მეოთხე პრეზიდენტის გენდერული პოლიტიკა

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მეხუთე პრეზიდენტს აირჩევს და ეს იქნება პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის ბოლო შემთხვევა. 2017 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ამ არჩევნების  შემდეგ ყოველ მომდევნო პრეზიდენტს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან ერთად  “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნასთან არის დაკავშირებული თავად პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება, რასაც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გარკვეულწილად საფუძვლად მმართველ გუნდსა და გიორგი მარგველაშვილს შორის პიროვნული დაპირისპირებაც ედო. “ქართულ ოცნებას” არ მოსწონს, როცა წინააღმდეგობას უწევენ, და კიდევ უფრო არ მოსწონს, თუ წინააღმდეგობას უწევენ ისეთი პირები, რომელსაც ნდობა თავად გამოუცხადა.

გიორგი მარგველაშვილი,  2013 წელს პრეზიდენტის კანდიდატად თავად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა, რომელიც მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

”ჩემი აზრით, ეს არის საუკეთესო ვარიანტი, იდეალური ვარიანტიც კი, ასეც ვიტყოდი. თუ რამე თვისება შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, თუ რამე ღირსება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, ყველა ღირსება მას აქვს ჭარბად. ერთსულოვნება არის მთელ გუნდში. შესაბამისად, სხვა კანდიდატების განხილვის აუცილებლობა არ დამდგარა და არც განგვიხილავს. თუ ერთხმად ყველა მხარს უჭერს, სხვაზე რაღატომ უნდა ილაპარაკო? ”. - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს.

პრეზიდენტის ინაუგურაციიდან 122-ე დღეს ის უკვე ხმამაღლა საუბრობდა იმედგაცრუებაზე, რაც გიორგი მარგველაშვილისგან მიიღო და ღიად აკრიტიკებდა მართალია მის მიერ შეთავაზებულ, მაგრამ მაინც ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტს.

„მე ვფიქრობ, რომ პრინციპულად განსხვავებული თვისებები აღმოაჩნდა... ხასიათი გამოავლინა მარგველაშვილმა არჩევნების შემდგომ, როდესაც ის პრეზიდენტი გახდა. 60 წლის ვხდები და მსგავსი მაგალითიც არ მახსოვს.”- ეს იყო ბიძინა ივანიშვილი 2014 წლის მარტში.

მას შემდეგ მისი (და შესაბამისად, “ქართული ოცნების”)  დამოკიდებულება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მიმართ უფრო და უფრო კრიტიკული ხდებოდა, რაც იმით დასრულდა, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებმა პრეზიდენტი სახელმწიფოს ინსტიტუციურ მოწყობაში, ფაქტობრივად ნომინალურ ფიგურად აქცია.

  • პრეზიდენტს  ჩამოერთვა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებული უფლებამოსილება;
  • პრეზიდენტი მხოლოდ ფორმალურად რჩება “ქვეყნის მთავარსარდლად” (მას აღარ შეუძლია პრემიერ-მინისტრის წარდგინების გარეშე საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება);
  • პრეზიდენტი ვეღარ წარადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს;
  • პრეზიდენტს წელიწადში  მხოლოდ ერთხელ შეუძლია პარლამენტში მოხსენების წარდგენა.

ის, თუ როგორი იყო მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდი, ამ დროში რა ცვლილებები განიცადა პრეზიდენტის ინსტიტუტმა და რით იყო ეს ცვლილებები ნაკარნახევი, ძალიან მნიშვნელოვანია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ. 2018 წელს არჩევნებში “ქართულ ოცნებას” კანდიდატი არ ჰყავს, თუმცა ღიად უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს, რაც, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაა, მეორე მხრივ კი, მასზე დამოკიდებული პრეზიდენტის ყოლის მცდელობა:  თუკი მომავალი პრეზიდენტი სათანადოდ არ მოიქცევა, უკვე იცის, როგორც მოექცევა მას მმართველი ძალა. ისე, როგორც წინა პრეზიდენტს.

საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებს და მათ პერსპექტივებს მომდევნო მასალებში მიმოვიხილავთ, თუმცა სანამ ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, მნიშვნელოვანია გადავხედოთ და გავიხსენოთ,  რისი გაკეთება შეძლო გიორგი მარგველაშვილმა გენდერული თანასწორობის, დაუცველი ჯგუფების გაძლიერებისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის?

