იმედგაცრუება და სხვა გრძნობები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

იმედგაცრუება და სხვა გრძნობები - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ საზოგადოება ნდობის იმ დოზას, რაც პარლამენტში პარტიის მოხვედრისთვის არის საჭირო, მხოლოდ სამ პოლიტიკურ სუბიექტს უცხადებს. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვიხილავთ ‘ქართულ ოცნებას’, ‘ერთიან ნაციონალურ მოძრაობას’ და ‘პარტიოტთა ალიანსს’. პარლამეტში პროპორციული სიით სულ 18 ქალი დეპუტატი შევიდა: 8 ქართული ოცნების, 7 ნაციონალური მოძრაობის და 3 პატრიოტთა ალიანსის მანდატით. წინ არის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც 8 მაჟორიტარობის კანდიდატი ქალი იღებს მონაწილეობას (მათგან 4  “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, 3 “ნაციონალური მოძრაობის” და ერთიც დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც “ქართული ოცნება” უჭერს მხარს).

მეორე ტურის შედეგებზეა დამოკიდებული ექნება თუ არა მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა, თუმცა ვიცით, რა საკითხების მოგვარებაზე”იზრუნებენ პირველ რიგში “ქართული ოცნების” დეპუტატები პარლამენტის მუშაობის დაწყებისას: ეს არ იქნება ეკონომიკური, განათლების, ჯანდაცვის საკითხები ან ადამიანის უფლებები, ეს იქნება პარლამენტის გადმოტანა თბილისში, კონსტიტუციაში ოჯახის გენდერული განსაზღვრა,  როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, და პრეზიდენტის უფლებამოსილებების გადახედვა.

 

არჩევნებამდე და შემდეგ

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გვიჩვენა, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი არჩევნების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია პოლიტიკური სუბიექტების არამკვეთრი პოზიციებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და მეორეს მხრივ იმ იმედგაცრუებით, რასაც გადაწყვეტილების მქონე პირების არაეფექტური მუშაობა იწვევს.

მდგომარეობა არსებითად არ იცვლება არც პოლიტიკური ელიტისთვის და არც მოქალაქეებისთვის. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყველაზე ძლიერი ოპოციზიური პარტიის წარმომადგენლის მანქანის აფეთქება თბილისის ცენტრალურ უბანში, რომლის შედაგადაც მოქალაქეები დაშავდნენ, გვიჩვენებს, რომ პოლიტიკოსები ისევ შიშის დანერგვით და ძალის დემონსტირებით მანიპულირებენ და სტრესის ქვეშ აიძულებენ მოსახლეობას არჩევანის გაკეთებას.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა გვიჩვენა, რომ წინასაარჩევნო პროგრამებს და წინა საარჩევნო დაპირებებს მხოლოდ ფორმალური სახე აქვთ და მათი დაჯერება ამომრჩევლისთვის უფრო და უფრო რთული ხდება. იმ რეალობაში, სადაც პარტიების ქაღალდზე გაწერილი ღირებულებები აცდენილია  მათ ქმედებებთან, პარტიების ერთობა მყიფეა და პირველივე დაბრკოლებისას ირღვევა, კოალიციებში შემავალი სუბიექტები საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლის ნაცვლად ფულის გაყოფაზე ჩხუბობენ და ეს ჩხუბი იმდენად დრამატული შეიძლება იყოს, რომ არჩევნებს მიღმაც კი დარჩნენ.

არჩევნებმა ზედაპირზე ამოიტანა  ე.წ. “პროდასავლური პარტიების” შიდა კრიზისებიც. “თავისუფალი დემოკრატები”, რომელიც ყველაზე ახლოს იყო პარლამენტში შესასვლელ ბარიერთან, არჩევნებიდან რამდენიმე დღეში დატოვა ირაკლი ალასანიამ და სხვა ლიდერებმა. ცხადია, პოლიტიკოსების ასეთი ქცევა ხელს უწყობს იმ ამომრჩევლების კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას, რომლებმაც მათ მიცეს ხმა.

“თავისუფალი დემოკრატები” ერთადერთი ძალა არ არის, რომელმაც აჩვენა, რომ დიდად არ აღელვებს იმ ამომრჩევლის ნდობა, რომლებმაც არჩევანი მათ სასარგებლოდ გააკეთეს და სწორედ მათგან ელოდნენ “უკეთეს ცხოვრებას”. არჩევნების შემდგომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დასმული კითხვის ნიშანი, შესულიყვნენ თუ არა პარლამენტში მაშინ, როდესაც არჩევნებზე მისული მოსახლეობის 27%-ის ხმები მიიღეს, ბუნებრივად აჩენს კითხვას: რამდენად იაზრებს პარტია თითოეული ამომრჩევლის მნიშვნელობას და სურს თუ არა გამოიყენოს ის მანდატი, რასაც მას მოქალაქეები აძლევენ წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად?

 

პოპულიზმი, გენდერული შფოთვა და ეკონომიკური რეალობები

საარჩევნო პროგრამების ფორმალურ ხასიათს ყველაზე კარგად აჩვენებს პარტია, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ზღვარზეა. “ქართულმა ოცნებამ”,  რომელიც მეტ თავისუფლებას, კეთილდღეობასა და სწრაფ განვითარებაზე აგებდა წინასაარჩევნო დაპირებებს, არჩევნებიდან მეორე დღეს ისევ იმ პოპულისტურ თემებზე გააგრძელა აპელირება, რაც სტატიის შესავალში ვახსენე - კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის განსაზღვრა. ეს კი იმის ფონზე, რომ წინასაარჩევნო პროგრამაში ადამიანების უფლებების დაცულობის აუცილებლობლობაზე საკმაოდ ომახიანად საუბრობდა.

პოლიტიკოსების პოპულისტური განცხადებები, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. მართალია არ არსებობს პირდაპირი, ხილული ხაზი ძალადობის ფაქტებსა და  კონსტიტუციაში ოჯახის ცნების გენდერულ განსაზღვრას შორის, მაგრამ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში, ამ ნარატივის ფონზე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობა სწორედ იმის ილუსტრაციია, რომ ყველაზე დაუცველთათვის კარგ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება, ცუდ შემთხვევაში კი გარემო უფრო მტრული ხდება.  აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ სანდრო ბრეგაძის პოსტერები მოწოდებით: არა ერთსქსიანთა ქორწინებას - დღემდე ამშვენებს ქალაქს და ამის წინააღდეგ არანაირი ზომები არ ყოფილა მიღებული.

2012 და 2013 წლის 17 მაისის საქმეზე თემის წევრებისა და აქტივისტების ძალადობრივი დარბევის, ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმე და გაძლიერებული ულტრა ნაციონალისტური მოძრაობები გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ,  2016 წლის საპარლამეტო არჩევნებამდე არსებული რეალობაა, რომელზე პასუხისმგებლობაც მმართველ ძალას უნდა ჰქონდეს აღებული.  მაშინ, როდესაც პასუხისმგებელი პოლიტიკოსები თუნდაც სიმბოლურ დონეზე, სიძულვილის ენას უნდა ებრძოდნენ - ყველაზე პოპულარული თემა არჩევნების შემდეგ კონსტიტუციაში ოჯახის გენდერული დეფინიციაა, რომელიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ‘ქართული ოცნების’ პროგრამულ განაცხადთან გენდერული თანასწორობისკენ სწრაფვის შესახებ.

პოპულისტური თემებით მანიპულირება რეალური პრობლემების გადაფარვის აპრობირებული მეთოდია. მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებს, რომ მოქალაქეების ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა, ფასების ზრდა/ინფლაცია, პენსიები, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება და ხელფასებია და ეს მოცემულობა არ შეცვლილა 2009 წლიდან 2016 წლამდე, ბუნებრივად ჩნდება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ ელიტას არ ესმის ან არ უნდა ესმოდეს საკუთარი ამომრჩევლის, ან არ აქვს პასუხი მათ პრობლემებზე.

