ეფროსინე /ეფრო/ ყიფიანი-კლდიაშვილი

ეფროსინე (ეფრო)  ყიფიანი-კლდიაშვილი დაიბადა 1839 წელს გორის მაზრის სოფელ ქვიშხეთში,  დიამბეგ  ქაიხოსრო ივანეს ძე ყიფიანის ოჯახში. ქაიხოსრო ყიფიანი, დიმიტრი ყიფიანის უფროსი ძმა, 7  წლის ასაკში დაობლებულ დიმიტრის პატარაობიდანვე მეურვეობდა. მათი ოჯახი ქართული ლიტერატურის და ზოგადად, მწიგნობრობის დიდი მოყვარული ყოფილა. ეფრომ პირველადი განათლება შინ მიიღო. შემდეგ, მამამ ცოდნის გასაღრმავებლად ხაშურში წაიყვანა, სადაც ერთ მასწავლებელ ქალს მიაბარა. ეფრო კარგად  დაეუფლა რუსულ და ფრანგულ ენებს, თავისუფლდ კითხულობდა და თარგმნიდა კიდეც. ,,ამ დროს ნასწავლი ფრანგული ლექსები მოხუცებულობაშიც კარგად ახსოვდაო“ – იგონებს მისი ქალიშვილი ანასტასია.  

ცხადია, დიდი იყო ბიძის გავლენა ეფროს აღრდაზე;  დიმიტრი ყიფიანმა თეატრისადმი სიყვარული, შვილებთან ერთად, თავის ძმისშვილსაც  ჩაუნერგა. მანვე გამოიყვანა იგი პირველად სოფლად გამართულ შინაურულ წარმოდგენებში, შემდეგ თბილისში წაიყვანა და სცენისმოყვარეთა დასის ქართულ დადგმებში მიაღებინა მონაწილეობა.

იმდროინდელ საქართველოში ქალის სცენაზე გამოსვლა გარკვეულ გამბედაობას მოითხოვდა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ წარმოდგენებთან  დაპირისპირებას ნიშნავდა, მაგრამ ამას ეფროსთვის ხელი არ შეუშლია, რომ მთელი შეგნებული ცხოვრება ქართული თეატრისთვის მიეძღვნა. ილია ჭავჭავქაძის, დიმიტრი ყიფიანის და აკაკი წერეთლის თანამოაზრეს, კარგად ესმოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თეატრს საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის და ქართული ენის გადარჩენისათვის.

1861 წელს ეფროსინე ყიფიანი ცოლად გაჰყვა გრიგოლ კლდიაშვილს, რომელიც  ქუთაისის საგუბერნიო 68-ე ბატალიონის პოდპორუჩიკი იყო. გრიგოლი სვანეთში მუშაობდა სამოქალაქო სამსახურში, თუმცა, იქ ორ  წელზე მეტი ვერ გაძლო და 1879 წლის დამლევს მძიმე ავადმყოფი ჩამოიყვანეს ქუთაისში.                                                                  

ეფროს სურდა ენახა  სვანეთი - საქართველოს ეს მეტად საინტერესო და იმ დროს უყურადღებოდ მიტოვებული მხარე და მეუღლის სვანეთიდან წამოსვლის შემდეგ, 1880 წლის 10 ივლისს,  გაემგზავრა ,,იმ ქვეყნის სანახავად, რომელსაც საშიშრად უხატავდნენ".  ამ მოგზაურობის შესახებ ეფრომ დაბეჭდა წერილები  გაზეთ ,,დროებაში" [1]

იმ დროს  საქართველოში ქალები იშვიათად მოგზაურობდნენ. ეფროს მიზანი, როგორც იმდროინდელ პრესაში გამოქვეყნებული ჩანაწერებიდან ირკვევა, სვანეთის მონახულება, იქაურების ყოფის გაცნობა იყო. ეფრომ  თავის სტატიაში რამდენიმე სერიოზული საკითხი წამოჭრა, მათ შორის – სვანეთში განათლების შეტანის, კარგი გზის გაყვანის, სავაჭრო წერტილების გახსნის აუცილებლობის, საპოლიციო და სასამართლო უწყებების სოფელ მესტიაში გადატანის შესახებ. ის ცდილობდა, რომ ხალხში გავრცელებული მოძველებული წეს-ჩვეულებებიც შეცვლილიყო.