 

პრეზიდენტი და ქალთა უფლებები

ძალადობა

ყველაზე დასამახსოვრებელი და ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივა, 2015 წლის ქალთა წლად გამოცხადება იყო. პრეზიდენტი მაშინ ამბობდა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისკენ იქნება მიმართული. თუმცა, რთულია გავიხსენოთ კონკრეტული ეფექტური აქტივობები, რაც ქალთა წელს და პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელდა.

ქალთა უფლებების დაცვის მხრივ ეფექტური მექანიზმის არარსებობა თუნდაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის სივრცეში, დადასტურდა  რამდენიმე წლის შემდეგ, როცა  შეწყალების კომისიამ ვერ ამოიცნო და ვადაზე ადრე გაათავისუფლა ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე, რომელმაც საპატიმროს დატოვების შემდეგ მცირეწლოვანი შვილების წინ მოკლა გერი. ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს ძალადობასთან ბრძოლაში სისტემის გაუმართაობას და  საყურადღებოა რამდენიმე ასპექტის გამო: მსხვერპლმა მკვლელობამდე არაერთხელ მიმართა პოლიციას, მათ შორის ბოლოს მკვლელობის დღეს; მკვლელი სასჯელს არ იხდიდა წარსულში ჩადენილი ოჯახური ძალადობის გამო და ა.შ. თუმცა, პრეზიდენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასებისთვის  გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტი:  პრეზიდენტმა კომენტარი იმაზე, თუ როგორ მოხვდა შეწყალებულთა შორის ქალზე მოძალადე კრიმინალი,  სასტიკი მკვლელობიდან მხოლოდ სამი დღის შემდეგ გააკეთა.  ხანმოკლე კომენტარი შეიცავდა მითითებას იმის შესახებ, რომ პატიმრის ოჯახის წევრები, ანუ ძალადობის მსხვერპლი ქალები, ითხოვდნენ მოძალადის განთავისუფლებას.  

 

კვოტირება

გიორგი მარგველაშვილი კვოტირების იდეას მხარს უჭერდა მთელი თავისი საპრეზიდენტო ვადის დროს და ამას ხშირად აღნიშნავდა კიდეც საჯარო გამოსვლების დროს.

“მიუხედავად კონსტიტუციაში დეკლარირებული თანასწორობის იდეისა, ქალები ბევრგან განიცდიან უთანასწორო მდგომარეობას: ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში და სხვ. ამ უთანასწორობას, ჩაგვრას და ძალადობას აქვს სხვადასხვა ფორმები, ზოჯერ აშკარა, ზოგჯერ უფრო ფარული, მაგრამ ის არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ყველას გვასუსტებს – ქალებსაც და კაცებსაც.

დღეს საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე, რაც კარგია! მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, მე კვლავაც მხარს ვუჭერ ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა არჩევით ორგანოებში. ამაზე მე, ჯერ კიდევ, 2015 წელს გავაკეთე საჯარო მოწოდება, რომ ყველაზე უფრო დემოკრატიულ პროცესში – როდესაც საზოგადოება ირჩევს თავის წარმომადგენლებს თვითმმართველობისა თუ ცენტრალური წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტის დონეზე – ჩვენ შემოგვეღო კვოტირების სისტემა. მაშინ მე მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად გვემუშავა ამ მიმართულებით.

საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე! მაგრამ ეს ვერ და არ უნდა იყოს მხოლოდ ქალების გამბედაობის და დაუღალავი შრომის ხარჯზე მიღწეული შედეგი. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ საქმეში, არამხოლოდ კვოტირებით, არამედ ისეთი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, რათა ძალადობამ არ შეაჩეროს ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისგან; “ - ამბობდა გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის მარტში.

განცხადებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტს კარგად ესმის,  რა ძვირი უჯდებათ ქალებს აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება და რა მნიშვნელოვანია, რომ  ქალები და კაცები ერთად იდგნენ დემოკრატიის, თანასწორობის სადარაჯოზე უფრო ძლიერი საზოგადოებისთვის. ამის გამო, ის უდავოდ იმსახურებს პატივისცემას, თუმცა თუ მის საქმიანობას გადავავლებთ თვალს, კვლავ გაგვიჩნდება ეჭვი, რომ ამ ტიპის განცხადებებსა და პრეზიდენტის ქმედებებს შორის გარკვეული აცდენაა.