ამ რეალობაში, ალბათ,  საზოგადოებამ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოყოს და ხაზი გაუსვას არსებულ პრობლემებს - მაგალითად ეკონომიკური უთანასწორობით გამოწვეულ არათანაბარ პირობებს და ამგვარად მოახდინოს პრობლემების აქტუალიზაცია, რადგან პოლიტიკური პარტიები და მითუმეტეს პარტიული ელიტა, ამ პრობლემებს ვერ ხედავს, ვერ აფასებს და ვერ ასახავს საკუთარ წინასაარჩევნო დღის წესრიგში. საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკოსებისთვისაც წესით განგაშის ზარის ნიშანი უნდა იყოს მაგალითად მშენებლობებზე დაშავებული და დაღუპული ადამიანების ისტორიები. საქართველოში 2011-2015 წლებში სამუშაო ადგილებზე 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 700-მდე დასახიჩრებულია, მიუხედავად იმისა, რომ 2015 და 2016 წელს ხმამაღლა ისმოდა მშრომელთა პროტესტები მესამე სექტორის მობილიზაციის ფონზე, საარჩევნო პროგრამები მაინც ბრმაა ამ პრობლემის მიმართ და ფაქტობრივად იგნორირებას უკეთებს იმ ათასობით დასაქმებულს, რომლებსაც უმუშევრობასთან ბრძოლა არაადამიანურ პირობებში სიცოცხლის საფრთხის ქვეშ უწევს და ლარის გაუფასურების ფონზე მათი ანაზღაურება უფრო და უფრო ნაკლებ ხარჯს ფარავს.

რაც ყველაზე უფრო ნიშანდობლივია, პოლიტიკოსები პროგრამებში გამოტოვებულ საკითხებს არც კონკრეტული შემთხვევების შემდეგ აქცევენ ყურადღებას. უახლეს ამბებში წაიკითხავთ, რომ 19 და 20 ოქტომბერს ორ სხვადასხვა მშენებლობაზე ორი მუშა დაიღუპა. მუშები, რომლებიც სამუშაო ადგილებში ასრულებენ ცხოვრებას, მკვლევარებისთვის სტატისტიკის ნაწილია,  მედიისათვის  ‘მუშა’  სახელის, გვარის და პიროვნული მასახიათებლების გარეშე, პოლიტიკოსებისთვის კი არავინ. არავინ ამბობს რომ ის, რაც მოხდა არსებული ეკონომიკის კანონზომიერი შედეგია და რომ ეს კიდევ მოხდება თუ დამსაქმებელს, ინვესტორს, მას, ვისაც ფინანსური კაპიტალი აქვს,  არანაირი თანასწორობის პოლიტიკით არ შევზღუდავთ და არ ვაიძულებთ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 

სწორიარჩევანი?

2016 წლის არჩევნებმა ყველაზე მკვეთრად აჩვენა, რომ  ძალაუფლებისთვის მებრძოლ ყველა მხარეს აწყობს ამორფული პოლიტიკური გარემო. არჩევნებამდეც და მას შემდეგაც ნათლად იკვეთება სურათი, სადაც არც ერთი პარტია არ ცდილობს წინასაარჩევნო პერიოდში გაუადვილოს ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება ან არჩევნების შედეგების გააზრება.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის არჩევნებმა გვიჩვენა პოლიტიკოსების მხრიდან დაბალი პასუხისმგებლობა და მოსახლეობისა და პოლიტიკოსების არჩევნებთან დაკავშირებული ფობიები. ერთ-ერთი ფობია ძალადობასთან დაკავშირებული შიშია, რაც გარკვეულწილად გამოწვეულია იმით, რომ ყველაზე ძლიერმა ოპოზიციურმა პარტიამ (‘ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ’) ვერ მოახერხა გადაეაზრებინა საკუთარი ძალადობრივი წარსული და ამომრჩეველისათვის არსებითად ახალი განაცხადი შეეთავაზებინა.

ზოგადად, ‘სიახლის’ პრობლემა ქართულ პოლიტიკაში მწვავედ დგას. ქართული პოლიტიკა არც ახალი ადამიანების და არც ახალი იდეების მიმართ ღიაობით არ გამოირჩევა. მიუხედავად პარტიების რიტორიკისა, რომ ისინი განახლდნენ, სიაში ახალი სახეები ჰყავთ, შეცდომებს იაზრებენ და გამოცდილება მათ საქმიანობას უფრო ეფექტურს ხდის, ფორმის ცვლილება შინაარსის ცვლილებას არ იწვევს. ვიწყებთ ახალ ოთხწლეულს, სადაც მოქალაქეებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა დასჭირდებათ იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს თავიანთი რეალური პრობლემები დაანახონ და მათზე სათანადო რეაგირება აიძულონ.

‘სწორი’ არჩევანის გაკეთება კი ისევ პრობლემურია. ამის შედეგია რეალობა, სადაც ყველა, ვისაც გააზრებული გვაქვს პოლიტიკური ველის არაჯანსაღი ხასიათი, დანაშაულის და პოსტ-საარჩევნო ზიზღის გრძნობით იტანჯება.

 

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება