რატომ არის საჭირო ქალების ეკონომიკური გაძლიერება?

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია გულისხმობს მათ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ და ამავდროულად, ისარგებლონ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის პროცესით. ამ პროცესში უნდა ხდებოდეს მათი ღირსებისა და შეტანილი წვლილის დაფასება და მონაწილეებს უნდა შეეძლოთ ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სარგებლის უფრო სამართლიანი განაწილების თაობაზე მოლაპარაკება.  

ილუსტრაცია: ქალთა ეკონომიკური განვითარების დღის წესრიგი

ქალთა გაძლიერების ბევრი განმარტება არსებობს და ბევრი მათგანი მიზანმიმართულად ერიდება ტერმინ “ძალაუფლების” გამოყენებას, თუმცა რეალურად, გაძლიერებაზე საუბარი სწორედ იმის ფონზე დაიწყო, რომ ტრადიციულ, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალსა და მამაკაცს შორის არსებული დიდი ძალაუფლებრივი უთანასწორობა შეემცირებინა. “გაძლიერება” შეიძლება განვმარტოთ, როგორც საკუთარი შესაძლებლობებისა და ალტერნატივების ხელახალი განსაზღვრის საშუალება − შესაძლებლობა, გააკეთო ისეთი რამ, რის მიღწევაშიც თავადაც არ იყავი დარწმუნებული და ძალაუფლება, რომელიც მიიღება კუთვნილი სიკეთეებისათვის კოლექტიურ ბრძოლაში (DAC Network on Gender equality.)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფცია გულისხმობს მათ შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ და ამავდროულად, ისარგებლონ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზრდის პროცესით. ამ პროცესში უნდა ხდებოდეს მათი ღირსებისა და შეტანილი წვლილის დაფასება და მონაწილეებს უნდა შეეძლოთ ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სარგებლის უფრო სამართლიანი განაწილების თაობაზე მოლაპარაკება.  

ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ერთი მხრივ, უფლებრივი განზომილება აქვს - იგი თავისთავადაა ღირებულება, როგორც გენდერული თანასწორობის მნიშვნელოვანი იარაღი. მეორე მხრივ კი აღსანიშნავია მისი ეკონომიკური განზომილებაც. არსებობს რიგი კვლევებისა, რომლებიც სწავლობენ კავშირს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შორის. აღნიშნული კვლევებით დგინდება, რომ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ამ ორს შორის ნამდვილად არსებობს. თუმცა, საინტერესოა კაუზალური კავშირის მიმართულება: ავტორთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკურ განვითარებას ავტომატურად მივყავართ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებამდე. ეს არგუმენტი არ მტკიცდება ემპირიულად: სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი აჩვენებს, რომ ეკონომიკური ზრდის მიუხედავად ქალთა მდგომარეობა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა. ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ეკონომიკური განვითარება არის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობა ქალთა გაძლიერებისათვის. მეორე მხრივ, არსებობს მტკიცებულებები, რომელიც აჩვენებს, რომ ზოგადი ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გარეშე, სწორედ ამიტომ, ეს უკანასკნელი  განვითარების დისკურსის უმნიშვნელოვანეს კომპონენტია.

მოცემულ სტატიაში წარმოდგენილია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამების კრიტიკული ანალიზი საქართველოში არსებული ზოგადი ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე. ნაშრომის მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ ვიწროდ ქალების გაძლიერებაზე ორიენტირებული პროგრამები არაეფექტურია, თუკი ქვეყანას არა აქვს სტრატეგიული ხედვა ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ ცვლილებისათვის საჭირო ვერტიკალური ინტერვენციები ეკონომიკაში გენდერულად მგრძნობიარე უნდა იყოს. ქალთა გაძლიერების პროგრამები სწორედ მსგავსი საერთო პოლიტიკის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს და არა ცალკე მდგომ ინიციატივას სახელმწიფოსა თუ დონორების მხრიდან

სრულად წაიკითხეთ დოკუმენტი