პრეზიდენტმა უდავოდ კარგად იცის ძლიერი ქალების ფასი და მათ პროფესიონალიზმსაც აფასებს. ამაზე მეტყველებს ქალები მის გარშემო  სხვადასხვა პოზიციზიებზე, თუმცა, . ხშირად, ეს ქალები უფრო პრინციპულები და აქტიურები ჩანდნენ, ვიდრე თავად პრეზიდენტი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ქალები ხვდებოდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს , იცავდნენ კონსტიტუციას არასასურველი ცვლილებებისგან ვენეციის კომისიასთან, დადიოდნენ აქციებზე  და პერიოდულად პრეზიდენტზე მწვავე განცხადებებსაც კი აკეთებდნენ იქ, სადაც პრეზიდენტი გამოჩენისგან თავს იკავებდა.  

ლგბტ პირთა უფლებები

ლგბტ პირების უფლებრივი დაცვის მიმართულებით, გიორგი მარგველაშვილის დამსახურებად კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის ერთობის განსაზღვრებაზე უარი შეიძლება მივიჩნიოთ.

პოპულისტური იდეა, რომლის უკანაც ულტრანაციონალისტური ძალების წარმომადგენლები იდგნენ (სანდრო ბრეგაძე, ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე) და  რომელიც ოჯახის სიწმინდის დაცვის მიზნით ტრიალებდა საზოგადოებაში, მოწყვლადი ჯგუფების (ლესბი და გეი წყვილების, მარტოხელა მშობლების)  კიდევ უფრო მარგინალიზაციას უწყობდა ხელს.  ამ საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი პრეზიდენტის მხრიდან პრინციპული საკითხი იყო, თუმცა აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის უარი დასაბუთებული იყო არა ადამიანის უფლებების დაცვის უნივერსალური ღირებულებებით, არამედ ტექნიკური არგუმენტებით.

რეფერენდუმზე უარი მან ოკუპირებული ტერიტორიების არსებობით და საქართველოს კანონმდებლობასთან შეუთავსებლობით ახსნა.

პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია და მხარდაჭერა ლგბტ პირებისადმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პრემიერ კვირიკაშვილის განცხადებების ფონზე: საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, პრემიერი კვლავ პირდებოდა საზოგადოებას, რომ 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის საკითხი ისევ გადაიხედებოდა. ეს, ფაქტობრივად, იყო გზავნილი, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი იზიარებდა ანტიგენდერული პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების იდეოლოგიას. მმართველი პარტიის ამგვარი ლოიალობა ულტრანაციონალისტური ჯგუფების მიმართ მათ თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს, ქვეყანას და დემოკრატიას კი ძვირი უჯდება.

პრეზიდენტის ქმედებების და მისი საზოგადოებრივი როლის შეფასებისას მნიშვნელოვანია კვლევების შედეგები, რომელთა მიხედვით, პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ნდობა მაღალია. იგივე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა პრეზიდენტის საქმიანობას პრემიერის საქმიანობაზე უფრო დადებითად   აფასებს.

მეოთხე პრეზიდენტის საქმიანობის შეფასებას ვასრულებთ კომენტარით, რომელიც ‘იკითხე პოლიტიკასთან’ აქტივისტმა გიორგი თაბაგარმა გააკეთა:

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი გააკეთა ლგბტ ადამიანების უფლებების დასაცავად, ვიდრე ყველა მისმა წინამორბედმა ერთად, თუმცა მას ალბათ უფრო მეტის გაკეთება შეეძლო საქართველოში ყველაზე ჩაგრული ჯგუფის მხარდასაჭერად. 

ჩემი აზრით, პრეზიდენტი, რომელსაც ჯერ კიდევ საყოველთაო არჩევნების გზით ირჩევს ამომრჩეველი, საგრძნობლად შემცირებული მანდატის პირობებში უმცირესობების უფლებებზე განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს. მან უნდა გააკეთოს მაქსიმუმი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების და მგრძნობელობის გაზრდის კუთხით. პრეზიდენტი არ უნდა იყოს მხოლოდ უმრავლესობის პრეზიდენტი და აუცილებლად უნდა იდგეს ჩაგრული ჯგუფების გვერდით, განსაკუთრებით საზოგადოებაში არსებული მზარდი აგრესიის პირობებში.”