გენდერული სტერეოტიპები და გენდერირებული სუბიექტები

პოლიტიკოსი ქალები თავიანთი საქმიანობით ეწინააღმდეგებიან ფემინურობის აღიარებულ გაგებას და ქმნიან პრეცენდენტს, როდესაც ქალები არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები. მიუხედავად არჩევანის მოჩვენებითი თავისუფლებისა, სულაც არ არის ჩვეულებრივი, როდესაც „ბოლო სიტყვა” ქალს ეთქმის.  კულტურულად, ეს როლი დღესაც მხოლოდ მამაკაცისთვის არის  გადანახული. ხოლო თუ ქალი მაინც პოლიტიკაში აღმოჩნდა, ეს ხშირად აღვიძებს განწყობებს, რომ ის კაცს მიემსგავსა. მან არათუ საკუთარი უნარები გამოავლინა, იშრომა ცოდნის დასაგროვებლად, იბრძოლა ნდობის მოსაპოვებლად, არამედ შეეცადა, მიეთვისებინა ის სფერო, რომელიც რაციონალურ აზროვნებას მოითხოვს და კაცთან არის გაიგივებული.

არჩევნები და მასთან დაკავშირებული პროცესები შეიძლება მოვიაზროთ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისა და, ზოგადად, ქალის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის წინ წამოწევის შესაძლებლობად. სწორედ ამიტომ, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმავლობაში „იკითხე პოლიტიკა“ აკვირდებოდა, თუ  რა სტერეოტიპებს იყენებდნენ თუ ამყარებდნენ თავიანთი კამპანიების დროს პოლიტიკური სუბიექტები; რა გენდერული წინასწარგანწყობებით მოქმედებდნენ ისინი და როგორ უკუკავშირს იღებდნენ ამომრჩევლებისგან.  

მოპოვებული მასალის დასამუშავებლად მივმართეთ დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდს. ამ მიდგომის საშუალებით შესაძლებელი გახდა გამოვლენილიყო,  რა გენდერული წინასწარგანწყობები ძლიერდება/რბილდება წინასაარჩევნო კამპანიების წარმოებისას პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან; რა უწყობს ხელს არსებული დისკურსის გაძლიერებას და როგორ ინტერპრეტირდება იგი საზოგადოების მხრიდან.

საჭირო გახდა არამხოლოდ საარჩევნო პროგრამების გენდერული ანალიზი, არამედ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არის პოლიტიკური კამპანიები და სუბიექტები გენდერირებული (Gendered). ეს უკანასკნელი კი გულისხმობს, რომ პოლიტიკური კამპანიები და ის ძირითადი გზავნილები, რასაც კანდიდატები გვაწვდიან - არ არის გენდერისგან დაცლილი. სწორედ კანდიდატების მესიჯები, მათ მიერ მოწოდებული იმიჯები და ურთიერთობის ფორმები არის ხშირად გენდერული სტერეოტიპების გამამყარებელი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატების აღქმა საზოგადოებაში მათი გენდერის გათვალისწინებით ხდება, რაც გავლენას ახდენს ამომრჩევლის დამოკიდებულებებზე. ასეთ დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, თუ როგორ გავლენას ახდენს გენდერი იმ ხატების შექმნაზე, რომელსაც პოლიტიკოსები ავრცელებენ.

საკვლევ მასალად განვსაზღვრეთ თბილისის მერობის იმ კანდიდატების facebook გვერდები, რომლებიც NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ყველაზე რეიტინგულები იყვნენ[1]. ესენი არიან: ზაალ უდუმაშვილი, ელენე ხოშტარია, კახა კალაძე, ალექსანდრე ელისაშვილი. გარდა ამისა, გაანალიზდა შემდეგი ინფორმაცია:

  • ონლაინ გამოცემების,  „ლიბერალისა“ და „ნეტგაზეთის“ facebook გვერდები;
  • მერობის ზემოთ ჩამოთვლილი კანდიდატების პროგრამები;
  • partiebi.ge-ზე განთავსებული კანდიდატების შესაბამისი კითხვარები;
  • სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით გავრცელებული ინტერვიუები მერობის კანდიდატებთან.

