(1901 – 1967)

ხელოვნების ისტორიკოსი, ქართული ხელოვნების გამოჩენილი მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. დღევანდელი „გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის“ ერთ–ერთი დამაარსებელი. შექმნილი აქვს ფუძემდებლური ნაშრომები შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების და რელიეფების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ. იკვლევდა ქართული პალეოგრაფიის საკითხებს და ქართულ ხელოვნებას. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული ნაშრომები – გზამკვლევები ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ. მის ნაშრომების ხშირ შემთხვევაში ამშვენებდა მისივე ხელით შესრულებული ნახატები, იქნებოდა ეს ჭედური ხელოვნების ორნამენტებისა თუ ხელნაწერთა მხატვრული მორთულობის ასლები. შმერლინგის შრომებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო ლიტერატურაში.

რენე შმერლინგი დაიბადა 1901 წელს, თბილისში, ცნობილი მხატვარ–კარიკატურისტის, ოსკარ შმერლინგის ოჯახში. რენე შმერლინგის დედა, მატილდე ზალცმანი, პედაგოგი იყო.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ რენე შმერლინგმა სწავლა გააგრძელა ფერწერისა და ქანდაკების სასწავლებელში, სადაც მამის ხელმძღვანელობით სწავლობდა, სწავლის პარალელურად მან 1919 წელს მუშაობა დაიწყო ქართული დრამის თეატრში სცენოგრაფ ალექსანდრე ზალცმანის თანაშემწედ, ამ დროს თეატრს ხელმძღვანელობდა კოტე მარჯანიშვილი. ამავე წლებში, რენე შმერლინგი სავსებით დაეუფლა ბავშვობიდანვე მისთვის კარგად ნაცნობ ენებს – ფრანგულს, გერმანულს, ინგლისურს.

1922 წელს, როცა დაარსდა სამხავტრო აკადემია, რენე შმერლინგმა იქ გააგრძელა სწავლა გრაფიკისა და ფერწერის ფაკულტეტზე, აქვე ისმენდა ძირითად საგნებს არქიტექტურის ფაკულტეტზე. განსაკუთრებულ ინტერესს იგი იჩენდა ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების ისტორიის საკითხების მიმართ. სამხატვრო აკადემიაში სწავლის ბოლო წლებში (1926–1928) მუშაობა დაიწყო ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმში, რომელიც არსებობდა ხელოვნებათმცოდნეობის კაბინეტთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, რენე შმერლინგმა მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ეთნოგრაფიის განყოფილებაში მხატვრად. მალე ამ განყოფილებას შეუერთდა უნივერსიტეტის ხელოვნებათმეცნიერების კაბინეტთან არსებული ძველი ქართული ხელოვნების მუზეუმი, 1934 წელს კი ის გარდაიქმნა დამოუკიდებელ მუზეუმად სახელად „მეტეხი“, რენე შმერლინგი აქ უკვე მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა 1941 წლამდე, როცა სამუშაოდ გადავიდა ქართული ხელოვნების ისტორიის სექტორში, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან ჩამოყალიბდა და რომელიც სულ მალე, გიორგი ჩუბინაშვილის თაოსნობით, ინსტიტუტად გარდაიქმნა.

1941 წელი სხვა მხრივაც გადამწყვეტი აღმოჩნდა რენე შერლინგის ცხოვრებაში. ცნობილია ისტორია, როცა ამ წელს, მეორე მსოფლიო ომში ჩაბმის შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ გადაწყვიტა რესპუბლიკის ფარგლებში მცხოვრები ყველა გერმანელის, როგორც პოტენციური მოღალატის შუა აზიაში გადასახლება. გადასახლების საფრთხე დაემუქრა რენე შმერლინგსა და მის უკვე მოხუცებულ და ავადმყოფ დედასაც, თუმცა ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, სიმონ ჯანაშია სპეციალურად შეხვდა ცენტრალური კომიტეტის მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს დადაერწმუნებინა ის, რომ რენე შმერლინგი დიდი დანაკარგი იქნებოდა ქართული კულტურისათვის. შედეგად, რენე შერლნიგი გადაურჩა გადასახლებას.

