მელანია ვოლ-ლევიცკა

მელანია ვოლ-ლევიცკა

1885-1937 / ოპერის მომღერალი

მელენია ვოლ-ლევიცკა უკვე ცნობილი საოპერო მომღერალი იყო, როცა 1915 წელს თბილისის ოპერის იმპრესარიოს მოწვევით ჩამოვიდა თბილისში. ერთი წლის შემდეგ თბილისში გადმოვიდა მისი მეუღლე, პროფესორი ნიკოლაი ლევიცკიც, რომელიც თბილისის ახლად დაარსებულ კონსერვატორიაში ვოკალს ასწავლიდა. 

მელანია ვოლ-ლევიცკა იყო ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი ეთერის პარტიისა ზაქარია ფალიაშვილის ოპერაში "აბესალომ და ეთერი". მან იმ დროისათვის თბილისის ოპერაში თითქმის ყველა მთავარი პარტია იმღერა და ნამდვილ პრიმადონად იქცა, რასაც ადასტურებს მაშინდელი პერიოდული გამოცემები და საოჯახო არქივში შენახული მასალა.

მისი რეპერტუარი მოიცავდა 35 ოპერაზე მეტს.

მელანია აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელსაც ქართველი ხელოვანები აწყობდნენ მოსწავლე ახალგაზრდების დასახმარებლად.

1920-იანი წლების დასაწყისში მელანია დაშორდა მეუღლეს ნიკოლაი ლევიცკის და ცოლად გაჰყვა ქართველ მეცნიერს, მიკრობიოლოგ გიორგი ელიავას. 1937 წლის 22 იანვარს მელანია ვოლ-ლევიცკა მეუღლესთან ერთად დააპატიმრეს. საბჭოთა ხელისუფლებამ მათ საერთაშორისო ჯაშუშობა დააბრალა და ორივე დახვრიტა.

1957 წლის აგვისტოში მელანია ვოლ-ლევიცკა მის საქმეში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო რეაბილიტირებულ იქნა.

ვრცელი ბიოგრაფიის წაკითხვა

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება