(1879 - 1967)
დაიბადა 1879 წლის 14 მარტს, სოფელ ღორეშაში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია. ამ პერიოდიდან ებმება მარქსისტული წრეების მუშაობაში. 1901 წელს სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში, „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში; გიორგი ვალენტინის ძე პლეხანოვის (1856-1918 წწ.) ხელმძღვანელობით გადიოდა მარქსიზმის თეორიას. ჟენევაში დაქორწინდა მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძეზე (1880-1937 წწ.)
1905 წელს დაბრუნდა თბილისში და ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში; ჩაბარებული ჰქონდა რამდენიმე მუშათა წრე საპროპაგანდოდ. 1905 წელს, ამიერკავკასიაში სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში განხეთქილების დაწყების შემდეგ იყო აქტიური „მენშევიკი“; მისი მეუღლე მალაქია ტოროშელიძე კი „ბოლშევიკი“. 1906 წლის დასაწყისში რევოლუციური მოძრაობის ჩახშობის და რეაქციის გამძაფრების გამო პარტიულ სამუშაოზე გაგზავნეს ქალაქ ბაქოში.
1906 წელს ბაქოდან ორსულობის გამო, კვლავ ჟენევაში დაბრუნდა სადაც დარჩა და დააასრულა სასწავლო კურსი. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ 1914 წელს ევაკუაციის წესით დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში. დროებით მუშაობდა სამტრედიაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ქალაქთა კავშირში.
1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო შრომის და სახალხო ჯანმრთელობის კომისიის წევრი.
1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის არმიის თავდასხმისას მუშაობდა საქართველოს წითელ ჯვარში. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩაბმული იყო ანტი-საბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში. მუშაობდა ე.წ. „არა“-ში („ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია“ – American Relief Administration), პარალელურად ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას დაპატიმრებულ სოციალ-დემოკრატების და ფედერალისტების ოჯახების დასახმარებლად, რის გამოც 1924 წლის დასაწყისში იძულების წესით გაასახლეს მოსკოვში. 1925 წელს თვითნებურად დაბრუნდა თბილისში, მაგრამ კვლავ მოსკოვში გაგზავნეს. 1925 წელს „მენშევიკურ“ პარტიაში მუშაობაზე უარის თქმის შემდეგ მისცეს თბილისში დაბრუნების უფლება.
1936 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს სსრ შინსახკომმა მალაქია ტოროშელიძე დააპატიმრა, 13 ოქტომბერს მინადორა ტოროშელიძე, 26 ოქტომბერს კი უფროსი ვაჟი - გიორგი.
მინადორა ტოროშელიძეს ბრალად დასდეს, 1936 წელს, ქალაქ კისლოვოდსკში ყოფნისას ანტი-საბჭოთა საუბრები და გადასახლებულ „მენშევიკთან“ გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძესთან (1881-1937 წწ.) კავშირი. მან კატეგორიულად უარყო ბრალდებები და თავი დამნაშავედ არ სცნო. 1936 წლის 17 დეკემბერს სსრკ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა მინადორა ტოროშელიძეს 5 წლით ყაზახეთის სსრ-ში გადასახლება მიუსაჯა. გადასახლებაში, მინადორა ტოროშელიძე ყაზახეთის სსრ-ში ქალაქ ჩიმკენტში მუშაობდა პოლიკლინიკაში, სადაც დააპატიმრეს 1937 წლის 5 ივნისს.
მალაქია ტოროშელიძეს 1937 წლის 9 ივლისს საქართველოს სსრ-ს უმაღლესმა სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა. 1937 წლის 13 სექტემბერს დააპატიმრეს მათი უმცროსი ვაჟი ლევან ტოროშელიძე. ყაზახეთის სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) 1937 წლის 29 ოქტომბერს მინადორა ტოროშელიძეს 8 წლით შრომა-გასწორების კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა.
1938 წლის 17 იანვარს, ვოლოგდის მხარსი შინსახკომთან არსებული სამეულის გადაწყვეტილებით, გიორგი ტოროშელიძე ვოლოგდის ციხეში დახვრიტეს. 1938 წლის 25 მარტს საქართველოს სსრ-ს შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ. „ტროიკა“) ლევან ტოროშელიძეს დახვრეტა მიუსაჯა.
1937 წლის დეკემბრიდან მინადორა ტროშელიძე იმყოფებოდა „ტაიშეტლაგში“ (ტაიშეტის შრომა-გასწორების ბანაკი), სადაც მუშაობდა ექიმად. 1942 წლის აპრილში გადააგზავნეს „ყარლაგში“ (ყარაგანდის შრომა-გასწორების ბანაკში), სადაც 1942 წლის 7 მაისიდან მუშაობდა დასახლება ბიდაიკის საავადმყოფოში. მინადორა ტოროშელიძეს სასჯელის ვადა დაუმთავრდა 1945 წლის 5 ივნისს, მაგრამ არ მისცეს სამშობლოში დაბრუნების საშუალება და 1947 წლის 28 თებერვალს სსრკ-ს შინსახკომთან არსებული განსაკუთრებული სათათბიროს დადგენილებთ 3 წლით გაუგრძელეს გადასახლების ვადა.
გათავისუფლდა 1950 წელს და დაბრუნდა თბილისში. რეაბილიტირებულია 1956 წელს.
ციტატა:
„. . . კამათის დროს არავის ვუთმობდი, მაგრამ როცა კრებიდან გამოვდიოდით ქუჩაში ბევრ რამეს ვივიწყებდი და ვცდილობდი მტრული განწყობილება არ დამრჩენოდა მოწინააღმდეგეებთან. უნდა ვაღიარო, რომ ამას არასოდეს ვნება არ მოუტანია ცხოვრებაში არც პირადათ ჩემთვის და არც საქმისთვის . . .“
გამოყენებული წყაროები:
დაკარგული ისტორია - მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ. SOVLAB, თბილისი, 2012 წ.