ელენე /ელო/ მეტრეველი

(1917–2003)

გამოჩენილი მეცნიერი, ძველი ქართული მწერლობის ისტორიის მკვლევარი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თიუბინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, 1968–1988 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი, 1988 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე – ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი.

დიდია მისი ღვაწლი ადრებიზანტიური  პერიოდის ქართული ჰიმნოგრაფიის კვლევის საქმეში.

წლების განმავლობაში იკვლევდა სამწიგნობრო კერების ისტორიას, რასაც შედეგად მოჰყვა მრავალი სამეცნიერო სტატია და ფუნდამენტური ნაშრომები: „მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტროიისათვის“, „ნარკვევები ათონის კულტურულ–საგანამანთლებლო კერის ისტორიიდან“ და „ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი“.

განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო მისი ურთიერთობა ბიზანტიის ისტორიისა და ცივილიზაციის პარიზის ინსტიტუტთან, რომელმაც გამოსაცემად მოამზადა ათონის ბერძნული აქტები. ამ ინსტიტუტის თხოვნით ბერძნული აქტების ქართული მინაწერები შეისწავლა და გამოსაცემად მოამზადა ელენე მეტრეველმა.

ელენე მეტრეველი ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც ლუვენის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ერთად მუშაობდა გრიგოლ ნაზიანზელის თხზულებათა ქართული თარგმანების გამოცემაზე.

დიდი ღვაწლი მიუძღვის მას ხელნაწერთა აღწერილობების გამოცემაში. ელენე მეტრეველის ნაშრომები იბეჭდებოდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს ცნობილ სამეცნიერო ცენტრებში.

ელენე მეტრეველი დაიბადა 1917 წლის 13 დეკემბერს პედაგოგების,  პავლე მეტრეველისა (1890–1973) და ბარბარე ვარძიელი–მეტრეველის (1888–1980) ოჯახში, ზესტაფონში. მისი დაბადებიდან ორ წელიწადში ოჯახი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. მოგვიანებით პავლე მეტრეველმა დაიწყო მუშაობა აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში კითხულობდა საბუნემისმეტყველო საგნების მეთოდიკის კურსს. მეტრეველების ოჯახს 1920 წელს მეორე ქალიშვილი, ქეთევანიც შეეძინათ, რომელიც შემდგომში პედიატრი გახდა. დები ოჯახში ეუფლებოდნენ ფრანგულ ენას, ორივე მათგანმა მიიღო მუსიკალური განათლება, ელენე შემდგომშიც მშვენივრად უკრავდა ფორტეპიანოზე.

კლასი,  სადაც ელენე სწავლობდა,  მთელ სკოლაში გამოირჩეოდა ნიჭიერი მოსწავლეებით.  მისი თანაკლასელები და ბავშვობის მეგობრები იყვნენ: მომავალი ისტორიკოსი,  აკადემიკოსი გიორგი მელიქიშვილი,  ფიზიკოსი ქეთევან ორჯონიკიძე, აღმოსავლეთმცოდნე,  შემდგომში ალპინიზმის ერთ- ერთი ფუძემდებელი საქართველოში,  ოთარ გიგინეიშვილი. ქეთევანთან ერთ კლასში სწავლობდნენ ტიციან ტაბიძის ქალიშვილი ნიტა,  მომავალი ექიმი ვახტანგ ალადაშვილი.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ელენეს თანაკურსელები შემდგომში ცნობილი პიროვნებები გახდნენ:  ისტორიკოსი ლალი ჯავახიშვილი,  ფილოლოგი,  შემდგომ აშშ-ში მოღვაწე გამოჩენილი ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ჯობაძე, ომის წლებში დახვრეტილი სტუდენტები –  იმედის მომცემი მწერლები კოტე ხიმშიაშვილი და გიორგი ძიგვაშვილი.

უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ ელენე მეტრეველი ირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში,  ალექსანდრე ბარამიძის ხელმძღვანელობით. მისი დასრულების შემდეგ კი თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა 27–ე რესპუბლიკური სასახლის პედაგოგად მუშაობს, შემდგომ ნ.  ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტში ქართულ და რუსულ სექტორებზე კითხულობს ძველი ქართული ლიტერატურის სპეცკურსს,  შემდგომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელია და პარალელურად მასწავლებლობს ა. პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.  წარმატებით იცავს დისერტაციებს ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის („რამდენიმე საკითხი ნიზამისა და რუსთველის ლიტერატურული ურთიერთობიდან, 1946) და დოქტორის („ტიმოთე გაბაშვილის მიმოსვლა“, 1957) სამეცნიერო ხარისხების მოსაპოვებლად.

