(1859-1910)
XIX საუკუნის 60-70-იანი წლების საქართველოში, თერგდალეულების პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლას მნიშვნელოვანი კულტურული ძვრები მოჰყვა. ამ ცვლილებების ავანგარდში ქართული თეატრი მოექცა, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარმატებით ვითარდებოდა. 1865 წლიდან წარმოდგენები იმართებოდა ხონში, ფოთში, ბათუმში, სიღნაღში, ახალციხეში. ქართველ სცენისმოყვარეთა რჩეული ქალაქი ქუთაისი იყო, სადაც, 1961 წლიდან მოყოლებული, გიორგი ერისთავის პიესა „გაყრა“ დიდი ტრიუმფით იდგმებოდა.
ივანე მაჩაბლის, სოფრომ მგალობლიშვილის, ნიკო დიასამიძისა და სხვათა ხელშეწყობით, 1879 წელს ქალაქ გორში პატარა თეატრი „როტონდა“ შეიქმნა, სადაც წარმოდგენები კვირაში ერთხელ იმართებოდა. პიესები „გაყრა“ და რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ გორში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ, მაგრამ, ადგილობრივი დასის წინაშე დიდი პრობლემა იდგა. მამაკაცი მსახიობები საჭიროზე მეტიც ჰყავდათ, აი „აქტრისებთან“ დაკავშირებით კი სერიოზულ უკმარისობას განიცდიდნენ. ცნობილი იმდროინდელი ხალხოსანი, ზაქარია გულისაშვილი, იხსენებს, რომ „გორში დიდად გაჰკიცხავდნენ მაშინ ყოველ ქალს ასეთი თავხედობისათვის“. სცენაზე მდგომ ქალს იმდროინდელი საზოგადოება „უნამუსო ქალად“ მიიჩნევდა. კარგა ხნის მანძილზე ქალის როლებს კაცები ასრულებდნენ, მაგრამ სპექტაკლის ორგანიზატორები ქალი მსახიობების ძიებას მაინც შეუდგნენ. მათ ვინმე მერაბ გაბუნიას „ალქაჯი გოგო“ მიასწავლეს. ასეთი ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით აღმოაჩინეს ნატო გაბუნიას სცენიური ტალანტი, რომელიც მრავალი ათეული წლის მანძილზე ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლად იქცა.
ნატო გაბუნია 1859 წელს გორში დაიბადა. 12 წლისა მამამ ხრუშჩოვების სკოლაში მიაბარა, რომელიც იმხანად ერთადერთი „საქალებო“ სასწავლებელი იყო გორში. ნატოს ლიტერატურის სიყვარული ოჯახიდან მოსდევდა. ამიტომაც, როდესაც თამამი, ვერცხლისწყალივით მოუსვენარი და საოცრად ნიჭიერი გოგონა თეატრში აღმოჩნდა, იქ თავი შინაურულად და ლაღად იგრძნო. 16 წლის ნატოს სცენიური ბიოგრაფია სპექტაკლებით „ძალად ექიმი“ და „უჩინმაჩინის ქუდი“ იწყება. ნატოს არტისტული ტალანტი მალე შეამჩნია გიორგი ერისთავის ვაჟმა, თეატრალურმა მოღვაწემ და დრამატურგმა დავით ერისთავმა. მან ნატოს მამას, მერაბს, პირობა ჩამოართვა, რომ დათქმულ დროზე გოგონას თბილისში ჩამოიყვანდა.
1879 წლის 21 მარტს, საქველმოქმედო სპექტაკლში „გეო, მინას კომპანია და სხვა“ ნატო თბილისელმა მაყურებელმა პირველად იხილა. მართალია, თავად სპექტაკლი წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ ნატო გაბუნიას დებიუტი ეპიზოდურ როლში მაშინ ბევრს დაამახსოვრდა.
