განდეგილი /დომინიკა ერისთავი/

(1864-1929)

დომინიკა ზურაბის ასული ერისთავი -განდეგილი დაიბადა 1864 წლის 28 ოქტომბერს (ახალი სტილით 9 ნოემბერს)  ვანის რაიონში, სოფელი სალომინაოში. წერა-კითხვა თავიდან ასწავლა დედამ, ხოლო შემდეგ მიაბარეს სოფელ ხორხის პანსიონში. აქ მან ათი წლის ასაკში ლექსები წერა დაიწყო.ზამთრობით დომინიკას ოჯახი ქუთაისში გადადიოდა საცხოვრებლად, სადაც დომინიკამ გუბერნატორ რავეცკის ქალიშვილები გაიცნო. მათი წყალობით იგი დაეუფლა რუსულ ენასა და რუსულ ლიტერატურას.

მამის გარდაცვალების შემდეგ  დედამ, ანა მარჯანიშვილმა და უფროსმა ძმამ ილიკომ, 17 წლის დომინიკა გაათხოვეს ქუთაისში მცხოვრებ ცნობილ ვაჭარსა და კომერსანტზე სოლომონ მდივანზე, რომელიც წლოვანებით გაცილებით უფროსი იყო. სოლომონ მდივანი ეჭვიანი, მძიმე ხასიათის ადამიანი იყო. მან დომინიკა სახლში ჩაკეტა და უკრძალავდა გარე სამყაროსთან ურთიერთობას. ამ პერიოდში დომინიკა კითხულობს ჟორჟ სანდის ნაწარმოებებს და ეს აძლევს ბიძგს იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის. იგი თავისი ბიძაშვილის, ანდრია ღულაძის დახმარებით თბილისში წავიდა. ანდრია ღულაძემ დომინიკა მოაწყო ქართული ჟურნალის „ნობათის“ რედაქციაში, სადაც თვითონაც მუშაობდა რედაქტორად. მან დააახლოვა დომინიკა ქართველ მწერლებსაც.

დომინიკა განდეგილის პირველი ლექსი „ბარათაშვილის ნეშთის გადმოსვენების გამო“ „ივერიაში“ დაბეჭდა ილიამ და შემდეგ  მუდმივ თანამშრომლადაც მიიწვია კორექტორის თანამდებობაზე. ილიამ დიდი გავლენა იქონია განდეგილზე. დომინიკამ ილიას “განდეგილის” მიხედვით შეარჩია თავისი ფსევდონიმი. ამის შემდეგ განდეგილი თანამშრომლობს პერიოდულ გამოცემებში „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „კვალში“, „თემში“, „ნობათში“, „ფასკუნჯში“, „სახალხო ფურცელში“, „ალმანახში“, „ჯეჯილში“, „ნაკადულში“ და სხვა.

დომინიკა განდეგილს უწოდებდნენ ქართველ ჟორჟ სანდს. განდეგილი იცნობდა და იზიარებდა თაგორის შეხედულებებს. ჰქონდა მასთან მიმოწერა. აპირებდა ინდოეთში გამგზავრებას, მაგრამ ავადმყოფობამ ხელი შეუშალა.

ახლო მეგობრობა აკავშირებდა ვაჟა-ფშაველასთან, ილია ჭავჭავაძესთან. ეხმარებოდა იაკობ გოგებაშვილს წიგნების კორექტურასა და რედაქტირებაში.

1904 წელს დომინიკა ერისთავი ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორად დაინიშნა.

განდეგილი იყო ერთ-ერთი ინიციატორი, ფუძემდებელი და დამაარსებელი ქალთა ორგანიზაციის - "ქართველ ქალთა საზოგადოება" (1914). ეს იყო ქართველ ქალთა პირველი ორგანიზაცია. მასთან ერთად დამფუძნებელი იყო მისი უახლოესი მეგობარი ნინო რცხილაძე. იგი ასე იგონებს ამ ამბავს:

„ ...ჩვენ ორივენი ერთი აზრით ვსუნთქავდით და ვსაზრდოობდით. ჩვენი მიზანი იყო გვებრძოლა „ქართველ ქალთა საზოგადოების“ დაარსებისათვის...

