1878-1942 / ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე
1906 წლიდან სწავლობს ევროპაში. ბრიუსელის უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ კატო პარიზში დასახლდა, სადაც 1915 წლამდე დარჩა და საფუძვლიანად გაეცნო ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას.
1916 წელს სამშობლოში დაბრუნებული კატო მიქელაძე იწყებს თანამოაზრეთა შემოკრებას და ქალის სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებებისათვის ბრძოლას.
1917-18 წლებში მან უკვე ჩამოაყალიბა რეგიონული ქსელი “ქალთა ლიგა”, რომელიც დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის წარმომადგენელ ქალს აერთიანებდა. ამავე პერიოდში იგი გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს “ხმა ქართველი ქალისა”, სადაც კონსოლიდირებული იყო ქალთა განმათავისუფლებელი მოძრაობისათვის საჭირო დასავლური გამოცდილება და ქართული პრობლემების მთელი პალიტრა.
სამწუხაროდ, პირველი რესპუბლიკის პერიოდში გაზეთი დაიხურა. ბოლშევიკური ტერორის ეპოქამ კი კატო მიქელაძე და თანასწორობის ერთგული სხვა ქალთა იდეები “ისტორიის ნაგავსაყრელზე” მოისროლა, როგორც “ბურჟუაზიული გარყვნილების” მაგალითი.