წვდომა ქალის სხეულზე - პროსტიტუციის კანონიერი და უკანონო ჩარჩოები

Teaser Image Caption
Nana Dikhaminjia

პროსტიტუცია, ალბათ, იმ დროიდან არსებობს, როცა ადამიანი მიხვდა, რომ სექსი სიამოვნებაა, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნით თანხმდება პარტნიორი. თუმცა, სექსუალური მომსახურების ყიდვა-გაყიდვა ძირეულად განსხვავდება ვაჭრობის ყველა სხვა ფორმისგან და შესაბამისად, ერთგვაროვანი დამოკიდებულება მის მიმართ არასდროს არსებულა.

ყოველი კანონი, რომელიც გამიზნულია პროსტიტუციის აღსაკვეთად თუ დასარეგულირებლად, რთულად აღსრულებადი ხდება და ზოგჯერ უკუშედეგსაც იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუცია ზოგადად სამარცხვინო და დასაგმობ საქმიანობად აღიქმებოდა ბევრი სახელმწიფოს თუ რელიგიის მიერ და ხშირად ძალიან სასტიკად ისჯებოდა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ, მაგალითად ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეშვიდე საუკუნეში, ჩინეთში, ერთი საუკუნით გვიან - საბერძნეთსა თუ მეთორმეტე-მეთოთხმეტე საუკუნის იტალიაში, იყო პროსტიტუციის ლეგალიზების მცდელობები, რათა ამ სფეროდან მოგება სახელმწიფოსაც მიეღო. ეს მიდგომა თანამედროვე სამყაროშიც აქტუალურია, ვინაიდან მიმდინარე სტატისტიკით პროსტიტუცია შემოსავლების მიხედვით მსოფლიოში მესამე ადგილზე დგას იარაღისა და ნარკობიზნესის შემდეგ. ამავე დროს, მეოცე საუკუნეში, ადამიანთა უფლებების უკეთ გააზრებისა და ფემინიზმის განვითარებასთან ერთად, პროსტიტუციის მორალური კუთხით განხილვის ნაცვლად, დღის წესრიგში დადგა სექსმუშაკთა უფლებების დაცვის აუცილებლობის საკითხები.

დღესდღეობით პროსტიტუციასთან დაკავშირებული კანონები სამ ძირითად ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ: ა) პროსტიტუციის სრული აკრძალვა, როცა კანონით კრიმინალიზებულია პროსტიტუციაში მონაწილე ყველა პირი; ბ) პროსტიტუციის ნაწილობრივი აკრძალვა და ლეგალიზაცია, როცა ლეგალიზებულია მხოლოდ ორგანიზებულ-სამართლებრივ ფორმებში მოქცეული პროსტიტუცია, ხოლო სხვა ფორმები აკრძალულია; და გ) პროსტიტუციის სრული ლეგალიზაცია, როდესაც ბორდელები ღიად საქმიანობენ და იხდიან გადასახადებს, როგორც სხვა კომერციული დაწესებულებები. ცხადია, რეალობაში ეს ჯგუფები სხვადასხვა ვარიაციებით გვხვდება.  

საქართველოს კანონმდებლობა ამ მხრივ სუსტია, ზოგადი და თითქმის არ შეცვლილა 1987 წლის შემდეგ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 მუხლის თანახმად,  სექსმუშაკი ისჯება ადმინისტრაციული სახდელით:  იგი იღებს გაფრთხილებას ან ჯარიმდება შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, იწვევს  დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევრიდან ერთ მინიმალურ ოდენობამდე. ეს კანონი არ ეხება მხოლოდ იმ სექსმუშაკებს, ვინც იძულებით მოხვდა პროსტიტუციაში ან ტრეფიკინგის მსხვერპლია[1].

