მარჯორი უორდროპი

 

(1869-1909)

მარჯორი უორდროპი დაიბადა 1869 წლის 26 ნოემბერს ინგლისელი არისტოკრატის ოჯახში. იგი იყო ბრიტანელი დიპლომატის, ოლივერ უორდროპის და, რომელიც 1921 წელს, საქართველოს გასაბჭოებამდე იყო ბრიტანეთის მთავარი კომისარი კავკასიაში.

მარჯორი უორდორპი თავისუფლად ფლობდა ექვს უცხო ენას (ფრანგულს, გერმანულს, რუსულს, რუმინულს, იტალიურს, ქართულს). იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა იტალიაში, საფრანგეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში, კუნძულ ჰაიტიზე, რუსეთში, რუმინეთში, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. ქართული ენის შესწავლით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა უფროსმა ძმამ, ოლივერ უორდროპმა 1888 წელს გამოაქვეყნა წიგნი „საქართველოს სამეფო. მოგზაურობის შთაბეჭდილებანი ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“. ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას,მარი ბროსეს გრამატიკისა და ლექსიკონის საშუალებით, მარჯორიმ დაიწყო ახალი ქართულის სწავლა, ხოლო სახარების ტექსტის კითხვის საფუძველზე კი - ძველი ქართულის. 1894 წელს ლონდონში,  ანთროპოლოგიური სკოლის ფუძემდებლის ი. ბ. ტეილორის წაქეზებით, მარჯორი უორდროპმა გამოაქვეყნა ქართული ხალხური ზღაპრების ინგლისური თარგმანი სათაურით Georgian Flok Tales. ამ წიგნთან დაკავშირებით ინგლისში დაბეჭდილი რეცენზიების ქართული თარგმანები გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა. სწორედ ასე შეიტყო საქართველოს ფართო საზოგადოებამ მარჯორის შესახებ.

1894 წელსვე იგი იწყებს ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ თარგმნას ინგლისურად, რომელიც ლონდონში 1895 წელს იბეჭდება. მარჯორის მიერვე არის თარგმნილი ინგლისურად ილიას „მგზავრის წერილებიც“. 1894 წლის დეკემბერში ის პირველად ჩამოდის საქართველოში დედასა და უფროს ძმასთან, ოლივერთან ერთად.

1896 წლის ზაფხულს იგი მეორედ მოგზაურობს საქართველოში, ამჯერად მშობლების და მეორე ძმის, თომასის თანხლებით. სწორედ მეორედ ჩამოსვლისას გადაწყვიტა, ეთარგმნა „ვეფხისტყაოსანი“. მოგზაურობს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში. უორდროპების ოჯახის მოგზაურობას განსაკუთრებულ ყურადღებას ადევნებს იმდორინდელი ქართული პრესა. კახეთში მარჯორი უორდროპს მასპინძლობს პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ივანე როსტომაშვილი, დასავლეთ საქართველოში კი - გიორგი წერეთელი.

ცნობილია, რომ მას არაერთხელ გაუწევია მატერიალური დახმარება სტიქიური უბედურებით დაზარალებული ქართველი გლეხებისათვის. 1896 წელს ქუთაისის გუბერნიის თავდაზნაურთა მეთაურის სიმონ წერეთლისადმი გაგზავნილ ბარათში მარჯორი უორდროპი წერდა: „დიდათ პატივცემული თავადო სვიმონ წერეთელი! ამასთანავე გიგზავნით ას მანეთს, და უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ წყალდიდობისაგან დაზარალებულ გლეხთა შესაწევნადთ. ჩემი ძმა და მეც ვგრძნობთ უდიდესი მწუხარება უბედურობისათვის საქართველოში და სურვილი მაქვს, რომ შეწირულობა ბევრი იქნება...“[1]. და-ძმა უორდროპები მუდმივად ეხმარებოდნენ ქართველ სტუდენტებს ინგლისში, რეკომენდაციებს აძლევდნენ უნივერსიტეტში სასწავლებლად, აფიინანსებდნენ კიდეც. მათ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იმ პერიოდში ინგლისში მცხოვრებ ვარლამ ჩერქეზიშვილთან.

მარჯორი უორდროპს ჰქონდა მიმოწერა რუსეთში მოღვაწე ქართველ პროფესორებთან ალ. ხახანაშვილთან და ალ. ცაგარელთან. აგროვებდა ქართული პერიოდული გამოცემის ჟურნალ-გაზეთებს, წიგნებს, ძველ ქართულ ხელნაწერებს. მისი ამ ბიბლიოთეკის საფუძველზეც შეიქმნა ოქსფორდში მარჯორი უორდროპის ქართული ფონდი. როგორც ალ. ხახანაშვილისადმი გაგზავნილი ერთ-ერთი წერილიდან ირკვევა, უკვე 1900 წელს უორდროპის ბიბლიოთეკა უკვე მოიცავდა შვიდასამდე წიგნს[3].

მარჯორის მეგობრული ურთიერთობა ქონდა ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელთან, რომელსაც ხშირად წერდა ხოლმე თავისი მთარგნელობითი საქმიანობის შესახებ, ასევე ივანე მაჩაბელთან, რომლის ინგლისურიდან თარგმანების პირველი შემფასებლებიც ის და მისი ძმა, ოლივერი იყვნენ ხოლმე. ასევე ახლო ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან და მისი ოჯახის წევრებთან - მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან და დასთან, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილთან. საქართველოში ყოფნისას ხშირად იყო ხოლმე მათი სტუმარი. 1909 წელს იგი ოლღა გურამიშვილს წერდა: „მეც ღმერთსა ვთხოვ ყოველთვის მაღირსოს თქვენი ნახვა და საქართველოში წასვლა. ყოველ წელიწადს ვგონებ მომავალში შეიძლება მოვალ იქითკენ, მაგრამ ჯერ ჩემ ბედში არ წერილია. ცამეთი წელიწადია არ ვყოფილვარ საქართველოში. ჩემი გული სიყვარულით მისკენ უკუნისამდე ბრუდება“[4].