ეფროს და გრიგოლის ოჯახში ხშირად სტუმრობდნენ აკაკი წერეთელი, ანტონ ლორთქიფანიძე, თეიმურაზ ლეჟავა, ალექსი ჭიჭინაძე, ივანე აბაშიძე, ივანე მესხი, ვასო აბაშიძე, კოტე და ანა მესხები, ვარლამ გაბიჩვაძე და სხვები.  მარჯორი და ოლივერ უორდროპები ქუთაისში ჩამოსვლისას გრიგოლ კლდიაშვილის ოჯახში ჩერდებოდნენ. ამ დროს უფროსი ვაჟი ლუარსაბი თარჯიმანის როლს ასრულებდა.

მე-19 საუკუნის 60-80-იანი წლების ქუთაისში განსაკუთრებით გამოცოცხლდა  თეატრალური ცხოვრება. შეიქმნა სცენისმოყვარეთა წრე და ინტენსიურად იმართებოდა თეატრალური წარმოდგენები.  გიორგი ერისთავის ,,ქართული თეატრის“ დაშლიდან (1856 წ.)  ხუთი  წლის შემდეგ ქუთაისიდან დაიწყო ახალი თეატრალური მოძრაობა, რომელიც 1861 წლის 3 მარტს, ქალაქის საზოგადო საკრებულოს შენობაში,  გ. ერისთავის ისტორიული პიესის ,,გაყრა“ დადგმით აღინიშნა.   

სცენისმოყვარეების წარმოდგენებმა თეატრი ყველასთვის მისაწვდომ და საყვარელ ადგილად აქცია.  ქუთაისის სცენისმოყვარეთა მუდმივი წრის წარმოდგენებს ხელმძღვანელობდნენ თავდაპირველად (1861წ.) დიმიტრი ბაქრაძე და გიორგი ღოღობერიძე, 1862 წლიდან მათ შეუერთდნენ აკაკი წერეთელი და რაფიელ ერისთავი,  ხოლო 1871 წლიდან – ეფროსინე კლდიაშვილი და ანტონ ლორთქიფანიძე.

ეფროს ქალიშვილი ანასტასია გადმოგვცემს: ,,როდესაც ეფრო გათხოვდა და ქუთაისში გადასახლდა, სხვებთან ერთად დააარსა თეატრის მოყვარულთა წრე. რეპეტიციები, როლების განაწილება, ტანისამოსის შოვნა, ნებართვის აღება, აფიშები და სხვა მრავალი წვრლიმანი საქმეების მოწესრიგებაში ეფროს პირველი ადგილი ეჭირა. ეს ყველაფერი მის ბინაზე იმართებოდა...“ [2]

სცენისმოყვარეთა დასში საკმაოდ მრავალრიცხოვანი წარმოდგენების მთავარი ორგანიზატორობა დაკისრებული ჰქონდა ეფრო კლდიაშვილს, რეჟისორობა და იდეური ხელმძღვანელობა – აკაკი წერეთელს, სუფლიორის მოვალეობა რაფიელ ერისთავს, ორგანიზაციულ-ტექნიკური საქმეების მოგვარება კი  ანტონ ლორთქიფანიძეს.                                                                                                                 

სამოცდაათიან წლებში, გაზეთ ,,დროების“ ცნობებით, სცენისმოყვარეთა რეპერტუარი მოიცავდა  30-მდე  წარმოდგენას,  ძირითადათ კომედია-ვოდევილებს. დრამებისა და ტრაგედიებისათვის წრეს სათანადო ძალები არ ჰყოფნიდა, მაგრამ მაინც  დადგეს  ი. კერესელიძის ტრაგედია ,,მედეა“, სპექტაკლს დიდი პოლემიკა მოჰყვა.