მიუხედავად სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის ტიპისა, სექსმუშაკების ცხოვრება იშვიათად არის დაცული და უზრუნველი, მაგრამ საქართველოს ტიპის კანონმდებლობის ან პროსტიტუციის სრული აკრძალვის შემთხვევაში მათ გაცილებით მძიმე პრობლემები ექმნებათ. არალეგალური საქმიანობის გამო, არ არსებობს რაიმე სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად გააკონტროლებს მათ უსაფრთხოებას, დაცულობას, დაეხმარება ჯანმრთელობის პრობლემების გადაწყვეტაში. როცა სექსმუშაკის საქმიანობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის კანონდარღვევას, ის მოსალოდნელი სასჯელის შიშით მაშინაც კი არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, როცა მის სიცოცხლეს პირდაპირი საფრთხე ემუქრება. როცა პროსტიტუცია არალეგალურია, არ ხდება ბორდელების ჰიგიენური ნორმების შემოწმება, სექსმუშაკებს არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვის უფასო სერვისებზე, და ამ შემთხვევაში გაცილებით მეტია ვენერიული დაავადებების გავრცელების რისკი. როგორც წესი, სახელმწიფოში ამგვარი, აკრძალვითი კანონმდებლობის დროს მხოლოდ არასამთავრობო და მოხალისე ორგანიზაციები მუშაობენ სექსმუშაკების ჯანმრთელობისა და ძალადობის საკითხებზე, რაც არ არის საკმარისი არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

ცხადია, პროსტიტუციის პრობლემები მხოლოდ ქალებს არ ეხებათ. მაგრამ ვინაიდან ისტორიულად სექსმუშაკთა დიდი უმრავლესობა ქალია, პროსტიტუცია ფემინისტურ ჭრილში რამდენიმე განსხვავებული მიდგომით განიხილება. აქედან ორი ძირითადი მიდგომა ან ეწინააღმდეგება პროსტიტუციას, როგორც ქალთა ჩაგვრის ერთ-ერთ უმძიმეს გამოვლინებას, ან აღიარებს, როგორც სექსმუშაკის პირად არჩევანს. პირველი მიდგომა ამბობს, რომ პროსტიტუცია წარმოადგენს ქალთა ექსპლუატაციის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც პატრიარქალური კულტურისა და ისტორიული გენდერული უთანასწორობის ერთ-ერთი შედეგია. ამ მოსაზრებით, პროსტიტუცია უარყოფით გავლენას ახდენს როგორც თავად სექსმუშაკებზე, ისე საზოგადოებაზე, ვინაიდან ამყარებს სტერეოტიპულ წარმოდგენას, რომ ქალი სექსუალური ობიექტია, რომელიც კაცმა შეიძლება გამოიყენოს, „მოიხმაროს“. ამ მიდგომის მომხრეების აზრით, თანამედროვე სამყაროში, სადაც ძალაუფლება გენდერულად არათანაბრადაა განაწილებული, პროსტიტუცია ეფუძნება იდეას, რომ კაცს აქვს შეუზღუდავი წვდომა ქალის სხეულსა და სექსუალობაზე და ეფუძნება დაშვებას, რომ ნებისმიერ კაცს უნდა ჰქონდეს სექსუალური საჭიროების დაკმაყოფილების  შესაძლებლობა.  მეორე მიდგომა აღიარებს, რომ პროსტიტუცია შეიძლება იყოს სექსმუშაკის პროფესიული არჩევანი, ამიტომ იძულებითი პროსტიტუცია უნდა განვასხვავოთ ნებაყოფლობითი პროსტიტუციისგან და აუცილებელია სექსმუშაკების დაცვა როგორც სექსინდუსტრიის, ისე სამართალდამცავი სისტემების მხრიდან ძალადობისგან. ამ მიდგომის მხარდამჭერები უფრო შორსაც მიდიან და ამბობენ, რომ პროსტიტუცია ისევე აძლიერებს ქალს, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესია, რომელიც საშუალებას აძლევს, თავად გამოიმუშავოს არსებობისთვის საჭირო ფული და არ იყოს ე.წ. „მარჩენალ“ კაცზე დამოკიდებული.