მარჯორი და ოლივერ უორდროპებმა ერთობლივად თარგმნეს „წმინდა ნინოს ცხოვრება“ ინგლისურ ენაზე და ხელნაწერზე ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, 1896 წელს გამოაქვეყნეს. ძმასთან ერთად თარგმნა მან ასევე სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“.

მარჯორი უორდროპის მიერ შესრულებული თარგმანები „მძინარე ქალს“, „გაზაფხული“, „ელეგია“, ნაწყვეტები „აჩრდილიდან“, „გლახის ნაამბობიდან“, „კაცია-ადამიანი?!“ მხოლოდ 1987 წელს გამოიცა წიგნად თბილისში. ოქსფორდის ბიბლიოთეკაში შემონახულია მარჯორისეული რვეული, სადაც მოცემულია გრიგოლ ორბელიანის ლექსების თარგმანები (The Vision, My Epostaph, Remembrance, Queen Tamara’s Portrait). საარქივო მასალებში მოიპოვება აკაკი წერეთლის, რაფიელ ერისთავის და სხვათა პოეზიის მარჯორისეული თარგმანები, რომლებიც დღემდე გამოუქვეყნებელია წიგნად.

ის თარგმნის არა მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებს, არამედ საქართველოში გამომავალ საგაზეთო სტატიებსაც მიმდინარე მოვლენების შესახებ. მათ შორისაა გაზეთ ივერიაში გამოქვეყნებული ბ. ნიჟარაძის სტატია „თავისუფალი სვანი“, რომლის თარგმანიც 1895 წლის 12 აგვისტოთი თარიღდება (Beliefs of Svanetians concerning a future life)[5].

მარჯორი გარდაიცვალა 1909 წლის 7 დეკემბერს ბუქარესტში. დაკრძალულია სევენოუკში, ლონდონის მახლობლად.

1912 წელს, მარჯორის გარდავალებიდან სამი წლის შემდეგ ოლივერ უორდროპმა ლონდონში გამოსცა მარჯორის მიერ ინგლისურად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“, რომლის თარგმანზეც მარჯორი თვრამეტი წლის მანძილზე მუშაობდა და ამ პერიოდში თარგმანის არაერთი ვარიანტი გააკეთა. ერთ-ერთ წერილში მარჯორი ანასტასია თუმანიშვილ-წერეთელს წერდა: „ვეფხიტყაოსანი კიდევ დასაწყისიდან ვათარგმანებ, ამისთვის, რომ ჩემი პირველი თარგმანი არ მომწონდა, მე ახლა ნახევარი ვაკეთე და სურვილი მაქვს, რომ გაზაფხულის წინეთ დავასრულო, ეს მხოლოდ კვახი თარგმანი იქნება და დიდი შრომა და მოთმინება უნდა წინათ დაიბეჭდის“[6].

ოლივერ უორდროპმა ოქსფროდის უნივერსიტეტთან დაარსა მარჯორი ოურდროპის ფონდი „საქართველოს ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლის განსავითარებლად.“

 

ციტატა:

„ეს ქალი ისე გულმოდგინედ შრომობს და შედარებით მცირე ხანში იმდენად შიეთვისა ქართული ენა, რომ უკვე გადათარგმნა ქართულ ენაზედ „ქართული სახალხო არაკები“, 1894წ. გაზეთი „ივერია“.

„ქართული ენა ლიტოღრაფიაში დაბეჭდილი ბროსეს გრამატიკით ისწავლა, ისე, რომ არცერთი ქართული სიტყვა არ გაუგონია. მხოლოდ სახარებას კითხულობდა...“ 1894წ. გაზეთი „ივერია“.

 

გამოქვეყნებული თარგმანების ჩამონათვალი:

  1. Georgian Folk Tales, London 1894;
  2. The Hermit, Legend by Prince Ilia Chavchavadze, London 1895;
  3. The Man in the Panter’s Skin, A Romantic Epic by Shota Rustaveli, London 1912;
  4. Life of St. Nino, Oxford 1900 (ერთობლივი თარგმანი ოლივერთან ერთად).
 

[1]თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა, ხელ. No S- 65. ციტირებულია ლეილა თაქთაქიშვილი ურუშაძეს მიხედვით „მარჯორი უორდროპი“, თბილისი 1965, გვ. 55
[3]ხელნაწერთა ინსტიტუტი, ხახანაშვილის არქივი, No 123, წერილი დაწერილია ინგლისურ ენაზე. ციტირებულია ლეილა თაქთაქიშვილი ურუშაძეს მიხედვით „მარჯორი უორდროპი“, თბილისი 1965, გვ. 57.
[4]ხელნაწერთა ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის არქივი, ხელ. No 14. ციტირებულია ლეილა თაქთაქიშვილი ურუშაძეს მიხედვით „მარჯორი უორდროპი“, თბილისი 1965, გვ. 59.
[5]შდრ. შორენა ბორაშვილი-შტოიერი, „საიდუმლოდ შენახული ქართული საგანძური. ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკის უორდროპის კოლექციის კუთვნილი მასალები“, თბილისი 2009, გვ. 68-73.
[6]ხელნაწერთა ინსტიტუტი, თუმანიშვილის არქივი No 415. ციტირებულია ლეილა თაქთაქიშვილი ურუშაძეს მიხედვით „მარჯორი უორდროპი“, თბილისი 1965, გვ. 57.