ბერტა ფონ ზუტნერი

(1843-1914)

ბერტა ფონ ზუტნერი დაიბადა 1843 წლის 9 ივნისს პრაღაში. მისი ქალიშვილობის გვარია გრაფინია ფონ კინსკი ვშინიცისა და ტეტაუს მიწებისა, დაიბადა ბიომენის მხარის დიდგვაროვან ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ იგი გრაფინიად დაიბადა, მაინც არასდროს მიეკუთვნებოდა „უმაღლეს საზოგადოებას“: მამამისი ფრანც მიხაელ გრაფ კინსკი მის დაბადებამდე, 75 წლის ასაკში გარდაიცვალა, ხოლო დედა, სოფი ვილჰელმინა, რომელიც არადიდგვაროვანი წარმოშობის იყო, ფრანც მიხაელის გარდაცვალების შემდეგ ქმრის ოჯახისგან ჩამოშორებული იქნა. დედასთან ერთად ის ტრიალებს არისტოკრატულ წრეში. დედის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას ეწირება ბერტას მზითევი. ახალგაზრდა ბერტა რამდენჯერმე დაინიშნა: მისი საქმრო, თავადი მომღერალი ადოლფ ვიტგენშტაინი, რომელიც დებიუტით უნდა გამოსულიყო ნიუ-იორკის საოპერო თეატრში, ამერიკისკენ მიმავალ გემზე მოულოდნელად გარდაიცვალა. ბერტან საბოლოოდ მორიგ ხელის მთხოვნელზე, 34 წლით უფროს მილიონერ გუსტავ ფონ ჰაინე-გელდერნზე გათხოვებას გუვერნანტად მუშაობა არჩია. 1873 წლიდან იწყებს მუშაობას კარლ ფონ ზუტნერის ოჯახში ვენაში. ასწავლის რა მის ოთხ ქალიშვილს უცხო ენებსა და მუსიკას, თავის შრომით გამოიმუშავებს საკუთარ ფულს. მას და ზუტნერების ვაჟს, ბერტაზე შვიდი წლით უმცროს არტურ ფონ ზუტნერს ერთმანეთი უყვარდებათ. როდესაც ზუტნერების ოჯახი ამის შესახებ შეიტყობს, ბერტას დაითხოვენ. 1875 წლის შემოდგომიდან 1876 წლის ზაფხულამდე იგი არის შვედი ინჟინერის ალფრედ ნობელის პირადი მდივანი პარიზში. ნობელი, რომელსაც დინამიტის გამოგონებამ მილიონები მოუტანა, არის მარტოსული და მელანქოლიური ადამიანი, რომელსაც იოლად შეუყვარდება ბერტა. არტურ ფონ ზუტნერისადმი სიყვარულის გამო ბერტა 1876 წელს ტოვებს პარიზს და  ვენაში ბრუნდება. 1876 წლის 12 ივნისს მან და არტურმა საიდუმლოდ იქორწინეს. მშობლებმა, რომლებიც ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ, არტურ ფონ ზუტნერს მემკვიდრეობა ჩამოართვეს. ახლადდაქორწინებულები თითქმის ათი წლით კავკასიაში, კერძოდ საქართველოში გადასახლდნენ, სადაც ისინი სამეგრელოს დედოფლმა ეკატერინე დადიანმა მიიწვია. ეკატერინე დადიანს ბერტა 1864 წლის ზაფხულიდან მოყოლებული იცნობდა, როდესაც მათი ნაცნობობა ბად ჰომბურგში შესდგა. ზუტნერები თავდაპირველად დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, გორდში ცხოვრობდნენ, მოგვიანებით კი ქუთაისში დაბინავდნენ. საქართველოში არტური და ბერტა რთულ ფინანსურ პირობებში დასაწყისისთვის დროებითი სამუშაოთი ირჩენენ თავს,  როგორიცაა გასართობი რომანების წერა, მუსიკის გაკვეთილები თუ მთარგმნელობითი საქმიანობა.