რენე შმერლინგი გარდაცვალებამდე მუშაობდა ხელოვნების ისტორიის კვლევის ინსტიტუტში. იგი იყო ინსტიტუტის არამარტო ერთერთი წამყვანი წევრი–მკვლევარი, არამედ ახალგაზრდა კადრების აღმზრდელიც. იგი თავისფლად ფლობდა უცხო ენებს და ხშირად აცნობდა თანამშრომლებს საზღვარგარეთის მეცნიერთა ცნობილ გამოკვლევებს, რომლებიც ასე თუ ისე უკავშირდებოდა ჩვენი ხელოვნების საკითხებს. რენე შმერლინგის არქივში ინახება მთელი რიგი თარგმანები, ასევე, ასამდე რვეული, რომელიც ვრცელ გამოკვლევათა კონსპექტებს შეიცავს.

„ქართული ხელოვნების ისტორიის მუზეუმის დაარსებისას იქ მომუშავე ადამიანები განათლებით სხვადასხვა სპეციალობისანი იყვნენ. უმრავლესობა არქიტექტორები და მხატვრები. ამიტომ ვისაც როგორ შეეძლო ისე სწავლობდა და ემზადებოდა საკანდიდატო მინიმუმის ჩასაბარებლად. საერთო ხელმძღვანელი გიორგი ჩუბინაშვილი იყო, მაგრამ ამ საქმეში, აგრეთვე, ჩართული იყო რენე შმერლინგიც, რადგან იგი სხვებზე უფროსიც იყო და უკეთ მომზადებულიც. ასე, ნელ–ნელა იჭედებოდა ქართულ ხელოვნებათმცოდნეთა ის სკოლა. რომელსაც „ჩუბინაშვილის სკოლა“ ერქვა – იგონებს ამ ინსტიტუტის ერთ–ერთი პირველი ასპირანტი, პარმენ ზაქარაია და დასძენს – „ამ სკოლამ, ათეული წლების განმავლობაში, ბეჯითი შრომით, დიდი მიზანდასახულობით, შექმნა ქართული ხელოვნების ისტორია. მან მე–19 საუკუნის პირველ ნახევარში უცხო მკვლევართა მიერ თავდაყირა დაყენებული ქართული ხელოვნების ისტორია, ფეხზე დააყენა და მეოცე საუკუნის ბოლოს ისე გამართა, რომ ამჟამად ყველა ერთნაირად ფიქრობს – ქართული ხელოვნება, თვითმყოფადია და დამოუკიდებელი. რენე შმერლინგი სწორედ ის მეცნიერია, რომელიც შედის ქართული ხელოვნების ისოტრიის დამფუძნებლებში და მის მაღალ დონეზე აყვანაში.“

რენე შმერლინგს, როგორც მეცნიერს გიორგი ჩუბინაშვილი ასე ახასიათებდა – „რენე შმრელინგის მეცნიერული ინტერესები უაღრესად მრავალმხრივი იყო და ერთნაირად სწვდებოდა როგორც უძველესი ხელოვნების ძეგლებს, ისე თანამედროვე საქართველოს გრაფიკოსთა და მხატვართა ოსტატობას. მისი პირადი ინტერესების წრეში ექცეოდა რუსული, სომხური და აზერბაიჯანული ხელოვნება, აგრეთვე დაღესტნისა და კავკასიის მთიანეთის ხალხური შემოქმედება, რომ აღარაფერი ვთქვათ, რა თქმა უნდა იმ აღტაცებაზე, რომელსაც მსოფლიო ხელოვნების ძეგლების მიმართ იჩენდა იგი. რენე შმერლინგის საკუთრივ მეცნიერული ნაშრომები არსებითად ეხებოდა ქართულ ხელოვნებას და მასთან დაკავშირებულ (როგორც შესადარებელი მასალა) სხვა ხალხთა ხელოვნებას. ყველა ამ ნაშრომისათვის დამახასიათებელია დასმული საკითხების ღრმა გაშუქება და ფართო ერუდიცია, მხატვრული ანალიზის სიმახვილე და ამა თუ იმ მოვლენის ზუსტი შეფასება ისტორიულ ასპექტში. მისი გამოკვლევები მოიცავს შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების პრობლემებს, ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლებს, ხელნაწერთა დეკორს, დასასრულ, პლასტიკასა და კედლის მხატვრობას. ინდივიდუალური შემოქმედებისადმი დიდი სიყვარულითა და გულითადობითაა აღბეჭდილი რენე შმერლინგის ცალკეული ნარკვევები, მიძღვნილი თანამედროვე ქართული ხელოვნების ოსტატებისადმი, რომლებთანაც მას სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.“