მართალია, მამა ნატოს სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში მონაწილეობას არ უკრძალავდა, მაგრამ იმის გაგონებაც კი არ სურდა, რომ მის ქალიშვილს მომავალ პროფესიად შესაძლოა მსახიობობა აერჩია. ამიტომაც, იგი მტკიცე უარზე დადგა, როდესაც სცენისმოყვარეთა დასში ნატოს მუშაობის საკითხი აქტუალური გახდა. ნადიამბეგარმა, ძველი ტრადიციების დამცველმა მერაბმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა - ჩემი ქალი სცენაზე არ დადგებაო. ნატო იძულებული გახდა, თბილისში მალულად გაპარულიყო. 1879 წელს ნატო მუდმივმოქმედი თეატრის დასის წევრი ხდება. მამამ მას მხოლოდ მაშინღა აპატია, როდესაც მან ავქსენტი ცაგარელზე ჯვარი დაიწერა.
იმ პერიოდის მოღვაწეებმა ქართულ პროფესიულ თეატრს ახალი სიცოცხლე შთაბერეს. ცარიზმის აგრესიული კურსი პირველ რიგში რუსეთის იმპერიაში შემავალი მცირე ერების ასიმილაციონისტურ პოლიტიკას ეფუძნებოდა. იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ენა აგრესიულად იდევნებოდა ყველგან, ქართულმა თეატრმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მაკონსოლიდირებელი როლი იტვირთა. პრაქტიკულად, თეატრი ერთადერთი ადგილი გახდა, სადაც ქართული ენა და იდენტობა დევნა-შევიწროვებას არ განიცდიდა.
ახლადშექმნილმა დასმა თბილისში 1879 წლის 3 ივნისს დაქირავებულ შენობაში, ე.წ. არწრუნის თეატრში, პირველი წარმოდგენა გამართა. წარმოდგენლი იყო ერთმოქმედებიანი ვოდევილები „ყვავი ფარშავანგის ფრთებით“, „ძალად ექიმი“ და „ცოლი თუ გინდა, ეს არის“. თბილისური წარმოდგენების შემდეგ დასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საგასტროლოდ გაემგზავრა. ახალციხეში, აბასთუმანში, გორში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში სპექტაკლებს დიდი წარმატებს ჰქონდა. ნატოს გამოსვლებმა სპექტაკლებში „პეპო“, „მოტია“, „ძალათ ექიმი“, „აყალ-მაყალი ცოლ-ქმარს შუა“ განსაკუთრებული წარმატებით ბათუმში ჩაიარა, სადაც მისი საამური ხმის ტემბრითა და მუსიკალობით მოხიბლული მაყურებლები მსახიობს დაუსრულებელი აპლოდისმენტებითა და შეძახილებით აჯილდოვებდნენ. 1879 წლის 1 სექტემბერს, საზაფხულო თეატრის სცენაზე, სპექტაკლებით „რას ვეძებდი და რა ვიპოვე“ (ბარბარე ჯორჯაძე) და „იჭვიანი“ (რაფიელ ერისთავის მიერ გადაკთებული), გაიხსნა მუდმივმოქმედი პროფესიული თეატრის პირველი სეზონი. ნატო გაბუნიასა და ვასო აბაშიძის დუეტი სპექტაკლებში ყველასთვის დასამახსოვრებელ მოვლენად იქცა.