ეს მეორე მიდგომა ეფუძნება დაშვებას, რომ სექსუალური მომსახურების გაყიდვა ადამიანის დამოუკიდებელი, გააზრებული არჩევანია და არაფრით განსხვავდება სხვა სამსახურისგან. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად პირველ მიდგომას ვემხრობი და სრულიად ვეწინააღმდეგები სექსუალური მომსახურების ნებისმიერი ფორმით გაყიდვას, რთულია ცალსახად იმის მტკიცება, თუ რატომ არ არის პროსტიტუცია ჩვეულებრივი საქმიანობა, სადაც დასაქმებული საკუთარ დროს, უნარებს და სხეულს ყიდის. თუმცა, რამდენიმე მიუკერძოებელი არგუმენტის განხილვა მაინც არის შესაძლებელი. პირველ რიგში, პროსტიტუცია რომ თავიდანვე არ ეფუძნებოდეს ქალის, როგორც ფლობის და გამოყენების ობიექტის აღქმას, ამ სფეროში გენდერულად თანაბრად განაწილებულ სტატისტიკას ვიხილავდით. დასავლეთის ქვეყნების სტატისტიკის მიხედვით, სექსმუშაკთა მინიმუმ 70% (ზოგ ქვეყნებში კი გაცილებით მეტი) ქალია. მეორეც, უდავოა ნებისმიერი საზოგადოების მიერ სექსმუშაკთა ძლიერი სტიგმატიზება და სექსმუშაკთა უმეტესობის ფსიქოლოგიური ტრამვა, რაც, სხვა საქმიანობასთან შედარებით, ართულებს პროსტიტუციიდან თავდაღწევას და პროფესიული საქმიანობის შეცვლას. ამასთან, ბევრი კვლევის თანახმად, პროსტიტუციის ლეგალიზება კავშირშია გაუპატიურებების რაოდენობის ზრდასთან - თუკი სექსუალური მომსახურება არის პროდუქტი, რომლის ყიდვა მარტივად არის შესაძლებელი, მაშინ არავითარი მორალური წინაღობა არ უდგას წინ მის მოპოვებას სხვა გზით. მაგრამ შეიძლება თუ არა შევადაროთ ქალის გაუპატიურება მის მიერ შექმნილი პროდუქტის, ვთქვათ, ნამცხვრის წართმევას? შეიძლება თუ არა თანაბარ სიბრტყეზე აღვიქვათ თუნდაც ფიზიკური ძალადობის გარეშე, ვთქვათ, დაშინებით გაუპატიურების დროს მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა და სხვა პროდუქტის დაკარგვით მიღებული ტრავმა? ცხადია, არა. შესაბამისად, სამართლიანია თუ არა სექსუალური მომსახურების გაყიდვას აღვიქვამდეთ ისევე, როგორც სხვა პროდუქტის გაყიდვას? თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ, ეს არის „სამსახური“, სადაც 60-დან 95 პროცენტამდე დასაქმებულები განიცდიან სექსუალურ შევიწროებას, რომელიც დასავლური კანონმდებლობით დასჯადია; სადაც დაახლოებით 70% განიცდის ფიზიკურ ძალადობას, სადაც 60% ყოფილა გაუპატიურების მსხვერპლი; სადაც 68 პროცენტს აქვს პოსტტრავმატული სტრესის აშლილობა.                     

მართლაც, სექსმუშაკებთან პირად საუბრებზე და გამოკითხვებზე დაფუძნებული კვლევებიც ამავე სასტიკ რეალობას ავლენს: სექსმუშაკებს აქვთ გაცილებით მეტი მიდრეკილება დეპრესიისა და თვითმკვლელობისკენ სხვა სფეროში დასაქმებულ ქალებთან შედარებით, მათი დიდი ნაწილი პროსტიტუციაში ხვდება ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ძალადობის შედეგად და საკუთარი არჩევანის შემთხვევაშიც უმრავლესობა პროსტიტუციას მიმართავს მხოლოდ უკიდურესი გაჭირვებისა და სხვა არჩევანის არარსებობის გამო.  ასევე, ეს კვლევები ცხადყოფს, რომ ბევრი სექსმუშაკი ბავშვობაშივე ყოფილა სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ძალიან ხშირია შემთხვევები, როცა „სუტენიორი“ ქალს ხდის ნარკოდამოკიდებულს და შემდეგ სთავაზობს პროსტიტუციას, როგორც ერთადერთ გამოსავალს. ამრიგად, ამ ტიპის კვლევების საფუძველზე შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ იშვიათია პროსტიტუციის, როგორც გააზრებული პროფესიის არჩევა.  

სიღნაღი
მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა პროსტიტუციის მორალურ მხარესთან და საკუთარი სხეულის მიმართ არჩევნის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ქვეყნის კრიმინალური სტატისტიკის თანახმად, ეს სფერო წარმოადგენს მძლავრი კრიმინალური საქმიანობის სივრცეს, რომლის მთავარი მახასიათებლებია ქალთა სექს-ტრეფიკინგი,  ფიზიკური და სექსუალური ძალადობა სექსმუშაკებზე, არასრულწლოვანთა პროსტიტუცია  და მკვლელობაც კი. ამიტომ რამდენიმე ათეული წელია, დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ პროსტიტუციის სფეროს მოქცევას განსაზღვრულ ლეგალურ ჩარჩოებში. მიღებული კანონმდებლობების შემდეგაც გრძელდება განხილვა: არის თუ არა შესაძლებელი პროსტიტუციის სფეროს იმდენად გაუმჯობესება და განვითარება, რომ მასში მონაწილე ყველა პირი იყოს დაცული და თანასწორი? თუ პროსტიტუცია არსობრივად გულისხმობს სექსმუშაკის ჩაგვრას? უნდა მოხდეს თუ არა ამ ინდუსტრიის რეფორმირება, სექსმუშაკების დაცვისა და გაძლიერებისთვის, თუ საერთოდ აიკრძალოს ამ სფეროს არსებობა?

