორედ დედასა და შვილს შორის ეს დინამიკური ინტერაქციები ქმნის ღრმა და მნიშვნელოვან კავშირებს. (Arendell, 2000)

შესაბამისად, დედობა შეიძლება იქცეს ქალთა გაძლიერებისა და დიდი სოციალური ცვლილების დასაბამად. ანდრეა ო'რაილი „ფემინისტურ დედობას“ ხედავს, როგორც დედობის პრაქტიკას, მიმართულს შესაცვლელად არსებული პატრიარქალური პოლიტიკური სისტემის ნორმებისა, რომლებიც მჩაგვრელი და ოპრესიულია. ბევრი ქალისთვის ასეთი პრაქტიკა არის მჩაგვრელი ღირებულებების თაობიდან თაობაზე გადაცემის გარღვევის საშუალება, რადგან სწორედ ისინი წარმოადგენენ მთავარ აქტორებს ბავშვის აღზრდასა და სწავლების პროცესში. ფემინისტური დედობის გაგება, გარკვეულწილად, პოლიტიკური აქტია, რომლის საშუალებითაც ქალი არა მარტო ზრუნავს საკუთარ შვილზე, არამედ უპირისპირდება სოციალურ უთანასწორობას და ქმნის ახალ, ეგალიტარულ შესაძლებლობას ქალებისთვის, კაცებისთვის, ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის. (O'Reilly, 2008)

ისევ ზრუნვის შრომას თუ დავუბრუნდებით, მთელი ცხოვრების მანძილზე დედა ზრუნავს შვილებზე, უვლის მათ ავად ყოფნისას, ასწავლის და ა.შ. სხვაგვარად ამას ზრუნვის შრომას ვეძახით, რაც არამარტო თვალსაჩინო სამუშაოს, არამედ გამხნევებას, ხმარდაჭერას, სიხარულის გაზიარებას და სხვა მნიშვნელოვან ემოციურ მხარდაჭერას გულისხმობს. შესაბამისად, დედობა მნიშვნელოვანწილად მოიცავს ზრუნვის შრომასაც, რომელიც, ხშირად რთული და ძალზე დამღლელი პროცესია. ეს შრომა კი იმდენად საჭირო და შეუცვლელია, განსაკუთრებით საქართველოს მსგავს ქვეყნებში, სადაც სოციალური დაცვის სისტემები (ჯანდაცვა, სკოლამდელი და სასკოლო განათლება განათლება და ა.შ.) არც ისე ძლიერია, რომ მის გარეშე, ფაქტობრივად, ჩვენი საზოგადოების სტრუქტურა და სახელმწიფო ჩამოიშლება. ყველაზე საგულისხმო კი ის არის, რომ ზოგიერთი ქალისთვის ამ შრომის შემსუბუქება ისევ დაქირავებულ ზრუნვის მშრომელ ქალებზე გადადის. (Domestic Workers, 2016)

სტატისტიკისთვის ალბათ საგულისხმოა, რომ გაეროს ქალთა ფონდის მონაცემებით, აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომას გლობალურად ქალები სამჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. (Razavi 2007)

იმისათვის, რომ უკეთ გამეგო, ერთი მხრივ, ვითარება ბავშვთა ადრეული კვების სამედიცინო მიდგომებთან დაკავშირებით, მეორე მხრივ, არსებული პრაქტიკები, ჩავატარე სიღრმისეული ინტერვიუები (11 დედასთან და 3 ექსპერტთან). აღსანიშნავია, რომ  მოცემულ საკითხზე რაიმე სტრუქტურირებული კვლევა არ არსებობს.

ინტერვიუები, პანდემიიდან გამომდინარე, დისტანციური იყო. გზამკვლევი კი ექსპერტებთან ჩატარებული ინტერვიუს საფუძველზე შევიმუშავე.

რესპონდენტთა შერჩევა შეთხვევითობის პრინციპით, სხვადასხვა სოციალური ქსელის ჯგუფების შესწავლითა და მათზე დაკვირვებით მოხდა.

„თავიდან საერთოდ არ ველოდი შრომის ამ მოცულობას, შოკი მქონდა რომ გამოვედი  სამშობიაროდან, დეპრესიაც, სავარაუდოდ. ერთი თვე მთლიანად საშინლად მახსენდება.“ - ნინო, თბილისი.

„დედობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც მოითხოვს უზარმაზარ ენერგიას. უნდა იყო დამუხტული, როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად, მთელი დღე და ღამე. არ უნდა გამოგელიოს სითბო, სიყვარული, მზრუნველობა. - ია, ზუგდიდი.

დღეს, როცა ქვეყნის ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ვითვლით მის დანახარჯებს თუ მოგებას, ჩვენ სრულიად ვანგარიშობთ მის იმ ნაწილს, რაზე გავლენაც თითოეულ ჩვენგანს აქვს. ეს საშინაო და ზრუნვის შრომაა, რომლის უდიდეს ნაწილს ქალები, დედები, ცოლები ყოველდღე ასრულებენ. ეს კი, როგორც უკვე აღვნიშნე, უფრო თვალსაჩინო საქართველოში ან მის მსგავს ქვეყნებშია, სადაც სოციალური სერვისები მოშლილია და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ოჯახის ინსტიტუტს აკისრია.

სწორედ ზრუნვის შრომის ნაწილია ძუძუთი კვებაც, რომლის დროსაც დედასა და შვილს შორის განსაკუთრებული ტიპის კავშირი მყარდება. ეს უზრუნველყოფს დედისა და ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ კეთილდღეობას. ლაქტაცია ამყარებს უხილავ, ინტიმურ კავშირს დედასა და ბავშვს შორის. (ნემსაძე და სხვები, 2009)

 „ის, რომ ძუძუთი კვება ძალიან მნიშვნელოვანია თავისი სამეცნიერო თვალსაზრისით და ჯანმრთელობისთვის, ბავშვის განვითარებისთვის, ფიზიოლოგიური, ასევე მენტალური მიმართულებით, არ არის სადავო. განსაკუთრებით, წლამდე ბავშვებისთვის და 6 თვემდე ბავშვებისთვის - ექსკლუზიურად ძუძუთი კვება.“ - ივდითი ჩიქოვანი, ჯანდაცვის მკვლევარი.