1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებასთან ერთად არტურმა დაიწყო გერმანულ ყოველკვირეულ გაზეთებში მიმდინარე ომის, საქართველოს, კავკასიისა და ადგილობრივი ხალხის შესახებ წერილების გამოქვეყნება. იმავე წელს შეუდგა ჟურნალისტურ საქმიანობასაც ბერტა ფონ ზუტნერი. ბ. ოლოტის (B. Oulot) ფსევდონიმით გამოქვეყნებულ მის წერილებს ქმრის მსგასად დიდ წარმატება ქონდა. იგი ავსტრიული გაზეთებისთვის წერდა მცირე მოთხრობებს და ესსეებს, მისი ქმარი კი ომის შესახებ ცნობებსა და მოგზაურობის ისტორიებს. 1878 წლიდან ზუტნერები საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ და ქალაქის იმ დროისთვის ევროპულ უბანში, დღევანდელ აღმაშენებლის პროსპექტზე დასახლდნენ. თბილისში მათ ეკატერინე დადიანმა სარეკომენდაციაო წერილი გამოატანა ერეკლე ბაგრატიონის ქვრივთან, თამართან. მოგვიანებით კი ზუტნერები ზუგდიდში დაბინავდნენ, ქალაქის იმ ნაწილში, სადაც „გერმანული კოლონიაში“ (იგივე დასახლებაში) ვიურტემბერგელი გლეხები ცხოვრობდნენ და მათგან იქირავეს ფეშენებელური სახლი. ზუგდიდში ისინი პრინც აშილ მიურატის ოჯახში მუშაობენ:  გუნდაკარი მიურატების მიერ წამოწყებული მშენებლობის მეთვალყურე და ხელმძღვანელი იყო, ხოლო ბერტა კი მის ვაჟებს ასწავლიდა გერმანულს და მუსიკას. ზუგდიდში დაწერა ბერტამ რომანები: „ცუდი ადამიანი“, „ჰანა“, „სულის ინვენტარიუმი“. 1882 წელს გარადიცვალა სამეგრელოს დედოფალი ეკატერინე ჭავჭავაძე, რომლის დაკრძალვასაც ცოლ-ქმარი ზუტნერები დაესწრნენ.

1885 წლის მაისში ისინი დაბრუნდნენ ვენაში, შეურიგდნენ არტურ ფონ ზუტნერის ოჯახს და დასალხდნენ ჰარმენსდორფში მდებარე საგვარეულო სასახლეში.

1886-87 წწ. ზამთარი ცოლ-ქმარმა ზუტნერებმა გაატარეს პარიზში. პოეტ ალფონს დოდეს სახლში ბერტა ფონ ზუტნერი პირველად იგებს ორგანიზებული სამშვიდობო მოძრაობის შესახებ და ამყარებს კონტაქტს ამ მოძრაობასთან. თავის 1888 წელს გამოცემულ წიგნში „მანქანების ეპოქა“ ბერტა ფონ ზუტნერი პირველად ახსენებს საერთაშორისო სამშვიდო მოძრაობას. ბერტა მიმოწერაში იმყოფება ცნობილ ფრანგ მწერალ ემილ ზოლასთან.

1889 წელს ბერტა აქვეყნებს რომანს „ძირს იარაღი!“ (Waffen nieder!), რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბერტა ფონ ზუტნერი სამშვიდობო მოძრაობის ცნობილ წარმომადგენლად აქცია. რომანში იგი აღწერდა ომის საშინელებას ცოლისა და ქალის პერსპექტივიდან.  ეს წიგნი იქცა მის დიდ ლიტერატურულ წარმატებად, გამოქვეყნებული იქნა რა ოცდაჩვიდმეტ გამომცემლობაში და თარგმნილი იქნა თორმეტ ენაზე. ამ რომანით ბერტა ფონ ზუტნერმა თავისი წვლილი შეიტანა იმ პერიოდის პაციფისტურ დისკურსში. ის განსაზღვრავდა მშვიდობას როგორც ბუნებითი სამართლით გარანტირებულ ნორმალურ მდგომარეობას, რომელსაც უპირისპირდება ომი როგორც ადამიანური „სიშლეგის“ შედეგი. აქედან გამომდინარე, მშვიდობის უფლება ხდება საერთაშორისო სამართლით მოთხოვნადად.

თითქმის მარტოდმარტო აფუძნებს იგი 1891 წელს ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოებას, რომლის წევრი ალფერდ ნობელიც ხდება.

1890-91 წწ. ზამთარს წყვილი ვენეციაში ატარებს. აქ ბერტა სხვა თანამოაზრეებთან ერთად დაკავებულია „ვენეციის მშვიდობის საზოგადოების“ ჩამოყალიბებით. იცნობს მარჩეზე ბენიამინო პანდოლფის, რომელიც მოგვიანებით მას „პარლამენტთაშორის კონფერენციაზე“ წარადგენს. 1910 წლიდან „პარლამნეტთაშორისი კონფერენცია“ იწოდებოდა „პარლამენტთაშორის გაერთიანებად“.

1891 წელს სიტყვით გამოდის რიგით მესამე მსოფლიო სამშვიდობო კონგრესზე რომში, სადაც ის საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს. იმავე იმავე წელს აარსებს „ავსტრიის მშვიდობის საზოგადოებას, “ ხოლო ერთი წლის მოგვიანებით გერმანიის მშვიდობის ორგანიზაციას, რომელსაც მალე 2000 წევრი ყავს.

უფრო და უფრო აგრესიული ფორმით გამოვლენილი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ზუტნერები მკაფიო პოზიციას იკავებენ. 1891 წელს არტური აარსებს „ანტისემიტიზმის მოგერიების გართიანებას“, რაშიც მას ბერტაც აქტიურ თანადგომას უცხადებს. ამით ზუტნერები გადაიმტერებენ ნაციონალისტებს, კლერიკალებს და ანტისემიტისტებს. „ანტისემიტიზმის მოგერიების კავშირში“ გაერთიანებულნი არიან მწერლები ლუდვიგ განგჰოფერი და პეტერ როზეგერი, კომპოზიტორი იოჰან შტრაუს ზონი და სხვები.