პირველი ევროპული ქვეყანა, ვინც პროსტიტუციის სრული ლეგალიზებისა და რეგულაციის კანონები შემოიღო, იყო ნიდერლანდები, სადაც 1988 წელს პროსტიტუცია აღიარეს, როგორც ლეგალური პროფესია, ხოლო 2001 წელს გაუქმდა ბორდელების აკრძალვა. კანონის თანახმად, ქალაქის საბჭო გასცემს ლიცენზიას ბორდელზე, რომელიც გაივლის სხვადასხვა შემოწმებას, აკმაყოფილებს ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტებს და ასრულებს საჯარო და დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ ერთობლივად მიღებულ გაიდლაინებს. ამის შედეგად, ამსტერდამის წითელი ფანრების უბანი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ღირშესანიშნაობა გახდა - როგორც ჩანს, ქალის სხეულის უკიდურეს განივთებას, ასარჩევ პროდუქტად ქცევას და ვიტრინაში გამოფენას განსაკუთრებული მიმზიდველობა გააჩნია, რაც ადასტურებს პროსტიტუციის, როგორც მამაკაცის ძალაუფლებრივ სამყაროში ქალის ექსპლუატაციისა და ობიექტივიზაციის აღქმის ვალიდურობას. ერთი წლის შემდეგ გერმანიამ მიიღო მაქსიმალურად ლიბერალური კანონები პროსტიტუციასთან დაკავშირებით და სექსმუშაკები ჩართო სახელმწიფო სოციალური უსაფრთხოების სისტემაში.  ზოგადად, პროსტიტუციის ლეგალიზაციის ძირითადი დანიშნულებაა: სექსინდუსტრიის უკეთესი კონტროლი და რეგულაცია; პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმის, არასრულწლოვანთა პროსტიტუციის და სექსინდუსტრიაში ტრეფიკინგის აღკვეთა; სექსმუშაკთა მდგომარეობის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ჯანდაცვის, კეთილდღეობის, ფინანსური დამოუკიდებლობის და მათ მიმართ საზოგადოების განწყობის მხრივ. სამწუხაროდ, წლების შემდეგ ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ლეგალიზაციამ ამ მხრივ სასურველი შედეგები ვერ გამოიღო. სხვადასხვა სტატისტიკის მიხედვით, გერმანიაში ამ კანონის მიღებამდე დაახლოებით ასიათასამდე მეძავი იყო, ხოლო კანონის მიღებიდან 5 წელიწადში ეს რიცხვი გაორმაგდა, ამჟამად კი გაოთხმაგებულ რიცხვს ასახელებენ, საიდანაც მხოლოდ ორმოცდაათი ათასი სექსმუშაკია ოფიციალურად რეგისტრირებული. ორივე ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტრეფიკინგის მსხვერპლთა რაოდენობა, სექსინდუსტრია ისევ სრულად კონტროლდება კრიმინალური დაჯგუფებების მიერ და სექსმუშაკებზე ძალადობაც არ შემცირებულა. ბევრი კვლევის თანახმად, პროსტიტუციის ქცევა რეგულირებულ სექსინდუსტრიად ქმნის კიდევ უფრო ნაყოფიერ ნიადაგს კრიმინალური დაჯგუფებებისთვის, რომელთა მოგების მთავარი წყარო ეფუძნება ქალების უკანონო და ძალადობრივ ტრეფიკინგს განვითარებადი და ღარიბი ქვეყნებიდან. ამასთან, ლეგალიზებული პროსტიტუციის მქონე ქვეყნების თუ ზოგ ქვეყანაში კონკრეტული შტატების გამოცდილების მიხედვით, როგორც კი ლეგალური ბარიერები ქრება, მაშინვე სუსტდება ეთიკური თუ სოციალური ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ქალის, როგორც სექსუალური პროდუქტის აღქმას, რაც სექსუალური მომსახურების ყიდვას უვნებელ გართობად აქცევს.   