რატომ ირჩევენ დედები რძის შემცველ ხელოვნურ ფორმულას?

მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სიკეთეებისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძუძუთი კვების მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში არც ისე მაღალია და ის ყოველწლიურად იკლებს. ამას ბევრი ფაქტორი განაპირობებს.

ლაქტაციის რეკომენდაციების დაცვა და ფაქტორები, რომლებიც მათზე მოქმედებს ძალიან ბევრია და სოციო-ეკონომიკური სპექტრზე დამოკიდებულებით განსხვავებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,.

იუნისეფის 2018 წლის მონაცემებით, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ლაქტაციის მაჩვენებელი  დაბალია. ამ მონაცემების მიხედვით, 5-დან 1 ბავშვს არასოდეს უწოვია ძუძუ, მაშინ, როცა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, 5-დან მხოლოდ 1 ბავშვს არ ჰქონია ძუძუთი კვების გამოცდილება.

მაღალი შემოსავლის ქვეყნებს შორის ირლანდიას, საფრანგეთსა და აშშ-ს ძუძუთი კვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვთ (WHO 2016).

თუ სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ბრიტანეთში, მაგალითად, ბავშვის დაბადებიდან 6 თვემდე ძუძუთი კვების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია (34%), მაშინ, როცა შვედეთში ეს მონაცემი  62%-ია. რის მთავარ მიზეზადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ნაკლებობა სახელდება. (Hosie 2018)

კაპიტალისტურ სამყაროში, ანაზღაურებად სამსახურში დასაქმებულ დედებს ხშირად არ აქვთ ბავშვების სიახლოვეს ყოფნის შესაძლებლობა, არ ჰყოფნით დრო ბავშვზე ზრუნვისა და გამოკვებისთვის. შესაბამისად, ისინი ირჩევენ ბავშვის ხელოვნურ საკვებს, რძის შემცველ ხელოვნურ ფორმულას გამოსაკვებად ან დამატებით, ძუძუსთან ერთად.

რთულ ალტერნატივებს - დროსა და შემოსავალს, ბავშვზე ზრუნვასა და კვებას შორის, არჩევნის გაკეთება, ამასთანავე,  დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზეც, როგორიცაა დედის სტატუსი შინამეურნეობაში, ბავშვის ასაკი, სოციო-ეკონომიკური სტატუსი, სასოფლო-სამეურნეო სისტემა და სხვა მზრუნველების, დამხმარეების ხელმისაწვდომობა; გარდა ამისა, საზოგადოების სტრუქტურა, საკვების ფასი, ხელფასები და სოციალური/შრომითი პოლიტიკა. ჩვეულებრივ, სამსახურში დაბრუნება არის მიზეზი, რომლის გამოც, როგორც წესი, დედები წყვეტენ ლაქტაციას. მონაცემები ისეთი განსხვავებული ქვეყნებისა, როგორიცაა ტაილანდი და აშშ, აჩვენებს, რომ დასაქმებული ქალების ლაქტაციის ხანგრძლივობა შეიძლება ორჯერ შემცირდეს, დაუსაქმებელ ქალებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, საერთო ემპირიული მონაცემები ქალის დასაქმებასა და ძუძუთი კვებას შორის, საერთო ჯამში, შერეული და ბუნდოვანია. (Spray 2018)

ანაზღაურებად შრომაში ჩართვის გადაწყვეტილება არ მიიღება იზოლირებულად ან განყენებულად. ის ფორმირდება სხვა საშინაო პრაქტიკებით და დროით, რომელსაც შინამეურნეობის სხვა წევრები ანაწილებენ. ქალების უმრავლესობა მუშაობს ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე. ავსტრალიის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ყოველი მესამე ქალი შვილის დაბადების პირველ წელსვე ბრუნდება სამსახურში. (Spray 2018)

მკვლევარი თამთა თათარაშვილი ამბობს, რომ ბუნებრივი კვება, გარკვეულწილად, ფუფუნებაა, რადგან ამ დროს შენ გაქვს შესაძლებლობა, მუდმივად იყო შვილთან. ეს შესაძლებლობა, სამსახურში გასვლის გამო, სულ უფრო ნაკლებ ქალს აქვს.

„მიუხედავად იმისა, რომ მეტ კომფორტს გიქმნის. თუნდაც იმით, რომ მაგაში მაინც არ ხარჯავ თანხას და ბუნებრივად გაქვს ეს, მაგრამ უნდა გქონდეს საშუალება, რომ 24 საათის განმავლობაში იყო ბავშვთან. კი, რა თქმა უნდა, შეგიძლია გამოიწველო, დატოვო რძე და სხვამ აჭამოს, მაგრამ ესეც გამოწვევებთანაა დაკავშირებული, რისი შესაძლებლობაც საქართველოს შრომით ბაზარზე ძალიან იშვიათად არის.“

გარვეული კავშირის დადგენა მაინც შესაძლებელია. დეკრეტული შვებულების არარსებობა ან მისი სიმწირე ქმნის რეალობას, რომ საქართველოში, სადაც უთანასწორობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია (Gini Index: 0.687) (Global Wealth Report 2021), ქალებით დასაქმებული სფეროები კი ყველაზე დაბალანაზღაურებადი, ქალებს უწევთ არჩევანის გაკეთება რძის შემცველ ხელოვნურ საკვებსა და ლაქტაციას შორის. (ჭანტურიძე 2020)

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, დასაქმებულს ორსულობისა და მშობიარობის გამო, თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში − 143 კალენდარული დღის ოდენობით. (საქართველოს შრომის კოდექსი 37-ე მუხლი)

თუმცა, კერძო სექტორში სულ სხვა რეალობა გვაქვს: კერძო დამსაქმებელს არ აქვს ვალდებულება აანაზღაუროს დეკრეტული შვებულების გამო გაცდენილი სამუშაო დღეები. ამის სანაცვლოდ, სახელმწიფო დასაქმებულს ერთჯერად – 1000 ლარამდე დახმარებას სთავაზობს. (ხელაია 2019)

„სხვა გზა არ მქონდა, ფორმულაზე უნდა გადამეყვანა. მინდოდა ძუძუთი გამოკვება, მაგრამ სამსახურში უნდა გავსულიყავი, ვერ დავკარგავდი. გამოწველას კი მეუბნებოდნენ, მაგრამ სამსახურში იმდენი საქმეა და ისე მოუხერხებელი, როგორ უნდა მექნა? - სალომე, თბილისი.

