(1924-2008)
ანა კალანდაძე დაიბადა 1924 წლის 15 დეკემბერს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში. მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, 1931 წელს. 1941 წელს დაამთავრა ქუთაისის ნომერ პირველი საცდელ-სანიმუშო სკოლა. იმავე წელს სწავლა განაგრძო თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე კურსიდან ანა კალანდაძე კავკასიური ენების განყოფილებაზე გადავიდა და უნივერსიტეტი 1946 წელს სწორედ კავკასიური ენების სპეციალობით დაამთავრა.
პირველი ლექსი თერთმეტი წლის ასაკში, 1935 წელს დაწერა, რისკენაც მამიდამ ოლღა (ფოცია) კალანდაძემ უბიძგა, რომელიც თბილისში ქართული ენის მასწავლებელი იყო. მამიდის შთაგონებით დაწერილი „ბადრი მთვარე“ სკოლის კედლის გაზეთში გამოქვეყნდა.
1945 წლიდან დაწერილ ლექსებს მიიჩნევდა თავად ანა კალანდაძე თავის „პირველ დამოუკიდებელ მხატვრულ სიტყვად“.[1] ამ დროს მას უკვე დაწერილი აქვს „თუთა“, „საქართველოო ლამაზო“, „მოდიოდა ნინო მთებით“, „ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, „შენ ისე ღრმა ხარ“. ამ და მომდევნო წელს წერს ის ისეთ ლექსებს, როგორებიცაა „ამ სურით სვამენ“, „ბოშა ქალი“, „შემოდიოდა ჩვენში კალანდა“, „ყაყაჩოსა სიწითლითა“, „სასაფლაოს გაზაფხული“, „ლოცულობს გველი“, „ვარსკვლავების შარავანდით“, „მკვდართა მზე ვარ“, „ქეთევან დედოფალი“, „კარში გამო, ჭია-ჭია მარია!“. 1945-46 წლებში დაწერილი ლექსები ბოლო კურსზე სწავლისას ანამ მამიდის დაჟინებით დიმიტრი ბენაშვილს, ახლო ნათესავს გაუგზავნა. ამ უკანასკნელმა კი ეს ლექსები გაზეთის „ლიტერატურა და ხელოვნება“ რედაქტორს, გიორგი ნატროშვილს გადასცა და 1946 წლის 14 ივნისს პირველად დაიბეჭდა კიდეც ამ გაზეთში მისი ცამეტი ლექსი. ლექსებთან ერთად იმავე ნომერში დაიბეჭდა ვანო წულუკიძის წერილი სათაურით „ლიტერატურული ახალგაზრდობა“, რომელიც ანა კალანდაძის ლექსებზე პირველი რეცენზია იყო. 1946 წელსვე ჟურნალ „მნათობშიც“, რომლის რედაქტორი იმ პერიოდში ალიო მირცხულავა იყო, გამოქვეყნდა მისი ლექსები.
1946 წლის 25 მაისს მწერალთა კავშირის, რომელსაც იმ პერიოდში სიმონ ჩიქობავა თავმჯდომარეობდა, პოეზიის სექციამ კონსტატნტინე ჭიჭინაძის თავმჯდომარეობით მოაწყო 22 წლის ანა კალანდაძის ლექსების კითხვის საღამო, რასაც მოყვა ანას საყოველთაო აღიარება სამწერლობო წრეებში და იგი გახდა ცნობილი საზოგადოების ფართო წრეებისათვის როგორც პოეტი ქალი.
