ლიდია გასვიანი

ლიდია გასვიანი ბოლშევიკი ფემინისტია, რომლის სახელსაც უკავშირდება კომუნისტური პარტიის ქალთა პირველი ყრილობის გამართვა საქართველოში. მან 1930-იან წლებში მოახერხა და კაცი კოლეგების მიერ კონტროლირებად სივრცეში – საგამომცემლო და ლიტერატურულ საქმიანობაში – მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავა. წყაროებმა ლიდიას სახე „ფატალურ ქალად“ შემოინახა, თუმცა მისი ბიოგრაფიის საშუალებით ადვილად შეგვიძლია წავიკითხოთ ტოტალიტარული და პატრიარქალური სისტემის დამოკიდებულება საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური ქალების მიმართ. 

Teaser Image Caption
ფოტო: ლიტერატურის მუზეუმის არქივი

ბიოგრაფიული ცნობები

ლიდია გასვიანი 1901 წელს ქ. ფოთში დაიბადა[1]. დაწყებითი განათლება ფოთის გიმნაზიაში მიიღო. როდესაც მისი მშობლები ცენტრალურ აზიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ლიდიაც თან წაიყვანეს და სწავლა იქ, რუსულ სკოლაში განაგრძო[2]. მე-7 კლასის მოსწავლეს 1917 წლის რევოლუციამ თურქესტანში მოუსწრო[3]. 1918 წელს ბუხარის რესპუბლიკაში გაწევრიანდა კომუნისტურ პარტიაში და აქტიური პარტიული მუშაობა წამოიწყო[4].

1918 წელს ლიდია თბილისში დაბრუნდა. ძირითადად იატაკქვეშა, არალეგალური საქმიანობით იყო დაკავებული[5]. ამავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა ბოლშევიკური აქტივიზმის გამო, 1920 წელს უნივერსიტეტიდან გარიცხეს და აზერბაიჯანში გადაასახლეს[6]. 1921 წელს, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ლიდია საქართველოში დაბრუნდა. მომდევნო წელს, პარტიული საქმიანობისა და განსაკუთრებული ორატორული ნიჭის გამო, საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის ქალთა განყოფილების გამგედ დაინიშნა[7]. მოგვიანებით, ამავე თანამდებობაზე სამუშაოდ, ბათუმში გააგზავნეს[8].

1922 წლის სექტემბერში, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ლიდია სასწავლებლად მოსკოვის უნივერსიტეტში გაგზავნა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ მუშაობდა ლონდონში, საბჭოთა საელჩოში. ლონდონიდან ჩამოსვლის შემდეგ კი – მოსკოვში, სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე[9]. მოსკოვში მუშაობის პერიოდში, 1926 წელს ლიდიამ ლევ ტროცკი გაიცნო. ის დიდწილად იზიარებდა მის იდეებს, მასთან სასიყვარულო ურთიერთობაც ჰქონდა და ენდობოდა[10]. სტალინის მიერ ტროცკის ქვეყნიდან გაძევება კომუნისტური პარტიის ნაწილმა გააპროტესტა, მათ შორის, გასვიანმაც. შედეგად, 1928 წელს ის პარტიიდან გარიცხეს[11], თუმცა მომდევნო წელს ისევ აღადგინეს. 1933 წელს ლიდია თბილისში დაბრუნდა და საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა[12]. პარალელურად შეითავსა საბჭოთა მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელთა სექციის თავმჯდომარეობაც[13]. 1936 წლის 20 ივლისს გასვიანი კონტრრევოლუციური, ტროცკისტულ-ტერორისტული და დივერსიული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს[14]. თითქმის ერთწლიანი პატიმრობის, წამების, სასურველი ჩვენებების მიცემისა და დანაშაულის „აღიარების“ შემდეგ, 1937 წლის 25 ივნისს დახვრეტა მიუსაჯეს. განაჩენი მეორე დღეს, 1937 წლის 26 ივნისს აღსრულდა[15].

ქალთა განყოფილება და უპარტიო ქალთა პირველი ყრილობა

ლიდია გასვიანის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ეტაპი მისი კომუნისტური პარტიის ქალთა განყოფილებაში მოღვაწეობაა. ქალთა განყოფილება ქალთა პოლიტიკური აქტივობის ერთადერთ უწყებას წარმოადგენდა და მიზნად ქალთა ემანსიპაციას ისახავდა. ლიდიას ინიციატივითა და თავმჯდომარეობით, 1921 წლის 21-27 მაისს თბილისში უპარტიო ქალთა პირველი ყრილობა გაიმართა. ყრილობა ოთხენოვანი იყო, მონაწილეობა 406 დელეგატმა მიიღო[16] და მას ყველა ცნობილი ქართველი ბოლშევიკი დაესწრო[17]. სტუმრად ჩამოსული იყო სერგეი კიროვიც, რომელმაც ქართველ ქალებს სიტყვით მიმართა[18].