ლობალურად, რძის შემცველმა ხელოვნურმა ფორმულამ ბავშვი ექსკლუზიურად დედაზე მიჯაჭვულობისაგან გამოათავისუფლა (რამდენადაც ბავშვი დედაზე აღარ არის მიჯაჭვული), რადგან უკვე შესაძლებელი გახდა მისი გამოკვება სხვისი დახმარებით. მეორე მხრივ კი, ეს დრო კაპიტალის დასაგროვებლად და მისი ინტერესებითვის გამოთავისუფლდა. აქედან გამომდინარე, ქალები, რომლებიც ბავშვის დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში, სახლში იყვნენ, ახლა მასობრივად გავიდნენ სამსახურებში, რათა მოცემულ პერიოდში არ დაეკარგათ ასე ღირებული სამუშაო ადგილი. (Ogbuanu 2011)

მიუხედავად ამისა, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი იკვეთება: მხოლოდ რძის შემცველი ხელოვნური საკვები თვეში დაახლოებით 400-500 ლარი ჯდება. შესაბამისად, აღებული ხელფასი მთლიანად საკვებსა და პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილებაზე მიდის.

„დაახლოებით 4 თვემდე ყოველ მე-3 დღეს ვყიდულობდით, შემდეგ - კვირაში ორჯერ და ფინიშს მიახლოებულები - კვირაში ერთხელ. ეს „სიამოვნება“ კი თვეში 400 ლარამდე ჯდებოდა... ეს კიდევ 2 წლის წინ და ახლა წარმოდგენაც და გაფიქრებაც არ მინდა, იმდენად არის ფასები „გაბერილი“.“ - ანანო, თბილისი.

ეორე მხრივ კი, იმის გათვალისწინებით, რომ დედების უმრავლესობას განიცდის მალნუტრიციას, პოსტსამშობიარო დეპრესიას, სტრესს ან ჯანმრთელობის პრობლემას, რძის შემცველი ხელოვნური ფორმულა ხშირად ხსნაა. მისი შექმნის იდეაც ის იყო, რომ ეზრუნა დედებსა და ბავშვებზე, რათა მათ, ვისაც ლაქტაციის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, გადარჩენა შეძლებოდათ

„სრულიად გამიშრა რძე მეშვიდე თვეს. სამწუხაროდ, სხვა არჩევანი არ მქონდა. ვაბრალებ ზედმეტ ემოცია-ნერვიულობას. ასევე არასწორ კვებას, რადგან დამხმარის გარეშე ძნელია ნორმალური საჭმელი გაიმზადო.“ - ია, ზუგდიდი.

„რძე მქონდა, თუმცა დამხმარე არ მყავს და ბავშვი იმდენად ჭირვეულია, ჩემთვის საჭმელსაც ვერ ვამზადებ. ჩემი პირველი კვება საღამოს 5-6 საათზე იყო, ისიც მზა საკვები, უცბად.“ - ქეთი, თბილისი.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომლის გამოც დედებს რძის შემცველ ხელოვნურ საკვებზე გადასვლა უწევთ, მისი შექმნის მთავარი მიზეზი - დედებისა და ჩვილების ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

„მცდელობა მქონდა, ცოტა უსიამოვნო შეგრძნება იყო ჩემთვის, რადგან არ ყოფნიდა რძე, (ბავშვი) სულ ტიროდა, მუდამ სტრესში ვიყავი ამის გამო. 2 თვიდან ხელოვნურზე მყავს. ექიმმა მირჩია მიცემა, რადგან წონაში არ იმატებდა“ - დიანა, ფოთი.

„სამწუხაროდ, ნერვიულობის გამო, გამიშრა რძე. მხოლოდ 40 დღე შევძელი ბუნებრივი კვება. გულწრფელად რომ გითხრათ, დიდი სტრესია ქალისთვის ბუნებრივი კვება და ვიცოდი, დიდხანს ვერ გავქაჩავდი.“ ეკა, ბათუმი.

ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ფაქტორი, რომელსაც დედები ასახელებენ, ინფორმაციის სიმწირეა. მათი თქმით, საავადმყოფოები არ აწვდიან ინფორმაციას  მოჭიდებაზე, სწორად წოვაზე, გამოწველის პრაქტიკაზე, ძუძუს ტკივილის შემსუბუქებასა და ა.შ., მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას ამ ინფორმაციის მიღების დიდი სურვილი ჰქონდა.

ჟურნალისტმა, შორენა ლაღაძემ, რომელიც ძუძუთი კვების მხარდამჭერი აქტივისტია (ლაქტივისტი),მისი შვილის დაბადების შემდეგ აღმოაჩინა, რომ ქართველი ქალების უმეტესობას არ ჰქონდა ინფორმაცია ძუძუთი კვების წესების შესახებ. მისი აზრით, ისინი ძირითადად სხვადასხვა დეზინფორმაციის ან მითების მსხვერპლნი ხდებიან, რომლებსაც მათ არაკომპეტენტური ექიმები ახვევენ თავს, ან სხვადასხვა საიტიდან იღებენ.