1999 წელს შვედეთმა მიიღო კანონი, რომელიც ისტორიულად უნიკალური იყო: სექსუალური მომსახურების ნაცვლად, კრიმინალიზებული გახდა სექსუალური მომსახურების შესყიდვა. ანუ სექსმუშაკის საქმიანობა არ ისჯება, მაგრამ ისჯება ის, ვინც მიმართავს სექსმუშაკის მომსახურეობას. „სუტენიორი“ ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო ადამიანის ტრეფიკინგში მონაწილეობა - 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. კანონს, რომლის მიზანი იყო მოთხოვნის და არა მიწოდების კრიმინალიზება, მხარს უჭერდნენ სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და მემარცხენეები, მთავარი მოწინააღმდეგეები კი კონსერვატორები იყვნენ. კონსერვატორების აზრით, ეს კანონი პროსტიტუციას კი არ შეამცირებდა, უბრალოდ კანონგარეშე სივრცეში გადაიყვანდა, რაც კიდევ უფრო რთულს გახდიდა სექსმუშაკების ცხოვრებას. ასევე, ამ კანონის მოწინააღმდეგენი ამბობენ, რომ პროსტიტუციამ ქუჩიდან ინტერნეტში და იატაკქვეშეთში გადაინაცვლა და ამიტომ აჩვენებს ოფიციალური სტატისტიკა შემცირებულ რაოდენობას. თავად კანონის აღსრულებაც არ იყო იოლი, ვინაიდან მომხმარებლის განსაზღვრა უფრო რთულია, ვიდრე სექსმუშაკის. ამასთან, დიდი დრო დასჭირდათ თავად პოლიციელებს, რომ გაეაზრებინათ სექსუალური მომსახურების შესყიდვის უკანონობა. იმავე დროს შემუშავდა საზოგადოების განათლების პროგრამები ანტიპროსტიტუციურ საკითხებში, რომელთა მიხედვით, სექსუალური მომსახურების ყიდვა დანაშაულია და წარმოადგენს ქალზე ძალადობის ფორმას, რაც მოსახლეობის დამოკიდებულებას ნელ-ნელა ცვლის.

მიუხედავად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებისა და კვლევებისა, ამ კანონის შედეგებით შვედეთის ხელისუფლება კმაყოფილია. ცხადია, კრიმინალიზების შემთხვევაში სტატისტიკის წარმოება გაცილებით რთულია: სექსმუშაკი ასეთი კანონის მოქმედების დროს მაინც წარმოადგენს სამართალდამცავი სტრუქტურის ინტერესს, რადგან მისი გავლით ხდება სექსუალური მომსახურების მომხმარებლის გამოვლენა, ის კი თავის მხრივ ცდილობს დაიცვას საკუთარი მომხმარებელი, შესაბამისად, მაინც ერიდება ოფიციალურ რეგისტრაციას. თუმცა 2007 წლის სტატისტიკით, კანონის მიღებიდან 8 წლის შემდეგ, სტოკჰოლმში ქუჩაში და ინტერნეტში 150-მდე აქტიური სექსმუშაკი ქალი იყო, მეზობელ ოსლოში კი - 5000. ტრეფიკინგის თვალსაზრისითაც, იმავე 8 წელიწადში შვედეთში წელიწადში 400-600 უცხოელი ქალი ჩამოყავდათ პროსტიტუციაში ჩაბმისთვის, ფინეთში კი ეს რიცხვი 10-15 ათასია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ფინეთში არალეგალურ ტრეფიკინგს რუსეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ახლო მეზობლობაც უწყობს ხელს. ნორვეგიამ სკანდინავიური მოდელი 2009 წელს დანერგა, მაგრამ ჯერჯერობით სადავოა მისი შედეგები. ასევე, 2009 წელს ისლანდიამაც შემოიღო მსგავსი კანონი, ჩრდილოეთ ირლანდიამ 2015 წელს და საფრანგეთმა - 2016 წელს.

