გენდერის წახნაგები

წინამდებარე კრებული წარმოადგენს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს ინიციატივით თბილისში ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციის, „გამადიდებელი შუშით დანახული გენდერის წახნაგები“ ერთგვარ მცირე შეჯამებას. აქ მხოლოდ ნაწილია იმ მოხსენებებისა, რომლებიც მკვლევრებმა და აქტივისტებმა კონფერენციაზე წაიკითხეს.

სოციალურ მეცნიერებებს არ უყვარს განზოგადება, ამიტომაც, კრებულის შესავალ სიტყვაში ვერ დავიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ამ ოთხი ქვეყნის - რუსეთის, უკრაინის, საქართველოსა და პოლონეთის პრობლემები საერთოა, მათი გამომწვევი მიზეზები ერთნაირია და ა.შ. თუმცა, საერთო დინამიკის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იოლად შეიძლება. პირველ რიგში, ამას ხელს უწყობს უახლეს ისტორიაში კომუნისტური წყობის საზიარო გამოცდილება და, ასევე, 1980-იანი წლებიდან ოთხივე ქვეყანაში გაძლიერებული ნაციონალისტური დისკურსები, რაც სხვადასხვა სახის (თუმცა, მსგავსი მიზნის მქონე) ეროვნული მოძრაობებით აიხსნება.

ცხადია, კრებული პრობლემათა უკიდეგანოდ ფართო სპექტრის მხოლოდ მცირე ნაწილს მოიცავს, მას არა აქვს თუნდაც ოდნავი პრეტენზია ამომწურავობაზე, მაგრამ ავტორთა მიერ სწორად დასმული აქცენტები, ზუსტად შერჩეული ყველაზე მწვავე საკითხები გარკვეული განზოგადების საშუალებას მაინც იძლევა. მაგალითისთვის ოთხივე ქვეყანაში ბოლო ათწლეულებში ბევრად გაძლიერებული რელიგიურობის ტალღაც კმარა - რაც ლოგიკურად ეწერება ნახსენებ ნაციონალისტურ დისკურსებში, რადგან რე¬ლიგია ლამის უმთავრეს ადგილს იკავებს მითოლოგიზებული ნაციონალური იდენტობების აღორძინების პროცესში. მისი როლი იმდენად გაიზარდა, რომ ამ ოთხი ქვეყნის სეკულარულობას ლამის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ამ ყოველივეს ფონზე, საინტერესოა დაკვირვება, თუ როგორ უნდობლობას იწვევს გენდერული აქტივიზმი, როგორ თავსმოხვეულად და „გარედან შემოტანილ“ იდეოლოგიად ითვლება და როგორ ქმნიან მისგან მტრის ხატს. და რახან აქტივიზმი ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კრებულის ავტორები სწორედ აქტივისტები არიან, ცალკეულ შემთხვევებში აკადემიური საქმიანობის გარდა, ისინი პრაქტიკულად მუშაობენ გენდერულ საკითხებზე, ქალთა და ლგბტ უფლებებზე და ა.შ. ამაშიც არაფერია მოულოდნელი, რადგან ფემინიზმი, და მოგვიანებით კი გენდერისტიკა, სწორედ სოციალური ცვლილებების აუცილებლობით ნაკარნახევი აქტივიზმიდან იშვა. ამიტომაც, ჩვენი ავტორები აბსტრაქტულ თეორიულ მსჯელობებს არ სჯერდებიან და საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე განიხილავენ ამა თუ იმ პრობლემას.

ბიოლის ფონდის მიერ ჩატარებული კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურებოდა - უკეთ, მრავალი სხვადასხვა კუთხიდან დავინახოთ ჩვენს ქვეყნებში მიმდინარე პროცესები, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, რადგან განსხვავებების მიუხედავად, მსგავსი დინამიკა ჩვენს ქვეყნებს შორის მაინც აშკარაა. აქტივიზმი გავამყაროთ თეორიით და პირიქით. წინამდებარე კრებული, იმედია, ამ მიზნის მიღწევაში უფრო დაგვეხმარება და მრავალი მკვლევრისა თუ აქტივისტისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

დავით გაბუნია

რედაქტორი

Product details
Date of Publication
2013
Number of Pages
180
Licence
All rights reserved
Language of publication
ქართული/ინგლისური
ISBN / DOI
978-9941-0-5502-7
Table of contents

წინასიტყვაობა

დავით გაბუნია, მთავარი რედაქტორი

ქალთა უფლებები: პოლიტიკა და რეალობა

ქალები, პოლიტიკა და კვოტები. პოლონეთის მაგალითი, მალგოჟატა ფუშარა, პოლონეთი

გენდერის კვლევები და გენდერულად მგრძნობიარე სწავლება, თამარ ცოფურაშვილი, საქართველო

გენდერული თანასწორობა ზედაპირზე და მის მიღმა საქართველოში, თამარ საბედაშვილი, საქართველო

ადამიანთა უფლებები სოციალური დაცვის წინააღმდეგ: რუსეთში ქალთა პოლიტიკური აქტივიზმის დისკურსები, ლუდმილა პოპკოვა, რუსეთი

გენდერი და რელიგია

უკრაინელი ბავშვების დაცვა: თავდასხმები სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე რელიგიურ დისკურსსა და ნაციონალურ საკანონმდებლო ინიციატივებში, ლესია პაგულიჩი, უკრაინა

კათოლიკური ეკლესიის როლი აბორტების შესახებ დებატებში 1989 წლის შემდგომ პოლონეთში, კატარჟინა პაბიჟანეკი, პოლონეთი

რატომ უჩინარდება თანასწორობა ეკლესიის კარიბჭესთან? რუსუდან გოცირიძე, საქართველო

ლგბტ ადამიანები და საზოგადოება

ჰომოფობია პოლიტიკურ დისკურსში, ეკა აღდგომელაშვილი, საქართველო

გენდერული როლები უკრაინის ლგბტ ოჯახებში: ჰეტერონორმატიულობის იდეალიზაცია და რეპროდუქცია, ტამარა მარცენიუკი, უკრაინა