„დედებს ძირითადად არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა ბენეფიტები აქვს ლაქტაციას, რა შემთხვევაშია ფორმულა აუცილებელი, ან არ არის აუცილებელი. არ იციან ის, რომ ყველა ქალს შეუძლია ძუძუთი კვებოს, თუ რაღაც საოცარი გამონაკლისი არ არსებობს, რაც 1 ან 1,5%-ია მთელ მსოფლიოში. კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ პედიატრებიც არ არიან გათვითცნობიერებულები, როცა საქმე ლაქტაციას ეხება.“

ასეთ ვითარებაში კი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ყველა მსურველს მიუწვდებოდეს ხელი ლაქტაციის შესახებ არსებულ სამეცნიერო წყაროებზე, ასეთი წყაროების მოწოდებას მხოლოდ გარკვეული ჯგუფები უზრუნველყოფენ, ძირითადად სოციალურ ქსელებში, რასაც მოხალისეობრივი ხასიათი აქვს.

YouTube Video

video-thumbnailWatch on YouTube

რძის შემცველი ხელოვნური ფორმულის შექმნის ისტორია

1816 წელი  ევროპაში იყოწელი ზაფხულის გარეშე“,  „უზაფხულო წელი“. მოსავალი არ მოვიდა. სასოწარკვეთილი ხალხი ვირთხებს, კატებსა და ბალახს ჭამდა. ამ ფაქტმა დიდი გავლენა მოახდინა გერმანიის ქალაქ დარმშტაფტში მცხოვრებ 13 წლის ბიჭზე. იუსტუს ფონ ლიბიგს მამის სახელოსნოში ფუსფუსი უყვარდა: პიგმენტების, საღებავებისა და პოლიროლების მიღებაზე მუშაობდა.

ლიბიგი შესანიშნავი ქიმიკოსი გახდა. მისი დაუოკებელი სურვილი შიმშილის დამარცხება იყო. ის იყო ნუტრიციული მეცნიერების პიონერი. მანვე ჩაატარა ადრეული კვლევები სასუქების შესახებ.

ლიბიგმა კიდევ ერთი რამ გამოიგონა: ბავშვის ხელოვნური საკვები. ეს იყო დედის რძის პირველი კომერციული შემცვლელი, რომელიც მკაცრი სამეცნიერო კვლევის შედეგად იქნა მიღებული.

ლიბიგმა კარგად იცოდა, რომყველა ახალშობილს არ ჰყავდა დედა, რომელსაც შეეძლო მისი ძუძუთი გამოკვება შეეძლო.

მართლაც, ყველა ახალშობილს ვერ ეყოლება  ასეთი დედა: თანამდეროვე მედიცინის განვითარებამდე, მშობიარობისას, დაახლოებით, 100-დან 1 ქალი კვდებოდა. დღესდღეობით  მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში ამაზე ოდნავ უკეთესი სიტუაციაა. (Harford 2017)

ბავშვთა კვების პრაქტიკა რძის ხელოვნური ფორმულის გამოგონებამდე

მშობლების ერთი ნაწილი ქირაობდა სველ მედდებს, რომლებიც მოგვიანებით ლიბიგის გამოგონების მსხვერპლნი შეიქმნენ. სველი მედდა არის ქალი, რომელიც სხვის შვილს ძუძუთი კვებავს და ზრუნავს მასზე. მათ ქირაობდნენ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის დედა გარდაიცვლებოდა, ან არ შეეძლო ბავშვის ძუძუთი კვება,  ან არ ირჩევდა ლაქტაციას. ზოგი კი ბავშვების გამოსაკვებად თხისა და ვირის რძეს იყენებდა.

ლიბიგის ხელოვნური საკვები ბაზარზე შესაფერის დროს გამოჩნდა. ხელოვნური საკვების პოპულარობა მალე გაიზარდა იმ ქალებს შორის, რომლებსაც არ შეეძლოთ ბავშვის ძუძუთი გამოკვება.

ბავშვების ხსნადმა საკვებმა, უფრო დემოკრატიული გახადა ცხოვრების სტილის არჩევანი, რაც ადრე მხოლოდ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის იყო ხელმისწავდომი.

დღეს ეს არის არჩევანი, რომელიც, ფაქტობრივად, განსაზღვრავს თანამედროვე სამუშაო ადგილს. ბევრი დედისთვის, რომელსაც უნდა ან სჭირდება, რომ დაუბრუნდეს სამსახურს, ხელოვნური საკვები ნამდვილად ხსნა არის. (Harford 2017)

თუმცა საკითხავია, არსებულ ვითარებაში ხელოვნურმა საკვებმა ქალი გაათავისუფლა? ან დაუტოვა მას არჩევანის უფლება?

ფორმულა რეალურად ხსნაა, თუ ქალის დაუყოვნებლად ანაზღაურებად შრომით ექსპლუატაციაში მოქცევის გამართლება?

ეს ერთი შეხედვით ინოვაციური, კეთილშობილი და მნიშვნელოვანი გამოგონება თანამედროვე სამყაროში, სადაც აგრესიული მარკეტინგი პიკს აღწევს, სულ უფრო ვრცელდება დაკონკურენციასაცკი უწევს ძუძუთი კვებას. (Harford 2017)

რძის შემცველი ხელოვნური ფორმულა და აგრესიული მარკეტინგი

ამერიკის პედიატრიის აკადემია კატეგორიულად ურჩევს დედებს, რომ რაც შეიძლება დიდხნას კვებონ ბავშვი ძუძუთი, რადგანაცარსებობს ერთმნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, რომ ძუძუთი კვება იცავს ბავშვს სხვადასხვა დაავადებისგან და სხვადასხვა სიტუაციაში.“

ამასთანავე, ბავშვის ხელოვნური საკვების მწარმოებელი კომპანიები დაინტერესებულია, რომ დედებმა მათი პროდუქცია შეიძინონ. მიზნის მისაღწევად, მათმა პოლიტიკურმა და სარეკლამო მცდელობებმა ისეთი კლიმატი შექმნა, რომელიც ძუძუთი კვებას ეწინააღმდეგება. (McCoy, Smith, Baker 2020)