,,ეს პიესა ,,მედეა“ სწორედ იმ აზრით ამოვირჩიე, რომ მოსწყინდათ ჩვენ საზოგადოებას ერთი და იგივე პიესები, მეტადრე სასაცილოები და ეს პიესა, ვნახოთ როგორ იმოქმედებს ხალხზედ მეთქი, რომელზედაც მე ძლიერ გაკვირვებული ვარ....რასაკვირველია, იმას არ ვიტყვი, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდა მეთქი, მაგრამ უმეტესმა დიდი მადლობა გამოგვიცხადეს...  აქ არის თანამგრძნობელნი ქართულის თეატრისა, რომელნიც ცდილობენ, რომ ხშირათ იყოს ქართული სპექტაკლები, შიგადაშიგ, რომ დრამები ვითამაშოთ, იქნება რამეთი შევეწიოთ ჩვენს მეტათ ღარიბ სცენას...“ [3]

,,მედეამ" იმდენად დააინტერესა და მიიზიდა ქუთაისელი მაყურებელი, რომ სპექტაკლის შემოსავლით ქუთაისის დასმა მრავალი ხარვეზი შეივსო: ,,სცენისათვის იყიდეს სკამები, შეაკერინეს შვიდი ხელი ტანისამოსი და 30 მანეთის მოგება კი სალაროში დარჩა..“. ამ წარმოდგენების დაწვრილებითი ანგარიში ეფრომ გაზეთშიც  გამოაქვეყნა. ასე თანდათან, მცირედი შენატანებით ზრდიდნენ სცენისმოყვარეები ქუთაისის თეატრს. ერთი გარემოება საქმეს მაინც ართულებდა: ეს იყო თეატრის შენობის ქირა... ამის მიუხედავად ეფრო მოუწოდებდა თეატრის გულშემატკივარს, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის  გავლენით, აზრი არ შეეცვალათ თეატრალური ხელოვნების მაღალ დანიშნულებაზე და თავიანთი ერთგულებით  საქმე წინ წაეწიათ. 

ეფრო კლდიაშვილს კარგად ესმოდა, რომ მაყურებელს მარტო კლასიკური პიესები  არ დააკმაყოფილებდა. საჭირო იყო თანამედროვე ავტორთა ნაწარმოებებიც. ყოველი დრამის თუ კომედიის შემდეგ (როგორც ეს რუსეთში და თბილისის თეატრებში იყო მიღებული),  მაყურებელს გასართობად სთავაზობდნენ  მსუბუქ  ვოდევილებს, რათა ის თეატრიდან ცუდი განწყობით არ წასულიყო და თეატრში კვლავ დაბრუნების სურვილი გასჩენოდა. წრე ყველა საშუალებას მიმართავდა, რომ წარმოდგენები მრავალფეროვანი ყოფილიყო.

წარმოდგენებით მიღებული შემოსავალი საქველმოქმედო მიზნებისთვის ყოფილა  განკუთვნილი. საზოგადოება კმაყოფილი იყო დრამატული წრის საქმიანობით და მსახიობების მუშაობით. აკაკი წერეთელი წერდა: „პირველად რომ თეატრმა ქუთაისში ბიჯგი გადადგა, ეფროც თან დაჰყვა და თანასწორმომხიბლავად თამაშობდა. როგორც დრამატულს, ისე კომიკურ როლებსაც. მუდმივი მოთამაშენი თეატრისა იყვნენ: რაფიელ ერისთავი (რომელიც პიესებსაც წერდა და სუფლიორიც იყო), ეფროსინე კლდიაშვილისა, ზაქარია ჭეიშვილი და მე. ბოლოს და ბოლოს სცენისმოყვარეებიც მოგვეშველნენ..... და ახლა კი, როცა თეატრზე რამეს სწერენ, ეფროს ხსენებაც არ არის და მე კი უნდა აღვიარო, რომ ჯერ ქართულ სცენაზე უკეთესი მოთამაშე არ გამოსულა...  არა თუ უსასყიდლოდ შრომობდა, პირიქით, ღარიბი ქონებიდანაც ბევრი დაუხარჯავს თეატრის გულისათვის".[4]

აკაკი წერეთელი იგონებს ქუთაისის დასის ფურგონებით ჩასვლას თბილისში (რკინიგზა ჯერ არ არსებობდა), და ეფროს მიერ საზოგადოების აღტაცებაში მოყვანას. ეფროსა და მთელი დასის მიერ სპექტაკლების მაღალმხატვრულ შესრულებას ისეთი ზეგავლენა მოუხდენია თბილისის ახალგაზრდობაზე, რომ სემინარიელებს ნიკო  ავალიშვილის მეთაურობით რამდენჯერმე გაუმართავთ წარმოდგენა გერმანელთა კლუბში.....,,ასე, ძალდაუტანებლად  თავისთავად პირველად ქუთაისში დაარსდა ქართული თეატრი და ფეხადგმული გადავიდა თბილისში, სადაც საქმე უფრო მოსახერხებელი იყო," – აღნიშნავს აკაკი.