ანალიზის დროს  ყურადღება ექცეოდა ე.წ. მეტაფორებს, ფრაზებს, შედარებებს, ასოციაციებს, რომელზე დაყრდნობითაც ხდება პოზიციის გამოხატვა და მისი არგუმენტებით გამყარება. მნიშვნელობა ენიჭებოდა კონკრეტული სიტყვების გამოყენების სიხშირეს, ადრესატსა და კონტექსტს. მნიშვნელოვანი იყო როგორც მოპოვებული ტექსტუალური, ასევე ვიზუალური მასალა: ვიდეო-მიმართვები, სატელევიზიო ინტერვიუები, ფოტოები.

გაანალიზდა არამხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების კამპანიები და პროგრამები, არამედ კონკრეტული facebook გვერდების გამომწერების („იუზერების“) პასუხები. მატი გამოხმაურებების საფუძველზე ვაკვირდებოდით:

  • როგორ ხდება ამა თუ იმ დამოკიდებულების/პოლიტიკური ფიგურის შექება/წახალისება ან ექსკლუზია?
  • როგორ მოქმედებს მათზე ის ხატები და კატეგორიები, რომლებსაც იყენებენ პოლიტიკური კამპანიები?

დროის მონაკვეთად 2017 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეები შევარჩიეთ. ეს პერიოდი კარგად ასახავდა წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს.

ძირითადი დაკვირვებები, რომლებსაც შემდეგ სტატიებში გავშლით, შემდეგია:

  1. პოლიტიკოსი ქალის ტრადიციულ გენდერულ ჩარჩოში აღქმა მისი პოლიტიკისგან გამორიცხვის საბაბი ხდება.

პოლიტიკაში ჩართული ქალის აღქმა, პირობითად, ორ ძირითად წარმოადგენას ეყრდნობა. პირველი უკავშირდება იმ ტრადიციულ როლებსა და მოვალეობებს, რომელიც ქალს კონკრეტულ კულტურაში მიეწერება; მეორე  ქალს აყენებს ნორმატიული ფემინურობის მოთხოვნის წინაშე - იგი მუდმივად უნდა ამტკიცებდეს საკუთარი გარეგნობით, რომ ქალია.

  • პოლიტიკოსი ქალი და გენდერული მოლოდინები

როდესაც ტრადიციული გენდერული ნორმები ქალისთვის აწესებს ცოლობის და დედობის გარდაუვალობას და, მეტწილად, მას ისევ კერძო სფეროსთან აკავშირებს, ეს როლი წინააღმდეგობაში მოდის პოლიტიკაში, ანუ საჯარო სფეროში ქალის მოაზრებასთან. საინტერესოა, რომ დღესაც კი, დედობა პოლიტიკიდან ქალის ექსკლუზიის საბაბი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალისტურ დისკურსში დედობა ყოველთვის წახალისებულია, პოლიტიკოსი ქალის შემთხვევაში, პირიქითაა - როგორც სავალდებულო და პირველადი ფუნქცია, იგი მუდმივად კითხვის ქვეშ დააყენებს “თავდადებული დედის” ხატს, რადგან ქალი, პირველ რიგში, შვილებზე უნდა იყოს პასუხისმგებელი.

“...წადი და მიხედე მერე შვილებსპოლიტიკა რა შენი საქმეა.” [2]

  • პოლიტიკოსი ქალი და ფემინურობა

ფემინურობა  განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც ქალი პოლიტიკაშია. პირველი ნიშნული, რომელზე დაყრდნობითაც ქალი პოლიტიკოსის კრიტიკის ლეგიტიმაცია ხდება,  სწორედ მისი გარეგნობაა. ეს არის ქალი პოლიტიკოსის გაქრობის ერთგვარი მანიფესტაცია. მიუღებლობას ხშირად განაპირობებს არა უბრალოდ გარეგნობა, არამედ არანორმატიული ფემინურობა. ეს უკანასკნელი არ გულისხმობს მხოლოდ გარეგნობას, არამედ ქცევასაც - არანორმატიული ქცევაკი პოლიტიკის კეთებას/პოლიტიკოს ქალად ყოფნასაც მოიცავს. ქალი პოლიტიკოსის გარეგნობაზე ხაზგასმა ერთგვარი მცდელობაა, ქალურობისგან დაცლის საშუალებით მისი, როგორც პოლიტიკოსის დისკრედიტაცია მოხდეს.

რას გავს, თავისთავისთვის ვერ მიუხედია და ამან თბილისს როგორ უნდა მიხედოს” [3]

მასკულინურად მიჩნეული გარეგნობაც ასევე აღიქმება, როგორც გადახვევა ნორმატიული ფემინურობისგან. იგი მხოლოდ გაკაცების (რაციონალურ კაცად ქცევის) არასრულყოფილი აქტია.