მოგვიანებით ამ პერიოდს თავად ანა კალანდაძე შემდეგნაირად შეაფასებს: „როდესაც ჩემი შემოქმედება სხვებისთვის ცნობილი გახდა ... სიხარულთან ერთად ისიც ვიგრძენი, რომ ... რაღაც დასრულდა, რაღაცა დამთავრდა, შეწყდა... დაირღვა სულიერი წონასწორობა... ასე რომ, თუ ჩემი ლექსების გამოქვეყნებისას სიხარულს მგვრიდა მკითხველის მიერ მათი გათავისება, უნდა ვაღიარო ისიც, რომ კმაყოფილი მაინც (თუ შეიძლება შემოქმედი საერთოდ იყოს კმაყოფილი) ჩემი შემოქმედების ამ „ფარული პერიოდითა“ ვარ, „საიდუმლოს გაცხადებას“ რომ უსწრებდა წინ. ე.ი. როცა სრული შინაგანი და გარეგანი სიმშვიდით ვიყავი მოცული და, მაშასადამე, - თავისუფალი უცხო თვალისაგან.“[2]
1946 წლის 25 მაისის საღამოს აკაკი გაწერელიას, ალექსანდრე აბაშელის, სიმონ ჩიქოვანის, გერონტი ქიქოძის თუ სხვათა მიერ ერთხმად ითქვა, რომ აუცილებელი იყო ანა კალანდაძის ლექსების კრებულად გამოცემა, თუმცა ეს მხოლოდ მთელი შვიდი წლის შემდეგ, 1953 წელს მოხერხდა:
ანა კალანდაძის „აღმოჩენა“ ქართული ლიტერატურული წრეების მიერ მოხდა 1946 წელს, ანუ მაშინ, როდესაც ამავე წლის 14 აგვისტოს ჟურნალების „ზვეზდას“ და „ლენინგრადის“ შესახებ გამოქვეყნდა კომპარტიის ცკ-ს დადგენილება, რომელშიც დაგმობილი იყო ანა ახმატოვასა და მეხეილ ზოშჩენკოს შემოქმედება. შესაბამისად, ჩვენშიც დაიწყეს ზოშჩენკოებისა და ახმატოვების ძებნა. ზოგმა ხელისუფლების შეკვეთით, ზოგმაც საკუთარი ინიციატივით სამიზნედ ანა კალანდაძე გაიხადა.
1946 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „კომუნისტში“ დაიბეჭდა კრიტიკოს სერგი ჭილაიას წერილი, რომელიც ფაქტობრივად იმეორებდა კომპარტიის დადგენილების ტექსტს და ანა კალანდაძეს დეკადენტობაში ამხელდა: „ფორმალიზმი, უიდეობა, აპოლიტიკურობა ამაზე შორს ვერ წავა.“[3]
1946 წლის სექტემბერში გაიმართა ქართველ მწერალთა მესამე ყრილობა, რომლის ლატმოტივიც მეტროპოლიიდან წამოსული დადგენილებისა და ჟდანოვის მოხსენებაში ჩამოყალიბებული „დებულებების“ ცხოვრებაში პრაქტიკული რეალიზაცია იყო. ყრილობაზე გამოვიდა საქართველოს კომპარტიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პეტრე შარია, რომელმაც თავის სიტყვაში ანა კალანდაძეც გააკრიტიკა. იგივე პოზიცია დაიჭირეს ანა კალანდაძის მიმართ 1947 წლის ივნისში გამართულ საქართველოს ახალგაზრდა მწერალთა კონფერნციაზეც.
გარკვეულწილად ალბათ ამ კრიტიკისა და თავდასხმების შედეგი იყო ის, რომ ანა კალანდაძეს 1947-48 წლებში აღარაფერი დაუწერია, ხოლო 1951-52 წლებშიც ძალიან ცოტას წერდა.
1951 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების საქმეთა კომიტეტისგან ანა კალანდაძემ მიიღო „საორიენიტაციო თემატიკის“ ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც ახალი ნაწარმოებები უნდა შეექმნა. თემები, რომელთა პოეტურ დამუშავებასაც ავალებდნენ, იყო: სამგორის შესახებ, რუსთავის შესახებ, ბრძოლა მარცვლეულისათვის, ბრძოლა მეცხოველეობისათვის, საკოლმეურნეო მგზავრული, მაღაროელთა სიმღერა, ხალხთა და ეროვნებათა სტალინურ მეგობრობაზე და ა.შ.
პირველი კრებული 1953 წელს გამოაქვეყნა, თუმცა მასში არ შესულა პოეტის ბევრი ლექსი ცენზურის გამო და რაც გამოქვეყნდა, იმათაც დიდი ცვლილებები განიცადეს. კრებული იწყებოდა 1953 წლით დათარიღებული ლექსით „დიდება, შენ უხვო სინათლევ...“, შემდეგ მოდიოდა 1950-53 წლებში დაწერილი ლექსები, რომელთა თარიღიც იმის მანიშნებელია, რომ მათ გარეშე ეს კრებული არ გამოიცემოდა. მათ ე.წ. „პარავოზის“ ფუნქცია შეასრულეს (ასე უწოდებდნენ კრებულებში შესულ პარტიული კონიუნქტურისთვის დამაკმაყოფილებელ იდეოლოგიურ ლექსებს), რათა კრებულში სხვა, მანამდე „უიდეოდ და აპოლიტიკურად“ მონათლული ლექსებიც მოხვედრილიყო. მოგვიანებით ანა კალანდაძე იტყვის, რომ „პირველი კრებული, რომელიც 1953 წელს გამოვიდა, მხოლოდ კომპრომისების შედეგია (და არა მხოლოდ პირველი კრებული!), კომპრომისებისა, რომლებიც დღეს არავითარ განსჯას არ ექვემდებარებიან.“[4] ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1957, 1960, 1967, 1976 წლებში. მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ ენებზე. რუსულად ანა კალანდაძის ლექსებს თარგმნიდა ბელა ახმადულინა, რომლის შესახებაც ანა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: „ბარაქალა ბელა ახმადულინას! მისი თარგმანები ორიგინალის სიახლოვით კი არ მომწონს, არამედ სულით... ქართული არ იცის... მიკვირს, ჩემი პოეტური განწყობილებებიდან ასე დაშორებულმა როგორ გამიგო...“[5] ყველაზე სრულია მისი შემოქმედების ორტომეული, სადაც ლექსების გარდა დაბეჭდილია წერილები, ესეები და მოგონებები.
