იცვლება თუ არა კონსტიტუციის გენდერული მგრძნობელობა

საკონსტიტუციო ცვლილებების დღის წესრიგში დაყენება და საკონსტიტუციო კომისიის შექმნა, რომელიც მოამზადებს ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ცვლილებების პაკეტს, თავისთავად გულისხმობს იმის აღიარებს, რომ მოქმედ რეჟიმსა და კანონმდებლობაში რაღაც გამართული არ არის და მისი ცვლილება სპეციალისტების ჩართულობით და პროცესის ღია განხილვებით საჭიროა უკეთესი მომავლისთვის. შესაბამისად, როდესაც კონსტიტუციის გადასინჯვა  იწყება, პრინციპულად მნიშვნელოვანია  საზოგადოებამ იცოდეს, რის მიმართ არსებობს კრიტიკული დამოკიდებულება გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან,  რის შეცვლას თვლიან საჭიროდ კანონმდებლები და რა ალტერნატივას გვთავაზობენ მოქმედი წესრიგის სანაცვლოდ. პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და დაინტერესებულ მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება დააკვირდნენ, რამდენად ემთხვევა მოქალაქეებისა და კანონმდებლების პრიორიტეტები ერთმანეთს და როგორ ხდება ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

2017 წელი საქართველოს კონსტიტუციისთვის ცვლილებების წელი აღმოჩნდა. საკონსტიტუციო კომისია მუშაობის ფინალურ ეტაპზე დატოვეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” უკმაყოფილება გამოთქვეს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვასა და არჩევნების წესთან დაკავშირებით და უარი თქვეს პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე. კონსტიტუციის პროექტის ფინალურმა  განხილვამაც მოქალაქეების პროტესტის ფონზე ჩაიარა თბილისში, თუმცა ეს პროტესტი ვერ იქცა  ჯანსაღი და ღია დისკუსიის წამოწყების ბიძგად. პროცესში ჩართულ მმართველი გუნდის წევრებს შესაბამისი პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდათ და განხილვების შინაარსის ცვლილების ნაცვლად მხოლოდ მისი ხანგრძლივობა გაზარდეს  (პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განხილვები დაგეგმილთან შედარებით ორი თვით გაგრძელდა).

მთავარი გზავნილი - ოჯახი კონსტიტუციაში

ღია დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რა ცვლილებები შედის ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში და რა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული ესა თუ ის ცვლილება  - საზოგადოებას არ მოუსმენია. ცვლილებებზე საუბრისას აქცენტი ძირითადად კეთდებოდა პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებასა და ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების განსაზღვრებაზე.  პირველ შემთხვევაში პროცესი კონკრეტული პერსონებიდან გამომდინარე განიხილებოდა, მეორე შემთხვევაში კი საკითხს პოპულიზმის სუნი ასდის.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ (“ვიზგი”, EMC, “იდენტობა”, “ლგბტ საქართველო”, და “თემიდა”) 2017 წლის 17 თებერვალს განცხადება გაავრცელეს და მიმართეს კანონმდებლებს, არ დაეჭირათ მხარი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრების ფორმის განსაზღვრებას, რაც თავისი არსით ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფლებისა და თანასწორობის იდეებს.  განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები თვლიან,  რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს პოპულისტურ სვლას, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში რელიგიური ინსტიტუციისა და უმრავლესობის ლოიალობის მოპოვებისკენ არის მიმართული და ლგბტ ადამიანთა დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პრობლემებს  აღრმავებს.

არსებულ რეალობაში,  სადაც ერთი და იმავე სქესისა და გენდერული იდენტობის მქონე პირების თანაცხოვრება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ისედაც შეუძლებელია ქორწინებამდე მივიდეს, გაუგებარია ამ საკითხის წინ წამოწევა და მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭების რა გონივრული საჭიროება არსებობდა ქვეყანაში.  აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ლგბტ თემს არასოდეს დაუყენებია დღის წესრიგში მათთვის ქორწინების უფლების მინიჭების საკითხი. ოჯახის, როგორც ქალისა და კაცის თანაცხოვრების კონსტიტუციაში განმარტებაზე მსჯელობა კი უფრო ადრე დადგა რიგი პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკურ დღის წესრიგში, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დაიწყებდა კომისია მუშაობას. განცხადებებს ამ განმარტების საჭიროების შესახებ აკეთებდნენ როგორც უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე ის პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან ჰომოფობიური განწყობით და ხშირად იყენებენ ტრიბუნას დისკრიმინაციული განცხადებებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებისვის (მაგ. სანდრო ბრეგაძე).