ჯანდაცვის ექსპეტების რჩევაა, რომ შეიზღუდოს ბავშვთა ხელოვნური საკვების რეკლამებირება და მისი გამოყენება რეგულირდებოდეს, როგორც გამოწერილი პრეპარატისა. გარდა ამისა, საავადმყოფოებში აიკრძალოს საკვების უფასო ნიმუშები. სამწუხაროდ, ხელოვნური საკვების პოლიტიკამ ხელი შეუშალა ნებისმიერ მსგავს რეფორმას. სამმა მთავარმა კომპანიამ, Abbott Laboratories-მა, Nestle- და Reckitt Benckiser-მა ერთობლივად 60 მილიონი დოლარი დახარჯა კონგრესში ამ თემის ლობირებაში. დანახარჯმა მათ მოლოდინი გაუმართლა.

მათი ბოლო წარმატება იყო კარგად შენიღბული ბრძოლა WHO- რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ძუძუთი კვებას უწყობდა ხელს. (Segal 2018)

გაეროს ანგარიშში, „ბავშვები, სურსათი და კვება”, ვკითხულობთ: მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვებით შესაძლებელია ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა, ექვს თვემდე ჩვილების მხოლოდ 42%- კვებავენ ექსკლუზიურად ძუძუთი და სულ უფრო მეტი ბავშვი იკვებება ხელოვნური საკვებით. 2008-2013 წლებში რძეზე დაფუძნებული ხელოვნური საკვების გაყიდვები მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია, ჩინეთი, თურქეთი, 72%-ით გაიზარდა. მიზეზი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება შეუსაბამო მარკეტინგს, სუსტ პოლიტიკასა და პროგრამებს, რომლებმაც უნდა დაიცვას, ხელი შეუწყოს და მხარი დაუჭიროს ძუძუთი კვებას. (SOWC 2019)

პირველადი კვების სისტემის ტრანსფორმაციებისა და ჩვილებისა და ბავშვების კვების რაციონის ულტრა-გადამუშავების 2020 წელს ჩატარებულ კვლევაში  ვკითხულობთ, რომ ბავშვის ხელოვნური საკვების გაყიდვების გლობალური ბუმია. 2005 წლიდან 2019 წლამდე მისი გაყიდვა პრაქტიკულად გაორმაგდა (3.5 კილოგრამიდან 7.4 კილოგრამამდე თითო ბავშვზე). საერთო გაყიდვა კი მილიონი ტონიდან 2.1 მილიონ ტონამდე გაიზარდა. (McCoy, Smith, Baker 2020)

ხუთი კომპანიის ფასი, რომელიც ბაზრის 57%-კონტროლებს,  56.6 მილიარდი დოლარია. ინდუსტრია კი  ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარს ხარჯავს მარკეტინგში, რასაც უდიდესი გავლენა აქვს ახალშობილებისა და ბავშვების კვების სოციალურ ნორმებზე. (Hastings and others 2020)

მარკეტინგის ბუმი შეინიშნება საქართველოშიც, სადაც „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი აუდიოვიზუალური და წერილობითი მასალის გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეიცავს ინფორმაციას ბუნებრივი კვების სარგებლიანობისა და ხელოვნურ კვებასთან შედარებით მის უპირატესობათა შესახებ; ჩვილი ბავშვისათვის ძუძუთი ექსკლუზიური კვების, ადრეული ასაკის ბავშვებისათვის – 2 წლამდე ან უფრო დიდხანს, მოთხოვნილების მიხედვით, ბუნებრივი კვების პროცესის გახანგრძლივების მნიშვნელობის შესახებ და ა.შ. (საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ).

მიუხედავად ამისა, ინტერნეტ სივრცეში ეს საკითხი პრაქტიკულად, დაურეგულირებელია  და რეკლამირება ან დახურულ ჯგუფებში ხორციელდება, ან ამას ე.წ. ინფლუენსერები აკეთებენ.

მარკეტინგული მესიჯები ხელოვნურ კვებას ხშირად გვიხატავს, როგორც თანამედროვეს, მაღალტექნოლოგიურსა და ძუძუთი კვებაზე უფრო ღირებულს. სოციალური ქსელების გავლენის ზრდა, კომპანიებს საშუალებას აძლევს, ამოირჩიოს დედები, როგორც სამიზნე აუდიტორია და მათ მოთხოვნებზე მორგებით შესთავაზონ პროდუქტები და მიაწოდონ რეკლამები.

„დღეში, დაახლოებით, 3-4-ჯერ მომდის მესიჯები ტელეფონზე. ერთხელ დამირეკეს კიდეც, ლაქტაციის ხელშეწყობის მიზნით დამისვეს ვითომ კითხვები, ვკითხე, საიდან ჰქონდათ ჩემი ნომერი და გამითიშეს. ნომრების ბაზაში გადავამოწმე და ბავშვთა კვების ერთ-ერთი კომპანიიდან იყვნენ. - ნინო, ბათუმი.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მარკეტინგული არხი თავად ჰოსპიტალებია. ხშირად კომპანიები და მედიცინის მუშაკები ერთად არიან ჩართულები ხელოვნური საკვების მარკეტინგის პროცესში. ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, სამედიცინო პერსონალი პირდაპირ კომპენსაციას იღებს ხელოვნური საკვების პოპულარიზებისათვის. კომპანიები მათზე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენენ, როცა აფინანსებენ ასოციაციებს, კონფერენციებსა და განათლებას. მაგალითისთვის იხილეთ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ ჩატარებული ფარმაცევტული ბაზრის კვლევა, სადაც საუბარია მსგავს გარიგებებზე.  (თოხაძე 2016)

ჯანდაცვის მკვლევარი ივდითი ჩიქოვანი ამბობს, რომ ფორმულის მწარმოებელთა და იმპორტიორთა მარკეტინგი ძალიან ფართოვდება და ამის შედეგად იკლებს ძუძუთი კვების რიცხვი

„მიზანმიმართული კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა ირიბად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ აგრესიული მარკეტინგი კომპანიებისა და საავადმყოფოების მხრიდან, ძუძუთი კვების კლების მნიშვნელოვანი შედეგია. გარკვეული ინტერესები ჩნდება. ბუნებრივია, აინტერესებს ამით პერსონალს კომპანია, გარკვეულ გარიგებაზე მიჰყავთ ექიმი, როდესაც ეუბნება, რომ დანიშნე ჩემი საკვები და მე გარკვეულ ბენეფიტებს გთავაზობ. იგივე ტრენინგის დაფინანსება, შეიძლება მგზავრობის დაფინანსება, გარკვეული ფულადი კომპენსაციები და .. დ ჯანდაცვის პერსონალი, იმიტომ, რომ არ აქვს კარგი ანაზღაურება, თანმხდება ასეთ გარიგებებს, სამწუხაროდ. ამას ჯანდაცვაში, კორუფციულ სქემას ეძახიან. სამშობიაროდან იწყება ეს პროცესი.“

კლინიკების ლობიზმზე და ინტერესებზე საუბრობენ რესპონდენტებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კლინიკებმა ან დაუკითხავად მისცეს ფორმულა ჩვილს, ან ინფორმაციის სიმწირის გამო დააჯერეს ისინი, რომ მას ხელოვნური საკვების დამატება სჭირდებოდა.

„პედიატრი მეუბნებოდა, რომ რძე არ მქონდა, არადა ბავშვს ლაგამის პრობლემა ჰქონდა. ვიზიტის დროს, გაუკეთა ხელოვნური ბავშვს და მისცა. 40 წუთი წოვდა 60 მლ ხელოვნურს, იმდენად უშლიდა ლაგამი ხელს. ამაზე რო ვუთხარი, ვერც მაგას წოვს-მეთქი, ბოთლს დააბრალა, გადარეკა აფთიაქში და ჩაანიშნინა ბავშვის ერთ-ერთი ფორმულა. მამაჩემიც გააგზავნა. იმის მერე, თვეზე მეტი რეკავდნენ და ამოწმებდნენ, ხო ხელოვნურზე იყო ბავშვი. ბოლოს კი გაირკვა, რომ ამ პედიატრის შვილი მუშაობდა სწორედ ამ ფორმულის გაყიდვებში.“ - ნინო, თბილისი

„არანაირად არ მომაწოდეს ლაქტაციაზე ინფორმაცია, პირიქით, დამიწერეს, რომელი საკვები უნდა მომეტანა.“ - ნინი, თბილისი

ფარმა ინდუსტრიის აგრესიულ მარკეტინგზე საუბრობს მკვლევარი თამთა თათარაშვილიც:

„შეიძლება ისარგებლონ დედების გამოუცდელობით და გითხრან, რომ ცუდი რძე გაქვს ან ცოტა. ან პირდაპირ შემოგთავაზონ რომელიმე ხელოვნური საკვები. ან იქვე არიგებენ რაღაც ბროშურებს და პირდაპირი რეკლამა მიდის რომელიმე კომპანიის."

რძის შემცველი ხელოვნური ფორმულის ფასი

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის ე) პუნქტის მიხედვით, ბავშვთა კვების პროდუქტები გათავისუფლებულია იმპორტის გადასახადისგან (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლი), ფორმულის ფასი, საქართველოს შრომითი ბაზრიდან და ანაზღაურებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალია და თვეში, საშუალოდ,  400-500 ლარს, ზოგ შემთხვევაში, მეტსაც კი აღწევს.

„ძალიან ძალიან ძვირი ღირს. 65 ლარი ერთი კოლოფი, 520 ლარი მჭირდება მარტო ფორმულისთვის.“ - ნინუცა, ბათუმი.

„1 თვის 400 ლარამდე ურტყამდა და მართლაც, ძვირი სიამოვნებაა.“ - ნინი, თბილისი

რესპონდენტების უმრავლესობისთვის ეს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანახარჯია ოჯახისთვის. თუმცა, როცა საქმე საკვებს და ბავშვის ჯანმრთელობას ეხება, ისინი ცდილობენ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის პროდუქტი შეიძინონ.

„რა თქმა უნდა არის იაფიანიც, მაგრამ ვერ ენდობი. 10 ლარიან ფორმულას მე პირადად ვერ ვაჭმევ, არ ვუყიდი ტანსაცმელს და ვუყიდი ხარისხიან საკვებს.“ - ქეთი, ბათუმი.

„ერთ ბინას ვიყიდდი, რა თანხაც ფორმულაში მაქვს გადახდილი.“ - შორენა თბილისი

„თუ დედა ხარისხიანი ფორმულოთ კვებავს ბავშვს, ნამდვილად ძვირი სიამოვნებაა. დაახლოებით 300 ლარამდე მიჯდება მხოლოდ კვება. იგივე სიმძიმით და კიდევ უფრო მეტად მაწვება ბინის ქირა, რომელსაც წლებია ვიხდი.“ - მარი, თბილისი

მიუხედავად იმისა, რომ იმპორტიორებს ძირითადად აფთიაქები წარმოადგენენ, რომლებიც გათავისუფლებულები არიან იმპორტის გადასახადისგან, ბაზარზე რძის შემცველი ხელოვნური საკვების  ფასი 40-დან 60 ლარამდეა და მისი ყიდვა, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით პირველ თვეებში, ყოველ მე-3 ან მე-4 დღესაა საჭირო.