უკაცრავად ქალს სად ხედავთ?” [4]

 

  1.  გენდერის გათვალისწინება პროგრამებში გენდერული სტერეოტიპების კვლავწარმოების ხასიათს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს არ აქვს გენდერული განზომილება, ისინი თავიანთი პროგრამის გარკვეული ნაწილით თუ კამპანირების სტრატეგიებით პირდაპირ ან ირიბად ითვალისწინებენ ქალებს, როგორც სამიზნე ჯგუფს. თუმცა აქ ჩნდება კითხვა, თუ რისკენაა მიმართული ეს მცდელობები - რეალური გაძლიერებისკენქალთა საჭიროებების გათვალისწინებისკენ თუ არსებული გენდერული წესრიგის შენარჩუნებისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, როდესაც კანდიდატები ქალებს ხვდებიან, ეს საზოგადოების მხრიდან ინტერპრეტირებულია, როგორც პროგრესული ნაბიჯი, რაც შესაძლოა კამპანიის „სწორ” გათვლადაც ჩაითვალოს. თუმცა, მსგავსი შეხვედრებისას ყურადღება არ მახვილდება ქალთა საკითხებზე. ამასთან, შეხვედრის ფორმატისა და შინაარსიდან გამომდინარე, გაუჩინარებული არიან ის ქალები, რომლებიც ვერ აღწევენ წარმატებას გარკვეული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული კონტექსტების გათვალისწინებით და განიცდიან სისტემურ ჩაგვრას.  მაგალითად, სექსუალური, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების ხმა ასეთ შეხვედრებზე ნაკლებად ჟღერდება.

პოლიტიკური კანდიდატების კამპანიების სოციალური ნაწილი საუბრობს სოციალურ შეღავათებსა და დახმარებებზე. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამაში “ქალი” არ არის ნახსენები, პროგრამები გათვლილია ჰეტერნორმატიული ოჯახის მოდელზე, სადაც დახმარება გაიცემა მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალური დაუცველი ოჯახების ახალშობილ წევრებზე.[5]  დახმარების ეს პროგრამები არამხოლოდ მიმართულია ჰეტერონორმატიული ოჯახის მოდელზე, არამედ ხელს უწყობს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციასთან მიმაგრებას და, შესაბამისად, მას ისევ კერძო სფეროსთან და აუნაზღაურებელ შრომასთან მიჯაჭვულად აქცევს. თუნდაც ის საკითხი, რომ არსებობენ მარტოხელა დედები და ძირითადად, სწორედ ქალებს აქვთ მარტოხელობის სტატუსი, ყურადღების მიღმა რჩება.

 

  1. პოლიტიკოსების საარჩევნო პროგრამებში გენდერულ საკითხების ასახვა ფაქტიურად არ ხდება, თუმცა თავად პოლიტიკური სუბიექტები და მათი კამპანიები არ არის დაცლილი გენდერისგან. 

როდესაც საარჩევნო პროგრამებში გენდერული საკითხები შეზღუდულად და მწირად არის წარმოდგენილი, დისკურსის ანალიზისთვის მნიშვნელოვანი ხდება, თუ როგორ არის ასახული გენდერი პოლიტიკური კამპანიების წარმოების პროცესში. პოლიტიკური სუბიექტების მიერ მოწოდებული ხედვები და აღქმები გენდერისგან დაცლილი არ არის და ხელს უწყობს არსებული გენდერული წესრიგის შენარჩუნებას.