და თუ მაინც, სახელმწიფო თვლის, რომ ის უნდა ჩაერიოს ოჯახების ფორმირების საქმეში და კონსტიტუციაში განსაზღვროს ოჯახის სტრუქტურა, თანმიმდევრული იქნებოდა ეს განსაზღვრება არ ყოფილიყო მხოლოდ ჰეტეროსექსუალი პირებისთვის ტიპური ოჯახებისთვის გაკეთებული განსაზღვრება, რომელთა ურთიერთობებს სხვა კანონებიც არეგულირებს და უფრო ლოგიკური იქნებოდა კონსტიტუციაში შევხვედროდით მაგალითად  ერთი და იმავე სქესის მქონე პირების პარტნიორული თანაცხოვრების სამართლებრივ აღიარებასაც, რაც ლგბტ თემის წევრების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებისკენ წინ გადადმული ნაბიჯი იქნებოდა და ისინი უფრო ხილულები გახდებოდნენ თუნდაც საკანონმდებლო დონეზე.

ლგბტ პირების  წინაშე არსებული პრობლემების, ჰომოფობიური და დისკრიმინაციული გარემოს  აღიარება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან ჩანაწერი თანასწორობის შესახებ მეორე თავშიც, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება,  იმის შესახებ, რომ კონსტიტუციით დაცულია ნებისმიერი ადამიანის უფლებები გენდერული იდენტობის მიუხედავად.

თანასწორობის პრინციპი სამართლის წინაშე ყველა ადამიანს თანასწორად მიიჩნევად და კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, წარმოშობის, ეთნიკური კუთვნილების, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, სოციალური კუთვნილების, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის და სხვა ნიშნის მიხედვით. ჩამონათვალში მოხსენიებული შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტორები იმ საფრთხეების ილუსტრაცია, რის გამოც შეიძლება არათანასწორ პირობებში აღმოჩნდეს ადამიანი საქართველოში და ამ ფაქტორებიდან გენდერული იდენტობის გამორიცხვა მიანიშნებს იმაზე, რომ სახელმწიფო კვლავ თვალებს ხუჭავს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების ფაქტებზე და ჰომოფობიას ლგბტ პირების მიმართ სერიოზულად არ აღიქვამს. ეს პოზიცია განსაკუთრებით საყურადღებოა ქვეყანაში, სადაც ლგბტ თემის წევრები ვერ სარგებლობენ ისეთი საყოველთაოდ აღიარებული უფლებებით, როგორიც არის მაგალითად შრომის, შეკრებისა და გამოხატვის, განათლების ან კანონის წინაშე თანასწორობის უფლებები, განდევნილები არიან საჯარო სივრცეებიდან და ხდებიან სისტემური დისკრიმინაციის მსხვერპლები.

საკონსტიტუციო ცვლილებების მოდელის განხილვისას თითქმის არ დასმულა ქალთა საკითხები, იგივე ოჯახის არსებული განმარტება დისკრიმინაციულადაც კი ჟღერს, მაგალითად, მარტოხელა დედებისთვის, რომლებიც იმ შემთხვევაში, თუ შვილთან/შვილებთან ერთად ცხოვრობენ, სახელმწიფოსთვის ოჯახად არ ითვლებიან. ასევე  - მემკვიდრეობის, შრომის, განათლების, საჯარო თანამდებობის დაკავების და სხვა საკითხები კონსტიტუციის მეორე მუხლში განხილულია ზოგად ჭრილში და ის დისკრიმინაციული გარემო, რომელშიც ათასობით ქალს უწევს საქართველოში დღეს ცხოვრება, სრულიად იგნორირებულია.