„დაახლოებით 4 თვემდე ყოველ მე-3 დღეს ვყიდულობდით, შემდეგ - კვირაში ორჯერ და ფინიშს მიახლოებულები - კვირაში ერთხელ. ეს  „სიამოვნება“ კი თვეში 400 ლარამდე ჯდებოდა... ეს კიდევ 2 წლის წინ და ახლა წარმოდგენაც და გაფიქრებაც არ მინდა, იმდენად არის ფასები „გაბერილი“.“ - ანანო, თბილისი.

შრომა ხელოვნური ფორმულის მომზადებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ჩვილის ფორმულაზე გადასვლით დედას მეტი დრო დარჩება საკუთარი თავისთვის, ბავშვზე ზრუნვისა და მისი გამოკვების შინამეურნეობის სხვა წევრებზე გადანაწილება არც ისე მარტივია. რძის შემცველი ხელოვნური საკვების მომზადება - რომელიც მოითხოვს ჭურჭლის, ბოთლის მუდმივ რეცხვას, მის სტერილიზაციას, წყლის ტემპერატურის მუდმივ კონტროლს, რადგან ზედმეტად ცხელ/ცივ წყალში საჭმელი კარგად არ იხსნება - საკმაოდ რთული პროცედურაა,  რომლის მართვაც, ძირითადად, მაინც დედების პრეროგატივაა.

ფორმულის მომზადების წესი
ავტორი: ანა ხონელიძე

„ღამე ადგომა, ბოთლის დამზადება, რასაც საშუალოდ 5-10 წუთი მაინც სჭირდება, მერე ამ ბოთლის სტერილიზაცია. გარდა ამისა, წყლის ტემპერატურაც უნდა აკონტროლო, ზედმეტად ცხელში/ ცივში საჭმელი არ იხსნება კარგად.“ - ეკა, ბათუმი

ზოგიერთისთვის კი ფორმულა, რთული სამუშაოს შემდეგ, ნამდვილად შვებაა, რადგანაც ასე ღამე გამოძინებასა და ძალების აღდგენას ახერხებს. გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვიშნე, ფორმულა არის საშულება ოჯახის წევრებისთვის ჩვილის კვების პროცესის გაზიარებისა.

„ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მიმარტივდება ხელოვნურით კვება, მეზოგება ენერგია. ღამე მძინავს, რაც მთავარია და ძალებს ვიღდგენ მომავალი დღისთვის. ძუძუთი კვების დროს ასე არ არის." - მარი, თბილისი.

„ვფიქრობ, სწორედ დროის გამო ირჩევენ დედები ხელოვნურ კვებას, მარტივად დაუტოვებ სხვასაც და პროცესი მარტივია, ნაკლებ ენერგიას მოითხოვს. ასევე სხვაც მარტივად გეხმარება, ხოლო ბუნებრივი კვებისას პრაქტიკულად მხოლოდ დედა უვლის ბავშვს." - ქეთი, ბათუმი

შეჯამება

კვლევამ აჩვენა, რომ, ერთი მხრივ,  ყოველწლიურად გლობალურად იკლებს ლაქტაციის რიცხვი, განსაკუთრებით თუ საქმე ექსკლუზიურად ძუძუთი კვებას ეხება. ამის მთავარი და მნიშვნელოვანი მიზეზი კი აგრესიული მარკეტინგია, რომელსაც თავად ფორმულას მწარმოებლები აწარმოებენ და ამაში მილიონობით დოლარს ხარჯავენ.

საშუალოდ, რძის შემცველი ხელოვნური ფორმულის ინდუსტრია მარკეტინგში ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

გარდა ამისა, ამ პროცესში ჩართულები არიან თავად სამშობიარო სახლები და კლინიკები, რომლებშიც გარკვეული ფინანსური გარიგებებით ხდება ჩვილის ფორმულების პოპულარიზაცია და მშობლებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება.

მეორე მხრივ კი, არსებული სისტემა, დეკრეტული შვებულების არარსებობა, მძიმე სოციალური მდგომარეობა და ა.შ., ქალებს აიძულებს მოშორდნენ ოჯახებს და ბავშვის დაბადების პირველ წელსვე დაუბრუნდნენ სამუშაოს, რომელიც ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად, 2021 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე 22.1%-მდე გაიზარდა (საქსტატი 2021), ეს კი იმის ფონზე, რომ დასაქმებული მოსახლეობის ნაწილი ან თვითდასაქმებულია, ან არაფორმალურ ეკონომიკაშია ჩაბმული. რამდენადაც კერძო სექტორში შრომის კოდექსი ფაქტობრივად, არ იცავთ, არ არის სტაბილური გარემო, ვერ მუშაობენ საკუთარი პროფესიით, არ აქვთ ღირსეული შრომითი პირობები, ქალები ამჯობინებენ, არ დატოვონ შრომის ბაზარი, რომლიდან გასვლის შემთხვევაში, პრაქტიკულად შეუძლებელია ან ძალიან რთულია უკან დაბრუნება.

იუნისეფის 2019 წლის მონაცემებით, 30%-ით უფრო მოსალოდნელია, რომ ქალებმა, რომლებსაც აქვთ 6-თვიანი ან მეტი ხნის დეკრეტული შვებულება, ლაქტაცია გააგრძელონ მინიმუმ პირველი 6 თვის განმავლობაში. (Navarro-Rosenblatt 2019)

ყოველივე ამის ფონზე ლაქტაციის -  რაც, მეცნიერული კვლევის თანახმად,  უზრუნველყოფს ბავშვისა და დედის ფიზიკურ და გონებრივ და განვითარებას - რიცხვი კატასტროფულად იკლებს. სახელმწიფოს პოლიტიკა კი არასაკმარისი და არაეფექტურია.