1877 წლის 12 აპრილს რუსეთ-ოსმალეთის ომთან დაკავშირებით, ქუთაისის ე.წ. ,,სამეფო სახლი", სადაც სცენისმოყვარეთა სპექტაკლები იმართებოდა, ლაზარეთად გადაკეთდა, რამაც  ქუთაისში წარმოდგენების გამართვის საქმე შეაფერხა. დრამატული წრე უბინაოდ დარჩა, მაგრამ მსახიობებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ; სპექტაკლებს კერძო სახლებში მართავდნენ.  

1878-79 წლის სეზონის დასაწყისში, გუბერნატორმა ლევაშოვმა, დიდი მუდარის შემდეგ, ქართულ დრამწრეს ნებართვა მისცა ,,გუბერნატორის სახლში" გაემართათ  წარმოდგენები. დრამატული წრის ხელმძღვანელი ეფრო იყო. მას გვერდში ედგნენ ალექსანდრე  გამრეკელი და კოტე მესხი, რომელსაც რეჟისორობა დაევალა.

თავდადების მიუხედავად, თეატრის შენობის უქონლობა სერიოზულად აბრკოლებდა სცენისმოყვარეთა საქმიანობას და უარყოფითად აისახებოდა დადგმების მხატვრულ ხარისხზე. ამ პრობლემის მოგვარება, ქალაქის თვითმმართველობის ჩარევით, საკუთარი სახსრებით იკისრეს კომერსანტმა ძმებმა ხარაზიშვილებმა. 1880 წლიდან დრამატული წრის მუშაობა ამ შეუფერებელ, ჯერ კიდევ დაუმთავრებელ, გადაუხურავ შენობაში გაგრძელდა.

ეფრო კლდიაშვილი სცენაზე 1888 წლამდე გამოდიოდა. მის მიერ განსახიერებულ სახეთა შორის გამორჩეულია: მართა (გ. ერისთავის ,,ყვარყვარე ათაბაგი“), მაკრინე (გ. ერისთავის ,,გაყრა“), კუკუშკინა (ა. ოსტროვსკის ,,შემოსავლიანი ადგილი“), მედეა (ი. კერესელიძის ,,მედეა“), გლეხის ქვრივი თინათინა (ანტონოვის ,,ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა“), ლიზეტა (მოლიერის ,,სიყვარული მკურნალობს“), თვალმაისა (მეიფარიანის ,,ქმრები გავაბათ მახეში“), ქეთევანი (დ. ერისთავის ,,სამშობლო“). მაჭანკალ ხლეპუზაანთ სალომე და კნეინა ,,თეკლე“ ( რ. ერისთავის ,,ადვოკატები“) და სხვები. ეფრო სოფლის ცხოვრებას კარგად იცნობდა, რამაც დიდად შეუწყო  ხელი გლეხის ქალების სახასიათო სახეების შექმნაში.

ჟურნალი ,,ივერია" ეხმიანება სცენისმოყვარეთა გააქტიურებას და გადმოგვცემს, რომ სპექტაკლების შემოსავალი ხან ღარიბ სტუდენტებს ხმარდებოდა, ხან მთლიანად ქართული სცენის სასარგებლოდ გამოიყენებოდა. პრესაში დიდი გამოხმაურება ჰქონდა  ა. ოსტროვსკის ,,შემოსავლიან ადგილს", სადაც კუკუშკინას როლს ეფრო კლდიაშვილი ასრულებდა, ხოლო ჟადოვს -  კოტე მესხი.