... შევუდექით საქმეს, ავირჩიეთ „ქართველ ქალთა საზოგადოება“, რომელიც უნდა მოლაპარაკებოდა კავკასიელ ქალთა საზოგადოებას. ქალთა საზოგადეოების თავმჯდომარედ ამორჩეულ იქნა ეფ. მესხი, მოვიწვიეთ კრება. ამ კრებამ გადასწყვიტა და დაადგინა მოლაპარაკება გაგვემართა კავკასიელ ქალთა საზოგადოებასთან ქართულ ავტომომიურ სექციებში შესვლაზე, თუ არ დაგვთანხმდებოდნენ, მაშინ კომისია იზრუნებდა საკუთარი საზოგადოების დაარსებაზე. აქ ნინო ნაკაშიძემ შემოიტანა წინადადება:

_საკითხი გადაწყვეტილად მიმაჩნია, ჩვენ უნდა შევიდეთ „კავკასიელ ქალთა საზოგადოებაში“ _ ამ აზრის წინააღდეგ სასტიკად გაილაშქრა დომინიკა ერისთავმა.

ჩვენ არ შევალთ სექციის სახით სხვა საზოგადოებაში, როცა შეგვიძლაი დამოუკიდებელ „ქართველ ქალთა საზოგადოება“ შევქმნათო. მე, ნინო მაჭავარიანი, ნეიმანი, ოლღა აღლაძე, ნინო დაფქვიაშვილი - ეს უკანასკნელი იურისტი დაფქვიაშვილის და იყო, რომელიც ქართველ ეროვნულ ტანისამოსით დადიოდა, გვერდში ამოვუდექით განდეგილს.

კრება ორ ნაწილად გაიყო. შეიქმნა დავა და კამათი. ეფ. მესხმა უარი განაცხადა თავმჯდომარეობაზე. მიუხედავათ დიდი არეულობისა, კრება არ ჩაშლილა. ამოვირჩიეთ თავმჯდომარედ დომინიკა ერისთავი...“ (წყარო: ნინო ჩიხლაძე, დომინიკა ერისთავი (განდეგილი)).

განდეგილს სურდა, რომ ეს ორგანიზაცია არ დარჩენილიყო ფიქტიურ ორგანიზაციად. შეიმუშავა კიდეც მისი პროგრამა, მაგრამ ერთ წელიწადში დაიწყო მსოფლიო ომი. ამიტომ მან ორგანიზაციის ყურადღება ფრონტის ინტერესებს დაუკავშირა და დაიწყო ფრონტის დასახმარებლად სახსრების გამონახვა. რადგანაც მხოლოდ ლიტერატურული საღამოებით და კონცერტებით შემოსული ფული არ იყო საკმარისი, განდეგილის თაოსნობით გაიხსნა სალონი-საჩაიე "ძმური ნუგეში". სალონში იკრიბებოდნენ იმ დროის გამოჩენილი მოღვაწეები, მწერლები და პოეტები. აქ დადიოდნენ ი. გრიშაშვილი, კ. გამსახურდია, ი. მჭედლიშვილი, ნ. ნალაშიძე, პოეტი ქალი მარიჯანი, დარია ახვლედიანი და სხვები. აქ მიღებულ შემოსავალს გადასცემდნენ პირველ მსოფლიო ომში მონაწილეებს. შემოსული ფულით „ქართველ ქალთა საზოგადოება“ წმინდა ნინოს ლაზარეთში ათობით საწოლს ინახავდა დაჭრილი აჭარლებისათვის.

„ქართველ ქალთა საზოგადოების“ მდივნის, ნინო რცხილაძის მოგონებიდან:

„...“საჩაიე“-ში გარკვეული შტატი გვყავდა. გამგეობის წევრები და ხელმძღვანელები უსასყიდლოდ ვმუშაობდით. საინტერესოდ ვაწარმოებდით შესავა-გასავალს და ყოველმხრივ ვცდილობდით ხელი შეგვეწყო ფრონტისათვის. ამ საქმეში ჩვენ დიდათ გვეხმარებოდა ჩვენი საზოგადო მოღვაწე პართენ გოთუა. გაგვიჭირდებოდა თუ არა მაშინვე მას მივმართავდით...“

განდეგილის ლექსებისა და მოთხრობების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1910, ლექსების მომდევნო კრებული - 1918 წელს.

განდეგილს ეკუთვნის მოთხრობები „გოგია“, „იის კონა“, „გვირგვინი“, „საშინელი ღიმილი“, „ურწმუნო ბოშა“, „მუნჯი“ და სხვა. აღიარება მოუტანა მოთხრობამ „მარინე“ (1897). მუშაობდა პუბლიცისტიკაში, კრიტიკაში, სიტემატურად აქვეყნებდა საინტერესო წერილებს. ავტორია მრავალი მინიატურის, ნოველისა, თუ ფელეტონისა.

მას თარგმნილი აქვს ჰაინეს, რილეევის, გორკის, ტურგენევის, კუპრინის, მარკიზ სონიესა და სხვათა ნაწარმოებები. განდეგილმა ასევე თარგმნა გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან", რომელიც 1902 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით.

განდეგილი გარდაიცვალა 1929 წლის 29 იანვარს, თბილისში.