ყრილობაზე, მუშათა პრობლემებთან ერთად, ქალთა საკითხებიც განიხილეს. ისაუბრეს  „ბურჟუაზიული ყოფის“ უსამართლობაზე, ქალთა დამონებულ და უსამართლო მდგომარეობაზე, როგორც ოჯახში, ისე სამუშაო ადგილზე; აგრეთვე, განიხილეს დედათა და ბავშვთა საკითხები და აბორტის თემა; მთაში მცხოვრები მუსლიმი ქალების მდგომარეობა. მომხსენებლებმა ასევე შეეხნენ რევოლუციის მიღწევებს ქალთა ემანსიპაციის კუთხით და აღწერეს ის სიკეთეები, რაც საბჭოთა ხელისუფლებამ უკვე მისცა რუს ქალს და აპირებდა, ქართველი ქალისთვისაც მიეცა[19].

ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ლიდია გასვიანიც, მოხსენებით „საერთაშორისო ქალის მოძრაობა და III ინტერნაციონალი“[20]. მან ზოგადად ისაუბრა მუშათა და ქალთა მოძრაობებზე, გააკრიტიკა ძველი დროის მუშა ქალები, რომელთაც „არ ქონდათ შეგნება მუშათა კლასის სოლიდარობისა“, და სუფრაჟისტები, რომლებიც მხოლოდ პოლიტიკური თანასწორობისთვის იბრძოდნენ.

ლიდიან დამსწრეებს ასევე გააცნო გეგმები ქალთა საოჯახო შრომის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და ისაუბრა უკვე გაწეულ სამუშაოზეც:

ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ. გამოვეცით ინსტრუქციები, გავგზავნეთ სოფლად ინსტრუქტორები, დავაარსეთ ქალთა განყოფილებები. ყოველ ასეთ საქმეს დიდი მუშაობა სჭირდებოდა. ჩვენ მოვაწყვეთ ამ ყრილობის მოწვევის საქმე. ამას ბევრი მუშაობა უნდოდა. მეც პირადად მომიხდა მთელი საქართველოს შემოვლა, ვაარსებდით ადგილობრივ ორგანიზაციებს და სხვა. ჩვენ ვცემთ ორ კვირაში ერთხელ გაზეთს[21].

თავისი სიტყვით გასვიანი ეხმიანებოდა ადრეული ბოლშევიკური სახელმწიფოს გენდერულ პოლიტიკას და ფემინიზმს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო მუშა ქალის საოჯახო საქმისგან გათავისუფლება და საჯარო სივრცეში გასვლა, თანაბარი შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება, ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში – ქორწინებაში, განქორწინებასა და აბორტზე – თავისუფლება.

მწერალთა კავშირი

1933 წლიდან ლიდია საბჭოთა მწერალთა კავშირთან არსებული მთარგმნელთა სექციის თავმჯდომარედ დაინიშნა[22]. მწერალთა კავშირის არქივში მისი სახელი მხოლოდ რამდენიმე ოქმშია მოხსენიებული[23]. მოგვიანებით, იგი მთარგმნელთა სექციის წარმომადგენელი გახდა სახელმწიფო გამომცემლობაში[24].

გასვიანი კრიტიკული წერილებით ეხმიანებოდა საბჭოთა საბავშვო ლიტერატურასაც[25]. აღნიშნავდა, რომ მომავალი თაობის იდეური აღზრდისთვის საბავშვო ლიტერატურა ძალიან კარგ ბერკეტს წარმოადგენდა და წუხდა, რომ ამ საკითხს სათანადო ყურადღება არ ექცეოდა. ლიდია მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო სოციალისტურ აღმშენებლობაზე ახალი საბავშვო ისტორიული რომანების წერა, სოფლის ცხოვრებისა და ბუნების აღწერა. წერილში აკრიტიკებდა იუმორისტულ საბავშვო ლიტერატურას, თვლიდა, რომ ბავშვებში სილაღე და იუმორის გრძნობა მნიშვნელოვანი იყო და საბავშვო მწერლებს ეს უნდა გაეთვალისწინებინათ: „ჩვენ გვჭირია სიცოცხლით სავსე, ხალისიანი თაობა. ჩვენ უნდა აღვზარდოთ ბავშვებში იუმორის გრძნობა, ეს მით უფრო, რომ ჩვენს ხალხურ შემოქმედებას მოუცია იუმორის, კვიმატობისა და გასართობი ფაბულის ბრწყინვალე ნიმუშები[26].