,,23 აპრილს წარმოადგინეს ა. ნ. ოსტროვსკის ხუთმოქმედებიანი კომედია ,,შემოსავლიანი ადგილი", ქართულად ნათარგმნი უფ. ალ. ჭიჭინაძისაგან და ილ. მიქელაძის მიერ... წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი სცენის უკეთესთა მოთამაშეთა და მათ შორის ეფ. კლდიშვილისამ, რომელსაც არამცთუ ჩვენს მოყვარეთ სცენაზე, არამედ ევროპის უკეთესს თეატრშიაც შეუძლია დაიჭიროს თვალსაჩინო ადგილი თავისის სათეატრო ნიჭის წყალობით. 23 აპრილს ,,შემოსავლიანი ადგილის" წარმოდგენაში იგი გამოვიდა კუკუშკინას როლში, რომელიც ჩვეულებრივად ძალიან კარგად წარმოადგინა. არც ერთს მიხრა-მოხრაში, არც ერთს სიტყვაში ვერ შეატყობდით, რომ მას ეს როლი ზეპირად დასწავლილი ჰქონდა... ყოველი მისი სიტყვა ძალა დაუტანებელი იყო, გეგონებოდათ ვითომც თავის საკუთარ აზრებს ამბობდა  თვისს ოთახში საკუთარ შვილებთანო."  [5]

სცენისმოყვარეთა ოცწლიანმა მოღვაწეობამ  მყარი ნიადაგი მოუმზადა ქუთაისში 1885 წელს პროფესიული ქართული თეატრის დაარსებას.

ეფრო კლდიაშვილი მოესწრო სამი შვილის (ლუარსაბის, ალექსანდრეს (საბა) და მარიამის გარდაცვალებას.  სიცოცხლის ბოლო წლებში  მთარგმნელობითი საქმიანობით იყო დაკავებული.  1891 წელს ჟურნალში ,,ცდა"  დაიბეჭდა მის  მიერ თარგმნილი ისტორიული მოთხრობა, შპილმანის ,,დონ პედრო კასტილიელი". 1898 წლის ,,მოამბის" N7,8,9 და 10-ში დაიბეჭდა რუსულიდან თარგმნილი პოტაპენკოს მოთხრობა ,,ნამდვილი სამსახური".1 899 წელს ეს თარგმანი წიგნად გამოსცეს ოდესის ქართველმა სტუდენტებმა.

ეფრო კლდიაშვილს კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა და ცდილობდა, რაც შეიძლება ბევრ ახალგაზრდას დახმარებოდა.  მართავდა წარმოდგენებს, ქალაქში და სოფლად, აგროვებდა ფულს და ყოველთვე უგზავნიდა სტუდენტებს.

ერთხელ აკაკი წერეთელი შესულა და ჯიბეებგადმობრუნებულს  დაუწყია ოთახში სეირნობა. ყველას ყურადღება მიუქცევია და უკითხავთ:

- აკაკი, შენს ჯიბეებს რა მოუვიდაო?

- ეფროსინე რომ დაინახავს, თვის გადასახადს აღარ მომთხოვსო- უპასუხნია აკაკის.

ეფროს უნდოდა სოფელ სიმონეთში ურთიერთდამხმარე  ბანკი დაეარსებინა. აიღო სათანადო ნებართვა, გამოიწერა თბილისიდან საჭირო ქაღალდები, მიიღო ბეჭედი, მაგრამ ადგილზე საქმე გაუჭიანურეს და გეგმა ჩაეშალა. სიმონეთშივე დააარსა, ოდესაში 1905 წელს შავრაზმელთა მიერ ებრაელთა ქომაგობისთვის მოკლული შვილის, ცნობილი ქიმიკოსის, საბა კლდიაშვილის სახელობის  სამკითხველო-ბიბლიოთეკა, რომლის შესანახ თანხას თვითონ იხდიდა. სიმონეთის მცხოვრებლებს ახლაც ახსოვთ გადმოცემით როგორ მოიწვია მგლოვიარე ეფრომ ბიბლიოთეკის დასაარსებლად ეკლესიის გალავანში ხალხი. სოფლის ნაწილი სიხარულით შეგებებია ამ ამბავს, მაგრამ ეკლესიის მსახურებს გაძნელებიათ ბიბლიოთეკის შენობისათვის მიწის გამოყოფა. ეფროს ეს წინააღმდეგობაც დაუძლევია და თავისი გაუტანია. ეფრო კლდიაშვილის  სახელთანაა დაკავშირებული სოფელ სიმონეთში პირველი  ოთხწლიანი სასწავლებლის გახსნაც.

ზაფხულობით ეფრო ხშირად  ჩადიოდა მშობლიურ ქვიშხეთში, განსაკუთრებით ხანდაზმულობის წლებში, სადაც  ყოველთვის დიდი პატივისცემით და სიყვარულით იყო გარემოცული.  

მძიმე ავადმყოფმა ეფრო კლდიაშვილმა, 1913 წელს სიკვდილის წინ დაწერა ავტობიოგრაფია, სადაც აღწერს, თუ როგორ გათხოვდა, როგორ გადავიდა სიმონეთიდან ქუთაისში, როგორ წაართვა სიკვდილმა შვილები. ორფურცლიან ავტობიოგრაფიაში არაფერს წერს თავისი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შესახებ. ავტობიოგრაფიის დაწერის შემდეგ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ეფროსინეს ნეშტი დაკრძალეს თბილისში, ვერის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში.                                                                                                                                          

1913 წელს, დიდი ქართველი მსახიობის,  ლადო მესხიშვილის იუბილეზე, აკაკი წერეთელმა ეფროსინე კლდიაშვილიც გაიხსენა:  

,,...მაშინ ქართველ ქალს საზოგადოდ  ეთაკილებოდა სცენაზე გამოსვლა. ამ დროს თბილისში მივიწყებული იყო თეატრი, თითქოს იქ მოთხოვნილება არც კი ყოფილიყო... სცენაზე  თამაში და ლეჩაქის მოხსნა ერთი და იგივე იყო... 60-იანი წლების წარმოდგენებზე  ქუთაისში ხალხი ბლომად დაიარებოდა, რადგანაც მუდმივად თამაშობდა ეფრო კლდიაშვილი, იმ დროში შესანიშნავი მსახიობი... " .  

ეფრო კლდიაშვილს თანამედროვენი ,,ქუთაისის თეატრის დედად“ მოიხსენიებდნენ და დარჩა კიდეც ისტორიაში,  როგორც მე-19 საუკუნის 1960-80-იანი წლების ქართული თეატრის მესვეური და დიდი მოამაგე.

 

შენიშვნები:


[1] 1881 წ. 7 მარტი, N 49 ,,სვანეთში მოგზაურობის შენიშვნები".  

[2] საქ-ოს თეატრალური მუზეუმის ხელნაწერთა ფონდი N5303

[3] ეფ. კლდიაშვილის წერილი ,,დროება“ 1875წ. N49.

[4] ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება“ 1910 წ. N36

[5] ჟურნალი ,,ივერია"N18 გვ. 5, 1878 წ. ,,ქუთაისის თეატრის მატეანე", ქუთაისი, 27 აპრილი

 

გამოყენებული  ლიტერატურა:

გაზეთი ,,დროება”  N49, 1881წ,  7 მარტი - სვანეთში მოგზაურობის შენიშვნები;

გაზეთი ,,დროება” N 49, 1875წ, 2 მაისი - ეფრ. კლდიაშვილის წერილი ,,მედეას“ დადგმის შესახებ;

გაზეთი ,,დროება“ N 450, 1874წ, ა. წერეთლის წერილი ეფრო კლდიაშვილზე (,,ლუკმა გავარდეს, ჯამში ჩავარდეს“);

გაზეთი ,,დროება” N82, 1878წ - ა. ოსტროვსკის ,,შემოსავლიან ადგილში“ ეფროს თამაშის შესახებ;

გაზეთი ,,დილა“ – 1913წ N 7. 12. 03  (აკაკი ეფროს შესახებ);

გაზეთი  ,,თემი“ – 1913 წ., N123  (ეფროს გარდაცვალების შესახებ);

ჟურნალი ,,თეატრი და ცხოვრება“ 1910წ (N36, N55); 

სერგო  გერსამია - ქუთაისის თეატრი 1947 წ.;

სერგი  მესხი - წერილები - 1950 წ. (ი. ბოცვაძის რედაქცია) სოხუმი;

ნანა ღვინეფაძე -  ეფრო კლდიაშვილი, 1958 წ,  გრ. ბუხნიკაშვილი ,,თეატრალური ქუთაისი“ (1976წ);

ქ. ქუთაისის ნ. ბერძენიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმის  ხელნაწერთა ფონდი - N E / 28 - ანასტასია კლდიაშვილის მოგონებები