თავად სექსმუშაკები ხშირად ეწინააღმდეგებიან ამ კანონს. როგორც წესი, პროსტიტუციაში ადამიანების დიდი ნაწილი მიდის უკიდურესი გაჭირვების ან იძულების გამო. პირველ შემთხვევაში ეს კანონი მათ საარსებო წყაროს უკეტავს. ამასთან, ვინაიდან კანონი ამცირებს მომხმარებელთა რაოდენობას, სექსმუშაკს არ აქვს დიდი არჩევანი  და ხშირად ისეთ მომსახურებაზე თანხმდება, რაზეც უარს იტყოდა ბევრი მომხმარებლის არსებობის შემთხვევაში - მომსახურების, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აზიანებს მის ჯანმრთელობას. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებსაც არ აქვთ ცალსახა დამოკიდებულება სკანდინავიური მოდელის მიმართ. მათი სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, კანონის მოქმედების შედეგად პროცენტულად (თუმცა, არა რაოდენობრივად) გაიზარდა გაუპატიურებებისა და სექსუალური ძალადობის რაოდენობა. ასევე, პროცენტულად გაიზარდა სექსმუშაკების დაავადებები, რადგან ცოტა მომხმარებლის პირობებში ისინი უკვე არ ზრუნავენ წესების დაცვაზე. თანაც კანონის შემოღებისას მთელი ყურადღება მიმართული იყო მომხმარებლის გამოვლენასა და დასჯაზე, და მცირე ყურადღება მიექცა იმას, რომ სექსმუშაკებს სჭირდებოდათ დახმარება ცხოვრებისა და აზროვნების ცვლილებაში, განათლება სხვა საარსებო წყაროს საშოვნელად და ახალი პროფესიის შესაძენად. პროსტიტუციიდან თავდაღწევის პროგრამები ქმედითია მაშინ, როცა ხანგრძლივვადიანია და სხვადასხვა ფაქტორებს კომპლექსურად ითვალისწინებს: სექსმუშაკმა უნდა შეიძინოს პროფესიული განათლება, რომლითაც შეძლებს დასაქმებას და იმ ფინანსური პრობლემების გადაწყვეტას, რამაც აიძულა, მიემართა პროსტიტუციისთვის; აუცილებელია მისი ჩართვა სხვადასხვა სოციალურ წრეებში და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამებში, რომელიც მოუხსნის  სტიგმის შეგრძნებას და გააიოლებს სექსმუშაკის ინტეგრირებას საზოგადოებაში; საჭიროა ჯანმრთელობის დაცვის და ნარკოდამოკიდებულებისგან რეაბილიტაციის პროგრამები, რაც ბევრი სექსმუშაკისთვის პროსტიტუციაში ყოფნის მიზეზია; აუცილებელია სექსმუშაკის უსაფრთხოების დაცვა ყოფილი „სუტენიორისგან“ და ზოგჯერ კრიმინალური დაჯგუფებისგან. სამწუხაროდ, მსგავსი პროგრამების ქმედითობის კვლევების მიხედვით, მხოლოდ 20-25% აღწევს მიზანს და იცვლის პროფესიას.

სკანდინავიური მოდელის გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2014 წელს ევროპარალამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომ პროსტიტუციაზე მოთხოვნა უნდა შემცირდეს მომხმარებლის და არა სექსმუშაკების დასჯით. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ პროსტიტუცია, მიუხედავად იმისა, იძულებითია თუ ნებაყოფლობითი, საფრთხეს უქმნის ადამიანის ღირსებას და ადამიანის უფლებებს, და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, შეიმუშაონ პროსტიტუციის აღკვეთის სტრატეგია და  შემოსავლის ალტერნატიული წყარო შესთავაზონ იმ სექსმუშაკებს, ვისაც სურს ამ საქმიანობის მიტოვება. იმავე წელს, ევროპის საბჭომ შეიმუშავა მსგავსი რეკომენდაციები: „მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ სისტემას აქვს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები, სექსუალური მომსახურების ყიდვის შემზღუდავი ღონისძიებები დადებით გავლენას ახდენს ადამიანთა ტრეფიკინგის შემცირებაზე“.

იმავე დროს, „ამნესტი ინტერნეიშენალი“ რამდენიმე წელი იკვლევდა პროსტიტუციის პრობლემას და შედეგად სრულიად საწინააღმდეგო რეკომენდაციები წარმოადგინა, მოითხოვა რა ყველა ნებაყოფლობითი სექსუალური მომსახურების დეკრიმინალიზაცია მთელ მსოფლიოში. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ მხოლოდ პროსტიტუციის ლეგალიზაციით არის შესაძლებელი ამ სფეროში მომუშავე ადამიანთა უფლებების დაცვა, ისევე როგორც მათი სრული ინტეგრირება საზოგადოებაში და იმ მარგინალიზაციისა და სტიგმების აღმოფხვრა, რომელიც დღეს მეტნაკლებად ყველა საზოგადოებაში არსებობს სექსმუშაკების მიმართ.