1958  წლიდან ელენე მეტრეველის მთელი ცხოვრება,  სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა განუყრელად უკავშირდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს,  სადაც არქეოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელად ინიშნება. 1968 წლიდან კი მისი დირექტორი ხდება და ორი ათეული წლის განმავლობაში უცვლელად ხელმძღვანელობს ქართველოლოგიის ამ ერთ-ერთ უმთავრეს კერას.

ხელნაწერთა ინსტიტუტი იქცა ელენე მეტრეველისთვის მეორე ოჯახად.  აქ მან მრავალი შესანიშნავი მკვლევარი შემოიკრიბა თავის გარშემო.  მისი ხშირი სტუმრები იყვნენ ნატალია ორლოვსკაია,  ივანე გიგინეიშვილი,  სხვა გამოჩენლი მეცნიერები.  ელენე მეტრეველი იყო ღირსეული თანამებრძოლი ხელნაწერთა ინსტიტუტის მძლავრ სამეცნიერო-კულტურულ ცენტრად ჩამოყალიბების საქმეში თავისი წინამორბედის,  ილია აბულაძისა (1901-1968). 

ელენე მეტრეველი მუდმივად ცდილბდა ასპირანტურაში ახალგაზრდების  მიღებას და ქართველოლოგიის სკოლის ტრადიციების გაგრძელებას. მისი ერთ–ერთი მოწაფე და კოლეგა, ქეთევან ბეზარაშვილი იხსენებს: „... ქალბატონი ელენეს ნაშრომებში ქართველოლოგიური საკითხები დანახული და განხილულია ფართო თვალსაწიერის ორიენტალისტისა და ბიზანტისტის თვალით. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი წვლილი ქართული თუ საზღვარგარეთული სამწერლობო კერების ისტორიისა და კულტურულ–ლიტერატურული საქმიანობის კვლევის საქმეში (სირია–პალესტინა, ათონის). ნიშანდობლივია, რომ ცნობილმა ბიზანტისტმა მეიენდორფმა სწორედ ქალბატონ ელენეს მისწერა ასეთი შინაარსის წერილი: ‘ბიზანტისტიკის საკითხების კვლევა წარმოუდგენელია ქართული მასალების შესწავლისა და პუბლიკაციის გარეშე. ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებში დაფარული სიმდიდრე უდიდეს განცვიფრებას იწვევს. ბიზანტისტებს ნამდვილად მოუწევთ ქართული ენის შესწავლა’ (ნაწყვეტი ამერიკელი ბიზანტისტის, ი. მეიენდორფის წერილიდან აკად. ე. მეტრეველისადმი). სწორედ ქალბატონი ელენესა და მისი მსგავსი ქართველი მეცნიერების შრომები იყო ნაგულსხმევი, როცა ბიზანტისტთა საერთაშორისო ასოციაციის მაშინდელი პრეზიდენტი აკად. ჰერბერტ ჰუნგერი ბიზანტისტთა XVI მსოფლიო კონგრესზე 1981 წ. ამბობდა, რომ ბიზანტიის ისტორიისა და კულტურის კვლევა შეუძლებელია არა მარტო ქართული მასალების გარეშე, არამედ ქართველ ბიზნატისტთა გამოკვლევების გაუთვალისწინებლადო. აღსანიშნავია ქალბატონი ელენეს უდიდესი ღვაწლი შუასაუკუნეების მწერლობის ისეთ ურთულესი დარგის შესწავლაში, როგორიცაა ჰიმნოგრაფია. ელენე მეტრეველის უმნიშვნელოვანესმა გამოკვლევებმა ამ სფეროში, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობით მომზადებულმა ნაშრომებმა, შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი ჩაუყარეს ბიზანტიურ–ქართული ჰიმნოგრაფიის კვლევას საქართველოში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მან შექმნა ხელნაწერთა ინსტიტუტის ჰიმნოლოგიური, ანუ ჰიმნოგრაფიიის შემსწავლელთა, ცნობილი სკოლა“

მისმა დიდმა სამეცნიერო ინტერესებმა და ფართო კულტურულმა თვალსაწიერმა უამრავი უცხოელი მეცნიერი-მეგობარი შესძინა ინსტიტუტს სხვადასხვა ქვეყანაში.  ქართული მეცნიერების ერთგული მეგობრები,  გულშემატკივრები –  მიშელ ვან ესბროკი, კარლ ჰორს შმიდტი, ბერნარ უტიე, შარლ რენუ ხშირად სტუმრობდნენ საქართველოს,  ინსტიტუტს,  ელენე მეტრეველის ოჯახს. 