ვახტანგ ბერიძის მოგონებიდან – „როგორც გრაფიკოსს ვირტუოზული ტექნიკა ჰქონდა, მასავით არავის შეეძლო ქართული ხუროთმოძღვრული ჩუქურთმის გრაფიკულად გადმოცემა. როგორც ხელოვნების ისტორიკოსს – ფართო ერუდიცია. მისი კვლევის საგანი ორი იყო – შუა საუკუნეთა ქართული ხუროთმოძღვრება, უპირატესად ხუროთმოძღვრული დეკორი და ძველი ქართული ხელნაწერების მორთულობა. როგორც ერთ, ისე მეორე დარგში მან კაპიტალური ნაშრომები დაგვიტოვა (დიდი მონოგრაფია ქართული კანკელების შესახებ, ორტომიანი გამოკვლევა „ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმება IX-XI საუკუნეებში“, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა, ნარკვევები სამთავროს, ხცისისა და სხვა ძეგლთა შესახებ, გზისმკვლევები თბილისის მიდამოებისა და საქართველოს სამხედრო გზის ძეგლთა შესახებ – ეს ორი უკანასკნელი თანაავტორებთან ერთად), ზოგი მათგანი ფუძემდებლური მნიშვნელობისაა. თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა მოვლილი, დაუღალავი მოსიარულე იყო, უამრავი ძეგლი ნახა, ყოველი მათგანის დაწვრილებითი აღწერა და მშვენიერი ჩანახატები შეჰქონდა უბის წიგნაკებში, რომლებიც, სწორედ ამიტომ, ძვირფას ფაქტობრივ მასალას შეიცავს. წერდა მიკროსკოპულად წვრილი, სრულიად თანაბარი და უცვლელი ხელით. გატაცებით უყვარდა ჩვენი ქვეყნის ბუნება და ცხოველთა სამყარო – ჩიტები, კატები, რომლებიც დიდი რაოდენობით ბუდობდნენ მის ბინაში.“

რენე შმერლინგი მისი კოლეგებისა და თანამედროვეების მონათხრობში წარმოგვიდგება როგორც უკომპრომისო, მრავალმხრივ განვითარებული მეცნიერი და დაუღალავი მკვლევარი, რომელიც არ უშინდებოდა არანაირ დაბრკოლებებს რათა იმ დროს ჯერ კიდევ გამოუკვლეველი და შეუსწავლელი ქართული ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლები შეესწავლა. იგი ძალზე ბევრ მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში, განსაკუთრებით სვანეთში და საკუთარ თავსაც ქართველად მიიჩნევდა.

 

ბიბლიოგრაფია:

  1. Образцы декоративного убранства грузинских рукописей, Тб. 1940;
  2. Самтавро – памятник XI века, Ars Georgica, 1, თბ., 1942;
  3. Золотой сосуд из Чхороцку,ArsGeorgica, 1, თბ., 1942;
  4. Храмы в древных селениях Триалети –Олтиси и Тетри-Цкаро, ArsGeorgica, 2, თბ., 1948;
  5. Постройка моларет-ухуцеса царя Георгия Блистателного в сел. Даба, Ars Georgica, 2, თბ., 1948;
  6. ქართული ხუროთმოძღვრების ორნამენტი, თბ., 1954;
  7. Древний Цвимоетский храм близ с. Хциси,ArsGeorgica, 4, თბ., 1955;
  8. Творчество художника Иосифа Габашвили,ArsGeorgica, 5, თბ., 1959;
  9. Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (ვ. დოლიძესთან და თ. ბარნაველთან ერთად);
  10. Малые формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962;
  11. Церковь св. Нины в Тхоти, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე, 6, 1963 (თ. ბარნაველთან ერთად);
  12. Церковь в сел. Дарквети, ArsGeorgica, 6 – A, თბ., 1963;
  13. Годы творчества художника С. Валишевского в Грузии,ArsGeorgica, 6-B, თბ., 1964;

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მოხსენებათა კრებული,   საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXXIV სამეცნიერო სესია. თბ., 2000;
  2. ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიისათვის, დ. თუმანიშვილი. „საქართველოს სიძველენი“, #13, თბ., 2009;
  3. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის ოფიციალური ვებ–გვერდი http://gch-centre.ge/
  4. რენე შმერლინგი – ქართული ხუროთმოძღვრების მკვლევარი, ლ. რეჩეულიშვილი, ქართული ხელოვნება, #11, თბ., 2001.
All rights reserved