ექსპერტები დღემდე დაობენ როგორც პროსტიტუციის არსზე და ამ საქმიანობაში ჩაბმის არჩევანის თავისუფლებაზე, ისე მასთან დაკავშირებული რეგულაციების ქმედითუნარიანობაზე. ცხადია, დავის საწყისი წერტილი იმაში მდგომარეობს, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ თანხმდება, რამდენად ირღვევა თუ ნარჩუნდება  ადამიანის პირადი თავისუფლება პროსტიტუციაში დასაქმებით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ლეგალიზებული პროსტიტუციის ქვეყნების გამოცდილებას და სტატისტიკას გავითვალისწინებთ, ყველაზე დიდი პრობლემა არა თავად პროსტიტუციის არსებობაშია, არამედ იმ კრიმინალურ სისტემაში, რომელიც სარგებლობს ლეგალური თუ არალეგალური პროსტიტუციით, შესაბამისად, სახელმწიფოს უუნარობაში, წარმატებით ებრძოლოს ამ სისტემას. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც პროსტიტუცია სრულიად კრიმინალიზებულია, პოლიცია ჩვეულებრივ თვალს ხუჭავს ბორდელების თუ პროსტიტუციური კრიმინალური ქსელის არსებობაზე, ზოგჯერ კი თავადაც არის ჩართული პროსტიტუციასთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებში. სკანდინავიური მოდელი, ისევე როგორც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციები, ითვალისწინებს, თუ რამდენად რთულია ამ პრობლემის გადაწყვეტა და ამიტომ ებრძვის მოთხოვნას სექსუალურ მომსახურებაზე. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ რეკომენდაციები ეფუძნება ადამიანის აბსოლუტურ უფლებას, თავად განკარგოს თავისი სხეული და იმ დაშვებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაარეგულიროს სექსინდუსტრია და დაიცვას სექსმუშაკები ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები. როგორც გამოცდილება აჩვენებს, ყველაზე ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოებისთვისაც კი ამის შესრულება პრაქტიკულად შეუძლებელია.

პასუხი იმაზე, შეიძლება თუ არა და საჭიროა თუ არა, სრულიად აღიკვეთოს პროსტიტუცია, ჯერ არ არსებობს. მაგრამ მოთხოვნა, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ინდუსტრიის მოცულობა, ცალსახაა, ვინაიდან ბოლო 15 წლის გამოცდილებით, სექსინდუსტრიის ლეგალიზაციასთან ერთად რამდენიმეჯერ იზრდება ტრეფიკინგისა და პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმულ მსხვერპლთა რაოდენობა, ისევე როგორც არასრულწლოვანთა პროსტიტუცია. ჯერჯერობით მხოლოდ სკანდინავიური მოდელია ყველაზე ქმედითი ინდუსტრიის მოცულობის შემცირების თვალსაზრისით. კვლევებიც და განხილვებიც გრძელდება და განვითარებულ ქვეყნებში ახლო მომავალში ალბათ უკეთეს მოდელებსაც ვიხილავთ, რომელიც სექსმუშაკის უფლებებს მაქსიმალურად დაიცავს, კრიმინალურ დაჯგუფებებს ხელიდან გამოაცლის სექსინდუსტრიას და პროსტიტუციაში ჩაბმას მხოლოდ პირად არჩევანზე დაიყვანს. კაცობრიობის განვითარებასთან ერთად იქნებ სრულიად სხვაგვარადაც მოხდეს პროსტიტუციის გადააზრება, ცვლილება ან სრული უარყოფა. მანამდე იმედი ვიქონიოთ, რომ ამ მიმართულებით მუშაობა საქართველოშიც დაიწყება და დაახლოებით 15000 სექსმუშაკი[2] არ დარჩება მშრალი, უმოქმედო კანონის ანაბარა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის იმედად, ქუჩის ძალადობრივ სისტემაში.