ნატო მუდმივ დასში სულ ახალი ჩარიცხული იყო, როდესაც აკაკი წერეთელმა საგანგებოდ მისთვის პიესა „კინტო“ დაწერა. 1880 წლის 9 იანვარს ნატოს პირველი ბენეფისი გაიმართა, სადაც იგი ორ პიესაში თამაშობდა ( „კინტო“, „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“). ბენეფისმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა. „კინტოში“ მსახიობს საშუალება მიეცა, სრულიად განსხვავებული სცენიური სახეებისთვის ხორცი კონტრასტული გადასვლების მეშვეობით შეესხა. თბილისის ამქარმა ნატოს ძველი მომღერლის, ევანგულოვის ნაქონი, ვერცხლით მოჩუქურთმებული დაირა გადასცა. ტრადიციის თანახმად, ბენეფიციანტი აუდიტორიამ იმ საღამოს ბევრი ძვირფასი საჩუქრით დააჯილდოვა. „კინტოს“ წარმატების შემდეგ ნატო ილია ჭავჭავაძის ოჯახში სასურველი სტუმარი გახდა. მოგვიანებით, ილიამ საგანგებოდ ნატოსთვის თავისი „კაცია-ადამიანი?!“ „მაჭანკლად“ გადააკეთა, სადაც იგი მაჭანკლის როლს განასახიერებდა. ერთხელ, ოლღა გურამიშვილმა მას ივანე მაჩაბელი მიუგზავნა, მისი პირით მოკრძალებულად უკეთეს საცხოვრებელ პირობებში გადასვლა შესთავაზა და ქართული ჩიხტიკოპის ტარება ურჩია. ნატომ ოლღას დანაბარები ზედმიწევნით შეასრულა და სიცოცხლის ბოლომდე ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დადიოდა. მწერალი ილია ზურაბიშვილი იხსენებს, რომ ნატო „ძალიან შავგვრემანი, წაბლისფერთვალება იყო, მრგვალი პირისახით, ოდნავ ნოღა ცხვირითა და ვნებიანი ტუჩებით“. ამის გამო, ქართული ეროვნული სამოსი მის განსაკუთრებულობას უსვამდა ხაზს და იმ დროინდელ მოდას აყოლილი ქალებისგან განსხვავებით, ინდივიდუალისტურ იერს სძენდა.
ცალკე აღნიშნვის ღირსია ნატო გაბუნიას მომაჯადოებელი მუსიკალობა, რასაც ბევრ სპექტაკლში მის მიერ განსახიერებულ გმირებს განუმეორებელ ხიბლს ანიჭებდა. ნიკო ლომოური მსახიობის შთამბეჭდავ ხმის ტემბრზე აღტაცებით წერს და აღნიშნავს: „ეჭვი არ არის, ეს სიცოცხლე მგრძნობელობისა და ეშხი კილოსი სამშობლო მიწა-წყალმა შთაბერა მის სულსა“.
ნატო გაბუნიათი განსაკუთრებულად მოხიბლული დრამატურგი ავქსენტი ცაგარელი იყო, რომელიც 1882 წელს მისი მეუღლე გახდა. ამ ქორწინებას არც გაბუნიების ოჯახი შეხვედრია დიდი სიხარულით და არც ცაგარლების. განსაკუთრებით ავქსენტის დედა იყო „აქტრისა“ რძლის კატეგორიული წინააღმდეგი. თუმცა, ასიკომ თავისი გაიტანა და ნატოზე დაქორწინდა. მისი „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ და საგანგებოდ ნატოსთვის დაწერილი „ხანუმა“ იმ პერიოდის თეატრალურ სცენაზე უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. ასიკო მეუღლესთვის დაუღალავად წერდა და თარგმნიდა ახალ-ახალ პიესებს. ნატოს სამსახიობო ბიოგრაფიაში ხანუმას სახეს განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან, მაშინდელ კრიტიკოსთა აზრით, მაჭანკლის ფლიდი და ხარბი სახე ნატომ გასაოცარი ოსტატობით გამოძერწა. თუმცა, ნატო მხოლოდ კომედიურ როლებში როდი ბრწყინავდა. „ორ ობოლში“ მის მიერ განსახიერებული მადამ ფროშარი მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
1883 წელს საქართველოს ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე ოსტროვსკი ესტუმრა. მის პატივსაცემად არწრუნის თეატრში გამართული საღამო ნატო გაბუნიამ დრამატურგისთვის დიდ დღესასწაულად აქცია. მის მიერ განსახიერებული კუკუშკინათი ოსტროვსკი იმდენად აღფრთოვანდა, რომ ნატოს ხელზე აკოცა და უთხრა: „ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სცენაზე მრავალჯერ გაცოცხლებულ კუკუშკინას ქართველი მსახიობი ქალის ასეთი უზადო შესრულებით ვიხილავდიო“.
მიუხედავად იმისა, რომ ნატო გაბუნია ცნობილი და დაფასებული მსახიობი იყო, იგი და ასიკო მუდმივ მატერიალურ სიდუხჭირეში ცხოვრობდნენ. რაღაც პერიოდში, ავქსენტის ნიკო ნიკოლაძემ რკინიგზაში სამსახური უშოვა, რის გამოც წყვილს თავიანთი დროის უმეტესი ნაწილის ცალ-ცალკე გატარება უწევდა. სტაბილური შემოსავლის ამაო ძიებაში გატარებულმა წლებმა ავქსენტის ჯანმრთელობაზე თავისი უარყოფითი გავლენა იქონიეს. იგი სმას მიეძალა და 45 წლის ასაკში, 1902 წელს, გარდაიცვალა.
მეოცე საუკუნის დასაწყისში უკვე ნათელი გახდა, რომ ქართული თეატრის მოდერნიზაცია იყო საჭირო. მიხეილ ჯავახიშვილი, სანდრო ახმეტელი და სხვანი ამის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. ეს მტკივნეული ცვლილებები ნატოსაც შეეხო. იგი დასის წევრად აღარ აირჩიეს. ნატოს ისღა დარჩენოდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გაემართა სპექტაკლები. მისი მონაწილეობით გამართული საღამოები ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გაქარწყლდა თეატრის მოღვაწეთა ერთი ნაწილის მოსაზრება, თითქოს ნატო გაბუნიას მოღვაწეობის 30 წლის მანძილზე მისი შემოქმედება მოძველებული და მოსაწყენი გახდა. მსახიობმა იგრძნო, რომ ადამიანებისთვის ისევე ძვირფასი და საინტერესო იყო, როგორც ადრე. იგი წერდა:
„ბევრი რამ კარგი და თან მწარეც გამომივლია სცენაზედ. ჩემთვის ყველაფერს თეატრი შეადგენდა, ეხლაც ესეა... შეიძლება მე სცენისთვის ჩალადაც არ ვღირდე, მაგრამ იგი ჩემთვის ყველაფერია - ჩემი ოჯახი, ჩემი ასიკო, ჩემი სალოცავი, ჩემი სულის დგმა და სხვა და სხვა... ხსოვნა არ მღალატობს, მაგრამ წარსულის მოგონებას ძალღონე ნდომებია და მხოლოდ ეხლა ეთანხმები დიდებულ რუსთაველს, „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა...“
ნატო გაბუნია 1910 წლის 16 აგვისტოს, 51 წლის ასაკში, ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე, ავქსენტი ცაგარლის გვერდით. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, ქარელში, თავისი საყვარელი როლი - ხანუმა ითამაშა. ნატოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ქართული დრამატული საზოგედოების გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მის სახსოვრად საზღვარგარეთ დრამატული ხელოვნების დაუფლების მსურველ ნიჭიერ ქალთათვის 300 მანეთი სტიპენდია დანიშნულიყო. სტიპენდიისთვის თანხების მოსაზიდად, ნატო გაბუნიას დაბადების დღეს, ყოველი წლის 3 თებერვალს, საქველმოქმედო წარმოდგენები იმართებოდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ნატო გაბუნია, ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობა, ტფილისი, ქართული დრამატიული საზოგადოების გამგეობის გამოცემა, 1909
- ალექსანდრე ბურთიკაშვილი, ნატო გაბუნია (მონოგრაფია), საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თბილისი, ხელოვნება, 1949
- მაია კიკნაძე, ნატო გაბუნია, ცხოვრება და შემოქმედება, თბილისი, "კენტავრი", 2011