წერილში ლიდია ყურადღებას თხრობის მანერაზეც ამახვილებდა – „აქამდის ჩვენ საბავშვო ლიტ-რას უსახო და უხალისო ენა ახასიათებდა, უბადრუკი კომპოზიცია, ინტრიგის უნიათობა, მოქმედების სიძაბუნე, მშრალი მორალიზმი დატენდენციური აგიტაციის ბოროტად გამოყენება[27]. მისი აზრით, საბავშვო ლიტერატურა, პირველ რიგში, ბავშვებისთვის საინტერესო უნდა ყოფილიყო და ავტორებს სადა, ხალისიანი, წრფელი ენის გამოყენებისკენ მოუწოდებდა.

„ტროცკისტობა“ და პოლიტიკური რეპრესიები

1929 წელს ლევ ტროცკის საბჭოთა კავშირიდან გაძევების შემდეგ[28] მისგან მტრის ხატი შეიქმნა, ხოლო სტალინმა თავისთვის არასასურველი პირების ჩამოშორება სწორედ  ტროცკისტობის ბრალდებით წამოიწყო. ვითარება უფრო გაამწვავა 1934 წელს სერგეი კიროვის მკვლელობამ[29], რაც ისევ „ტროცკისტებს“ დაბრალდათ. ასე დაიწყო „შავი სიების“ შედგენა და პოლიტიკური რეპრესიები, რომლის მსხვერპლი ლიდია გასვიანიც გახდა.

1936 წელს, ის შინსახკომის მე-4 განყოფილებამ დააპატიმრა[30]. სხვათა მსგავსად, მისი დაკითხვები არაადამიანური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლითა და წამებით მიმდინარეობდა. შესაბამისად, ლიდიამაც ბევრი რამ „აღიარა“ და ბევრი „თანამონაწილეც“ დაასახელა. ჩვენების მიხედვით, მან ტროცკი 1926 წლის ზაფხულში, მის აგარაკზე, არხანგელსკში გაიცნო და იმ დროიდან მასთან მუდმივ „პოლიტიკურ კავშირში იმყოფებოდა“[31].

გასვიანმა თავი „დამნაშავედ ცნო“. შიშის გამო მასთან ახლო კავშირი უარყო ქართველ მწერალთა დიდმა ნაწილმა, მათ შორის, კონსტანტინე გამსახურდიამ და მიხეილ ჯავახიშვილმა. აღსანიშნავია, რომ გასვიანსა და გამსახურდიას რომანი ჰქონდათ[32].

დასკვნა

ადრეული საბჭოთა პერიოდისგან განსხვავებით, სტალინის ერთპიროვნული ლიდერობის პირობებში ქალთა საკითხებმა პარტიისთვის აქტუალობა დაკარგა. გაუქმდა კომუნისტური პარტიის ქალთა განყოფილებები, დავიწყებას მიეცა ადრეული ბოლშევიკური სახელმწიფოს ინიციატივები, ქალი ისევ საოჯახო საქმეს დაუბრუნდა. თუ მანამდე კომუნისტური პარტია ცდილობდა, გამოესწორებინა მუშა ქალის მდგომარეობა, ეზრუნა ქალთა განვითარებაზე და ხელი შეეწყო საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი ჩართვისთვის, 1930-იანი წლების მეორე ნახევრიდან ეს ყველაფერი შეწყდა. ტოტალიტარული რეჟიმისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ლიდია გასვიანის მსგავსი ემანსიპირებული, განათლებული, საკუთარი აზრის მქონე და საკუთარი ცხოვრების განმკარგავი ქალები.


[1] გასვიანი, ლიდია (1921, 22 ივლისი), საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სარეგისტრაციო ბარათი N258, ფონდი 14 (აღწერა 5, საქმე 94), გვ. 110-111. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[2] რიონელი, ნ. (1968, ნოემბერი), ლიდა გასვიანი, საქართველოს ქალი N11, გვ. 18. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

[3] გასვიანი, ლიდია (1921, 22 ივლისი), საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სარეგისტრაციო ბარათი N258, ფონდი 14 (აღწერა 5, საქმე 94), გვ. 110-111. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[4] გასვიანი, ლიდია (1921), საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის სარეგისტრაციო პირადი ბარათი,  ფონდი 14 (აღწერა 5, საქმე 94), გვ. 104. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[5] რიონელი, ნ. (1968, ნოემბერი), ლიდა გასვიანი, საქართველოს ქალი N11, გვ. 18. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