 

 

შენიშვნები:


[1] ევროპული ქვეყნების კანონმდებლობისგან განსხვავებით, ქართულ კანონებში პირდაპირ არ ფიგურირებს ე.წ. „სუტენიორი“, ანუ ადამიანი, ვინც აკონტროლებს და „იცავს“ სექსმუშაკს, ზოგჯერ კლიენტებსაც პოულობს მისთვის და ყოველთვის იღებს დიდ წილს სექსმუშაკის ანაზღაურებიდან. ეს ქმედებები მხოლოდ არასრულად არის ასახული სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა დადგენილი პროსტიტუციაში ჩაბმისათვის და პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემისთვის. პროსტიტუციაში ჩაბმა, რომელიც ხორციელდება ძალადობით, ძალადობის ან ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე; ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ (ორგანიზებული ჯგუფი) ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე. აღნიშნული ქმედება გულისხმობს ადამიანის იძულებას (დაყოლიებას, ჩათრევას) სხეულით ვაჭრობაზე მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ. სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს პირს პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის გამო, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. სინამდვილეში, ისევე როგორც ხშირად იმ ქვეყნებში, სადაც პროსტიტუცია სრულიად კრიმინალიზებულია, ამ კანონების შესრულება თითქმის არ ხდება საქართველოში: თუ რაიმე სპეციფიკური საჭიროება არ არსებობს, მაგალითად ხმაურიანი ოპერაცია ხალხის ყურადღების მისაქცევად თუ სხვა პრობლემისგან ყურადღების გადასატანად, კარგად ცნობილ ბორდელებს, „სუტენიორებს“ და სექსმუშაკთა ჩვეულ თავშეყრის ადგილებს სამართალდამცავი სტრუქტურები ოფიციალურად არ ეხებიან ხოლმე და ისინი ჩვეულებრივ აგრძელებენ საქმიანობას.

[2] აღნიშნული სტატისტიკა მოყვანილია საერთაშორისო ფონდ „კურაციოსა“ და საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომას“ მიერ 2014 წელს ჩატარებულ კვლევაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Sexual exploitation and prostitution and its impact on gender equality”; European Parliament, Directorate General for Internal Policies, Citizens Rights and Constitutional Affairs, 2014;
  2. Amnesty International Policy On State Obligations To Respect, Protect And Fulfil The Human Rights Of Sex Workers, Amnesty International, 2015;
  3. Sexual and reproductive rights, Christa Wichterich, Heinrich Böll Foundation, Publication Series of Gunda Werner Institute, Volume 11, 2015;
  4. Treating Sex Work as Work, Maggie McNeill, Cato Unbounded, 2013;
  5. The Swedish Sex Purchase Act: Claimed Success and Documented Effects, Susanne Dodillet and Petra Östergren, International Workshop: Decriminalizing Prostitution and Beyond: Practical Experiences and Challenges, Hague, 2011;
  6. Prostitution in The United States – The Statistics, Prostitutes Education Network;
  7. Accounting For Pornography, Prostitution And Patriarchy; Pala Molisa, PhD Thesis, 2013;
  8. Prostitution, Trafficking and Traumatic Stress. Melissa Farley, Binghamton: Haworth Press, 2003;
  9. Developing and Testing a Theory of Intentions to Exit Street-level Prostitution: A Mixed Methods Study, Andrea N. Cimino, PhD Thesis, 2013;
  10. Exiting Prostitution: Models of Best Practice Prepared for the Ministry of Justice, Pat Mayhew and Dr Elaine Mossman, Crime and Justice Research Centre, Victoria University of Wellington, 2007;
  11. Prostitution and Trafficking in Women, Fact Sheet Ministry of Industry, Employment and Communications of Sweden, 2004;
  12. Should buying sex be illegal? Michelle Goldberg, The Nation, 2014;
  13. Germany Plans Changes to Prostitution Act, Deutche Welle, Beate Hinrichs, 2015;
  14. Unprotected: How Legalizing Prostitution Has Failed, Spiegel, Cordula Meyer, Conny Neuma Nn, Fidelius Schmid, Petra Truckenda Nner And Steffen Winter, 2013;
  15. The Growing Demand For Prostitution, Leslie Bennet, NewsWeek, 2011;
  16. პროსტიტუცია საქართველოში: ქალთა გაძლიერება თუ პატრიარქალური ჩაგვრა? ქეთევან ხუციშვილი, სამაგისტრო ნაშრომი, 2015;
  17. The Audacity of Tolerance: A Critical Analysis of Legalized Prostitution in Amsterdam’s Red Light District, Joshua CruzSwaan van Iterson, Humanity in Action, 2010;
  18. Dutch Policy on Prostitution, The Dutch Ministry of Foreign Affairs, 2012;