მეფის ინიციატივით 1899 წელს ჰააგაში მოწვეულია პირველი სამშვიდობო კონფერენცია, მაგრამ მონაწილეები არიან არა პაციფისტები, არამედ დიპლომატები, სახლემწიფო მოხელეები. განიარაღებისა და ომის სამართლებრივ საკითხებზე დისკუსიები უშედეგოდ მთავრდება.

1902 წლის 10 დეკემბერს გადარდაიცვალა არტურ ფონ ზუტნერი. ბერტა ვენაში გადავიდა, სადაც ის აქტიურად განაგრძობდა სტატიების წერას. 1903 წელს ის მონაკოში მონაწილეობას ღებულობს „მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (Institut International de la Paix) დაარსებაში, რაშიც ზუტნერის გავლენით მონაკოს პრინცი ალბერტიც აქტიურად მონაწილეობს.

ბერტა ფონ ზუტნერი არის 1904 წელს ბერლინში ჩატარებული „ქალთა საერთაშორისო კონფერენციის“ უმნიშვნელოვანესი მონაწილე. იმავე წელს იგი მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო მშვიდობის კონგრესში მონაწილეობის მისაღებად. შეერთებულ შტატებში ყოფნისას იგი პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის მიერ ვაშინგტონში თეთრ სახლში იქნა მიწვეული.

ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წლის 10 დეკემბერს მიიღო ნობელის მშვიდობის პრემია, რომლის დაარსებაც ნობელს თავად შთააგონა იმ ზარალის საზღაურად, რომელიც მის მიერ გამოგონილმა დინამიტმა მოუტანა კაცობრიობას. მიუხედავად იმისა, რომ ალფრედ ნობელს მშვიდობის პრემიის შემოღებისას პრემიის მფლობელად სწორედ ბერტა ფონ ზუტნერი ყავდა მოაზრებული, იგი მაინც რიგით მეხუთე პრემიის ლაურეატი აღმოჩნდა. 1912 წელს ბერტა ფონ ზუტნერი აკეთებდა პროგნოზს საერთაშორისო განამადგურებელი ომის შესახებ, რის გამოც მას ხშირად დაცინვით „მშვიდობის ბერტასაც“ უწოდებდნდნ. 1912 წელსვე იგი ხელმეორედ მიემგზავრება აშშ-ში, სადაც ის აღმოსავლეთ სანაპიროდან დასავლეთ სანაპირომდე ორმოცდაათზე მეტ ქალაქში კითხულობს მოხსენებებს. 

1914 წლის 21 ივნისს მისი გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ სარაევოში მოკლული იქნა ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი, ერთი თვის შემდეგ კი ავსტრია-უნგრეთის იმპერიამ ომი გამოუცხადა სერბეთს: დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.  ბერტა ფონ ზუტნერის უკანასკნელი სიტყვებია: „ძირს იარაღი! უთხარი ეს ბევრს, ბევრს.“ („Die Waffen nieder! – – sag’s vielen – vielen.“)

1993 წლიდან მოყოლებული არსებობს ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის სამეცნიერო ფონდი (Bertha-von-Suttner-Stiftung), რომელიც აფინანსებს სამშვიდობო და საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშრებულ პროექტებს. ბერტა ფონ ზუტნერის სახელს ატარებს არაერთი სკოლა თუ გიმნაზია გერმანიასა და ავსტრიაში. ბონსა და დუსელდორფში არსებობს ბერტა ფონ ზუტნერის მოედანი. ბერტა ფონ ზუტნერის პორტრეტი გამოსახულია ავსტრიულ ორევროიანზე.

 

ციტატები:

ბერტა ფონ ზუტნერი შტეფან ცვაიგისადმი მიწერილ წერილში: „ადამიანები ვერ ხვდებიან, საქმე რას ეხება... რატომ არაფერს იღონებთ, ახალგზარდებო? ეს პირველ რიგში თქვენ გეხებათ! თავი დაიცავით, გაერთიანდით! ნუ იქნებით ყოველთვის ჩვენს იმედად - ორიოდე ხანდაზმული ქალის იმედად, რომელსაც არავინ უსმენს.“

 „მდევნელთაგან დევნილთა დაცვის ერთადერთი კეთილსინდისიერი გზა არსებობს - მათ გვერდით დგომა.“

„მორიგი ომი ისეთი საშინელება იქნება, როგორიც არ ყოფილა არც ერთი მანამდელი ომი.“

 

რჩეული ბიბლიოგრაფია:

  1. Die Waffen nieder! Eine Lebensgeschichte
  2. Der Menschheit Hochgedanken
  3. Marta’s Kinder
  4. Memoiren
  5. Inventarium einer Seele