პოლიტიკური კამპანიების გენდერირებული (Gendered) სტრატეგიები იკვეთება კაცი პოლიტიკოსის იმიჯის შექმნის პროცესში. მათი კამპანია მათივე “კაცობის” აგებიდან და აღქმიდან ამოდის, რაც თავის მხრივ, საზოგადოებასაც უბიძგებს ისაუბრობს პოლიტიკოსის კაცურ ღირსებებზე ხაზგასმით. კაცი პოლიტიკოსები თავიანთ, როგორც პოლიტიკოსის როლს, კაცობის დადასტურებით ახერხებენ (სპორტსმენი, ოჯახის უფროსი, სამი შვილის მამა). თუ ქალი პოლიტიკოსის შემთხვევაში მის მიმართ არსებული გენდერული მოლოდინები მის ექსკლუზიას უწყობს ხელს პოლიტიკური სივრციდან, კაცი პოლიტიკოსის შემთხვევაში საპირისპიროდ ხდება. კაცების მიერ გადადგმული ნაბიჯები მუდმივად აღიქმება, როგორც პოლიტიკის კეთების ნორმა. საინტერესოა, რომ ოჯახის „დალაგება” კაცის მიერ და „მეურვეობა“ არის ქალაქის წინ წაძღოლის წინაპირობა. შემდგარი ოჯახის ხატი წარმატებულად გამოიყენება პოლიტიკური კამპანიების მხრიდან. თუ კაცმა საკუთარი „კაცობა” დაადასტურა სამაგალითო ოჯახის შექმნით, იგი ასევე შეძლებს წარმატებული იყოს პოლიტიკაშიც.

ის, რომ მამაკაცების მიერ დადგენილი პოლიტიკის კეთების ნორმის გადახედვა არ ხდება, გამოიკვეთა, როდესაც პოლიტიკურმა ოპონირებამ მასკულინობების შეჯიბრის სახე მიიღო. მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის მიერ კახი კალაძის დებატში გამოსაწვევად გავრცელებული ვიდეო  კიდევ ერთხელ წარმოაჩენს პოლიტიკას, როგორც კაცურ სფეროს, სადაც კაცური წესებით ხდება პრობლემების გადაჭრა.

ზემოთხსენებულ მიგნებებზე დაყრდნობით „იკითხე პოლიტიკა“ შემოგთავაზებთ სამ სტატიას, სადაც წარჭრილ საკითხებს მეტად გავშლით:

  • პოლიტიკოსი ქალი ტრადიციულ გენდერულ ჩარჩოებში - კომპეტენცია, გარეგნობა, როლები;
  • გენდერის გათვალისწინება თუ გენდერული სტერეოტიპების კვლავწარმოება საარჩევნო პროგრამებში;
  • გენდერირებული (gendered) პოლიტიკური კამპანიები და სუბიექტები.

ამ ქვეთავების მიხედვით აგებული სტატიები საშუალებას მოგვცემს უფრო ღრმად განვიხილოთ პოლიტიკური სუბიექტების არგუმენტაციის სქემები და პოლიტიკის კეთების სტრატეგიები. ჩვენი შეხედულებით, ისინი არათუ ქმნიან საფუძველს არსებული გენდერული წესრიგის გამოწვევისთვის, არამედ სასათბურე პირობებს უქმნიან და ამყარებს მას.

 

 

შენიშვნები:

[1] “უმრავლესობა არჩევანში ჯერ ჩამოყალიბებული არ არის“, 2017

[2] კომენტარი Facebook  პოსტზე, 2017, http://bit.ly/2xdXbkc

[3] კომენტარი Facebook  პოსტზე, 2017, http://bit.ly/2xeQEG4

[4] კომენტარი Facebook  პოსტზე, 2017, http://bit.ly/2xeQEG4

[5] კითხვარები, partiebi.ge, 2017

 

გამოყენებული მასალა:

  1. Wodak, Ruth & Meyer, Michael, Methods of critical discourse analysis, London: SAGE, 2001
  2. “უმრავლესობა არჩევანში ჯერ ჩამოყალიბებული არ არის“, ნეტგაზეთი, 2017, ბოლო ნახვა 01.11.17 http://bit.ly/2z5whA5
  3. [David Orjonikidze] , 22.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე,  http://bit.ly/2xdXbkc
  4. [Mzia Qsovreli], 22.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე,  http://bit.ly/2xZtY0O 
  5. [Avto Udumashvili], 12.10.2017, კომენტარი facebook პოსტზე  http://bit.ly/2xeQEG4
  6. „NDI: უმეტესობის აზრით, მერის პოზიციაზე ქალი და კაცი ერთნაირად იმუშავებენ“, ნეტგაზეთი, 2017, ბოლო ნახვა 05.11.2017 http://bit.ly/2mvmKwj
  7. „პოლიტიკოსი ქალის პორტრეტი - ელენე ხოშტარია“, sapari.ge, 2017, ბოლო ნახვა 30.10.2017 http://bit.ly/2jnOimp
  8. კითხვარები, partiebi.ge, 2017, ბოლო ნახვა 05.11.2017 http://bit.ly/2jvUbxU