1952 წლიდან ანა კალანდაძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში. ინსტიტუტის გადაწყვეტილებით, 1973 წლიდან იგი გახდა ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ხარისხი დაცული არ ქონია.
წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად.
ანა კალანდაძე დაჯილდოებულია ”საპატიო ნიშნის” ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს ციკლისათვის ”თავაწეული ქართული დროშები” მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი. 1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. პოეტის განცხადებით, ეს უკანასკნელი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო გახლდათ, რადგან ამ წოდებით ნათლად ჩანდა, რომ მისი, როგორც პოეტის მისია შესრულებული იყო.
ანა კალანდაძე გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს ინსულტის შედეგად, 83 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
ციტატები:
„მთავარია პასუხისმგებლობა, პასუხისმგებლობა ყველაფერშია.“[6]
„ალბათ ახალგაზრდობის წლებს უნდა ვუმადლოდე ჩემს მაშინდელ ინდიფერენტიზმს კრიტიკის მიმართ. ამ ინდიფერენტიზმის საფუძველი შეიძლება ისიც გახლდათ, რომ ჩემი, ასე ვთქვთ, შინაგანი სიმართლისა ძალიან მჯეროდა... ახლა უფრო მეტი მესმის კრიტიკის ქვეტექსტებისა და ამდენად სულ ვეღარ აღვიქვამ, მაგრამ მაინც, ძირითადად, კრიტიკის აღქმა ისეთივე დამრჩა. ახლა ინდიფერენტული შეიძლება იმიტომ ვარ, რომ ბევრი ვიცი კრიტიკის შესახებ, მაშინ იმიტომ ვიყავი, რომ არ ვიცოდი.“[7]
„ის რაღაც, რის წინაშეც მე ვარ პასუხისმგებელი, მხოლოდ სიმართლეა და მე ამის შეგრძნება დიდად მეხმარება შემოქმედის მძიმე ცხოვრებაში.“[8]
„’არაკეთილად გაგების შიშიგან’ შემოქმედი არასოდეს არაა დაზღვეული, მაგრამ აქაც ალბათ უფრო შენი შინაგანი სიმართლეა შენი მწე და მფარველი.“[9]
[1] შდრ. კობა იმედაშვილი, საუბრები, „პოეზიისთვის მთავარია სიმართლე“, თბილისი 1990, გვ. 11.
[2] შოთა ზოიძე, „დედოფალი:, ბათუმი 2001, გვ. 48.
[3] ციტირებულია შოთა ზოიძეს მიხედვით, „დედოფალი“, ბათუმი 2001, გვ. 46.
[4] ციტირებულია შოთა ზოიძეს მიხედვით, „დედოფალი“, ბათუმი 2001, გვ. 69.
[5] ჯუმბერ თითმერია, „საუბრები“, თბილისი 2004, გვ. 6.
[6] ჯუმბერ თითმერია, საუბრები, „ანა კალანდაძესთან დიალოგიდან“, თბილისი 2004, გვ. 10.
[7] კობა იმედაშვილი, საუბრები, „პოეზიისთვის მთავარია სიმართლე“, თბილისი 1990, გვ. 10.
[8] კობა იმედაშვილი, საუბრები, „პოეზიისთვის მთავარია სიმართლე“, თბილისი 1990, გვ. 12.
[9] კობა იმედაშვილი, საუბრები, „პოეზიისთვის მთავარია სიმართლე“, თბილისი 1990, გვ. 13.