აქედან გამომდინარე შემიძლია დავასკვნა, რომ ბავშვის ხელოვნური საკვები, რომელსაც ჰქონდა და აქვს მეცნიერული საჭიროება (დედისა და ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე), დღეს არსებული ეკონომიკური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნების გარკვეული საშუალებად იქცა. ის, რომ ყოველწლიურად მასობრივად იზრდება ხელოვნური საკვების წარმოება და გაყიდვა,  ფორმულის რეალური საჭიროებით კი არ/ვერ აიხსნება, არამედ ბაზრის პრინციპით, რომელიც თავად ქმნის მოთხოვნის საჭიროებას. არსებული შრომის ბაზარი (დეკრეტული შვებულების არარსებობა, კაბალური შრომითი პირობები და ა.შ.), კლინიკების გარიგება მწარმოებლებთან, აგრესიული მარკეტინგი და ლობიზმი, ინფორმაციის ნაკლებობა ძუძუთი სწორად კვებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც სხვადასხვა დროს ერთვება პროცესში და ამ მართლაც მნიშვნელოვან მეცნიერულ გამოგონებას, არაკეთილსინდისიერად იყენებს. განსაკუთრებით სამწუხარო კი სახელმწიფოს მინიმალური როლია, რომელიც პასიურობით, ფაქტობრივად, ხელს უწყობს ძუძუთი კვების კლებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Arendell, T., 2000. Conceiving and investigating motherhood: The decade's scholarship. Journal of marriage and family, 62(4), pp.1192-1207.
  2. Campbell, Carolyn E. "Nestle and breast vs. bottle feeding: Mainstream and Marxist perspectives." International Journal of Health Services 14, no. 4 (1984): 547-567.
  3. Domestic Workers. 2016. The Care Economy. International Labour Organization. https://www.ilo.org/global/topics/domestic-workers/lang--en/index.htm
  4. Harford, T. 2017. T., How formula milk shaped the modern workplace. BBC World Service, 50 Things That Made the Modern Economy. https://www.bbc.com/news/business-40281403
  5. Hastings. G., Angus. K., Eadie. D., and Hunt. K. 2020. Selling second best: how infant formula marketing works. Globalization and Health 16, no. 1: 1-12.
  6. Hosie, R. 2018. WHY BRITAIN HAS SOME OF THE LOWEST BREASTFEEDING RATES IN THE WORLD. Independent. https://www.independent.co.uk/life-style/breastfeeding-rates-britain-lowest-world-channel-4-dispatches-kate-quilton-a8468416.html
  7. Credit Suisse. Global wealth report 2021. Research Institute.  https://www.credit-suisse.com/about-us/en/reports-research/global-wealth-report.html
  8. Keeley. B., and others. 2019. Children, food and nutrition. UNICEF.https://www.unicef.org/media/63016/file/SOWC-2019.pdf
  9. McCoy. D., Smith. J, Baker. P., 2020. The rise of commercial milk formulas matters for women and children. The Conversation. https://theconversation.com/the-rise-of-commercial-milk-formulas-matters-for-women-and-children-149681
  10. Navarro-Rosenblatt. 2019. Maternity Land its Impact on Breastfeeding: A review of the literature.  UNICEF breastfeeding policy brief. Breastfeeding Medicine, vol. 13, no. 9, November 2018, pp.589–597
  11. Ogbuanu, C., Glover. S., Probst. J., JJihong, L. Hussey, J. 2011. The Effect of Maternity Leave Length and Time of Return to Work on Breastfeeding. Pediatrics 127, no. 6: e1414-e1427https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3387873/
  12. O'Reilly, A. ed., 2008. Feminist mothering. suny Press.
  13. Razavi, S. 2007. The political and social economy of care in a development context: Conceptual issues, research questions and policy options. Trabajo y empleo.
  14. Segal. J., 2018. The Breastfeeding Battle: How the Infant Formula Industry’s Political Power is Putting Babies at Risk. Brown Political Review. https://brownpoliticalreview.org/2018/12/breastfeeding-battle-infant-formula-industrys-political-power-putting-babies-risk/  
  15. Spray, A. L., 2018. Working & Breastfeeding: 20 Years On and STILL a Contemporary Workplace Dilemma. Healthy Newborn Network. https://www.healthynewbornnetwork.org/blog/working-breastfeeding-20-years-on-and-still-a-contemporary-workplace-dilemma/
  16. WHO. 2016. BREASTFEEDING IN THE 21ST CENTURY. https://www.who.int/pmnch/media/news/2016/breastfeeding_brief.pdf
  17. WHO. 2018. 3 in 5 babies not breastfed in the first hour of life. New York/Geneva. https://www.who.int/news/item/31-07-2018-3-in-5-babies-not-breastfed-in-the-first-hour-of-life
  18. 37-ე მუხლი. შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო. 2020. საქართველოს შრომის კოდექსი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1155567?publication=19
  19. 199-ე მუხლის, ე) პუნქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717?publication=174
  20. დასაქმება და უმუშევრობა. 2021. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
  21. თოხაძე. ნ., 2016. ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო. თბილისი. https://bit.ly/3idUlFM
  22. ნემსაძე, ქ., ბეიტრიშვილი, ლ., ბელეშაძე, მ., კიკნაძე, ნ., ბახტაძე, თ., ხერხეულიძე. 2009. ძუძუთი კვების სასაწაული. UNICEF. საქართველო. https://uni.cf/3zSYqVX 
  23. საქართველოს კანონი ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ. 2003. საქართველოს კანონის 29-ე მუხლი. https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/56932?publication=0
  24. საქართველოს მთავრობა., სტატისტიკის ეროვნული სამსახური., NCDC, UNICEF. 2018. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა. საქართველო https://www.unicef.org/georgia/media/5896/file/Mics_Georgian.pdf
  25. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი., NCDC., UNICEF. 2005. ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის მონიტორინგი. მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა. საქართველო.
  26. ჭანტურიძე, გ. 2020. ხელფასების სხვაობა გენდერული ნიშნით საქართველოში. ILO. სპგკ.https://bit.ly/3j4WKC0
  27. ხელაია, ნ. 2019. დეკრეტული შვებულების პოლიტიკა დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი. საზოგადოებრივი მაუწყებელი. https://1tv.ge/analytics/dekretuli-shvebulebis-politika-damoukidebel-saqartveloshi/