[6] რიონელი, ნ. (1968, ნოემბერი), ლიდა გასვიანი, საქართველოს ქალი N11, გვ. 18. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

[7] სკპცკ-ის სამდივნოს ოქმი (1922, 23 მაისი), ფონდი 17 (აღწერა 1, საქმე 102), გვ. 8ა. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[8] სკპცკ-ის სამდივნოს ოქმი (1922, 9 ივლისი), ფონდი 14 (აღწერა 1, საქმე 13), გვ. 12. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[10] ჯიქია, ლ. (2011), „ფხიზელი“ კომუნიზმი... ლიდია გასვიანის საქმე, საარქივო მოამბე N10, გვ. 83.

*  რას გულისხმობდა განცხადება 83, უცნობია, თუმცა, ოპოზიციური შინაარსის გამო, რა თქმა უნდა, მისი ხელმომწერების მიმართ „გარკვეული ღონისძიებები გატარდებოდა“.

[11] ოქმი (1928), ფონდი 14 (აღწერა 3, საქმე 360ა), გვ. 177ა. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[12] სკპცკ-ის სამდივნოს ოქმი (1933, 26 აგვისტო), ფონდი 14 (აღწერა 8, საქმე 12), გვ. 13ა. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[13] სკპცკ-ის სამდივნოს ოქმი (1933, 7 დეკემბერი), ფონდი 14 (აღწერა 8, საქმე 12), გვ. 199ა. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[14] სტალინური სიები საქართველოდან (2013), გასვიანი ლიდია ილარიონის ასული. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=1882

[15] ჯიქია, ლ. (2011), „ფხიზელი“ კომუნიზმი... ლიდია გასვიანის საქმე, საარქივო მოამბე N10, გვ. 96.

[16] ქალთა განყოფილება, სტენოგრამა (1921, 21-27 მაისი), უპარტიო ქალთა პირველი ყრილობა, ფონდი 14 (აღწერა 1, საქმე 133), გვ. 121. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[17] რიონელი, ნ. (1968, ნოემბერი), ლიდა გასვიანი, საქართველოს ქალი N11, გვ. 18. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

[18] ქალთა განყოფილება, სტენოგრამა (1921, 21-27 მაისი), უპარტიო ქალთა პირველი ყრილობა, ფონდი 14 (აღწერა 1, საქმე 133), გვ. 171-177. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[19] იქვე, გვ. 72-161.

[20] იქვე, გვ. 121-161.

[21] ქალთა განყოფილება, სტენოგრამა (1921, 21-27 მაისი), უპარტიო ქალთა პირველი ყრილობა, ფონდი 14 (აღწერა 1, საქმე 133), გვ. 161. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[22] სკპცკ-ის სამდივნოს ოქმი (1933, 7 დეკემბერი), ფონდი 14 (აღწერა 8, საქმე 12), გვ. 199ა. საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივი, თბილისი, საქართველო.

[23] საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მთარგმნელთა სექციის სხდომის ოქმი (1934, 4 დეკემბერი), ფონდი 8 (ანაწერი 1, საქმე 436), გვ. 1. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, თბილისი, საქართველო.

[24] საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის მთარგმნელთა სექციის სხდომის ოქმი (1934, 23 დეკემბერი), ფონდი 8 (ანაწერი 1, საქმე 436), გვ. 3. უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, თბილისი, საქართველო.

[25] გასვიანი, ლ. (1934), მაღალხარისხოვანი საბავშვო ლიტერატურისთვის, ლიტერატურული გაზეთი N32, გვ. 3-4. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

[26] იქვე.

[27] გასვიანი, ლ. (1934), მაღალხარისხოვანი საბავშვო ლიტერატურისთვის, ლიტერატურული გაზეთი N32, გვ. 3-4. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

[28] ჯიქია, ლ. (2011), „ფხიზელი“ კომუნიზმი... ლიდია გასვიანის საქმე, საარქივო მოამბე N10, გვ. 79.

[29] იქვე.

[30] სტალინური სიები საქართველოდან (2013), გასვიანი ლიდია ილარიონის ასული. ხელმისაწვდომია ბმულზე: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=26&t=1882

[31] ჯიქია, ლ. (2011), „ფხიზელი“ კომუნიზმი... ლიდია გასვიანის საქმე, საარქივო მოამბე N10, გვ. 83.

[32] Rayfield, D. (1990), The Deat of Paolo Iashvili, in Slovenic and East European Review, Vol. 68 #4, p. 654.