ნინო ტყეშელაშვილი

(1874-1956)

ნინო 1874 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში. გიმნაზია წარმატებით დაამთავრა. სულ მალე ნიკო ნიკოლაძემ და ოლღა გურამიშვილმა იგი დიდი ჯიხაიშის სკოლაში რუსულის მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო 1903 წელს მოსკოვში გაემგზავრა საექიმო კურსებზე ჩასაბარებლად. რუსეთში რევოლუციური მოძრაობის ტალღამ მის მეგობრებსაც გადაუარა და ბევრი მათგანი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.



1906 წელს სამშობლოში დაბრუნებული ნინო ტყეშელაშვილი პოსტრევოლუციურ მელანქოლიას შეესწრო, მაგრამ რადგან მარიამ დემურიას დაუახლოვდა და მისი საკვირაო სკოლის მასწავლებელი გახდა, იმედგაცრუებისთვის დრო აღარ რჩებოდა. პარალელურად „ნაკადულშიც“ ბეჭდავდა შემეცნებითი ხასიათის წერილებსა და თარგმანებს.



ნინო ტყეშელაშვილი, როგორც ქალის თანასწორუფლებიანობისთვის მებრძოლი „სუფრაჟისტკა“ ჩართული იყო 1905 წლის რევოლუციის მერე წამოწყებულ მოძრაობაში, სადაც ძირითადი თემა სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობისათვის ბრძოლა იყო. ანასტასია გედევანიშვილმა „ქალთა თანასწორუფლებიანობის საქართველოს კავშირი“ ჩამოაყალიბა. ამ ორგანიზაციასთან ერთად ნინომ 1908 წელს სრულიად რუსეთის ქალთა პირველ ყრილობას სოლიდარობა გამოუცხადა.



`ქართველი ქალები, საქართველოს უძველესი დედაქალაქის თბილისისა, მივესალმებით რუს ქალთა ყრილობის გახსნას.

დიდებული ქართველი ქალების ბრწყინვალე სახელები წარსულისა თავდებია ქართველი ქალების მომავლისაც. ქართველმა ქალებმა არასოდეს არ იცოდნენ მონობა და ჩვენ არ ვუღალატებთ ამ ტრადიციას. ქალის თავისუფლების და კულტურული განვითარების დაცვისთვის ერთად ვართ, თქვენთან ხელიხელჩაკიდებული“
(ჟურნალი „საქართველოს ქალი“, 1968, #6).



სოლიდარობის იდეით იყო ნაკარნახევი „კავკასიელ ქალთა საზოგადოების“ შექმნაც, რომლის დამფუძნებელი 136 მოქალაქე ქალი გახდა. ისინი პერიოდულად იკრიბებოდნენ და ბჭობდნენ თანასწორობის პრობლემებზე საქართველოში. ეს დისკუსიები და ორგანიზაციის სიცოცხლისუნარიანობა ნინო ტყეშელაშვილის ენთუზიამზე იდგა. ნინოს შეფასებით, „განსაკუთრებით მძიმე იყო ჩვენი, მწერალი ქალებისათვის მენშევიკების ბატონობის ხანა“. არავითარ ყურადღებას არ გვაქცევდნენ, არავინ იყო დაინტერესებული ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებით, ჩვენი მომავლითო, _ ამბობს იგი. (ნინო ჩიხლაძე, ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ქალები, თბილისი, 1990).



უნივესიტეტში გამართულ საგანგებო სხდომაზე სოციალ-დემოკრატები თავიანთ დელეგატებს ირჩევდნენ. კრების თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ სიაში არც ერთი ქალი არ აღმოჩნდა. ნინო ტყეშელაშვილმა კრებას ხუთი ქალი შესთავაზა, მაგრამ მისი წინადადება არ მიიღეს.



`მე მჭერმეტყველი არ ვარ, საზოგადოებაში ლაპარაკს გავურბივარ, წარსულმა, ქალის ფეხშეკრულმა ცხოვრებამ, ქალი დაამუნჯა, მაგრამ თქვენ ახლა ისეთი უსამართლობის წინაშე დაგვაყენეთ, რომ ქვასაც ენას ამოაღებინებთ. ქალი ოჯახს უვლის, შვილებს უზრდის ქვეყანას, საზოგადოებას ემსახურება რითაც და როგორც შეუძლია. ცოტა გვყვანდნენ რევოლუციონერი ქალები? თქვენ ოც კაცში ერთი ქალიც ვერ ამოგირჩევიათ, ესაა თქვენი სამართალი?!“



ნინო ტყეშელაშვილმა სახელი გაითქვა იმიტირებული სასამართლო პროცესით „ქრისტინეს გასამართლება“, რომელიც სახალხო თეატრების სცენაზე იმართებოდა.



ნინო ტყეშელაშვილი გარდაიცვალა 1956 წელს, 82 წლის ასაკში.

ბიბლიოგრაფია:

1.    ნინო ჩიხლაძე, ქართველი მწერალი და საზოგადო მოთვაწე ქალები, თბილისი, 1990