კოსტიტუცია და ქალები

ერთადერთი დადებითი ცვლილება ქალთა უფლებრივი გაძლიერებისთვის კონსტიტუციის მოდელში თანასწორობის ნაწილში გვხვდება, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს თანაბარ უფლებებსა და შესაძლებლობებს მამაკაცებისა და ქალებისათვის და  იღებს განსაკუთრებულ ზომებს მამაკაცებისა და ქალების არსებითი თანასწორობის უზრუნველსაყოფად და უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ჩანაწერი შესაძლოა პოზიტიურად იყოს გამოყენებული შრომის, განათლების, საკუთრების, მემკვიდრეობის საკითხებზე სამართლებრივი დავებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ქალები სქესის გამო გახდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლები და ამის დამტკიცებას შეძლებენ. პასუხისმგელობა, რომელსაც სახელმწიფო კონსტიტუციაში გაკეთებული ჩანაწერით იღებს და პირობას დებს, რომ უზრუნველყოფს არსებით თანასწორობას, შესაძლოა დადებითად აისახოს ქალების უფლებებისთვის ბრძოლის პრაქტიკაში. თუმცა, თავად ეს ჩანაწერიც უფრო ღირებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი მასზე სწორი აქცენტები გაკეთდებოდა ცვლილებების განხილვის პროცესში და მოსახლეობა დაინახავდა, რას გეგმავს მოქმედი ხელისუფლება არსებითი თანასწორობის მისაღწევად.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში შესაძლოა დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს კიდევ ერთი პოპულისტური ჩანაწერი მიწის გაყიდვის შესახებ, რომელიც მიღების შემთხვევაში აკრძალავს ყველასთვის, ვინც საქართველოს მოქალაქე არ არის, საქართველოში მიწის შეძენას. ჩანაწერი გარდა იმისა, რომ ბევრი ფაქტორის გამო შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი, საყურადღებოა ემიგრანტი ქალების პრიზმიდანაც, რომლებიც შესაძლოა ხანგრძლივი ემიგრაციის, ან სხვა ფაქტორების გამო აღარ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ სურთ საქართველოში დაბრუნება და გარკვეული საკუთრების შეძენა. მათი სრულიად ლეგიტიმური სურვილი ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში არაკონსტიტუციური ხდება და ისინი იძულებულები გახდებიან, კონკრეტული ქონების შესაძენად დაიბრუნონ მოქალაქეობა ან ქონება ოჯახის წევრების სახელით იყიდონ, რაც ცხადია, მათი უფლებებისა და თავისუფლების შეზღუდვა იქნება. ნიშანდობლივია ისიც, რომ ამ საკითხის განხილვისას არავის დაუყენებია მიგრანტი ქალების და მათი უფლებრივი მდგომარეობის საკითხი დღის წესრიგში და საკონსტიტუციო უმრავლესობაში მყოფი მმართველი გუნდის წარმომადგებლები ძირითადად ჰომოფობიური განწყობებით ცდილობენ ამ ინიციატივის ლეგიტიმაციას.

გენდერულად ნეიტრალური თუ გენდერულად ბრმა?

სპეციალისტების მოსაზრებით, საქართველოს კანონმდებლობა ძირითადად გენდერულად ნეიტრალურია და გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც კონსტიტუციაა. თუმცა, ფაქტობრივი სამართალი, რომელიც ქალებისა და ლგბტ პირებისთვის დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის, უფრო დიდ გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტის განხილვაში მაქსიმალურად მაღალი და ეფექტური იყოს მოქალაქეთა ჩართულობა და სხვადასხვა ჯგუფებს ქონდეთ თავიანთი პოზიციების გამოხატვისა და დაცვის საშუალება. საჯარო დისკუსია დეკლარირებულ თუ იგნორირებულ საკითხებზე აამაღლებს როგორც გენდერულ საკითხებზე საზოგადოების მგრძნობელობის დონეს, ასევე ნათელს გახდის კონსტიტუციაში გაწერილი თითოეული ფრაზის მნიშვნელობას და აიძულებს პოლიტიკოსებს, მეტი სიფრთხილით მოიქცნენ და უფრო მყარი არგუმენტები ქონდეთ ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტზე მუშაობისას.