70–იან წლებში მოსკოვში ერთ-ერთი მივლინებისას მიღებულმა საბედისწერო ტრავმამ სიცოცხლის ბოლო წლებში ბევრი რამ შეცვალა მის ცხოვრებაში. შორს წასულ ჰემატომას ვერ უშველეს ვერც თბილისში,  ვერც –  გერმანიასა და საფრანგეთში. თვალისჩინი თანდათან მთლიანად დაკარგა. ავადმყოფობის მიუხედავად, როგორც მისი ოჯახის წევრები, კოლეგები და მოწაფეები იხსენებენ, არასდროს უწუწუნია და კვლავინდებურად აქტიურად განაგრძობდა მუშაობას. ელენე მეტრეველი გარდაიცვალა 2003 წლის 5 მარტს.

ძალიან მდიდარია აკადემიკოს ელენე მეტრეველის მეცნიერული მემკვიდრეობა.  იგი იყო ღრმად განსწავლული,  ერუდირებული,  მრავალმხრივი ინტერესებისა და ფართო თვალსაწიერის მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე,  მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორი.  იგი იკვლევდა ქართული ფილოლოგიის,  ქართულ-ბიზანტიური,  ლიტერატურული ურთიერთობების, ლიტერატურათმცოდნეობის,  არქეოგრაფიის, კოდიკოლოგიის,  ლექსიკოლოგიის,  ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის საკითხებს. თავისი მრავალწლოვანი მოღვაწეობით დიდი წვლილი შეიტანა ამ დარგების განვითარებაში.  იგი ავტორია ასოცდაათი სამეცნიერო ნაშრომისა,  მათ შორის, თხუთმეტი მონოგრაფიაა.

ელენე მეტრეველის კოლეგებისა და მოწაფეების მოგონებებში იკვეთება, რომ ეს უაღრესად დამსახურებული და ღვაწლმოსილი მეცნიერი არ იყო შემოფარგლული მხოლოდ თავისი საქმიანობით მეცნიერებაში. იგი იყო აქტიური მოქალაქე თავისი ქვეყნისა.  90–იან წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებული ელენე მეტრეველი, ა.შ.შ.–ში მცხოვრებ მეგობარს, ვახტანგ ჯობაძეს 1991 წელს წერდა: „ჩემო ვახტანგ! საქართველოში მიმდინარე პროცესებით იმ ზომამდე ვარ შეძრწუნებული, აზროვნების უნარი მეკარგება. პოლიტიკაზე ლაპარაკი აღარ შემიძლია. ვინა ვყოფილვართ – ნამდვილი ველურები, ამბიციური რეგვენები. და ასეთია თბილისის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. შეიძლება ამ ხროვას დემოკრატიასა და ცივილიზაციაზე ელაპარაკო?.. როგორი კატასტროფის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს კაცობრიობა, თუ სასწრაფოდ არ დამკვიდრდა ჩვენში მსოფლიო პროცესების ახლებური ხედვა, თუ არ მოიძებნა ეთნო პოლიტიკური და და რელიგიური კონფლიქტების მოგვარების გზები და საშუალებები, თუ არ შეიქმნა ერების სუვერენიტეტის დაცვის საერთაშორისო მექანიზმები და სტრუქტურები. როგორც ჩანს, გზა ჭეშმარიტი დემოკრატიისკენ არსად და არასდროს ყოფილა ვარდებით მოფენილი, ისეთ სახელმწიფოებშიც კი, რომლებმაც თავისი ისტორიული განვითარება ბუნებრივ ვითარებაში გაიარეს. ბევრად უფრო რთული აღმოჩნდა ეს გზა საბჭოთა იმპერიაში ხელოვნურად გაერთიანებული სახელმწიფოებისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც. ამისი მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ უკანასკნელი 80 წლის მანძილზე მოწყვეტილი ვიყავით ცივილიზებულ სამყაროს და მთლიანად ამოვარდნილი ამ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებიდან, რომლებიც ერებს გზას უკაფავდნენ დემოკრატიისაკენ. დემოკრატიას სწავლა სჭირდება, სწავლას კი დრო.“

რჩეული ბიბლიოგრაფია:

  1. ნარკვევები ათონის კულტურულ-საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბ., 1996;
  2. ფილოლოგიური ძიებანი , კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტი, თბ., 1995;
  3. ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი , თბ., 1998;
  4. ფილოლოგიურ-ისტორიული ძიებანი, თბ., 2007;
  5. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის XI-XVII ს.ს. , საქ. სსრ მეცნ. აკად., ხელნაწერთა ინ-ტი. - თბ., 1962

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. „ელო“, რედაქტორი და შემდგენელი: თამარ მარგიანი, ფონდი ტასო, თბილისი, 2010;
  2. „ელენე მეტრეველი (1917–2003) ბიობიბლიოგრაფია“, შემდგენელი: გაგა შურღაია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, თბილისი, 2007